ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას გამართავს

ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.

„ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“

გამოფენა იმართება საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას 60-ზე მეტი ღონისძიებით. სეზონი ერთობლივად ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ. #UKGeorgia2019

აუდიტორია შეძლებს, იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტ სივრცეში, სპეციალურად შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზე: https://www.britishcouncil.ge/en/king-david. ვებ-გვერდზე შესაძლებელია დავით აღმაშენებლის ეპოქის გაცნობა და მონეტას 3D ფორმატში ხილვა.

გამოფენის პარალელურად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამებს, ლექციებსა და ვორქშოფების სერიას, რომლებიც დაკავშირებული იქნება დავით აღმაშენებლის მონეტებსა და მისი ეპოქის არტეფაქტებთან, ასევე, ბრიტანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამოფენის გახსნას დაესწრება ბრიტანეთის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის მონეტების კურატორი პროფესორი ვესტა კურტისი, რომელიც 16 სექტემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წაიკითხავს ლექციას ძველი მონეტების საიდუმლოებების შესახებ.

„საქარველოში დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ავიახაზები.

ბრიტანული სეზონი 2019 დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ, სპონსორთა ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან Georgia Capital, Bank of Georgia, BP Adjara Group და Wissol.

დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას დამთვალიერებელი 17 სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იხილავს.

გამოფენა 15 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება