"თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები და გადამოწმდება კომუნიკაცია - თუ ამას არ გააკეთებენ, "ევროპული საქართველო" შეიტანს დადგენილების პროექტს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
მან ისაუბრა საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების შესახებ, რომ პროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ფაქტების შესწავლის შემდეგ მოახდენს.
"ევროპულმა საქართველომ" პოზიცია დააფიქსირა, რომ ჩვენ პროკურატურას რეალური შედეგების დასადებად 1-თვიან ვადას ვაძლევთ, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს. ამის გამოძიება არ არის რთული, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ჩემი კოლეგების წყარო და უშუალოდ მოკლულის ოჯახის წევრები. ისინი საუბრობენ, რომ კონკრეტული კორუფციული ინტერესებია ამ საქმის ირგვლივ. თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები, გადამოწმდება კომუნიკაცია. ამის გაკეთებას არც დიდი დრო უნდა, ამას სჭირდება მხოლოდ ნება. თუ ამას არ გააკეთებენ, "ევროპული საქართველო" შემოიტანს დადგენილების პროექტს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პარლამენტის წევრები გამოიძიებენ", - განაცხადა კახიძემ.
მანვე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ.
"თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურატურიდან ან შემდგომ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, მერე უკვე დაიწყება პროცესი, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის გადაცემა და პარლამენტში შესაბამისი პროცედურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის", - აღნიშნა კახიძემ.