ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2019

პრეზიდენტის მეორე "სამწუხარო აცდენა“

ჩვენ ან უნდა შევეგუოთ ამას, ან კანონი შევცვალოთ, - ძაბირაძე შეწყალების სკანდალზე

***

პრეზიდენტის მეორე "სამწუხარო აცდენა“

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებული პატიმრების 34-კაციანმა სიამ საზოგადოებაშიც და "ქართულ ოცნებაშიც“ მკვეთრი კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ორი გახმაურებული მკვლელობის მთავარი ფიგურანტები აღმოჩნდნენ. ერთ მათგანი გახლავთ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რ.დ., ხოლო მეორე - ა.ბ., რომელიც დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. "მე პირადად მკვლელების შეწყალებას არ მოვიწონებდი“, "მიუღებელია“,"აუცილებელია დარეგულირდეს ეს თემა“ - ასე ეხმიანებიან "ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მათივე მხარდაჭერილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პრეზიდენტის მეორე "სამწუხარო აცდენა“/"იძახდა ზურაბიშვილი შეწყალება გაიტანეთ ჩემგანო. არ დაუჯერეს და ახლა შეცდომას შეცდომაზე უშვებს...“

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, საჭიროა შეწყალებამდე კარგად იქნას შესწავლილი ესა თუ ის მსჯავრდებული. „ეს განსახილველი საკითხია და ჯერ არ ვიცი პროცესი როგორ წავა. ფაქტია, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა თუ ხარვეზია, ან გასარკვევია ვინ ცდილობს ხოლმე პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანას. „საჭირო იყო თითოეულ მათგანზე მეტი დაფიქრება. ყოველ შემთხვევაში, მექანიზმი აშკარად დასახვეწია და თავად პრეზიდენტიც გამოთქვამს ამაზე მზაობას. ეს ფაქტები ვერ ამიხსნია და ვერ უძლებს ვერავითარ ლოგიკას. „არ ვიცი შეწყალების სია პარლამენტში, იუსტიციაში თუ სად გაიფილტრება, მაგრამ თითოეულ მათგანზე უნდა განიხილოს არა მარტო მუხლებით, არამედ საკმაოდ უნდა იყოს შესწავლილი ესა თუ ის მსჯავდებული, რომლის შეწყალებაზეც იქნება საუბარი. ამ ორივე შემთხვევაში მთლიანად საზოგადოება რაღაც ფაქტის წინაშე დავდექით. „თავისთავად ეს ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ დავუჭირეთ მხარი, გავიდა პრეზიდენტად და ახლა ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ასეთ საქმეებს. ალბათ როგორც მიუტანეს სია, პირდაპირ მიიღო და ხელი მოაწერა. ეს ერთი პაკეტი და ერთიანი შეწყალება იყო, ამიტომ ხელმოწერაც ერთი იყო. „აუცილებელია, რომ პრეზიდენტი მომავალში სიფრთხილით მოეკიდოს ასეთ რაღაცებს იმიტომ, რომ, ბუნებრივია, ეს მორალურადაც და ისედაც რასაკვირველია გვაზარალებს“, -აცხადებს ქანთარია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება. იმპიჩმეტზე და ასეთ რამეზე ლაპარაკი არ ყოფილა. შემდგომში აუცილებელია გაცილებით მეტი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოკიდება ისეთ მგრძნობიარე აქტზე, როგორიცაა შეწყალება. მართალია, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ამას გაფაციცებით არ უყურებს, ან არ განიცდის. „პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში ალბათ დანაშაულებები უნდა იყოს რაღაც ისეთი, რომლის გამოც იმპიჩმენტის საკითხიც შეიძლება დადგეს და ამ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვწონს ეს ფაქტი, როგორც მოიქცა, თუმცა ეს აბსოლუტურად მის სფეროში შედიოდა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ამის უფლება ჰქონდა, ოღონდ ამისი შედეგი საკმაოდ ცუდია“, - აცხადებს ქანთარია. აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტის გახმაურების შემდეგ, ორიოდე კვირის წინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქით“ გაავრცელა განცხადება, სადაც მომხდარს „სამწუხარო აცდენას“ უწოდებს და ინიციატივით გამოდის, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დაიხვეწოს და სრულფასოვანი გახდეს შეწყალების აქტი”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩემს მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

"იძახდა ზურაბიშვილი შეწყალება გაიტანეთ ჩემგანო. არ დაუჯერეს და ახლა შეცდომას შეცდომაზე უშვებს. იმედია დაუბრუნდებიან ამ საკითხს და გაასწორებენ. რა თქმა უნდა, სიტუაციის ასე დატოვება არ შეიძლება“, - ასე შეაფასა შექმნილი ვითარება „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. „რეზონანსის“ კითხვაზე, პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალების სიმრავლიდან გამომდინარე, რამდენად მოსალოდნელია სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობის მკვეთრად გაუარესება, საყვარელიძე აცხადებს, რომ „ჯერ ადრეა ასეთი პროგნოზები“. იგი თეორიულად არც პრეზიდენტის იპიჩმენტს გამორიცხავს. „ასეთი ადვილი არაა იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, შეცდომების გარდა იმპიჩმენტის უკან დანაშაული უნდა იყოს და თუ აღმოჩნდება, რომ მიზეზი ამ გადაწყვეტილებებისა დანაშაულია, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის საკითხი დადგება. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ეს უბრალო შეცდომებია, მაშინ იზრუნებენ იმაზე, რომ უბრალოდ მექანიზმი გამოსწორდეს ისე, რომ შეცდომების დაშვების საშუალება აღარ ჰქონდეს არავის და მათ შორის არც პრეზიდენტს“, - განაცხადა საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ჩვენ ან უნდა შევეგუოთ ამას, ან კანონი შევცვალოთ, - ძაბირაძე შეწყალების სკანდალზე

“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, ცხოვრების დონე დღითიდღე უარესდება და ეს აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებშიც ჩანს. მისივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ „ენდიაის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 41% საბჭოთა კავშირის ნგრევას უარყოფით მოვლენად აფასებს, საგანგაშო მაჩვენებელია. რაც შეეხება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ბოლო სკანდალს, რაც დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებამ გამოიწვია, ვახტან ძაბირაძე ამას აფასებს, როგორც პრეზიდენტის უფლებრივ ქმედებას, რომლის შეცვლაც მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო გზითაა შესაძლებელი. "რეზონანსი" მას ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ჩვენ ან უნდა შევეგუოთ ამას, ან კანონი შევცვალოთ, - ძაბირაძე შეწყალების სკანდალზე

"რეზონანსის“ კორესპოდენტის თქმით, უკვე მეორე შემთხვევაა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა. როგორ შეაფასებდით მის ამ გადაწყვეტილებას, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია? ვახტან ძაბირაძის აზრით, ჩვენ ან უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება შეიწყალოს ნებისმიერი, ჩვენთვის მისაღები თუ მიუღებელი პიროვნება, ან საკანონმდებლო დონეზე გავწეროთ, ვისი შეწყალების უფლება აქვს მას. ამ საკითხის მუდმივი განხილვა არ შეიძლება. თუ რაიმე არ მოგვწონს, უნდა შევცვალოთ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა?! ასე იყო სააკაშვილისა და მარგველაშვილის დროსაც. ეს საკანონმდებლო ცვლილების გარეშე არ შეიცვლება. თუ პოლიტიკოსები ამას ქულების დაწერისთვის იყენებენ, მაშინ, ეს სხვა საკითხია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპოდენტის თქმით, „ენდიაის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემებს წარმოადგენს:სამუშაო ადგილების დეფიციტი, ფასების ზრდა და სიღარიბე. ამასთან, მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 48% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ერთხელ მაინც, კომუნალური გადასახადების დასაფარი თანხა არ ჰქონდა, ხოლო 43%-ის თქმით, მისი ფინანსური მდგომარეობა 5 წლის წინანდელთან შედარებით გაუარესდა. რას იტყოდით ამ მაჩვენებლების შესახებ? ძაბირაძის აზრით, ის მონაცემები, რომლებიც ამ კვლევამ გვიჩვენა, სიახლეს არ წარმოადგენს და, ფაქტობრივად, ათეული წლებია საქართველოს მოსახლეობა ამ მდგომარეობაშია: უმუშევრობა, სიღარიბე, საკვებ პროდუქტსა და წამლებზე ფასების ზრდა, ინფლაცია და ყველა ეს პრობლემა რეალურია. სიტუაცია ლარის კურსის არასტაბილურობამაც გააუარესა. ქვეყანაში ვითარდება უფრო და უფრო მძიმდება. შეძლებულ, საშუალო და ნაკლებად შეძლებულ ფენებს შორის დიფერენცირება კატასტროფულად მცირდება, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ტენდენციების შეჩერების და, მითუმეტეს, საპირისპიროდ შემობრუნების გზები ნამდვილად არ ჩანს”, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, მოსახლეობის 84%-ის აზრით, ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა... ძაბირაძის აზრით, ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაა, რადგანაც მას აქვს ყველანაირი მექანიზმი, რათა გადაჭრას პრობლემები და შექმნას მოსახლეობისთვის სასურველი გარემო. „ქართული ოცნების" ხელისუფლებას იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა. მან მხოლოდ ერთი მიმართულებით შეძლო სერიოზული ნაბიჯის გადადგმა - ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა, ამ პროექტის განვითარება, დახვეწა და გამრავალფეროვნება ვეღარ მოხერხდა. დღევანდელი ხელისუფლება იმას თუ შეძლებს, რომ უკუსვლა შეაჩეროს და სტატუს-კვო შეინარჩუნოს, მათი მხრივ ესეც დიდი მიღწევა იქნება... მოსახლეობას მთავრობისადმი ნდობა დაკარგული აქვს და არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისადმი, არამედ, ზოგადად, ხელისუფალის ცნებისადმი მისი დამოკიდებულება სკეპტიკურია. იმ შეკითხვას, თუ რამდენად ენდობა ხალხი მთავრობას, ყველაზე კარგად ეს მაჩვენებელი პასუხობს. მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მოსახლეობა რამდენჯერმე გაძარცვა, ჯერ იყო და შემნახველ წიგნაკებზე არსებული თანხები, კუპონის შემოღების დროს, მთლიანად გაუფასურდა, შემდეგ ეტაპზე ითქვა, რომ ვინც თანხას შეიტანდა, მალევე გაუორმაგდებოდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ხალხში უნდობლობა ვერც „ქართულმა ოცნებამ" გამოასწორა. იმას, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა მოიპოვოს, გარკვეული დრო დასჭირდება”, - დასძენს გამოცემა.

"ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი თავის დროზე ამ ორი პარტიის საერთო ამომრჩეველი იყო. ახლა, ეს პარტიები მომხრეების გამო იბრძვიან. ეს ბუნებრივი მოვლენაა. ამას გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებამ "გაერთიანებული ოპოზიცია" შესაძლოა, სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენოს, რადგან თუ ბლოკები დაშვებული არ იქნება, მაშინ "გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალი პარტიები იძულებულები იქნებიან კენჭი ცალკე, ანდაც „ნაციონალური მოძრაობის" სიით იყარონ. „ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 2020 წლის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა "ქართულ ოცნებასთან" კოალიცია არ შექმნას, გულისხმობს იმას, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა გაერთიანდნენ. როგორც ჩანს, „ევროპულმა საქართველომ" გადაწყვიტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსი შექმნას, ან პარტიები, რომლებიც ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობენ, მშრალზე დატოვოს; თუმცა, ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია, რადგანაც დიდია შანსი მოსახლეობა ისე მოიქცეს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოიქცა და „ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად მხარი დღევანდელ უმრავლესობას დაუჭიროს. „ევროპული საქართველოს" განცხადება იმ პარტიების დაბლოკვისკენაა მიმართული, რომლებიც არსებული უვარგისი რეალობის შეცვლას ცდილობენ. ცვლილებისთვის ბრძოლა, დღეს თუ არა ხვალ მაინც, შექმნის მესამე ძალას. კორესპონდენტის თქმით, პარლამენტმა არ მიიღო „ევროპული საქართველოს" მომზადებული რეზოლუცია, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ძაბირაძის აზრით, ამ მხარდამჭერი ვიქნებოდი, თუ ამ სანქციების ამოქმედების შანსი 1%-ს მაინც შეადგენდა. რეზოლუციაში შესული მოთხოვნები ბრწყინვალეა, მაგრამ უდროოა და ამოვარდნილია იმ რეჟიმიდან, რომელშიც მსოფლიო პოლიტიკა მიედინება. არ შეიძლება პოლიტიკა ან პიარი მხოლოდ გულის მოსაფხანად ვაწარმოოთ. აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის „რვიანში" დაბრუნებაზე საუბრობს და ასეთ დროს მისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რამდენად რეალურია?! უნდა ვიფიქროთ, ასეთი კატეგორიულობა რაიმე შედეგს მოგვიტანს თუ არა. სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ოკუპაციის თემას პოლიტიკური პიარისთვის იყენებს. საქართველო აშშ-სა და ევროპას ასეთი კატეგორიული ნაბიჯების გადადგას ვერ აიძულებს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, საქართველოს, როგორც ოკუპირებული მხარის, დღის წესრიგში მუდმივი ყოფნა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით