საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, რუსთავში პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ განხორციელებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი ვაშაკიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, კოლეჯში ახლადგარემონტებული საამქროები, სასწავლო კაბინეტები, სახელოსნოები დაათვალიერა და რეაბილიტაციის პროცესს დეტალურად გაეცნო.
როგორც გიორგი ვაშაკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კოლეჯ ,,მოდუსის“ რეაბილიტაციაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდა, როგორც ძირითადი შენობა, ასევე სახელოსნოები.
,,უახლოეს პერიოდში კოლეჯი დაიმატებს ათამდე პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებს. შეიძლება ითქვას, რომ ერთი წლის ვადაში კოლეჯი სრულად მოემსახურება ბაზრის საჭიროებებს, მოამზადებს და გადაამზადებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმუშავებენ არა მხოლოდ რუსთავში, არამედ სხვა რაიონებში და ზოგადად რეგიონის მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.
კოლეჯის დირექტორის კარლო კერვალიშვილის განცხადებით, ,მოდუსი“ უკვე სრულ მზადყოფნაშია, იმისთვის, რომ დაიწყოს ახალი სტუდენტების რეგისტრაცია და სწავლება. ,,ეტაპობრივად დავიწყებთ ახალი შენობის მშენებლობას, რომელიც დასრულდება და ჯამში ვფიქრობთ, რომ წელიწადში 1000 სტუდენტს უნდა მოვემსახუროთ“, - განაცხადა ,,მოდუსის“ დირექტორმა კარლო კერვალიშვილმა.
კოლეჯი ,,მოდუსი“ ახალ სასწავლო წელს 800-მდე სტუდენტის მიღებას შეძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ 16 სასწავლო პროგრამა, 20-მდე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსი გაიარონ და სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"