საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ

საქართველოს საგარეო პოლიტიკის საჭირბოროტო საკითხებზე საკუთარი ნააზრევის მკითხველის სამსჯავროზე გამოტანა დიდი ხნის წინ მქონდა ჩაფიქრებული.

უკვე 30 წელია აქტიურად ვარ ჩართული არა თეორიულ, არამედ პრაქტიკულ დიპლომატიაში და ბედმა მარგუნა მონაწილეობა ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის შექმნაშიც და განხორციელებაშიც. ამდენად გავბედე, რომ ჩემი მოკრძალებული ნააზრევი საინტერესო შეიძლება იყოს დაინტერესებული მკითხველისათვის.

თავიდანვე ნათლად მინდა განვაცხადო - რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი პრეტენზია ვინმეს თავს მოვახვიო საკუთარი მოსაზრებები. არც ვინმეს კრიტიკა გამივლია გულში.

უბრალოდ ჩემი მიზანია შეძლებისდაგვარად კონცეპტუალურ დონეზე და კრიტიკული თვალით შევაფასო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პოსტულატები. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მამოძრავებელი ძალები, მისი განმსაზღვრელი შიდა პოლიტიკური ფაქტორები, მექანიზმები და რაც მთავარია შევეცადო პასუხი გავცე ყველა დროისა და ეპოქის მარადიულ ქართულ კითხვას - რატომ? და რაც მთავარია როგორ? და ამ ყველაფერს, ასე უკვე ტრადიციული, შეძახილი მოყვება ხოლმე - "გვეშველება რამე"?

ვიმეორებ - ყველაფერი ის, რასაც მკითხველი ქვემოთ იხილავს, ჩემი სუბიექტური მოსაზრებებია და მხოლოდ. არ გამაჩნია არანაირი პრეტენზია ჭეშმარიტებაზე და მითუმეტეს არასდროს გავკადნიერდები საკუთარი მოსაზრება ვინმეს თავს მოვახვიო.

უბრალოდ, როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ბედნიერი ვიქნები თუ საზოგადოებაში, დაინტერესებულ წრეებში დაიწყება დისკუსია ამ თემების ირგვლივ.

რთულ პოლიტიკურ სერპანტინზე

თითქმის 30 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. ისტორიისათვის 30 წელი ძალიან მცირე დროა, მაგრამ ალბათ უკვე უნდა გაკეთდეს პირველი შეფასებები.

შეიძლება ვისაუბროთ პირველ მიღწევებზეც და ალბათ იმაზეც, თუ რა ძირითადი პრობლემები და სატკივარი გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახალი თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე.

ვისაუბროთ პირველ გაკვეთილებზე, განსაკუთრებით დაშვებულ შეცდომებზე - მათზე სწავლის აუცილებლობაზე. არ გახლდათ ეს 30 წლიანი გზა ია-ვარდით მოფენილი. ბევრი რამ მოხდა - კარგიც და ცუდიც. საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, შეიქმნა ეროვნული ვალუტა, გატარდა რადიკალური რეფორმები, საქართველო გააქტიურებულია საერთაშორისო ასპარეზზე, წინ გადაიდგა დიდი ნაბიჯები - ძალაშია ასოცირებული ხელშეკრულება ევროკავშირთან, დღეს ისე როგორც არასდროს გააქტიურებულია ურთიერთობები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან (ნატო), ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ბევრ მნიშვნელოვან ქვეყანასთან მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შეძლებისდაგვარად გააქტიურებულია ორმხრივი ურთიერთობები ევროპასთან, რეგიონის შიგნითაც და შორეულ სამეზობლოშიც, ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

ბუნებრივია, რომ სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო და მითუფრო გვმართებს დაშვებული შეცდომების გაანალიზება, სწორი დასკვნების გამოტანა, სამომავლო ორიენტირების ღრმა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა.

ბუნებრივია, ამ 30 წლის მანძილზე იყო, როგორც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, უამრავი შეცდომაც და გადაცდომაც, წინსვლაც და უკუსვლაც, დაუფიქრებლობაც და ღალატიც.

სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ლოგიკით ეს გარდაუვალი იყო, ვინაიდან თავიდან, ცარიელ ადგილას ყალიბდებოდა ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო თავისი შიდა და საგარეო პოლიტიკით, თავისი მიღწევებითა და პრობლემებით. პარალელურად განვითარების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა დამოუკიდებელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება, იქმნებოდა და ვითარდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები - დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.

ამიტომ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ყველა ყოფილმა პრეზიდენტმა, ყველა პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველა მოწვევის პარლამენტმა, ყველა დეპუტატმა, ყველა პოლიტიკოსმა თუ ექსპერტმა - მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ. არადა ამოცანა იოლი არ გახლდათ - 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედება, მთლიანად დემოკრატიული პროცესის შექმნა...

დღეს უმთავრესი ამოცანა განვილი გზის სწორი ანალიზია. უნდა ვიცოდეთ სად ვდგავართ. მოდით ყველამ ერთად ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ თუ რა სუსტი წერტილები გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, რაზეა საჭირო აქცენტების გაკეთება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკისა და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების ფორმირებისას. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკა ერთი მთლიანი პოლიტიკური პროცესის ორი განუყოფელი ნაწილია.

ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და წარმატება ერთი მიმართულებით ბუნებრივად განაპირობებს წარმატებას მეორე ფრონტზე და პირიქით.

უფრო მეტიც - პოლიტიკური ნონსენსია რაიმე წარმატების მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე შიდა პოლიტიკური წარმატებების გარეშე. ჩვენ გაუთავებლად შეიძლება ვისაუბროთ „უმაღლეს ნიშნულებზე“ საგარეო მიმართულებით, მაგრამ ეს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ უაზრო ფონეტიკად დარჩება, ვიდრე პრობლემებით იქნება სავსე სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური პროცესები, დაბეჩავებული იქნება ქვეყნის ეკონომიკა, დუხჭირი იქნება მოქალაქეების ყოფა და ცხოვრება.

ბუნებრივია, რომ ამ მხრივ ტაქტიკური წარმატებები არ არის გამორიცხული, მაგრამ გრძელვადიან და სტრატეგიულ წარმატებას, ხარისხობრივ გარღვევას მხოლოდ და მხოლოდ შიდა და საგარეო პოლიტიკის სიმბიოზი განაპირობებს.

მთავარი პრობლემის ძიებაში

ის რომ, ქართული სახელმწიფო 21-ე საუკუნის დასაწყისში სერიოზული შიდა და გარე პრობლემის წინაშე დგას შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს.

უკვე ბანალურადაც კი ჟღერს ეს ფრაზა, მაგრამ მართლაც თითქოს რაღაც მოჯადოებულ, უფრო მეტიც, მანკიერ წრეზე დავდივართ. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ერთსა და იმავე დროს პესიმიზმითა და დამანგრეველი ნიჰილიზმით არის სავსე.

ღირებულებათა აღრევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაშიც და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაშიც, რასაც თან ერთვის მოქალაქეთა უკიდურესი სიდუხჭირე და უმუშევრობის დაუშვებლად მაღალი დონე. პარადოქსი და დაუჯერებელია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს შიდა პოლიტიკა და ამოცანები, საკუთარ მოქალაქეებზე, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა განსაზღვრავდეს საგარეო პოლიტიკას, პირიქით ხდება. გარე ფაქტორები და კონიუნქტურაა თითქმის ყველა შიდა პოლიტიკური პრიორიტეტის განმსაზღვრელი - რას იტყვიან ბრიუსელში? რას იტყვიან ვაშინგტონში?

ამგვარი ტენდენცია ძალიან დიდი პრობლემაა - თითქოს თავიდან გაღვივდა ჩვენში ავად სახსენებელი კომუნისტური რეჟიმის დროს ფესვგამდგარი „პატრონ-კლიენტის“ სინდრომი, „თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე“-ს დამანგრეველი ბაცილა (ყველაფერი სხვამ უნდა გააკეთოს ჩვენს მაგივრად და ჩვენივე წარუმატებლობაში სწორედ ეს „სხვაა“ დამნაშავე).

საზოგადოებაში და პოლიტიკურ აზროვნებაში გაიკაფა და უაღრესად დასუსტებულია ე.წ. „შუა“ რგოლი (ის, რასაც ამერიკელები უწოდებენ the Middle).

არადა ნებისმიერ ცივილიზებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში სწორედ ეს „შუა“ გახლავთ მთავარი ღერძი და ის ძალა, რაც მარგინალური ძალების (რადიკალიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ბუნებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში) ნეგატიურ ეფექტს აბალანსებს - იქნება ეს მემარცხენე თუ მემარჯვენე რადიკალიზმი.

ვერ ან არ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე. მოშლილი და დისკრედიტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები და გადაწყვეტილებათა უმეტესობას პარტიული და პიროვნული ფაქტორი განაპირობებს.

მოქალაქეთა უმრავლესობას არ სჯერა სასამართლოსი, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. არ სჯერა ქვეყნის მომავლის. საგანგაშოა სახელმწიფოში პოლიტიკური აზროვნების კულტურის საერთო მდგომარეობა და შესაბამისად დამკვიდრებული პოლიტიკური პრაქტიკა.

მერაბ მამარდაშვილის არ იყოს, ვერაფრით ვერ ვახერხებთ ჩვენივე უახლესი ისტორიული გამოცდილებიდან სწავლას და ლოგიკური დასკვნის გამოტანას.

არ არსებობს საზოგადოებრივი კონსესუსი ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებთან დაკავშირებითაც კი. ქართულ სახელმწიფოში პოლიტიკურ სისტემას და შესაბამისად საზოგადოებას არ გააჩნია არანაირი უნარი, ჩვევა და მოთხოვნილება ახლო სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, გლობალიზაციის და ლოკალიზაციის პროცესების შერწყმის ფონზე და კონტექსტში გაიაზროს საკუთარი ქვეყნის რეალობაც და სამომავლო პერსპექტივაც.

სწორედ ამის გამო არსებობს რეალური და უაღრესად სახიფათო შანსი ჩვენი სახელმწიფო მთლიანად ამოვარდეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან.

პოლიტიკურ წრეებში და რაც მთავარია საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ უმძიმესი შეცდომები შეიძლება დავუშვათ საკუთარი შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების, პრიორიტეტებისა და ქმედებების სწორად განსაზღვრაში, რასაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრივი კრახი შეიძლება მოჰყვეს შედეგად.

რუსული პრობლემა - მხოლოდ ინტერპრეტაცია?

დღეს, ქართული სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარების, საქართველოს მოქალაქეთა ნორმალური ცხოვრებისა და კეთილდღეობის, მსოფლიო პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობის, ეკონომიკური წინსვლის ყველაზე ტრაგიკული პრობლემა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაა რუსეთის ფედერაციის მიერ.

გარდა იმისა, რომ შელახულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობა და მიტაცებულია ტერიტორიები, გარდა იმისა, რომ სისტემატურად ირღვევა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებები, გარდა იმისა, რომ მოსკოვის მიერ უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით ილახება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების ლეგიტიმური უფლება და პრივილეგია, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არ მოჩანს ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი ტრაგედიის მოგვარების რეალური პერსპექტივა.

ვფიქრობთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული უაღრესად პრობლემური დღის წესრიგი (თუკი პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ ოკუპაციას) სიღრმისეულ გაანალიზებას საჭიროებს.

ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ნორმალური განვითარების ხელისშემშლელ მიზეზთა დიდი უმრავლესობა სწორედ რუსეთიდან მოდის.

რუსეთის იმპერია ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მის სტრატეგიულ ინტერესებს მიესადაგება სუსტი, მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული სამეზობლო. შექმნილ სიტუაციაში და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებისას მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არ არის რუსეთის მხოლოდ ერთი კონკრეტული პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ეს რუსული კავკასიური პოლიტიკის (მეფის დროინდელი რუსეთის, საბჭოთა კავშირის დაშლამდეც და დაშლის შემდეგაც) შემადგენელი ნაწილია, რაც ჩვენთვის სავალალო მოცემულობად იქცა.

ვინც არ უნდა მოვიდეს კრემლის სათავეში, თუნდაც დასავლეთისათვის ყველაზე უფრო სათაყვანებელი "ლიბერალი", მოსკოვი იგივე პოლიტიკას გაატარებდა - რუსეთის ფედერაცია ეს არის დიდი იმპერია თავისი "გეოგრაფიით", ე.წ. "სასიცოცხლო ინტერესებით", ამბიციებით და ა.შ.

უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის ფრაზა - "მე არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო რუსეთის ქმედება...მაგრამ მგონია, რომ მაინც არსებობს მისი გამოცნობის გასაღები. და ეს გასაღები რუსეთის ეროვნული ინტერესებია".

სწორედ აქ, ღრმად დაფიქრება არის საჭირო. ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს რუსეთის ისტორიას, ალბათ დამეთანხმება, რომ მოსკოვი საკუთარ უსაფრთხოებას ყოველთვის განიხილავდა მეზობლებზე დომინირებისა და მათი უხეში კონტროლის ხარჯზე. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ყოველთვის იყო და არის კავკასიონის ქედის კონტროლი ორივე მხრიდან.

ამას მეფის რუსეთმა მიაღწია კავკასიური ომების შედეგად, რაც რეალობად დარჩა საბჭოთა პერიოდში და დიდ პრობლემაში გადაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ვფიქრობ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ჩვენი ოკუპაციის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა.

მოსკოვის სურვილია გააკონტროლოს შავი ზღვის სანაპიროს ზოლი, სტრატეგიული წვდომა ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთზე და ე.წ. „თბილ წყლებზე“ (ინდოეთი თუნდაც). ყველა ეს გეოპოლიტიკური ძვრები ივანე მრისხანემ დაიწყო „დიდი რუსეთის“ შექმნით, პეტრე პირველმა განავრცო „ევროპაში ფანჯრის გაჭრით“ და სტალინმა კი დააბოლოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბოლოოდ მიუჩინა მას ადგილი რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მენტალიტეტში, ე.წ „მენტალურ რუკებში“.

ამდენად, ეს სამწუხარო რეალობა მოცემულობად უნდა მივიღოთ. უნდა ვეძიოთ რუსული იმპერიული პოლიტიკის არსი და არ უნდა ვცდილობდეთ მხოლოდ მის ინტერპრეტირებას. არც-ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ ემოციებს და კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ მთავარზე - გამოვკვეთოთ ჩვენი ეროვნული ინტერესი, გავაძლიეროთ (პოლიტიკურად და ეკონომიკურად) ჩვენი ქვეყანა, მიმზიდველი და კომფორტულად საცხოვრებელი უნდა გავხადოთ საქართველო უპირველესად საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ხაზს ვუსვამ - არა ნატოსათვის, ევროკავშირისა და ამერიკისათვის, არამედ ჩვენი მოქალაქეებისათვის. სხვათა შორის, მუდმივად ამას გვთხოვს ამერიკაც, ევროპაც, ნატოც და ევროკავშირიც - "რეფორმებს პირველ ყოვლისა თქვენთვის ატარებთ და არა ჩვენთვის. და თუ ამას ასე გააგრძელებთ, ჩვენი თანადგომის და დახმარების იმედი გქონდეთ".

ბუნებრივია, რომ ევროპაში და საერთოდ დასავლეთში ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს არ გახლავთ ქართული სახელმწიფოს ერთი რომელიმე ხელისუფლების გადაწყვეტილება.

ეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანია. არჩევანი, რაც დაფუძნებულია ჩვენს ისტორიულ გამოცდილებაზე, გენეტიკასა და მენტალიტეტზე. მთავარი ამ პრიორიტეტის განხორციელების გზა და რეალიზების საშუალებაა.

სწორედ საქართველოს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ისეთი პოლიტიკის გატარება ქვეყნის შიგნით, რაც არა ფორმალურად და ნახევრად, ან ფასადურად, არამედ რეალურად დაახლოებს ჩვენს მოქალაქეებს ევროპულ ფასეულობებთან.

ნათელია, რომ ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ ამ კონტექსტში საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე და არა რომელიმე პოლიტიკურ ელიტაზე თუ პოლიტიკურ დაჯგუფებაზე, რომელიც დღესდღეობით იგივე დასავლეთთან პოლიტიკური კეკლუცობით, მანიპულირებით და ხშირ შემთხვევაში სიცრუის და ყალბი გზავნილების ხარჯზე თავის მიზნების განხორციელებით არის დაკავებული.

საქართველოს დასავლური ვექტორის განსაზღვრისას, პირველ რიგში უნდა ბოლომდე გავაცნობიეროთ რა არის ის „დასავლეთი“, რისკენაც ჩვენ ყველანი ვისწრაფვით.

კონცეპტუალურად უნდა ჩამოვყალიბდეთ „დასავლეთი“ ჩვენთვის გეოგრაფიული მცნებაა თუ ღირებულებათა სისტემა. თუკი ვისწრაფვით „დასავლეთისაკენ“, როგორც დემოკრატიული ღირებულებებისაკენ (დემოკრატიული პროცესი და ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ღია და ლიბერალური ბაზარი, კერძო საკუთრების უზენაესობა, ადამიანის და სამოქალაქო უფლებები, მსოფლიოსათვის გახსნილი ეკონომიკა), მაშინ „დასავლეთი“ გულისხმობს ბევრ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც გეოგრაფიულად აღმოსავლეთშია.

მაგალითისათვის მხოლოდ იაპონია და სამხრეთ კორეაც იკმარებს. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ნამდვილი დასავლური ორიენტაცია იწყება სახელმწიფოს შიგნით რეფორმებით, პოლიტიკისა და ეკონომიკის მოდერნიზებით. სწორედ შიდა პოლიტიკა უნდა იყოს დაფუძნებული დასავლურ სტანდარტზე, მაგრამ იმგვარად რომ არანაირად არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში ჩვენს ტრადიციულ კულტურულ და ისტორიულ ფასეულობებთან, რაც ქართველმა ხალხმა ასეთი რუდუნებით შეინარჩუნა მრავალი საუკუნის მანძილზე.

ანალიზის დეფიციტი?

ყველაფერ ზემოთთქმულის გათვალისწინებით, საქართველოში დღეს, ისე როგორც არასდროს იგრძნობა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის უკიდურესად აუცილებელი სტრატეგიული, მეცნიერული ანალიზის არათუ დეფიციტი, არამედ არარსებობა.

თითქოს დაგვავიწყდა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გააზრება სრულფასოვანი პოლიტიკური კულტურისა და საქმიანობის საყოველთაო და აუცილებელი ნორმაა.

უფრო მეტიც - სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გაანალიზების და სტრატეგიის დამუშავების ანალიტიკური ხელისშეწყობის შესაბამისი ინსტიტუციური სისტემა, თანამედროვე სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების აუცილებლობად იქცა.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში დაწყებული ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან?

არათუ ანალიზის ინსტიტუციური, დახვეწილი და თანამედროვეობის გამოწვევებს მისადაგებული სისტემები, არამედ მიახლოვებულიც კი არაფერი არ არსებობს და არ ფუნქციონირებს. არც-ერთ დონეზე.

არც-ერთი მიმართულებით - არც სახელმწიფოს უსაფრთხოების, არც ეკონომიკური უსაფრთხოების, არც სახელმწიფოს მართვის მაღალ და უმაღლეს რგოლებში და არც ქვედა დონეებზე. აქ მკითხველმა მინდა სწორად გამიგოს - რა თქმა უნდა არსებობს ანალიტიკური კვლევები და მეცნიერული მოსაზრებები (ნ. მელიქაძის, ლ. პაპავას, ა. თვალჭრელიძის, ხ. ლაღაზიძის, თ. ფხალაძის, ს. ცინცაძის, გ. ხუხაშვილის, ი. მენაღარიშვილის, პ. მამრაძის და სხვების), მაგრამ ეს ყველაფერი უსისტემოა, ეპიზოდურად ჩნდება და რაც მთავარია, ისინი რატომღაც ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება...

რა არის, ან უფრო სწორად რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და რაც მთავარია რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. გასული საუკუნის დასაწყისშიც და ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზეც, საქართველოს მოქალაქეებმა მსოფლიო თანამეგობრობას, მთელ ცივილიზებულ სამყაროს არაერთხელ დაუდასტურეს, რომ დემოკრატია და თავისუფლება ის ფასეულობებია, რის ერთგულნიც ვართ.

მიუხედავად სხვადასხვა სახის პოლიტიკური თამაშებისა და ხშირ შემთხვევაში ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურისა, მიუხედავად სისტემური შეცდომებისა ან მენტალური აბერაციისა (რაც მრავლად იყო გასული საუკუნის დასაწყისშიც და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური რუკიდან გაქრობის შემდეგაც) ქართულ საზოგადოებას არ უღალატია თავისუფლების და დემოკრატიის არჩევანისათვის.

მიუხედავად უამრავი შიდა თუ გარე საბედისწერო განსაცდელისა, ვცდილობდით და ვცდილობთ რამენაირად ავაშენოთ დემოკრატიული, ცივილიზებული საზოგადოება და მასზე მორგებული სახელმწიფოს მართვის სისტემა. საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ და ცდილობენ დაიცვან და პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მაგრამ გაუფრთხილდნენ საკუთარ კულტურულ და ინტელექტუალურ სივრცეს და მონაპოვარს.

სამწუხაროდ, საზოგადოების მიერ დემოკრატიის დაფუძნების მცდელობას ხელს უშლიდა და უშლის სამწუხარო რეალობა - სახელმწიფო რეფორმების, ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესი არ იყო და დღესაც არ არის გამყარებული პირველ ყოვლისა დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური გაძლიერებით, რის საფუძველიც კონსტიტუცია და მისი ნორმები იქნება. ფაქტია, რომ არ არსებობს რეალური და პოზიტიური ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის. ხშირ შემთხვევაში ქაოსს ქმნის და აღრეულია ერთმანეთში „ხელისუფლების“ და „ძალაუფლების“ აღქმა.

გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სათავეშივე მცდარი და მიუღებელი გახლდათ “ნაციონალური მოძრაობის” კონცეფცია, რის მიხედვითაც ჯერ ძლიერი სახელმწიფო იყო მთავარი და მხოლოდ შემდეგ დადგებოდა დემოკრატიული განვითარების ჯერი, ვინაიდან ეს იწვევდა უმძაფრეს ინსტიტუციურ რყევას და ნეგატიურ დისბალანსს.

ამ მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება დღეს ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა, ვინაიდან მსგავსი შეხედულება დღესაც სახეზეა, თითქოს ინერციით გადმოგვყვა.

დღევანდელ მსოფლიოში, ისე როგორც არასდროს, დემოკრატიული პრინციპების განვითარებაა ძლიერი სახელმწიფოს საძირკველი და სიმტკიცე. თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფო უპირობოდ ეყრდნობა დემოკრატიულ ფასეულობებსა და ტრადიციებს, ქმნის იმგვარ პრაქტიკას და მოცემულობას, რაც რეალურ აღმშენებლობას უზრუნველყოფს.

ქვეყნის გაძლიერება სისტემურად და პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს - ლეიტმოტივად უნდა იქცეს სახელმწიფო ინსტიტუტების მაქსიმალური გაძლიერება კანონის უზენაესობის გზით და რაც მთავარია ამ ურთულეს და ფილიგრანულ პროცესში ქვეყნის მოქალაქის აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით.

ხშირად მისაუბრია ჩემს უცხოელ კოლეგებთან ამ თემებზე. ამ საუბრების დროს, არაერთხელ მიღიარებია, რომ არ ვართ დღეისათვის „იდეალური დემოკრატია“ (ან კი როგორ უნდა ვიყოთ. ყველაფერს წლები და გამოცდილება სჭირდება).

მეორე მხრივ, განა არსებობს სადმე რაიმე იდეალური? მთავარია, ჩვენ ბოლომდე გავითავისოთ, რომ დემოკრატიული განვითარება ეს სრულყოფის უწყვეტი და ურთულესი პროცესია, რაც მცენარის მოვლას წააგავს - ყოველდღე საჭიროებს მოვლასა და მზრუნველობას.

უახლეს ქართულ ისტორიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (სხვათა შორის მათი დასავლელი მენტორების რჩევით) მოინდომა „დემოკრატიული პირამიდის“ აშენება და პროცესის დასაწყისი თავიდან თითქოს წარმატებული იყო, მაგრამ შემდეგ აირია მონასტერი.

რეფორმები წარიმართა მოჩვენებთად, „ზემოდან ქვემოთ“, დემოკრატიული საძირკვლისა და ფუნდამენტის გარეშე. პოლიტიკური ინჟინერიის ამ, რბილად რომ ვთქვათ თავისებურმა მცდელობამ, ამ ნონსენსმა რა ფიასკომდეც მიიყვანა ქვეყანა დღეს უკვე ნათელია...

გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ მხრივ დაშვებული შეცდომები იქცა ბოლო წლების მანძილზე ქართული სახელმწიფოს სწორი განვითარებისათვის აქილევსის ქუსლად.

სახელმწიფოს მოდერნიზაციისა და მახვილი პრიორიტეტების ჩამოყალიბების მცდელობის ფონზე ე.წ. "ფასადური" და "კვაზი" დემოკრატია ქვეყნისათვის არა მხოლოდ უცხო სხეულად იქცა, არამედ დაემუქრა საერთოდ განვითარების და სახელმწიფოებრივი სრულყოფის პერსპექტივას.

უფრო მეტიც, საშიში ფორმებიც კი მიიღო. საზოგადოებაში გაჩნდა აზრი (იმედი მაქვს გაუთვითცნობიერებული), რომ ყოფითი პრობლემები და ეკონომიკური სიდუხჭირე სწორედაც რომ "დემოკრატიის" ბრალია, რომ ადრე უკეთ ვცხოვრობდით და ა.შ.

სწორედ ამიტომ, გადაუდებელი ამოცანაა იმ კლასიკური პოსტულატის რეალიზება, რაც ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ღირსეული მოქალაქეების ცხოვრებას გულისხმობს. ბუნებრივია, რომ ყველაფერმა ამან საფუძვლიანად შეუშალა ხელი სწორი, პრაგმატული და დროსა და სივრცეში გაანალიზებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრასაც.

შევეცდებით მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ძირითადი სათქმელი. ჩვენი მოსაზრების ამოსავალი წერტილია თუ რა უნდა იყოს პატარა ქვეყნის (არ ახალია ძველია, რომ დიდი და პატარა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამ თემაზე ფუნდამენტური ნაშრომები აქვთ ალექსანდრე რონდელს და რევაზე გაჩეჩილაძეს) საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ფუნდამენტი და პრინციპი.

მიგვაჩნია, რომ აქ დაშვებული შეცდომა განაპირობებს ყველა დანარჩენ ხარვეზს სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. საერთოდ, საგარეო პოლიტიკა (მით-უმეტეს დღევანდელ მსოფლიოში) გასაგებად რთული და კომპლექსურია.

პატარა სახელმწიფოებისათვის კარგი ისაა, რომ ამ სამყაროში ისინი არასოდეს რჩებიან რაიმე არჩევანის გარეშე, ვინაიდან სწორედ ამ კომპლექსურობის გამო საერთაშორისო ურთიერთობები სავსეა ცვალებადი შესაძლებლობებით.

ასეთ პირობებში კი ყოველთვის რჩება სწორი გამოსავლის შანსი, იმ შემთხვევაში თუკი გვექნება ამ შანსის ამოცნობის გამჭრიახობა, შნო და უნარი. ამდენად, სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოება კატეგორიულად მოითხოვს სერიოზულ მსჯელობას, ანალიზს, მეცნიერულ მიდგომას.

კარგად უნდა შევიცნოთ და გავისიგრძეგანოთ საკითხის კომპლექსურობა, უკუვაგდოთ ყველანაირი ფატალიზმი და დროში და სივრცეში ზუსტად განვსაზღვროთ რის მიღწევაა რეალურად შესაძლებელი ამა თუ იმ სიტუაციაში.

მნიშვნელოვანია იმის სწორი გაანალიზებაც, თუ საჭიროების შემთხვევაში რა სახის საგარეო პოლიტიკური რისკის გაწევაა ჩვენთვის მისაღები. სულ მუდამ უნდა გვახსოვდეს ოტო ბისმარკის ცნობილი გამონათქვამი - "მხოლოდ სულელი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ბრძენი სხვისი შეცდომებიდან იღებს გაკვეთილს".

რა სიტუაციაა ამ მხრივ ჩვენში და ჩვენს ირგვლივ?

დღევანდელ მსოფლიო ვითარებაში, რეგიონშიც და გლობალურადაც სხვა, განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოების მიერ საქართველო ჯერ კიდევ განიხილება როგორც საკუთარი ინტერესების რეალიზების საშუალება (ინსტრუმენტი) და არა როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე თავის სუვერენული საგარეო პოლიტიკითა და ინტერესებით.

მართალია, ეს არ გამორიცხავს სიმპათიას ჩვენს მიმართ, მაგრამ ჩვენს ირგვლივ შექმნილი რეალური სიტუაციის ანალიზისას ჩნდება განცდა, რომ არ შეგვწევს (და თითქოს არც გვინდა) განვახორციელოთ მართლაც დამოუკიდებელი შიდა და გარე პოლიტიკა.

ალბათ უკვე მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის, სწორი ტაქტიკისა და სტრატეგიის არქონის შედეგია. რამენაირად უნდა მოვახერხოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავს გავხდეთ არა დინებას მიყოლილი, არამედ ფუნქციონალურად საჭირო, სასარგებლო ქვეყანა.

ბოლომდე უნდა გავუხსნათ კარი შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, მუდმივად უნდა ვეძებოთ არაორდინალური მიდგომები საგარეო პოლიტიკაშიც.

კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს პრეცენდენტი რომელიმე პატარა სახელმწიფოს საქმე ვინმეს სხვას გაეკეთებინოს - რაგინდ ძლიერ და კეთილგანწყობილ მეზობელსა თუ პარტნიორს. მუდამ უნდა გვახსოვდეს: არავინ დაიცავს საკუთარი სარგებლის გარეშე ჩვენს ინტერესს. არავინ გააკეთებს ჩვენს მაგივრად ჩვენივე გასაკეთებელ საქმეს.

საერთაშორისო პარტნიორების და მოკავშირეების დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ჩვენ დავეხმარებით საკუთარ თავს და ხელს შევუწყობთ არა ყალბი, არამედ რეალური დემოკრატიის განვითარებას, უზრუნველვყოფთ კანონის უზენაესობას ყველა დონეზე, განვავითარებთ ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

ყოველივე ეს შესაძლებლობას მოგვცემს მივიღოთ ჭეშმარიტად სუვერენული და ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პირველ ყოვლისა ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს მიესადაგება.

ზემოთ რამდენიმეჯერ უკვე ვახსენე პოლიტიკური სიმპათიები, რასაც დასავლელი პარტნიორები ავლენენ საქართველოს მიმართ. ეს სასურველი და მისასალმებელია, მაგრამ მთავარია ამ სიმპათიების ტრანსფორმირება იგივე დასავლეთისა და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ დღის წესრიგში.

მთავარია არ დავრჩეთ მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებების (strong statements) ამარა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ გავხდეთ დასავლეთის სტრატეგიის ნაწილი და არ ვიყოთ მხოლოდ მათი პოლიტიკური გემოვნების და ტაქტიკის განხორციელებისათვის საჭირო ინსტრუმენტი.

ბუნებრივია უახლოეს წარსულში ყოფილა სერიოზული ძალისხმევაც ამ მიმართულებით. ბედმა მარგუნა ბევრ შეხვედრაში მონაწილეობა და ჩვენდამი "სიმპათიის" სტრატეგიულ დაინტერესებაში გადაყვანის მცდელობებსაც შევსწრებივარ.

ამ თვალსაზრისით მახსენდება საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შეხვედრები და საუბრები ვაშინგტონში, ბერლინში, ბონში, პარიზში. მახსენდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამი შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ პენსთან. სწორედ ამ სტრატეგიულ თემებზე საუბრების დროს, თითქოსდა გამოიკვეთა შესაძლებლობა საქართველო ქცეულიყო სწორედაც რომ „სანდო და სასარგებლო“ პარტნიორად ამერიკისათვის.

იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან ეს არის ჩვენთვის ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური საშუალება თავი დავაღწიოთ ე.წ. "რუსულ კონტექსტს".

ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია საგარეო პოლიტიკის (ყველა დონეზე) და დიპლომატიის ყველა რეზერვისა და საშუალების ბოლომდე ამოქმედება. მათ-შორის მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს ე.წ. "წყნარ სტრატეგიულო საუბრებზე" არაფორმალურ ვითარებაში, ავანსცენის მიღმა, ყოველგვარი წინასწარ გაწერილი დღის წესრიგის, ტელე-კამერების გარეშე და მშვიდ, სოლიდურ გარემოში იმ ხალხთან, ვინც დასავლეთის სამთავრობო კულუარებში პოლიტიკურ ამინდს ქმნის, პირველი პირების უახლოესი გარემოცვის წევრები არიან.

მუდმივი საუბრები და კონტაქტია საჭირო პოლიტიკურ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან, წამყვან კვლევით ცენტრებთან, მათთან ვინც დასავლეთში საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს, მასზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

სწორედ ამგვარი მცდელობებით გავხდით საქართველოს უფრო მკაფიოს მსოფლიოს რუკაზე, სადაც ის სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბუნდოვნად მოჩანს და ხშირად ისიც მხოლოდ დიდი ჩრდილოელი მეზობლის კონტექსტში.

საგარეო პოლიტიკა - რას დავეყრდნოთ?

პირველი ეტაპის გადაუდებელი ამოცანაა იმის განსაზღვრა თუ რას უნდა დავაფუძნოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. რაზე უნდა გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი. რა უნდა გამოვყოთ იმ ძირითად კრიტერიუმებად, რაც დღევანდელ მღელვარე და მოულოდნელობებით აღსავსე მსოფლიოში სამშვიდობოს გაგვიყვანს.

მსოფლიოში, რომელიც დღეს უკიდურესად არის გადატვირთული ურთულესი გლობალური და რეგიონალური პრობლემებითა და კომპლექსური, ხშირად ასიმეტრიული ხასიათის გამოწვევებით. ამდენად არ არის გამორიცხული საქართველოსათვის ვერ მოიცალონ უახლოესმა მეგობარმა და პარტნიორმა ქვეყნებმაც კი - ყველას თავისი ინტერესი და თავის ტკივილი აქვს. ამდენად არის შანსი დავრჩეთ მხოლოდ „სიტუაციური“ მხარდაჭერის ამარა. უფრო მეტიც - ჩვენი პარტნიორები საკუთარი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე და ისევ "სიტუაციური" მოსაზრებების გათვალისწინებით, შეიძლება ჩვენდამი მტრულად განწყობილ ქვეყნებთანაც კი წავიდნენ გარიგებაზე.

რაც უნდა "სევდიანად" ჟღერდეს ამგვარი რამ, მაგრამ ეს რეალური პოლიტიკაა (Realpolitik) და მსოფლიო თამაშის წესების ქრესთომატიაა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს დღეს - რადგან როგორც ეს პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, გენერალმა ჰარი მაქმასტერმა ვფიქრობთ სწორად აღნიშნა "შეიცვალა გლობალური თანამეგობრობის კონფიგურაცია და დღეს უკვე ყველა - დიდი თუ პატარა - სახელმწიფო იბრძვის უპირატესობის მოსაპოვებლად".

ამიტომ არ არის საჭირო ველოსიპედის თავიდან გამოგონება! მსოფლიო ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორი საგარეო პოლიტიკის ფორმულირებისა და დაგეგმვის უმთავრესი საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ღრმად გააზრებული ეროვნული ინტერესებია.

ქართული სახელმწიფოს საბოლოო მიზანი სრულიად ნათელია - დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რის საფუძველზეც შეიქმნა და დღესაც სულდგმულობს ჩვენი საზოგადოება.

მუდამ გვახსოვდეს გაკვეთილები, განსაკუთრებით შეცდომები ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ისტორიიდან, გვახსოვდეს რომ საქართველო, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა გაეროში თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, მუდამ გეო-პოლიტიკურ ჯვარზე იყო გაკრული და სწორედ ამ ისტორიული გაკვეთილების გათვალისწინებით განვსაზღვროთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა.

მუდამ უნდა გვახსოვდეს ვახუშტი კოტეტიშვილის გამონათქვამი - "საქართველო არა მხოლოდ სახელმწიფოა, არამედ ის სამშობლოცაა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეკუთვნის".

საქართველოს სტარტეგიული ტრიადა

საქართველოს რთული ისტორია გვარწმუნებს, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ფუნდამენტს უნდა განსაზღვრავდეს სამი ძირითადი პრინციპი - ჩვენი ეროვნული ინტერესი, რეალიზმი და მაქსიმალური პრაგმატიზმი. ამ სამი პრინციპის გააზრებული ერთობლიობა უნდა გავხადოთ საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ვექტორად.

ეროვნული ინტერესების მუდმივი გათვალისწინება უნდა დაედოს საფუძვლად გადამწყვეტი საკითხის მოგვარებას - შევინახოთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფასეულობები იმის მიუხედავად თუ რასთან შეგუების აუცილებლობა შეიძლება გვიკარნახოს პრაგმატიზმმა.

კონკრეტული საგარეო პოლიტიკური გამოწვევის თუ სიტუაციის ანალიზისას არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პრაგმატიზმი თავისთავად არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკას. ის მხოლოდ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტისათვის საჭირო ტაქტიკა ან მიდგომაა.

რეალიზმს რაც შეეხება, ის ჩვენი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი ფაქტორია. ნებისმიერ შემთხვევაში სწორად უნდა ვაფასებდეთ ჩვენს შესაძლებლობებს, ზუსტად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი ჩვენი, როგორც სახელმწიფოს წონა და გავლენა მეზობლებთან ურთიერთობაშიც, რეგიონშიც და გლობალურადაც. აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების განსაზღვრისას.

ამ მხრივ ჩვენ თუნდაც უმცირესი შეცდომისა და ემოციებზე აყოლის ფუფუნება არ გვაქვს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ბედს და გამოწვევებს უნდა შევეგუოთ ან კონკრეტული პრობლემის წინაშე ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ.

პირიქით. ჩვენი გეოგრაფიის და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკის, რეალიზმის და პრაგმატიზმის სწორი კომბინაცია ერთმანეთს ავსებს და ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ექსტრა-ორდინალურები (ღვთის მადლით ქართველებს ეს ჭარბად გვაქვს ხასიათში), რაც პოლიტიკაში იმას ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ, რათა ვიყოთ სასარგებლო და გამოსადეგნი. არ უნდა ვასოცირდებოდეთ მხოლოდ პრობლემასთან და თავის ტკივილთან. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ გავხდეთ პრობლემების (თუნდაც მცირე) მოგვარების ხელისშემწყობნი.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი ინტერესის რეალიზაციას მივაღწიოთ სხვისი ინტერესის პრაგმატული გათვალისწინების ხარჯზე და გამოვიმუშაოთ უნარი გასაგებად და ეფექტურად მივაწოდოთ ეს საერთაშორისო თანამეგობრობას.

მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გვქონდეს სრული ეროვნული და პოლიტიკური კონსესუსი ქვეყნის შიგნით. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადექვატური ურთიერთგაგების გარეშე ქვეყნის შიგნით, ურთულესი ამოცანაა საგარეო პოლიტიკის შენარჩუნება, ვინაიდან წარმატებული საგარეო პოლიტიკა ყველგან და ყოველთვის დაფუძნებულია შიდა კონსესუსზე.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ერთი სინგაპურელი ცნობილი დიპლომატის მიერ მოყვანილი ისრაელის მაგალითი. საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ ისრაელელები ერთმანეთში ხშირად კამათობენ, შეიძლება მუშტი-კრივზეც კი გადავიდნენ, თუმცა ნებისმიერი უთანხმოების მიუხედავად, თითქმის ვერ შეხვდებით ისრაელის ისეთ მოქალაქეს, რომელსაც გააზრებული არ აქვს ყველა ის საშიშროება, რაც მის ქვეყანას ემუქრება.

ისრაელელებს შორის ხმაურიანი კამათიც სწორედ იმას ეხება ერთობლივად როგორ გაუმკლავდნენ საფრთხეებს.

აქედან გამომდინარე არც ჩვენ უნდა დავუშვათ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვაკუუმი, ვინაიდან არ არსებობს საგარეო პოლიტიკური გამარჯვება მტკიცე შიდა პოლიტიკური ფუნდამენტის გარეშე.

მცირე ქვეყნებისათვის, თუკი მას დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, განსაკუთრებით აუცილებელია, რომ ხელისუფლება ისე ეპყრობოდეს ოპოზიციას, როგორც მომავალ მთავრობას. მიუღებელია ერთმანეთისადმი გაუთავებელი ღვარძლი, შური, შეურაცხყოფა, მტრობა.

მაგრამ ოპოზიციაც უნდა იყოს კონსტრუქციული და პირველ ყოვლისა პასუხისმგებლობით სავსე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების მიმართ. პოლიტიკურ დაპირისპირებას ნორმალურ ქვეყნებში და საზოგადოებაში თავის ჩარჩოები, ცივილიზებული პრინციპები და სტანდარტები აქვს - არ შეიძლება მისი სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში, პიროვნულ ზიზღში, სიძულვილში და ომში გადაყვანა. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოს არ ექნება საგარეო სარბიელზე წარმატება, თუკი ქვეყნის შიგნით გაუთავებელი ცემა-ტყეპაა გაჩაღებული, მუდმივად ისმის ერთმანეთის გინება და პანიკური, გამაფრთხილებელი სასტვენის ხმა...

მიუღებელია და დამღუპველია ქვეყნისათვის ისიც, რომ ყველა ახალი მთავრობა საქმიანობას ძველის განადგურებითა და მიწასთან გასწორებით იწყებს და ყველა ჯერზე სახელმწიფოს მოწყობის და გადარჩენის „ახალ ჩარჩოს“ გვთავაზობს, სულ ცოტა ხანში სოციალური ქსელების საშუალებით გვემშვიდობება და შესაბამისად ეს „ჩარჩოც“ ქრება.

21 - ე საუკუნეში შიდა პოლიტიკა სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. მთელს მსოფლიოში და ჩვენშიც იშლება ხელოვნური განსხვავებები შიდა და საგარეო პოლიტიკას შორის. ამდენად საღი და ჯანმრთელი განხილვა საგარეო პოლიტიკურ საკითხებისა ეროვნულ დონეზე მიღებული კონსესუსის ფარგლებში უნდა წარიმართოს.

გარდა ამისა, უკიდურესად აუცილებელია საზოგადოების მუდმივი და სწორი ინფორმირება ამ თემებთან დაკავშირებით. თუკი შევძლებთ, რომ დავიცვათ 21-ე საუკუნის შესაფერისი ფასეულობები საქართველოს შიგნით, მაშინ რთული საერთაშორისო პრობლემების მოგვარება და მართვაც შესაძლებელი იქნება.

საქართველოში დემოკრატიის განვითარების, კანონის უზენაესობის, სახელმწიფო ინსტიტუტების შენების გზაზე კომპრომისი საგარეო პოლიტიკური ამოცანების დაძლევას რთულსა და უმართავს გახდის.

იმისათვის, რომ საერთაშორისო სარბიელზე გზა გავიკაფოთ, იმისათვის რომ წარმატებით განვახორციელოთ სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების ურთულესი პროცესი, ჩვენვე უნდა გვქონდეს სრულიად გარკვეული და ჩამოყალიბებული, სიღრმისეულად გამჯდარი წარმოდგენა თუ ვინ ვართ დღეს და რა გვინდა რომ ჩვენგან დარჩეს, რას ვუტოვებთ შთამომავლობას.

რეალისტურად, პრაგმატულად და საქართველოს უმთავრესი ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით ეს ცხადად და გარკვევით უნდა გავაგებინოთ ჩვენს გარშემომყოფებს.

დიპლომატია - მხოლოდ თავაზიანობა?

საგარეო პოლიტიკურ თემებზე საუბრისას ჩვენში ხშირად იყენებენ სიტყვა "დიპლომატიას". თუმცა, ხდება მისი აღრევა საგარეო პოლიტიკასთან, მაშინ როდესაც დიპლომატია მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი და საშუალებაა საგარეო პოლიტიკის წარმოებისა და რეალიზაციისათვის.

საგარეო პოლიტიკა გაცილებით ფართო და მრავლისმომცველი სფეროა ვიდრე დიპლომატია. სწორი და ეფექტური საგარეო პოლიტიკა მთლიანი სახელმწიფო ინტელექტუალური, ორგანიზაციული და ეკონომიკური რესურსების მობილიზებას გულისხმობს.

ერთის ლექსით ამ მცნების მნიშვნელობა ხშირად არასწორად ესმით. დიპლომატად მიიჩნევენ ადამიანს, რომელსაც ახასიათებს ისეთი თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, თავაზიანობა ან ტაქტიანობა. არადა პროფესიული დიპლომატია გაცილებით ღრმა და მრავალწახნაგოვანი სფეროა.

დიპლომატია ეს არის ურთულესი პროცესი, როდესაც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი ან განვითარდება ან კი მარცხს განიცდის. ამდენად პროფესიული დიპლომატიისათვის არათუ მისაღები, არამედ აუცილებელიც კია სხვა ბევრი საშუალება მხოლოდ თავაზიანობის და ტაქტიანობის გარდა.

კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ამოცანის გადაჭრამ შეიძლება მოითხოვოს სიჯიუტე, სიმტკიცე, სიხისტე და ზოგჯერ უხეშობაც კი. იგივე ითქმის დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ რეალურად დამოუკიდებელი და სუვერენული საგარეო პოლიტიკის წარმოებაზეც. მცირე ქვეყნებს საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად ექმნებათ ექსტრემალური სიტუაციები. შეიძლება შეიქმნას ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალის გამოყენების აუცილებლობა. კონკრეტულ სიტუაციაში შექმნილი კონკრეტული საფრთხიდან გამომდინარე.

სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ომი და დიპლომატია ერთმანეთის ალტერნატივა არ გახლავთ. ისინი სხვადსხვა "ინსტრუმენტია ხელსაწყოთა ნაკრებში". გამომდინარე აქედან, სუვერენული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ქმნის საფუძველს, რომ სხვა ქვეყანა ნაკლებად თუ შეეცდება, რომ ინტერესთა დაპირისპირება და განსხვავება შეუთავსებლად მიიჩნიოს.

ძლიერი თავდაცვა (რაც არ ნიშნავს მხოლოდ ძლიერ სამხედრო კომპონენტს), მ.შ. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონიერება, პატარა ქვეყნისათვის განაპირობებს მისდამი სხვა სახელმწიფოთა "მეგობრულ" დამოკიდებულებას. ამდენად მუდმივად უნდა ვეცადოთ, რომ გვქონდეს დიპლომატიური დამაჯერებლობა ჩვენს საერთაშორისო კონტაქტებში და ურთიერთობებში, ვინაიდან როგორც კი არადამაჯერებლები, არაპროგნოზირებადი გავხდებით იგივე ბედს გაიზიარებს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დაცვის უნარიც.

უნდა ვისწავლოთ კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება, ვიყოთ თანამიმდევრულნი და მუდმივად ვიყოთ შიდა კონსოლიდაციის საფუძველზე მზად დიდი სახელმწიფოებიდან მომავალი ზეწოლის გასამკლავებლად, თუმცა, ბუნებრივია არ უნდა გამოვრიცხოთ კომრომისული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც.

ჩვენ ქართველებს, ყველა ჩვენს მოქალაქეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს რომ ისტორიულად, პატარა ქვეყნები ვერასოდეს ახერხებდნენ გრძელვადიანი სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ამას ობიექტური მიზეზი ყოველთვის ჰქონდა - მცირე სახელმწიფოების სუვერენიტეტს არ გააჩნია საერთაშორისო სისტემისათვის ჩვეული, თანდაყოლილი რელევანტურობა.

ბუნებრივია აქ ისმის კითხვა - როგორ შევინარჩუნოთ ეს რელევანტურობა? სამწუხაროდ, ამ კითხვის პასუხად რაიმე ერთიანი და ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. საქართველოს ისტორიაც იმის დასტურია, რომ ის, რაც ჩვენ გვხდიდა რელევანტურს ერთი კონკრეტული სიტუაციის ან პრობლემის მიმართ, სხვა შემთხვევაში არარელევანტური იყო. ვფიქრობთ, რომ საქართველოსათვის (წარსულშიც და დღესაც) რელევანტურობის შენარჩუნება ნიშნავდა და ნიშნავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფასეულობების შენახვას და შენარჩუნებას. იმ ფასეულობებისა, რაც უნიკალური იყო და არის ჩვენთვის.

გარდა ამისა, პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა და თამაშობს იღბალი, შანსი, "ბედნიერი დამთხვევა". იმაზე მეტს, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობათა თეორეტიკოსები ან თავად პოლიტიკოსები აღიარებენ. 21-ე საუკუნეში საქართველოს თავად ძალუძს საკუთარი ბედის შექმნა.

მთავარია გვქონდეს გამჭრიახობა, რომ სწორად დავინახოთ და შევაფასოთ შესაძლებლობები. ამასთან გვეყოს გამბედაობა, რომ თამამად ვიმოქმედოთ ამ შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის. აქ ჩემი სინგაპურელი მეგობრისა და კოლეგის კიდევ ერთი რჩევა მახსენდება - პირად ურთიერთობებში, როდესაც ერთმანეთს „მეგობრებს“ ვუწოდებთ, ეს ჩვენს ემოციურ კავშირს აღწერს. თუმცა, როდესაც საქმე საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ეს ცნება უკვე უკავშირდება და ერწყმის ეროვნულ ინტერესებს.

ბუნებრივია, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესები დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ყველგან და ყოველთვის ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს. ამდენად სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას.

გეოპოლიტიკურ ჯვარზე

ძლიერი სახელმწიფოების სტრატეგიული ვექტორების, კონფლიქტური ინტერესების გადაკვეთაზე არსებობა საქართველოსათვის უბრალო გეოგრაფია და ისტორიული მოცემულობაა. ბუნებრივია, რომ ეს რეალობა ყოველთვის განსაზღვრავდა ქართული სახელმწიფოს შიდა და გარე პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ამოცანების თავისებურებას და თამამად შეიძლება ითქვას უნიკალურობასაც კი.

დღესაც ვდგავართ იმ დილემის წინაშე, რის წინაშეც საუკუნეების განმავლობაში ვიდექით - გადარჩენის და წარმატების საწინდარი მხოლოდ იმის გააზრებაა თუ როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს. არ არის საჭირო სხვისი მექანიკური, მხოლოდ ემოციური მიბაძვა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენივე ისტორიული მოწყობისა და მენტალიტეტის, გეოგრაფიის, წარსულიდან ნასაზრდოები მომავლის, ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის ერთგულნი.

ზოგადად დასავლეთთან დაახლოება და ევროპაში ინტეგრაციის მცდელობა 21-საუკუნის დასაწყისში შექმნილი პრიორიტეტი არ გახლავთ. ამას ქართული სახელმწიფო მეტ-ნაკლები წარმატებით ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ცდილობდა.

ამდენად ეს საგარეო პოლიტიკური მიმართულება, გრიგოლ რობაქიძის განმარტებით, გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი აზროვნებისა და იდენტობის ნაწილიც კია. მომავალშიც ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დაკნინების ხარჯზე.

პატარა სახელმწიფოებმა არ უნდა იმოქმედონ როგორც მცირე სახელმწიფოებმა. საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაბალანსებული და გაჯერებული უნდა იყოს რეგიონული და გლობალური კონტექსტით. მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობაში. ნათელი ხედვები და პოზიციები უნდა გვქონდეს ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც გრიგოლ რობაქიძემ ბრძანა, -„საქართველოც ხომ ნატეხია აღმოსავლეთის!“

შეძლებისდაგვარად უნდა გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები აფრიკის ქვეყნებთან, ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი უნდა ვეძიოთ აზიისა და შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, უნდა ვეცადოთ სასარგებლო პარტნიორი გავხდეთ ჩინეთისათვის, იაპონიისათვის, სამხრეთ კორეისთვის, სინგაპურისათვის, ინდონეზიისათვის და ამ თვალსაზრისით (ისევე როგორც ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში) მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ლობირებას, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ რამენაირად თავი დავაღწიოთ „რუსულ კონტექსტს“.

აქ არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ ვახსენო ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობის თემა. ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი ფრაზაა - „დაშნა შეიძლება გადატეხო, მაგრამ იდეას ვერაფერს დააკლებ“.

ანაკლია საქართველოს მომავალზე გათვლილი იდეაა. იდეა, რომელმაც თავი მოუყარა მსოფლიო ეკონომიკისა და ვაჭრობის თანამედროვე ტენდენციებს.

ანაკლიის განხორციელებით წინა პლანზე გამოდის ე.წ. „ლოკალიზაციის“ პარამეტრები, რაც ადგილობრივი თუ რეგიონული რესურსების ჩართვას გულისხმობს გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. დარწმუნებული ვარ - ანაკლია არის იდეა, რომელიც დღევანდელობის მღელვარე მსოფლიოს წინააღმდეგობრივი ინტერესების გადაჯაჭვის პირობებში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის კეთილდღეობას და სიკეთეს მოემსახურება.

საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონსტრუქციული მოთამაშე, ვინაიდან სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესია ახლო სამეზობლოში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამკვიდრება.

როგორც ამერიკელებს უყვართ თქმა, - უნდა ვიფიქროთ წარმოუდგენელი (to think the unthinkable) - თამამად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ რეგიონის შიგნით სტაბილურობის და მშვიდობის მედიატორის როლზე, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რამდენად წაადგება საქართველოს ეროვნულ ინტერესსა და იდეას სხვადასხვა რეგიონებს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებას. აქტიურად ვიფიქროთ იმაზე, რამდენად შევძლებთ დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი ხიდის ფუნქციას, როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად.

ვფიქრობთ, მსგავსი თამამი იდეებითა და ინიციატივებით ჩვენი სახელმწიფო ბევრად უფრო დიდი ყურადღებას მიიპყრობს საერთაშორისო სარბიელზე, გაიზრდება მისი ავტორიტეტი, მისი სარგებლიანობა და შესაბამისად უფრო სტრუქტურირებული გახდება ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელების პროცესი.

ვფიქრობთ, ეს არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ემოცია. ამგვარი თამამი იდეების გენერირების საფუძველია ჩვენი უძველესი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა, რთული განსაცდელიდან თავის დაღწევის ისტორიული გამოცდილება, უძველესი ცივილიზაციის კუთვნილება.

სწორედ ჩვენი მძიმე ისტორიული გამოცდილების წყალობით ქართულ სახელმწიფოს გააჩნია ჩვენს დიდ თუ პატარა მეზობლებთან მრავალწახნაგოვანი ურთიერთობების ინსტიტუციური და კოლექტიური მეხსიერება, ე.წ. გეოპოლიტიკური კოდი.

სწორედ მრავალ ვექტორული საგარეო პოლიტიკის წყალობით გვაქვს პერსპექტივა ვიყოთ სასარგებლო და მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისათვის - დიდ თუ პატარა ქვეყნებთან თანაცხოვრებისა და ურთიერთობების ჩვენეული გამოცდილება გვიქმნის კომფორტს ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ურთულესი პროცესები.

საქართველოს ძალუძს არ გამორჩეს ის დეტალები და ნიუანსები, რაც საბოლოო ჯამში აუცილებელი და ძალიან საჭირო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი პარტნიორებისათვის (რომლებსაც ამ დეტალების და ნიუანსების აღსაქმელად ხშირ შემთხვევაში დრო და რესურსიც არ აქვთ) დიდი სტრატეგიული სურათის აღქმისას.

ზემოთ გაკვრით უკვე ვახსენეთ - ბოლო ხანს ჩვენში ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და კონკრეტულად ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სახელმწიფოებთან "უმაღლეს ნიშნულზეა".

ბუნებრივია არ უარვყოფთ, რომ არის გარკვეული მიღწევები, მოკლევადიანი ტაქტიკური წარმატებები. მაგრამ მოდით სიმართლეს ბოლომდე გავუსწოროთ თვალი.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ვერასდროს იქნება უმაღლეს ნიშნულზე, ვიდრე ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, განათლების და დემოკრატიული განვითარების პრობლემები.

ამოცანა ის არის, რომ "უმაღლესმა ნიშნულმა" კონკრეტული, ხელშესახები სიკეთე უნდა მოუტანოს ჩვენი სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს. პირველ ყოვლისა რიგით მოქალაქეს და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა. სწორედ ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ინტერესი 21-საუკუნეში.

გამოგიტყდებით, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება გახლავთ ამ სტატიის დაწერის მიზეზიც. შევეცადეთ დაგვესვა კითხვები. შევეცადეთ თქვენთვის გაგვენდო ჩვენი სუბიექტური მოსაზრებები.

ვიმეორებ - ბედნიერი ვიქნები, თუკი ყველა ერთად ვიმსჯელებთ ამ, ჩვენი მოკრძალებული აზრით საჭირბოროტო და აქტუალურ პრობლემებზე.

თედო ჯაფარიძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს