წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა

წინანდლის ისტორიულ მამულში მუსიკალური ფესტივალი გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე და სოპრანო ინგ ფანგი. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის გუნდს, პან-კავკასიურ ახალგაზგარდულ ორკესტრთან ერთად მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის დამფუძნებლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ფესტივალის მიზანზე, იდეაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„მე და მარტინ ენგსტროემმა ვერბიეს ფესტივალი 26 წლის წინ დავაარსეთ. სამი წლის წინ სწორედ ვერბიეში გაგვიმხილა გიორგი რამიშვილმა წინანდალში ფესტივალის დაარსების სურვილი. ეს უნდა ყოფილიყო არა მარტო მსოფლიოში განთქმული შემსრულებლებისა და საუკეთესო კლასიკური მუსიკის კერა, არამედ საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსებისთვის... დღეს ეს ფორმატი განხორციელდა სწორედ ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული. როდესაც აქ პირველად ჩამოვედი და ვნახე, თუ რა საოცარი ადგილია, მაშინვე დავუკავშირდი ჯანანდრეა ნოზედას, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დირიჟორსა და მაესტროს, რომელთანაც 20 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს და შევთავაზე, რომ ჩართულიყო ამ პროექტში. ჩვენ ყველანი მადლიერები ვართ მისი, რომ მან ეს შეთავაზება ყოველგვარი ფიქრის გარეშე მიიღო და დღეს ჩვენთან ერთადაა. ჩვენ დავისახეთ ყველაზე მაღალი სტანდარტები, რომელიც უნდა შეგვესრულებინა და ჩვენ ეს შევასრულეთ კიდეც. მჯერა, რომ ადამიანებს შთაგონების, განათლებისა და ჰარმონიის ერთობლიობას მივანიჭებთ მუსიკის მეშვეობით.“ - ავი შოშანი - ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელი.

წინანდლის ფესტივალს სხვადასხვა ქვეყანაში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები ეწვივნენ. ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს, კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ მუსიკალური ცოდნა, დაესწრონ პროფესიულ სემინარებსა და მასტერკლასებს.

გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი : „წინანდალი ყოველთვის იყო კულტურის და განათლების კერა. ჩვენ ვაგრძელებთ მის ისტორიას. ჩვენი ოცნება ყოველთვის იყო წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გვექცია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ წინანდლიდან დღეს მშვიდობის გზავნილს ვუგზავნით რეგიონს, რადგანაც მუსიკალური აკადემია და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ეს არის უნიკალური შანსი, უნიკალური მაგალითი, როგორ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს ლამაზი და პოზიტიური გზავნილი მსოფლიოს და რეგიონს, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, საკმაოდ რთულია. ეს ნიჭიერი ახალგაზრდები და მაესტრო ნოზედა მოახდენენ სასწაულს. ამ ახალგაზრდებს მიეცათ საოცარი შანსი მეგობრობისა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოცნება მომავალ თაობებში გაგრძელდება.“

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდა, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა.

15 დღიანი ფესტივალის დროს წინანდალში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი ჩატარდება. წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს