ლია მუხაშავრია - მოსამართლეების შერჩევის საკითხში საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ ასე ჯიუტად აღმა სვლა, მიანიშნებს ხელისუფლების უკიდეგანო უგუნურებას და ჩიხში ყოფნას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მსურველი მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დაიწყო. პარლამენტმა მოუსმინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე თამარ ალანიას.

ფაქტია, მაგრამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია დაგროვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 20 შერჩეულ მოსამართლეებთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებდით იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კაციან სიას და რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ პარლამენტი კვალიფიციურობით, წესიერებითა და ნდობის თვალსაზრისით გამორჩეულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს?

- ტელევიზიით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებას ვუყურე. მანამდე დაინტერესებული ადამიანები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებას აკვირდებოდნენ და აღშფოთებასა და გაოცებას ვერ მალავდნენ იმის გამო თუ რა არაკვალიფიციური და უცოდინრები აღმოჩნდნენ კანდიდატები.

მიუხედავად ამისა, გადაირჩა 20 კანდიდატი, რომლებიც ახლა მთელი ქვეყნის წინაშე პარლამენტის წინაშე წარდგება და ალბათ გაოცება და აღშფოთება არანაკლები იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ მხარს დაუჭერს. სავარაუდოდ, ერთი-ორი კანდიდატი მართლა შეიძლება დაიწუნონ, თუკი მათი გამოსვლა პარლამენტში მეტისმეტად თვალშისაცემად ცუდი აღმოჩნდა, თორემ, ისე დარწმუნებულიც კი შეიძლება ვიყოთ რომ თადუმაძე უზენაესის თავმჯდომარედ მოგვევლინება.

სავარაუდოდ, ერთი-ორი კანდიდატი მართლა შეიძლება დაიწუნონ, თუკი მათი გამოსვლა პარლამენტში მეტისმეტად თვალშისაცემად ცუდი აღმოჩნდა, თორემ, ისე დარწმუნებულიც კი შეიძლება ვიყოთ რომ თადუმაძე უზენაესის თავმჯდომარედ მოგვევლინება

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკანდალურად გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაწუნებული 10 კაციანი სიის ნახევარი ისევ დღევანდელ სიაშია, რაც მიმყარებს ვარაუდს, რომ მათი ბედი გადაწყვეტილია, თორემ, პოლიტიკური სკანდალი და ცნობილი პარლამენტარების უმრავლესობიდან გასვლის მიუხედავად ხელისუფლება არ მოერიდა ისევ ის 5 კანდიდატი წარედგინა პარლამენტისთვის.

თუმცა რა გვიკვირს, მთელი ქვეყანა გამოვიდა გახარიას გადადგომისა და დასჯის მოთხოვნით და ხელისუფლებამ, ანუ ივანიშვილმა ის დასჯის მაგივრად ისე დააწინაურა, რომ პრემიერ მინისტრად დანიშნა.

ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ ასე ჯიუტად აღმა სვლა, მიანიშნებს ხელისუფლების უკიდეგანო უგუნურებას და ჩიხში ყოფნას, რაც, სამყაროს ობიექტური კანონებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს და ასე დარჩეს.

ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ ასე ჯიუტად აღმა სვლა, მიანიშნებს ხელისუფლების უკიდეგანო უგუნურებას და ჩიხში ყოფნას

როგორც, ვთქვათ, ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას გრავიტაციას, ისე ვერ ივლის აღმა ხელისუფლება დინების საწინააღმდეგოდ. ჯერ ერთი, კალმახობამდე ძალიან ბევრი უკლია და მეორეც, ამის არც რესურსი და არც შესაძლებლობა არ გააჩნია.

- იმის გამო, რომ თქვენ დროის დიდ ნაწილს გურიაში ატარებთ, იუსტიციის საბჭოს მიერ ჩატარებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევაზე არ გვისაუბრია, მაგრამ გვქონდა კომუნიკაცია სხვა ადვოკატებთან, რომლებიც გაკვირვებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ შერჩეულთა სიაშია არ აღმოჩდნენ სწორედ კვალიფიკაციით, წესიერებითა და ნდობის ქონით გამორჩეული ისეთი კანდიდატები, როგორებიც არიან ქეთი მესხიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, მაია კოპალეიშვილი, როინ მიგრიული და სხვები.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათ უარი უთხრა ყოფილიყვნენ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები?

- თქვენს მიერ ჩამოთვლილი იურისტები გამორჩეული ადამიანები და პროფესიონალები არიან. შესაბამისად, მათ ვერც ვერაფერს დაავალებ ასე იოლად და ვერც უკანონო გადაწყვეტილებას მიაღებინებ. ასეთი მოსამართლეები ხელისუფლებას არ სჭირდება, არ სჭირდება კი არა ცეცხლივით ეშინია მათი.

შერჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც ვერც ვერაფერს დაავალებ ასე იოლად და ვერც უკანონო გადაწყვეტილებას მიაღებინებ. ასეთი მოსამართლეები ხელისუფლებას არ სჭირდება, არ სჭირდება კი არა ცეცხლივით ეშინია მათი

ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათ არც არავინ მისცემდა ხმას, თორემ, მაშინ ჩვენ ყველანი ცხადად დავინახავდით სატელევიზიო რეპორტაჟებიდან რამდენად კვალიფიციურები და პროფესიონალები არიან ისინი უკვე შერჩეულებთან შედარებით.

განსაკუთრებით გამოვყოფდი ქალბატონ ნუნუ კვანტალიანს და საზოგადოებას შევახსენებდი, რომ ის უკვე იყო უზენაესი სასამრთლოს წევრი და ეყო გამბედაობა სააკაშვილის რეჟიმის დროს არ მოეწერა ხელი სულხან მოლაშვილის გადაწყვეტილებაზე.

ნუნუ კვანტალიანი უკვე იყო უზენაესი სასამრთლოს წევრი და ეყო გამბედაობა სააკაშვილის რეჟიმის დროს არ მოეწერა ხელი სულხან მოლაშვილის გადაწყვეტილებაზე

მან კარგად იცოდა, რომ სამიდან ერთი მოსამართლის განსხვავებული დამოკიდებულება და განსხვავებული აზრი, რომელიც მან დაურთო კიდეც უზენაესი სასამართლოს მაშინდელ გადაწყვეტილებას, ვერაფერს შეცვლიდა, უმცირესობაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ მან ეს გმირობა მაშინ ჩაიდინა. სწორედ, ამ ერთი საქმის გამოა ის უკვე ცნობილი დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით და შესაბამისად, მისი ადგილი დღევანდელ უზენაეს სასამართლოში აღარ არის.

როინ მიგრიაული ჩემი პატივსაცემი კოლეგა ადვოკატია, განსწავლული და მე ვიტყოდი, ზეკვალიფიციური იურისტი, კარგი ადამიანი და მოქალაქე, ამიტომ, მისი ადგილიც არ მოიძებნება დღევანდელ უზენაეს სასამართლოში.

- ინტერვიუის ჩაწერამდე საუბარში თქვენ გაკვირვება გამოთქვით იმის გამო, რომ შერჩეულთა შორის არ აღმოჩნდა მარინა გლოველი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ მისი საჩივარი არ მიიღო.

თუ შეიძლება გვიამბეთ მეტი ქალბატონ გლოველზე და ამ ისტორიაზე...

- ქალბატონი მარინა გლოველი ცნობილი იურისტია. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს წევრი იყო სასამართლო რეფორმის პირველ ეტაპზე, როცა მართლაც დაიწყო სასამართლო რეფორმა და სასამართლოში დაინიშნა კვალიფიციური იურისტების მთელი პლეადა.

მოსამართლეთა შერჩევის ბოლოდროინდელ ეტაპზე ქალბატონ მარინა გლოველს რამდენჯერმე აქვს მიღებლი მონაწილეობა მოსამართლეთა კონკურსებში, მაგრამ უშედეგოდ. მან გაასაჩივრა მისი ასე ვთქვათ, არშერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და წარმოიდგინეთ სასამართლომ განსახილველადაც კი არ მიიღო მისი სარჩელი, აქაოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე გადაწყვეტილებაც კი არ არის და ის არ შეიძლება სასამართლოში გასაჩვირდებსო.

ქალბატონმა მარინა გლოველმა ამოწურა რა საქართველოს მართლმსაჯულების კანონით დადგენილი ყველა სამართლებრივი საშუალება მიმართა ევროსასამართლოს და ჰოი საოცრებავ, ორიოდე თვეში ევროსასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, ანუ საქართველოს მთავრობას მოსთხოვა განმარტება ამ საჩივრის გამო.

მარინა გლოველმა გაასაჩივრა მისი არშერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ არც ერთმა სასამართლომ არ მიიღო... მან მიმართა ევროსასამართლოს... ორიოდე თვეში ევროსასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, ანუ საქართველოს მთავრობას მოსთხოვა განმარტება ამ საჩივრის გამო

საქმის ევროსასამართლოში განხილვის პროცესი პრაქტიკულად ამოწურულია, ჩვენ უკვე წარვადგინეთ სტრასბურგში ჩვენი საბოლოო განმარტება. საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა თავგამოდებით იცავს თავს და ამტკიცებს, რომ არ დაურღვევია მომჩივანი გლოველის ევროკონვენციით დაცული უფლებები.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი საერთაშორისო გამოხმაურება და შეფასება აქვს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, დარწმუნებული ვარ, პრეცენდენტული გადაწყვეტილება გამოვა გლოველის საქმეზე და ეგება ამან მაინც დაამუხრუჭოს მიმდინარე კატასტროფა.

სხვა სიტყვას ვერც კი გამოვიყენებ ამ ვითარების შესაფასებლად, რადგან სრულად ვაცნობიერებ რა მოყვება შედეგად უვადოდ კლანის მიერ შერჩეული და საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გამწესებას.

იუსტიციის საბჭოსა და ხელისუფლების მიერ უზენაესი სასამართლოს წევრთა შესარჩევი სია მოასწვავებს ჩვენში მართლმსაჯულების სამიდღემშიოდ მკვლელობას და ქვეყანას და სახელმწიფოს ნამდვილად დააქცევს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ხელისუფლების მიერ უზენაესი სასამართლოს წევრთა შემოთავაზებული სია მოასწვავებს ჩვენში მართლმსაჯულების სამიდღემშიოდ მკვლელობას და ქვეყანას და სახელმწიფოს ნამდვილად დააქცევს

- ბევრი ვარაუდობს, რომ პარლამენტში მოსამართლეთა დაწყებული გასაუბრება და შემდეგ შერჩევა მმართველი გუნდში დარჩენილ ნაწილში კიდევ გამოიწვევს მორიგ განხეთქილებას.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მართალაც ასე მოხდეს?

- თუ პარლამენტის უმრავლესობის შუბლის ძარღვი მართლაც ისეა გასქელებული, რომ მას ვერაფერი შეარხევს, ალბათ განხეთქილება მოსალოდნელი არ უნდა იყოს. ამას მაფიქრებინებს, ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის პროცესი.

თუმცა, ყველა ეს განხილვა სატელევიზიო არხებით პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა და ყველასათვის ღია არ არის, თანაც, როგორც გაირკვა, იქ მოხვედრაც ყველა მოკვდავისათვის ნებადართული არ არის.

უზნეობისა და უპასუხისმგებლობის საყოველთაო ზეიმის პირობებში იმ პარლამენტისაგან ბევრს არ მოველი, ვინც გახარიას პრემიერობას მხარი დაუჭირა

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა კი საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ვნახოთ, ვერაფერს ვიტყვი, უზნეობისა და უპასუხისმგებლობის საყოველთაო ზეიმის პირობებში იმ პარლამენტისაგან ბევრს არ მოველი, ვინც გახარიას პრემიერობას მხარი დაუჭირა.

- გასულ კვირას დიდი ხმაური მოჰყვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულების თემას, რომელთაგან სამი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გასაგებია, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, მაგრამ ატეხილი ხმაურის ფონზე იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ამ თემაზე განმარტებებს გააკეთებდა.

შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. ვიცით, რომ პროკურატურამ შეწყალების გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს საქმე გამოუძიებელი ისევე დარჩება, როგორც სხვა სკანდალური საქმეები.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ გაცნობიერებული აქვს თუ არა ხელისუფლებას თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ამ საქმის გამოუძიებლობით და თქვენ გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს?

- ქვეყანაში, სადაც უკვე გვაქვს პრეცენდენტი, რომ პრეზიდენტი სასამართლომ ბრალეულად ცნო შეწყალების გამო, ვგულისხმობ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე შეწყალებულთა საკითხს, ჭიშკარი ღიაა და რატომაც არ შეიძლება ამჟამინდელი პრეზიდენტიც გახდეს პასუხისგებაში მისაცემი. მე დაბრკოლებას ვერ ვხედავ.

სხვა საკითხია, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენება ჩვენში წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა სამართლებრივი. ამიტომ, თუკი ეს სკანდალი საქვეყნო და მასშტაბური გახდება, გამოძიება კია უკვე დაწყებული და საქმის დასრულებას ბევრი გამოძიება ნამდვილად არ სჭირდება.

რა უნდა იმის გარკვევბას ვისი წყალობით აღმოჩნდა პრეზიდენტის მაგიდაზე შეწყალების სადავო აქტები. ვფიქრობ, თუკი „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უცილობელი გახდა, არაფერი შეუშლის ხელს ივანიშვილს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც მიაყოლოს, მით უფრო, ეს ქალი, სავარაუდოდ, მასაც ისევე უნდა აღიზიანებდეს, როგორც დანარჩენ საქართველოს.

თუკი „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უცილობელი გახდა, არაფერი შეუშლის ხელს ივანიშვილს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც მიაყოლოს, მით უფრო, ეს ქალი, სავარაუდოდ, მასაც ისევე უნდა აღიზიანებდეს, როგორც დანარჩენ საქართველოს

თანაც, ივანიშვილს სათქმელი ექნება, ახლა ნამდვილად გავაოცებთ ევროპას ჩვენი დემოკრატიითო. მიუხედავად პრაქტიკულად შეუძლებელი იმპიჩმენტის პროცედურისა, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითა გაწერილი, როცა შენს ხელშია საკონსტიტუციო სასამართლოც, პარლამენტიც, რატომ არ უნდა შექმნა პრეცენდენტი, იყო პირველი და ამით მაინც შეხვიდე ისტორიაში.

მე ორივეს ვგულისხმობ, ივანიშვილსაც და ზურაბიშვილსაც. თუ კარგი საქმეებით ვერ შეხვალ, ცუდით მაინც შედი- ჰოდა, „იმპიჩ“ და მოიშორე შენც და მოგვაშორე ჩვენც! აი, რას ვურჩევდი მე ივანიშვილს.

- პატიმრის ვადამდე შეწყალება კიდევ გასაგებია, მაგრამ ძებნილის შეწყალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი შოკშიც კი ჩააგდო. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და საერთოდ ძებნილის შეწყალება რას შეიძლება ნიშნავდეს?

- შეწყალების ინსტიტუტი დღევანდელი პრეზიდენტის ხელში პრაქტიკულად ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, რომელსაც ძირი გამოუთხარა ზურაბიშვილმა, სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ძებნილის შეწყალებაზე აწერს პრეზიდენტი ხელს.

მან პრაქტიკულად დაანგრია, ჩემი აზრით, ერთადერთი ყველაზე აღმატებული და პოზიტიური საქმიანობა, რასაც სახელმწიფო პრეზიდენტის ხელით აკეთებს - იწყალებს დამნაშავეს და ვადამდე აძლევს თავისუფლებას.

ჩემი ვარაუდით, სწორედ ძებნილის შეწყალების აქტში იკვეთება კორუფციის ნიშნები, რომლის გამოძიებასაც პროკურატურა აწარმოებს. მართლაც შოკისმომგვრელია, რომ შეიწყალო ადამიანი, რომელიც თავს იმგვარად არიდებს პასუხისმგებლობას, რომ ძებნილია.

სწორედ ძებნილის შეწყალების აქტში იკვეთება კორუფციის ნიშნები, რომლის გამოძიებასაც პროკურატურა აწარმოებს

მართლა მაინტერესებს, რა განსაკუთრებული გარემოებები და კრიტერიუმი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, ძალიან გამჭრიახმა იურისტმაც კი, რომ ასეთი პირის შეწყალება დაასაბუთოს? რა მანქანებით მოხვდა ამ პირზე შეწყალების აქტის მომზადება თუ არა კორუფციის წყალობით.

ჩვენმა კომისიამ, რომელიც მარგველაშვილის დროს მუშაობდა, კორუფციის მცდელობის გამო 3 ადვოკატი გაასამართლებინა და სამივეს სასჯელი დაეკისრა თაღლითობისათვის. ამის მიუხედავად არც პრეზიდენტი მარგველაშვილი და არც კომისია არ აღმოჩნდა კრიტიკისა და თავდასხმისაგან დაცული, მაინც დაგვბრალდა ყველა უბედურება, რასაც გულწრფელად განვიცდიდით ყველანი კომისიაში, თუმცა პასუხისმგებლობისგან თავი არ აგვირიდებია და ყველა სადავო შემთხვევაში ყველა კითხვაზე გავეცით სრული პასუხი.

ზურაბიშვილს არც კი უცდია განემარტა საზოგადოებისა და დაზარალებულებისათვის რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილებები და პასუხის ნაცვლად მორატორიუმი გამოაცხადა საერთოდ შეწყალებაზე, რამაც ახლა იმ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები დაარღვია, ვისაც მართლა ეკუთვნის შეწყალება და ამ მორატირიუმის გამო შეწყალებას ვერ მიიღებს.

ზურაბიშვილს არც კი უცდია განემარტა საზოგადოებისა და დაზარალებულებისათვის რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილებები და პასუხის ნაცვლად მორატორიუმი გამოაცხადა საერთოდ შეწყალებაზე, რამაც ახლა იმ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები დაარღვია, ვისაც მართლა ეკუთვნის შეწყალება და ამ მორატირიუმის გამო შეწყალებას ვერ მიიღებს

პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ეს საკითხი არ დაავიწყდება არც საზოგადოებას და არც დაზარალებულებს, რაგინდა გრძელვადიანი აღმოჩნდეს მორატორიუმი და რაგინდა ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება.

ჩვენი ევროპელი პრეზიდენტი რომ ასეთი „არატრანსპარანტული“ აღმოჩნდა და ასე ხელაღებით უპასუხისმგებლო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია მე ის თანამდებობიდან დასათხოვი.

- 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულმა პროცესებმა შიდა პოლიტიკა ლამის თავდაყირა დააყენა. პოლიტიკური შედეგი ვიცით - მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე. მეტიც, შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც ხალხი მოითხოვდა პრემიერ-მინისტრი გახდა.

რაც შეეხება მომხდარის სამართლებრივ მხარეს ჯერაც ბოლომდე გაურკვეველია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება 20-21 ღამის გამოძიების საქმე?

- დარწმუნებული ვარ, გამოძიება არ იქნება შედეგიანი, ანუ ნამდვილი დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა არ მოხდება. ამიტომ, მინდა ვთხოვო ყველა დაზარალებულს, განსაკუთრებით დაზარალებულ ჟურნალისტებს, მიმართონ პროკურატურას და მოითხოვონ დაზარალებულის სტატუსი და მოითხოვონ გამოძიება კონკრეტულად მათი კონკრეტული დაზიანების.

თუ ამ შემთხვევაშიც დაზარალებულები არ იაქტიურებენ, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება მომავალში კიდევ გაიმეორებს ამ ძალადობას და უკანონობას, როგორც ეს მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს, 2011 წლის 26 მაისს და წელს.

ეს მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ, ამისათვის უნდა მოვითხოვოთ ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენა. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ პატივი სცეს ჩვენს უფლებას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ჩვენს ქალაქში ცალ-ცალკე და ყველამ ერთად გამოვხატოთ უკმაყოფილება, აღშფოთება და ვაიძულოთ ყური დაუგდონ და შეასრულონ ჩვენი მოთხოვნები.

ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ პატივი სცეს ჩვენს უფლებას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ჩვენს ქალაქში ცალ-ცალკე და ყველამ ერთად გამოვხატოთ უკმაყოფილება, აღშფოთება და ვაიძულოთ ყური დაუგდონ და შეასრულონ ჩვენი მოთხოვნები

ყველას გვინდა ნატოში მიგვიღონ, ჩემი გადმოსახედიდან, ნატოს წევრობის ჩემეული კრიტერიუმი ესაა, როცა ვიქცევით სწორად მასობრივი უფლებების დარღვევის შემთხვევებში და არავის ვაძლევთ უფლებას საჯაროდ დაგვამციროს, თვალი დაგვთხაროს და პასუხი არ აგოს.

- ფაქტია, რომ რაც ახლა შიდა პოლიტიკაში ხდება, ყველაფერი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. რადგან უკვე შეიძლება თქმა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ჩემი კითხვაც ამ თემას შეეხება.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მგონია, ერთ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

ჩემი ეს მოსაზრება კიდევ უფრო განამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ე.წ. საჯარო განხილვებზე დაკვირვებამ. არ ვიცი ვინ როგორ ხედავს, მე კი მეჩვენება, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი არა წმინდა წყლის წინაასარჩევნო კამპანიაა და ხელისუფლების ბაქიბუქიც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუეა, თუკი ივანიშვილი ვადამდე დაითხოვს ამ პარლამენტს ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არც დამტკიცებული და არც ძალაში შესული არ იქნა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მგონია, ერთ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე... ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ეტაპისთვის ყველაფერია მომზადებული, გახარიას გაპრემიერებით დაწყებული და თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობით დამთავრებული

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ეტაპისთვის ყველაფერია მომზადებული, გახარიას გაპრემიერებით დაწყებული და თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობით დამთავრებული. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც „ოცნება,“ „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“ შეხვდებიან მომზადებული და ბურთი და მოედანიც მათ დარჩებათ მომავალი 4 წლით.

მე, რასაკვირველია, ეს სცენარი, ყველაზე მეტად მაშინებს, მაგრამ მინდა ყველაზე პესიმისტური პროგნოზი გავაკეთო, რომ ის არ განხორციელდეს, თორემ, მაშინ, ყველანი ერთად აღმოვჩნდებით დეპოში.

ვწუხვარ, რომ ასეთი ცუდი მომავლის პროგნოზს ვაკეთებ, მაგრამ ჯობია შეიარაღებული და მომზდებული ვიყოთ, ვიდრე მოუმზდებლად აღმოვჩნდეთ ამგვარ გარემოებებში. გვეყოფა, გვეყოფა, გვეყოფა!!!

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს