უკრაინაში საქართველოს ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში - კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა

უკრაინაში, ქუვეითის სახელმწიფოსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში - კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ახალი ელჩებს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ.

„უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობდა. 2004-2008 წლებში ბულგარეთში, ხოლო 2011-2018 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი იყო. თეიმურაზ შარაშენიძე სხვადასხვა წლებში თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს გენერალური კონსულად მუშაობდა.

თეიმურაზ შარაშენიძე, ასევე, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი 2013-2018 წლებში უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. საგარეო უწყებაში მრავალწლიანი მოღვაწეობის განმალობაში, კონსტანტინე ჟღენტი სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს იგი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, 2004-2005 წლებში კი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.

1997-2000 წლებში იტალიის რესპუბლიკაში, ხოლო 2006-2008 წლებში ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.

2018 წლიდან დღემდე კონსტანტინე ჟღენტი არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2004-2014 წლებშიც ეკავა.

2009 წელს მას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა. ამავე წელს ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვრით დააჯილდოვეს. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი, ასევე, დაჯილდოვებულია ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედლით, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვრებით. 1995 წელს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ქეთევან ბანგრატიონ-მუხრანბატონი 1991-2004 წლებში იტალიურ-ქართული ასოციაციას „წმინდა გიორგის ფარის“ (ქ.რომი,იტალია) პრეზიდენტი იყო. იგი, ასევე, ხელმძღვანელობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „მონიკ“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა