ეკა ლალიაშვილი - პრობლემად რჩება ისეთი მანქანებით გადაადგილება, რომელთაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს - ზოგჯერ მძღოლს ავტომობილის შეკეთებას ჯარიმის გადახდა ურჩევნია

ინსპექტირების ცენტრების ძირითად ნაწილში შემოწმება სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებთ ერთჯერად მანიპულაციებს, რასაც მძღოლები მიმართავენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მძღოლებს ავტომობილის შეკეთებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. ამასთან, პრობლემად რჩება ქუჩებში იმ მანქანების გადაადგილება, რომელთაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს. ამიტომ, ეკა ლალიაშვილის განმარტებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, სხვა შემთხვევაში რეფორმა შეიძლება არაეფექტურად ჩაითვალოს.

„ტექინსპექტირების წლევანდელი წელი პრაქტიკულად იწურება. შეიძლება ითქვას, რომ გამართულობის თვალსაზრისით, უკეთესობაა. იცით, ჩვენი ავტოპარკი რა ვითარებაშია და მისი ბოლომდე გამოსწორების მოლოდინი არ იყო, მაგრამ სერიოზულ გამოწვევად რჩება გამონაბოლქვი. ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან მოვისმინოთ შემდეგი ნაბიჯები და გეგმები, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლიდან იმისათვის, რომ გამონაბოლქვი აღარ ვიხილოთ ქუჩაში. ჯერჯერობით ასეთ გეგმას ვერც ვხედავთ და ვერც ვისმენთ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ის პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრირების მექანიზმი კიდევ უფრო გასამკაცრებელია. მისივე თქმით, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.

„ჩვენ მიზნად გვესახება გამონაბოლქვის კონტროლი ქუჩაში. ვიცით, რომ გარკვეული გეგმები არის, აქტიურად დაანონსება გვსურს, რათა ყველა მძღოლმა გაიგოს, რომ მობილიზებულები იყვნენ და თავადაც ჰქონდეთ მოლოდინი - თუ მათი მანქანები დასაშვებ ნორმაზე მეტ გამონაბოლქვს უშვებენ, დაჯარიმდებიან. განცდა უნდა შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. ეს განცხადება და ამისი ადმინისტრირება სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მეორე მხრივ, ვსაუბრობთ, რომ აღსრულების მექანიზმი, 30 დღიანი კალენდარული დღის ნაცვლად, შეიცვალოს და იყოს უფრო ნაკლები - 72 საათი. ამაზეც იყო საუბარი. საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც ვიცით, მომზადებულია, ოღონდ ამას სჭირდება ნაბიჯების დროულად გადადგმა და არა - გაწელვა“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო