ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019

გია ხუხაშვილი - “ვის დაუჭერენ მხარს ბიზნესმენები პოლიტიკურ “ომში”

ანტისომხური ისტერია აფხაზეთში - სოხუმში პროკლამაციები გამოჩნდა

მამუკა ხაზარაძე - “გაზაფხულზე “ჩრდილოვანი კაბინეტი” გვექნება”

* * *

გია ხუხაშვილი - “ვის დაუჭერენ მხარს ბიზნესმენები პოლიტიკურ “ომში”

“ქვეყანაში ამომრჩევლის უკვე დიდი სეგმენტი გაჩნდა, რომელსაც არ მოსწონს პოლიტიკური ელიტა - არ მოსწონს არც ძირითადი 2 პოლიტიკური ცენტრი და არც პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი. შესაბამისად, ეძებს ნაკლებად კომპრომეტირებულ არჩევანს და მამუკა ხაზარაძის უპირველესი გზავნილი სწორედ აქეთ იყო მიმართული. ის გაემიჯნა პოლიტიკურ ელიტას და უკვე აღმოჩნდა ორმაგ ცეცხლში. ის პოლიტიკურ “აღმოსავლეთის ექსპრესში” ჩაჯდა, სადაც მას მოკავშირე არა ჰყავს. ვფიქრობ, მან იცის ზუსტად, რაც ელის წინ. მას აქვს შანსი, ძალიან ძლიერი გამოვიდეს მომავალი ბრძოლიდან, შეიძლება მოხდეს პირიქითაც”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვის დაუჭერენ მხარს ბიზნესმენები პოლიტიკურ “ომში” / “საზოგადოების კონსოლიდაციის იმედი რომ ჰქონოდათ, გახარიას პრემიერად არ დანიშნავდნენ. სინამდვილეში გახარიას პრემიერობა კონსოლიდაციას კი არა, დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს”.

“ხაზარაძის საარჩევნო პოტენციალის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა - 0-დან 25-30%-მდე. ეს არის სწორედ აქტიური ამომრჩევლის ის სეგმენტი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ გაუკეთებია არჩევანი. ამ დიაპაზონში ხაზარაძემ ნებისმიერი შედეგი შეიძლება აჩვენოს. პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური გამოცდილების გარეშე, ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც დღეის ამოცანაა. მას აქვს საკმარისი დრო, რომ პოლიტიკური კომპონენტი გააძლიეროს თავის პარტიაში. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პოზიციონირება. მამუკა ხაზარაძეს საქართველოში კორპორაციული მართვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, რაზეც `თიბისი ჯგუფის~ სისტემა მეტყველებს, ამიტომაც მგონია, რომ შეძლებს ქმედითი გუნდის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, არჩევნების მოგებაზე ვერ ექნება პრეტენზია, მაგრამ მან თუ დადო სერიოზული შედეგი, მოუწევს პოსტსაარჩევნო პერიოდში კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკების გამართვა. ამიტომაც მას პოლიტიკაში პარტნიორებიც სჭირდება, თუნდაც არაგრძელვადიანი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ვფიქრობ, დიდ ქალაქებში ხაზარაძე მოახერხებს საზოგადოების განწყობის შეცვლას, მისთვის მთავარი პრობლემა რეგიონები იქნება. მისთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი დღის წესრიგის შექმნა. ხელისუფლება ცდილობს ხაზარაძე მუდმივად მოპასუხის როლში ჰყავდეს და პროკურატურის დონეზე დაიყვანოს. ხაზარაძე უნდა მოშორდეს ამ საქმეებს, ყველაფერი ადვოკატებს გადაულოცოს და აჩვენოს, რომ მისი ოპონენტი პროკურატურა კი არ არის, რის წარმოჩენასაც ხელისუფლება ცდილობს, არამედ მისი მთავარი ოპონენტია ამ ქვეყნის ხელისუფალი - ბიძინა ივანიშვილი. მან თან ძალა უნდა აჩვენოს და თან საკუთარი პოზიტიური დღის წესრიგიც შექმნას. როდესაც ხელისუფლება მას ტატამზე ეპატიჟება საჭიდაოდ, ხაზარაძე არ უნდა გაჰყვეს და საკუთარი მოედანი უნდა შექმნას. რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ასეთია მოცემულობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოში აქამდე არც გვინახავს ასეთი პოლიტიკური პროცესი, ყველა ციკლი აქამდე ორპოლუსიანი იყო, თავისი ბოროტი და კეთილი მხარეებით, ანუ შუის გაკრეფის პრინციპით მიდიოდა ყველაფერი. ხელისუფლება ახლაც იმავეს ცდილობს, იმიტომ არის ხაზარაძე მისთვის პრობლემა - მისი გამოჩენით ივანიშვილს შუის გაკრეფაში ხელი ეშლება, ანუ ჩნდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, შესაბამისად, ფრონტის ხაზის გატარება უჭირს და მთავარი სამიზნე სწორედ ამიტომ არის ხაზარაძე. ახლა “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა, ის როგორმე გაიყვანოს თამაშიდან. თუ დარჩა მოედანზე, ხელისუფლებას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ივანიშვილმა არ იცის ორ-სამ ფრონტზე ერთად როგორ იბრძოლოს. ის ხომ მუდმივად ამარტივებს ვითარებას და ასე წარმოადგენს პროცესს - მე ვარ კეთილი ძალა და “ნაციონალური მოძრაობა” არის ბოროტი. ვინც ჩემთან არ არის, მტერია, ანუ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის. აი, ვითარების ასეთ დალაგებას უშლის ხაზარაძის გამოჩენა ხელს, ამიტომაც ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ის გაანადგუროს. დიდი იმედი მაქვს, მხოლოდ პოლიტიკურად... გახარიაც ამისთვის დასჭირდათ”, - განმარტავს ექსპერტი.

ბიძინა ივანიშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას ბევრი საფუძველი აქვს. სუბიექტურ მიზეზებს არ ჩამოვთვლი, ვიტყვი მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს - ისინი ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი ანტაგონისტები არიან. ორივე ბანკირია, მაგრამ წარმოადგენენ მართვის ორ სხვადასხვა ფილოსოფიას. დროშიც აცდენილები არიან და ფასეულობათა სისტემაც ძალიან განსხვავებული აქვთ. აქედან გამომდინარე, მათ შორის ბუნებრივი აუტანლობაც არის, გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული მიზეზები, რომლებზეც ხაზარაძემაც ილაპარაკა. მაგალითად, კვირიკაშვილთან დაკავშირებული საკითხები, ლობისტების თემა, ანაკლიის პორტი და ა.შ. რაც შეეხება შეხვედრას ჩხარტიშვილის მონაწილეობით, რა გითხრათ, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაც ხაზარაძემ თქვა, მართალია, მაშინ ეს ჩრდილოვან მმართველობაზე კი აღარ მეტყველებს, არამედ მაფიოზურ მმართველობაზე მიანიშნებს. სწორედ ასე მოქმედებს მაფია”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“არაერთხელ მითქვამს, რომ წინა ხელისუფლების მერე სისტემა არ შეცვლილა, შეიცვალა ერთი რამ - გარდამავალ პერიოდებში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები და პოლიტიკური ელიტა რაღაც ეტაპზე ანტაგონისტები ხდებიან, იბრძვიან დომინირებისთვის. სააკაშვილის დროს პოლიტიკა იყო დომინანტი ინტერესჯგუფებზე და ისინი პოლიტიკურ ყულაბაზე მუშაობდნენ. დღეს ეს შეტრიალებულია და პოლიტიკური ელიტა ემსახურება ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნებს, ეს კი სახიფათო პროცესია. თუ სააკაშვილის დროს ყველაფერი მუშაობდა ერთ სალაროზე, ახლა შეიძლება მრავალი სალარო გაჩნდეს, შედეგად კი სისტემა საბოლოოდ დალპება და გაირყვნება”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ხაზარაძის თქმით, მას მხარს უჭერს ქართული ბიზნესი” - პასუხობს:

”სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ ხაზარაძის ოპტიმიზმს. მსხვილი ბიზნესი ჩვენთან ყოველთვის განიხილავდა ხელისუფლებას საკუთარ დირექტორად. ხედავენ, რაც ხდება “თიბისი ბანკის” ირგვლივ და, ბუნებრივია, დარტყმის ქვეშ თავს არავინ დაიყენებს. ასე იქცეოდნენ აქამდეც, ასე იქცეოდა თვითონ ხაზარაძეც - გაგახსენებთ, 2007 წელს იყო ერთი შანსი, როდესაც ბიზნესს მიეცა ხმის ამოღების საშუალება. ეს იყო გადამხდელთა კავშირში ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, ბიზნესს არეკეტებს ხელისუფლება და ეს უნდა დამთავრდესო. ეს ბიზნესელიტის წინაშე გამოსვლისას თქვა და ყველა თავჩაქინდრული იჯდა. ხმა არავის ამოუღია, ბადრისთვის არავის დაუჭერია მხარი, მათ შორის არც ხაზარაძეს”.

“რაც შეეხება განახლებული მინისტრთა კაბინეტს, ჩემი აზრით, ხელისუფლება არანაირ სახელმწიფოებრივ ამოცანებს არ ისახავს. მას ერთადერთი ამოცანა აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. იმის იმედი, რომ პოზიტიურ დღის წესრიგს შექმნის და საზოგადოების კონსოლიდაციას შეეცდება, მე კი არა, თვითონაც არა აქვთ. ამის იმედი რომ ჰქონოდათ, გახარიას პრემიერად არ დანიშნავდნენ. სინამდვილეში გახარიას პრემიერობა კონსოლიდაციას კი არა, დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს... ივანიშვილს აქვს თავისი ამოცანაც - ვფიქრობ, დაიღალა ნეგატიური განწყობის ტვირთის ზიდვით და უნდა ეს ტალახი გარკვეულწილად გახარიაზე გადაიტანოს. მოკლედ, ივანიშვილი ანტიგმირობით დაიღალა და ახალი ანტიგმირი შექმნა. გახარია მაქსიმალურად შეეცდება, ამ ტალახის დიდი ნაწილი თავის თავზე აიღოს. საარჩევნოდ ივანიშვილს ცოტას სააკაშვილიც დაეხმარება - მალე დაიწყებს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის თხრას, რასაც ხელისუფლება მაქსიმალურად გააბუქებს, ჩვენ კი უნდა ველოდოთ მორიგი სახელმწიფო გადატრიალების გამო საქმეების აღძვრას, რომელსაც არჩევნების შემდგომ ისევ მტვერი დაედება”, - დასძენს ხუხაშვილი.

ანტისომხური ისტერია აფხაზეთში - სოხუმში პროკლამაციები გამოჩნდა

“ანტისომხური განწყობები აფხაზურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო და ახლაც არის. აფხაზური საზოგადოება ცდილობდა, რომ ცვლილებებისთვის მიეცა ხმა და, რატომღაც, ვარაუდობდნენ, რომ კვიცინია ამის გამკეთებელია, მაგრამ სომხების ხმებმა განაპირობა ხაჯიმბას გამარჯვება, რის გამოც გაღიზიანება გარეთ გამოვიდა და მოჰყვა დაპირისპირებები”, - ასე შეფასა “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტურის" შემდეგ ადგილობრივ სომხებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის მკვეთრად დაძაბვას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ანტისომხური ისტერია აფხაზეთში - სოხუმში პროკლამაციები გამოჩნდა, სომეხ ვეტერანს ქვები დაუშინეს...

“აფხაზები ყოველთვის ცდილობენ, რომ ვიღაც სასიკეთოდ გამოიყენონ და შემდეგ, ეს ვიღაც გააცურონ, გააგდონ და მოიშორონ თავიდან. ეს რუსების “დამსახურებაა” - თავის დროზე აფხაზებს მისცეს იმის საშუალება, რომ განსაკუთრებულ ხალხად ეგრძნოთ თავი და ამის შემდეგ აგდებული დამოკიდებულების დემონსტრირება აფხაზეთში მცხოვრები დანარჩენი ეთნოსების მიმართ ყოველთვის ხდება”, - აცხადებს არეშიძე. ამ შემთხვევაში აგრესია არა კონკრეტულად რაულ ხაჯიმბას, არამედ მისი მხარდამჭერი ადგილობრივი სომხების მიმართ ვლინდება. 9 სექტემბერს გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ მცირე უპირატესობით მოუგო თავის კონკურენტ ალხას კვიცინიას. კვიცინიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს აფხაზეთში მცხოვრები სომხების დამსახურებაა, რომლებმაც მასიურად ხაჯიმბას მისცეს ხმა. შესაბამისად, ადგილობრივი სომხობა მათი აგრესიის ობიექტად გადაიქცა. ანტისომხურ განწყობების მკვეთრ ზრდასა და ქსენოფობიურ ნიადაგზე მომხდარ ინციდენტებზე თავად აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა დაიწყეს ხმამაღლა საუბარი. “აფხაზეთის სომეხთა საზოგადოების” ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნით, ბოლო მოეღოს სომხური საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს, თუმცა ამან შედეგი ჯერ ვერ გამოიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მისივე თქმით, ეს ტენდენცია გრძელდება და სამართალდამცავი ორგანოები დღესაც უარს ამბობენ რეაგირება მოახდინონ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე. ამისთვის, გალუსტ ტრაპიზონიანის თქმით, ისინი ფაქტებს ითხოვენ. ამის დამადასტურებელი ფაქტი ტრაპიზონიანს “ეხო კავკაზთან” საუბრისას მოჰყავს: “ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს როგორ ესვრიან ქვებს ომის ინვალიდს, უსინათლო, სამოცდაათი წლის კაცს... ყველაზე ცუდი და მტკივნეული იქნება, თუ ეს ეროვნებათშორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ეს ძალიან სახიფათოა. სომხური თემი სხვებთან ერთად ქმნის და აშენებს აფხაზურ სახელმწიფოს. ორას სომეხზე მეტი დაიღუპა 1992-93 წლების ომში, ომის ერთ-ერთი მეთაური მე თავად ვარ და თუ ასეთი რამ ერთად გავიარეთ, ხალხი ერთიანი იყო, დღეს ვინ ცდილობს აფხაზეთის ხალხის გაყოფას? ვისთვისაა ეს ხელსაყრელი? მოდი დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ”, - ამბობს ტრაპიზონიანი. რომლის ცნობით, სოხუმის ქუჩებში ანტისომხური პროკლამაციები გაჩნდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ტრაპიზონიანი იხსენებს, რომ მსგავსი პროკლამაციების გავრცელება წელიწადნახევრის წინაც მოხდა. მისი ცნობით, სომხურმა სათვისტომომ მაშინ პროკლამაციების ავტორის და გამავრცელებლის ვინაობაც დაადგინა - ეს იყო ვინმე ჯემალ ბარციცი, რომელიც თავის განწყობებს დიდად არც მალავდა; მათ შესაბამისი განცხადებით დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებსაც მიმართეს, მაგრამ ამ საქმეს არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში აფხაზებსა და ადგილობრივ სომხებს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია ჩატარებულმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც სომეხი ამომრჩევლების ხმების ხარჯზე ხაჯიმბა დარჩა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე: “ანტისომხური, ანტიქართული და ანტირუსული განწყობები აფხაზურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო და ახლაც არის... პრინციპში, ახლა რუსებს ბუმერანგივით უბრუნდებათ ის განწყობები, რომელიც თავის დროზე თითონ დათესეს. აფხაზებმა ადგილობრივი რუსები, პრაქტიკულად, მოილიეს - 4500-ზე მეტი საჩივარი იდო “რუსეთის საელჩოში” აფხაზებზე, მაგრამ შედეგი არც ერთს არ მოჰყოლია”, ამბობს ექსპერტი, რომლის განმარტებისთ აფხეზებმა ჯერ ქართველები მოილიეს, შემდეგ რუსები გადაერთნენ სომხებზე”, - დასძენს გამოცემა.

“ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ხაჯიმბას გამარჯვება განაპირობა სომეხი ამომრჩევლების ხმებმა გაგრაში და ოჩამჩირეში. მაგრამ ანტისომხური განწყობა მანამდეც იყო... აფხაზური საზოგადოება ცდილობდა, რომ ცვლილებებისთვის მიეცა ხმა და, რატომღაც, ვარაუდობდნენ, რომ კვიცინია ამის გამკეთებელია, რაშიც მე ეჭვი მეპარება. მაგრამ ადგილობრივი სომხების ხმებმა განაპირობა ხაჯიმბას გამარჯვება, რის გამოც გაღიზიანება გარეთ გამოვიდა და მოჰყვა დაპირისპირებები. ერთ რამეს გეტყვით ცალსახად - კონფლიქტის შემთვევაში რუსეთი აუცილებლად სომხების მხარეს დაიჭერს და, სამწუხაროდ, მართალიც იქნება. სომხების პოზიციიდან გამომდინარე, რუსეთისთვის ბევრად უფრო პრაგმატული იქნება, რომ სომხებს დაუჭიროს მხარი, ვიდრე აფხაზებს, რომლებიც განუწყვეტლივ “პოზაში” დგანან. უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ადგილობრივი სომხები დღევანდელი რუსული სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობისთვის მთავარი საყრდენია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“აფხაზები ყოველთვის ცდილობენ, რომ ვიღაც სასიკეთოდ გამოიყენონ და შემდეგ, ეს ვიღაც გააცურონ, გააგდონ და მოიშორონ თავიდან - სამწუხაროდ, ეს არის აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ ექსცესებს ახლო მომავალში არ ველი, მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს სასამართლო არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ერთმანეთის გინება უსაზღვროდ გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ აფხაზეთში სომხები პრაგმატულად იქცევიან და ცდილობენ, რომ აფხაზური ინტერესები არ გადაკვეთონ. სომხებს ხელთ უპყრიათ საშუალო და მცირე ბიზნესი, აფხაზებს კი ამის კეთება, მოგეხსენებათ, ეზარებათ - ერის თვისებაა ასეთი, მათთვის მთავარია პორტფელი და ხელმძღვანელი თანამდებობა. სომხები კი არ კვეთენ მათს ამ ინტერესებს. ამიტომ უფრო დიდ დაპირისპირებას, ვიდრე ინტერესების კვეთა არ მოხდება, არ ვვარაუდობ, თუმცა ცალკეული ექსცესები შეიძლება მოხდეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“გარკვეული ექსცესები ისედაც ხდება. რამდენიმე თვის წინ სომეხი ავტოინსპექტორი სცემეს ისე, რომ კინაღამ მოკლეს - ერთ-ერთი კლანის წარმომადგენლები შეედავნენ, მანქანა რატომ გააჩერეო და შერჩათ ეს. მაშინ სომხური დიასპორის ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ თავისი თანამოძმე დაეცვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ჯერჯერობით ასეთი ტიპის ექსცესებით შემოიფარგლება ორივე მხარე და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. რაც შეეხება ხაჯიმბას პოზიციას, ამ შემთხვევაში კონკრეტულ სომეხს ავიწროვებს კონკრეტული აფხაზი, რომელსაც კლანი უნდგას გვერდით და უმაგრებს ზურგს. გამომდინარე აქედან, იმ კონკრეტულ აფხაზთან დაპირისპირება ნიშნავს მთელ კლანთან დაპირისპირებას. ამიტომ, ასეთ შემთვევაში, რატომ უნდა აიტკიოს ხაჯიმბამ თავი?!”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

მამუკა ხაზარაძე - “გაზაფხულზე “ჩრდილოვანი კაბინეტი” გვექნება”

“ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არც ანაკლიის პორტის თემასთან და არც პროკურატურასთან არ არის კავშირში... მოსახლეობას კი არ უნდა შევპირდეთ, მოვალთ და ორ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნებაო, ის ჩვენი იდეების თანაავტორი უნდა გავხადოთ და ქვეყანა მათთან ერთად უნდა შევცვალოთ. ამისთვის, უპირველესად უნდა გავაანალიზოთ, სად ვდგავართ. წარსულზე საუბარს შევეშვათ და მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული. მე გუნდური მოთამაშე და იმავდროულად, ლიდერი ვარ, რაც თანამდებობა კი არა, ის ადამიანია, ვინც, უხეშად რომ ვთქვათ, ათი კაციდან ერთ-ერთი პირველია, ვინც ტანკს პირველი შეუვარდება...” - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ხაზარაძე: “გაზაფხულზე “ჩრდილოვანი კაბინეტი” გვექნება” / “თუ პროკურატურას საქმის აღძვრისთვის მხოლოდ მუქარის წერილის ორიგინალი სჭირდება, მივცემთ. როგორმე უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი, რომ წერილი არ გაქრეს” / “როგორც კი რუსული ტამანის პორტის მშენებლობა დაიწყება, ანაკლია აქტუალურობას დაკარგავს”.

“ჩვენი ქვეყნის რადიკალურად უკეთესობისკენ შემოტრიალება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით შეიძლება - იგივე პარტიის გამჭვირვალობა არ ნიშნავს ტელევიზიაში გამოსვლას, ეს არის პროცესის თანაავტორობა. ამომრჩეველმა თავად უნდა აირჩიოს, ვინ იქნება პარტიის წამყვანი ბირთვი. ამიტომ როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი იქნება. იქნებ 30 წლის შემდეგ მაინც დავამთავროთ ვიღაცის წინააღმდეგ ხმის მიცემა, რადგან ყოველთვის უკუშედეგი მივიღეთ, ინსტიტუციურად ვერ განვვითარდით. საგარეო ორიენტაციაში დავიბენით ან დაგვაბნიეს. რუსული “რბილი ძალა” დღეს ისეთი ძლიერია, ბოლო წლებში რომ არ ყოფილა. ნიჰილიზმისა და საზოგადოების დასაყოფად ძლიერი პროპაგანდა მიმდინარეობს, რადგან “დაყავი და იბატონეს” პრინციპი აპრობირებული აქვთ... გაზაფხულზე ასევე პირველად შევქმნით “ჩრდილოვან კაბინეტს”, რომელიც იმ პროგრამებს დაეყრდნობა, რომლებსაც 12 ლიდერი მოამზადებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს 12 საუკეთესო პროფესიონალი. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი ან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნება მათ; რამდენად მცირე იქნება მთავრობის გუნდი, რადგან ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირდეს, ასეთ პატარა ქვეყანას ამხელა მთავრობა არ სჭირდება. თუმცა იმ პირთა რესურსი, ვინც დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, გარდამავალ ეტაპზე აუცილებლად საჭირო იქნება და მათი ხელის ერთი მოსმით გაშვება გამორიცხულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ჩხარტიშვილის პასკვილებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ყველას შეუძლია გაარკვიოს, რამდენ კომპანიასთან ჰქონდა დავა, ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე მიდიოდა. ასევე, გაარკვიონ, რა დავა ჰქონდა ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, რომელსაც მეგობრობას ეფიცებოდა და ვიცით, როგორც დასრულდა ყველაფერი. ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილის ნაამბობი მართალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებს პროკურორის თანდასწრებით არჩევს?.. როდესაც ორი კაცის შერიგება გინდა და შეხვედრაზე პროკურორს ახვედრებ, ამას კაცურადაც ცუდი სახელი ჰქვია... სჯობს, სიღრმეებში არ ჩავიდნენ და აქ გაჩერდნენ, თორემ გადაიჩეხებიან - ვგულისხმობ “ოცნების” იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც პროკურორის ფუნქციები შეითავსეს და მე და ბადრი ჯაფარიძე მაღალი ტრიბუნებიდან სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციაში დაგვადანაშაულეს. ყველა მათგანს პასუხი მოეთხოვება და ამის შესაცვლელად აუცილებლად მივიღებთ ისეთ კანონს, რომ შინ წასვლა მოუწევთ. გენერალურ პროკურორს საზოგადოებას ავარჩევინებთ, რადგან ამ პოსტზე ისეთი პირი უნდა იყოს, ვისაც ხალხი ენდობა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რათა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვიღაცებს ხომ ეგონათ, რომ მუქარის წერილი არ არსებობდა - ვითომ ლონდონში გაგზავნა, რომ დრო მოიგოსო. ლონდონის ოფიციალურმა ორგანოებმა ლამის სასწაული შეძლეს - 4 თვის სიძველის წერილზე 120 კაცის თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. შემდეგ გაირკვა, რომ ლინგვისტური ანალიზიც იყო საჭირო (ლაპარაკის, წერის სტილი). თუ პროკურატურას საქმის აღძვრისთვის მხოლოდ წერილის ორიგინალი სჭირდება, ექნება. ახლა როგორმე უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი, რომ წერილი არ გაქრეს. ორიგინალს ვერ შეცვლიან. მაშინ ეჭვქვეშ უნდა დააყენონ ლონდონის ოფიციალური ორგანოს დასკვნა... მოკლედ, პროკურატურა ჩიხშია, უბრალოდ, ამის აღიარება არ სურს. როგორც კი საქმეს აღძრავენ, წერილს ლინგვისტური ანალიზი დაერთვება და ჩვენი უცხოელი ადვოკატები ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ეტყვიან, შესაბამისად, მაშინ შუამავალიც დასახელდება”, - ამბობს ხაზარაძე და შეკითხვაზე - “გიორგი გახარია, რომელსაც თქვენ მუქარის წერილის გამოგზავნაში ადანაშაულებთ, პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?” - პასუხობს:

“არ იყო მოულოდნელი. გახარია ჩვენი დასავლური ვექტორისთვის სერიოზული პრობლემაა. გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს. ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ…”

“ჩვენგან სულ რამდენიმე კილომეტრში ტამანის პორტი შენდება და რუსეთის მთავრობის არაერთი დადგენილება არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად ააშენონ. როგორც კი მისი მშენებლობა დაიწყება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ანაკლია აქტუალურობას დაკარგავს, რადგან შუა დერეფნის თემა დასრულდება. მერე კი დავიწყებთ კამათს, ვისი ბრალია პორტის ჩავარდნა, რა მოხდა... 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე ჩადებული გვაქვს, 400 მილიონი დოლარი უკვე მობილიზებულია და ამ დროს რაღაც პუნქტზე ატეხეს ამბავი, რომლის ინტერპრეტაციაც დაამახინჯეს, თითქოს ჩვენ 400 მილიონი დოლარის დაზღვევას ვითხოვთ გადასახადის გადამხდელთა ჯიბეების ხარჯზე. ამ ფონზე რომელი ინვესტორი შემოვა, მით უმეტეს, როდესაც 110 წლის ამერიკული კომპანია “კონტი” გადის ჯგუფიდან და არც ერთი მინისტრი არ შეხვედრია. პრემიერი ბახტაძე, რომლის ვერც მოსვლა გავიგეთ და ვერც წასვლა, თუ მის გაფუჭებულ საქმეებს არ ჩავთვლით, SSA Marine-ს, კომპანიას, რომელმაც პორტი უნდა მართოს, ჩვენ გარეშე შეხვდა. გაოცებულებმა დაგვირეკეს, რანაირი სახელმწიფო სისტემა გაქვთ, რისკების მიუხედავად, ჩამოვედით და რა ხდება, ვერაფერი გავიგეთო... საბედნიეროდ, მაინც რჩებიან მთავარი კომპანია SSA Marine და საერთაშორისო ბანკები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით