გიორგი აბაშიშვილი - მეთოდს, რომლის მიხედვითაც საქსტატი უმუშევრობის დონეს ითვლის, ჰქვია „როგორ მოვიტყუოთ თავი“, რადგან ის რეალობას არ ასახავს

საქართველოში უმუშევრობა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს. მეთოდს, რომლის მიხედვითაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის დონეს ითვლის, ჰქვია „როგორ მოვიტყუოთ თავი,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, უმუშევრობის ოფიციალური მონაცემები არარეალისტურ სურათს აჩვენებს. აბაშიშვილის თქმით, რეალურად საქართველოში უმუშევარი ადამიანების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ასახავს.

„ოფიციალური მაჩვენებლით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 12.7%, მაგრამ აქ საინტერესოა, როგორ განიმარტება დასაქმებული. დასაქმებული შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შეიძლება უსასყიდლოდ ეხმარებოდეს შინამეურნეობის წევრებს, ან თუნდაც ფორმალურად ირიცხებოდეს მომუშავედ. ეს იმდენად არაფრისმთქმელი განმარტებაა, რომ ჩნდება კითხვა: მაშინ ეს 12.7% ვინ არის, ვინც უსასყიდლოდაც არავის ეხმარება, ფორმალურადაც არსად ირიცხება და სოფლის მეურნეობის სფეროშიც არაფერს აკეთებს? ეს არ არის რეალობის შეფასება.

არსებული დასაქმებაც სიმბოლურია: მაგალითად, 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 20 %-ზე მეტია, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უმუშევრობა მხოლოდ 12.7 %-ია. მარტივად ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დასაქმებულიც ძალიან ღარიბია?

რეალობა აჩვენებს, რომ საქართველოში უმუშევრობა გაცილებით მაღალია. მაგალითად, ამ პროცენტულ მაჩვენებელში, რასაც საქსტატი გვთავაზობს, საქართველოში 2015 წლიდან 2018 წლამდე სოფლად მცხოვრებლებში უმუშევრობის დონე გაიზარდა. მაშინ, როცა ამ პერიოდის განმავლობაში სოფლებში უამრავი პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი.

საინტერესოა, ასევე, გურიის მაგალითი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს გურიაში უმუშევრობა მხოლოდ 1.8% იყო, ანუ 2%-იც კი არა. ეკონომიკაში, ფაქტობრივად, სრული დასაქმებაა, როდესაც 2% იანი უმუშევრობაა. გურიაში თუ იტყვი, რომ ადამიანები სრულიად არიან დასაქმებულები, არამგონია, რომ სერიოზულად ჩაგთვალონ.

ამავდროულად, საინტერესოა ასაკობრივი ფაქტორი. იმავე ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა 30%-ს აღემატება, ანუ ყველაზე მაღალია 20-24 წლის ასაკის ადამიანებში. 25-29 წლის ასაკის ადამიანებში კი უმუშევრობის დონე 20%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ დავასაქმოთ ახალგაზრდა სამუშაო ძალა, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე აქტიური, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული. მერე გვიკვირს, რატომ მიდიან ახალგაზრდა ადამიანები ქვეყნიდან,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით, მეთოდი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა ითვლება, აუცილებლად შესაცვლელია. მისივე განცხადებით, თუ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ, სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირება პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ვთვლი, რომ თუ ჩვენ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ და არ ვიტყვით, საქართველოში რამდენი ადამიანია უმუშევარი, მაშინ ვერასოდეს ამ თემას ვერ მოვაგვარებთ და წლიდან წლამდე სტატისტიკური მანიპულირებით მოგვიწევს ყოფნა. ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემები რეალობას აგვაცდენს. რეალობას თუ ავცდებით, ცხადია, პრობლემის გადაჭრის გზებსაც ვერ ვნახავთ. წლიდან წლამდე გვესმის, რომ მთავარი მიზანია ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება. თუმცა თუ არ დავინახეთ, სად არის პრობლემა, ინკლუზიურ განვითარებას ვერ მივაღწევთ. ჩემი აზრით, დათვლის არსებულ მეთოდს „როგორ მოვიტყუოთ თავი“ ჰქვია. ცხადია, იმისთვის, რომ უმუშევრობის პრობლემა მოვაგვაროთ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა