აუდიტის სამსახურმა  ქობულეთის ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის მონაკვეთის სამუშაოებთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის მონაკვეთის სამუშაოებთან დაკავშირებით, საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკების არსებობის გამო, საგამოძიებო უწყებას მიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს და გამოვლენილია მნიშვნელოვანი დანაკლისი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს.

უფრო კონკრეტულად, აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შპს „სამკუთხედმა” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2015 წელს ტენდერში გაიმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ვალდებული იყო დასკვნა წარმოედგინა ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის შესახებ, ირკვევა,რომ დეპარტამენტმა მას 631 360 ლარი აღნიშნული დასკვნის გარეშე აუნაზღაურა.

ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტმა, საავტომობილო გზის იმავე მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, 2018 წელს კვლავ განახორციელა გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იმავე კომპანიის მიერ და ამ შემთხვევაში შპს „საპკუთხედისთვის“ გადახდილია 1,938,795 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დასრულებულია 2019 წლის 19 თებერვალს, აუდიტის ჯგუფის მიერ ზემოაღნიშნული გზის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ხარვეზით სრულდებოდა.

„ ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1,938,795 ლარი, თუმცა, ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და დანაკლისი, ჯამში შეადგენს 888,231 ლარს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის მიერ 2018 წელს ვერ აიზომა 353,324 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2016 წელს ხარისხის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გადახდილია 631,360 ლარი, მაღალია რისკი იმისა, რომ სამუშაოები აქაც არასრულად იყოს განხორციელებული და შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა გაცილებით მეტი იყოს, რაც საბიუჯეტო სახრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს,“-ასკვნის აუდიტის სამსახური.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე მიმართა თუ არა უწყებამ სამართალდამცავ უწყებებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ ალამბარი-ზენითის მონაკვეთთან დაკავშირებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკების არსებობის გამო, საგამოძიებო უწყებას მიმართეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ