დავით უსუფაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილის ხელისუფლებით, კოალიციურ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ამ კონცეფციის ფარგლებში მივიღებთ

ივანიშვილის ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილის ხელისუფლებით. აი, ამ კონცეფციის ფარგლებში ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას დღესაც და მივიღებთ მომავალშიც, - ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი თქვან.

ამასთან, როგორც დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ განცხადება ახალი არ არის, რადგან ისინი, სავარაუდოდ, არც მანამდე აპირებდნენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას.

„არ ვიცი, ამ განცხადებაში რა არის ახალი. აქამდე აპირებდნენ ივანიშვილთან კოალიციიის შექმნას „ევროპელები“? არ მგონია, ალბათ, გაიმეორეს ის, რასაც დიდი ხანია ამბობდნენ,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა საკითხთან დაკავშირებით „შენების მოძრაობის“ პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მომავალი კოალიციის კონტურებზე ახლა საუბარი უსაგნოა.

„ზოგადად, კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ ახალი მთავრობა ვერ შეიქმნა, მაშინ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ესაა კონსტიტუციური მოდელი. კომენტარს არ ვაკეთებ იმაზე, „ოცნებამ“ რა შეძლება გააკეთოს ან ვერ გააკეთოს. მე გეუბნებით კონსტიტუციაში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული პროცედურებისა და ვადების შემდეგ თუ ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა ვერ შეიქმნა, მაშინ მოხდება ქვეყნის რიგგარეშე არჩევნებზე გადაყვანა. ესაა კონსტიტუციური მოდელი ზოგადად. რაც შეეხება მთავრობის შექმნის პროცედურებს, იქ საკმაოდ დეტალური პროცედურებია. ჯერ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა უნდა შეეცადოს, რომ მთავრობა შექმნას, მერე სხვებსაც აქვთ ამისი შესაძლებლობა. გააჩნია კონფიგურაციებს. ზოგადად, მგონია, რომ მომავალი კოალიციების კონკრეტულ კონტურებზე საუბარი დღეს არის აბსოლუტურად უსაგნო, იმიტომ, რომ ჯერ პროპორციული არჩევნებია ჩასატარებელი. ჯერ კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ პროპორციული არჩევნები, მერე ამ 1 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია იმდენად შეიცვლება, რომ დღეს მომავალი კოალიციის კონტურებზე საუბარი საკმაოდ ზედაპირული და უსაგნო მსჯელობაა. ჩვენს პოზიციას ვიმეორებ - „შენების მოძრაობა“ თვლის, რომ ივანიშვილის მთავრობა შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით. ასე ვმოქმედებდით და ასე ვიმოქმედებთ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო