ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2019

დევიდ კრემერი ირმა ინაშვილთან ინციდენტში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

“ბნელეთის მოციქულები დღის შუქზე გამოდიან და რეალურ სახეს აჩვენებენ” - ლევან გოგიჩაიშვილი

ძაბირაძე - “კანონმდებლობა არ გავალდებულებს, მაგრამ სინდისის ვალდებულებაა, რომ ჩახედო სიას”

* * *

დევიდ კრემერი ირმა ინაშვილთან ინციდენტში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

“თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ირმა ინაშვილის შეჭრისა და კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრემერი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. კრემერის თქმით, გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, თუ რატომ აღმოჩნდნენ ის და ჯონ მაკკეინი საქართველოში პროსამთავრობო მედიისა და პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დევიდ კრამერი, ვისთანაც ირმა ინაშვილს კონფლიქტი მოუვიდა, ინციდენტში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, გიორგი გახარიას, ახალ პრემიერს კი ღრმა ფესვები აქვს იქ. ეს შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს იმის ასახსნელად, რატომ მომართეს ბრაზი ჩემზე, ჯონ მაკკეინსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სხვა მხარდამჭერებზე პროსახელისუფლებო მედიამ და პოლიტიკოსებმა, როგორიცაა ირმა ინაშვილი, პრორუსული პარტიის ლიდერი, რომელიც კამერების თანხლებით კონფერენციაზე შემოიჭრა იმ სესიაზე, მე რომ მიმყავდა”, - წერს დევიდ კრემერი “ვაშიგნტონ პოსტში” გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც შემოკლებით „ტაბულა" ავრცელებს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “ვაშინგტონ პოსტში” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრემერის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული კავშირი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესა და “პატრიოტთა ალიანსს” შორის შესაძლოა ვიპოვოთ. თუმცა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამ ფაქტს ივანიშვილს არ უკავშირებს და დევიდ კრემერს “თავხედურ ქცევაში” ადანაშაულებს. მისი თქმით, კრემერმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კონფერენციაზე მომხდარ ფაქტსა და ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას, რომელიც საქართველოს ალიანსში შესაძლო მიღების ვარიანტს გულისხმობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი გავრცელების გარეშე, ნიკა ჩიტაძე ერთმანეთს უკავშირებს. “კონფერენციაზე ინაშვილის მისვლა, ეჭვი მეპარება, ივანიშვილის ინიციატივა გახლდეთ. ეს ინაშვილის ინიციატივა იყო, რომელიც დაემთხვა იმას, რომ დილით, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა განაცხადა საქართველოს ალიანსში შესაძლო მიღების შესახებ, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი არ გავრცელდება. შესაძლებელია ივანიშვილს ამ დროს დაებადა იდეა, “როგორ გვართმევს დასავლეთი აფხაზეთსა და ცხინვალს”. შესაძლოა დირექტივა რუსეთისგან ჰქონდა მიღებული. პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილმა ინაშვილს მითითება მისცა, თუმცა რაც შეეხება გარკვეულ კავშირს ივანიშვილსა და “პატრიოტთა ალიანსს” შორის, არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც მათი ინტერესები ემთხვევა”, - თქვა ჩიტაძემ. ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი კარდინალურ გავლენას ვერ მოახდენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე. ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ აშშ-ში კრემერი “მარგინალურ ფრთას წარმოადგენს” და ის მფარველობას უწევს ოპოზიციურ პარტია “ევროპულ საქართველოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს არის თავხედი, თავგასული ვიღაც მოღვაწე, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე აშშ-ში მარგინალურ ფრთას წარმოადგენს. დენ ფრიდი, ამ ტიპის სხვა პერსონები და გიგა ბოკერიასთან დაკავშირებული ჯგუფები, “ევროპულ საქართველოს” დახმარებას უწევენ. ამდენად ეს არის თავხედური შეფასებები, თანაც საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული მედიის და საზოგადოების შფოთი. ის პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობს, კრემერის შესაფასებელი არ არის. მას საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება. კრემერმა თავხედურად იმოქმედა, როდესაც იმ დღეს ირმა ინაშვილს ლამის ფიზიკურად შეეხო და მისი განდევნა მოითხოვა დარბაზიდან. ეს წარმოუდგენელი თავხედობაა და მიკვირს, რატომ არ გამოხატა შეშფოთება პოლიტიკურმა სპექტრმა, იმისდა მიუხედავად რა იარლიყებს იკერებს და რა იდენტობები აქვს. არ უნდა მისცე მსგავსი მოქმედების და ქცევების საშუალება. რაც შეეხება კრემერის შეფასებას, საერთოდ არ მაინტერესებს და არც კომენტარს გავაკეთებ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.

“ის რაც ხდება საქართველოში, არის საქართველოს სუვერენული საქმე და კრემერს, დენ ფრიდს, ბრაიზას არავინ ეკითხება თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესი საქართველოში. მაქვს ეჭვი, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს საერთოდ არ სცალია სხვა პროცესებისთვის; კონგრესის ქვედა პალატა იწყებს იმპიჩმენტის პროცედურას. აშშ-ის შიდა პოლიტიკური ბრძოლა გამწვავებულ ფაზაში შედის. უნდა ვივარაუდოთ, რომ იმპიჩმენტი წარმატებულად ვერ დამთავრდება, მაგრამ სწორედ იმ ძალებს, რომლებიც ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ცდილობენ, წარმოადგენენ ფრიდი, კრემერი, ბრაიზა, მაკკეინის ინსტიტუტი და სხვა მარგინალური პერსონალიები, რომლებიც ასე აქტიურად ერევიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ზურგს უმაგრებენ გიგა ბოკერიას და „ევროპულ საქართველოს”, - მიიჩნევს გორგილაძე.

“ის ამერიკელი მოღვაწეები, ვინც ამ კონფერენციაზე იყვნენ, ტრამპის ადმინისტრაციასა და თავად ტრამპს აკრიტიკებდნენ. ისინი მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლები იყვნენ და ვიცით, რომ მაკკეინი გარკვეულწილად ტრამპს უპირისპირდება. ამერიკის მხრიდან ეს ფაქტი რადიკალურად ცვლილებას არ მოახდეს საქართველოს ურთიერთობაში. საქართველოს მხრიდან, შესაძლოა გახარია გარკვეულწილად იძულებული გახდეს გარკვეული რუსული ინტერესები გაითვალისწინოს, თუმცა აქ პირდაპირი საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული გახდება. მგონია, რომ “ქართულ ოცნება” მაინც აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების შედეგად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ცნობისათვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო “რუმსში” მიმდინარეობდა გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი; ტელეკომპანია „ობიექტივის" გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, “ობიექტივის” ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთან დევიდ კრემერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრემერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. 15 სექტემბერს “პატრიოტთა ალიანსმა” აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა; აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრემერის “არაეთიკური ქცევის” შეფასება და მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბნელეთის მოციქულები დღის შუქზე გამოდიან და რეალურ სახეს აჩვენებენ” - ლევან გოგიჩაიშვილი

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გასაუბრება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გრძელდება. 25 სექტემბერს, მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატები მოსამართლე შოთა გეწაძეს შეკითხვებს უსვამდნენ. მასთან მწვავე კითხვები ჰქონდათ, როგორც მმართველი გუნდის წევრებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს და “ევროპული საქართველოს” წევრებს. არ არის გამორიცხული, რომ მისი კანდიდატურა მწვავე კითხვებიდან გამომდინარე “ოცნებამაც” ჩააგდოს. გეწაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011-2017 წლებში მოსამართლე შოთა გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თუ მოსამართლეების ეს სია გავიდა, მაშინ „ოცნება“ ამომრჩეველს დაკარგავს”.

“მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის წევრი გეწაძეც იყო და მისი განხილვას პარლამენტში პრობლემები 2018 წლის დეკემბერში შეექმნა. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია და ის იმ 5 მოსამართლე კანდიდატს შორის კვლავ აღმოჩნდა, რომლებიც წინა სიაშიც იყვნენ. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე, პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა რამდენიმე კითხვა დაუსვა. ერთ-ერთი კითხვა 2012 წლის შემდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში ლევან მურუსიძის როლს შეეხებოდა. კითხვები ასევე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზეც იყო. გეწაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ ეს შერეული ტიპის მმართველობა იყო, თუმცა სასამართლო მაშინ დამოუკიდებელი იყო და მას არავინ შეხებია. შოთა გეწაძე ასევე გახმაურებული საქმის დაღესტნელი აქტივისტის, მიკაილ კადიევის საქმის მოსამართლეა. ამ საქმეს სააპელაციო სასამართლო 2017 წელს განიხილავდა. შოთა გეწაძემ 2 სხვა მოსამართლესთან ერთად 2017 წლის ოქტომბერში მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, რაც, როგორც მაშინ მისი ადვოკატი ამბობდა, რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემას და შესაბამისად, მის გაწირვას ნიშნავდა...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა მოსამართლე შოთა გეწაძეს ჰკითხა, იცნობს თუ არა რუსეთში, კერძოდ, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, მათ შორის ციხეებში არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. “ეს შეფასებები მე წავიკითხე, რამდენიმე წლის წინანდელია. დღესაც გარკვეული პათოსი ნარჩუნდება, თუმცა ისიც არის მითითებული, რომ ციხეებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესების გზაზეა. საერთაშორისო ორგანიზაციები ასე წერენ”, - განაცხადა გეწაძემ. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ გეწაძემ ასევე, უცნაური პასუხი მურუსიძესთან დაკავშირებით გასცა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გეწაძეს ვკითხე, როგორი იყო სააკაშვილის მმართველობა. იყო ეს დემოკრატიული თუ ავტორიტარული. მან კი მიპასუხა, რომ ეს შერეული ტიპის მმართველობა იყო. ანუ გამოდის, რომ ისიც ამ მმართველობის მონაწილე იყო. სასამართლო სისტემა იყო ზუსტად ის ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილი ამ მმართველობისთვის იყენებდა. ასევე უცნაური პასუხები აქვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ამბობს, რომ მურუსიძეზე სიტყვა ლიდერი არ მოსწონს. პირდაპირ ამ ადამიანს ვერ აკრიტიკებს. გეწაძესთან დაკავშირებით მეეჭვება, რომ მას „ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს. ეს ადამიანია ზუსტად ივანიშვილის მოქალაქების შეჩერებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი. ასევე მეეჭვება მოსამართლე ალანია რომ გავიდეს. მის მიმართ ვიცით, რომ დეპუტატ კობა კობალაძეს ყველაზე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. მუხროვანის ამბოხი იყო სწორედ ყველაზე მძიმე საქმე, რომელიც ამ ქალბატონის მოსამართლედ მოღვაწეობის პერიოდში იძებნება. არ ვიცი ზოგადად სია ჩავარდება თუ არა, მაგრამ ძალიან რთული სიტუაცია რომ გვაქვს, უკვე სამი მოსამართლის გამოკითხვიდანაც კარგად გამოჩნდა”, - ამბობს ნაცვლიშვილი. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების გასაუბრების პროცესი საკმაოდ მძიმეა და ნათლად აჩენს იმ რთულ სიტუაციას, რომელიც სასამართლო სისტემაშია ჩაბუდებული”, - დასძენს გამოცემა.

ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლე გეწაძე, რომელიც სიაში რიგით მესამეა, საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. დეპუტატი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი ავტორიტარულ რეჟიმსა და დამოუკიდებელ მმართველობას ვერ არჩევს, უკვე ჩაგდების კანდიდატია - “გეწაძეს მხარი კი არ უნდა დაუჭირო, საერთოდ მოსამართლეობიდან უნდა გააგდო. კაცი პირველი, მეორე კურსის საკითხებს ვერ ძლევს და რა არჩევაზეა საუბარი. რასაც დავაკვირდი ახლა, წინა დღეებში მოსამართლეობის გასაუბრების ტაქტიკა შეცვლილია. ანუ ივანიშვილმა ახლა ჩათვალა, რომ ჯობია, რომელიმე მოსამართლეს ათქმევინონ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული იყო. თუმცა ვერ გათვალეს, რომ ავტორიტარული მმართველობის პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა. მიხვდა ივანიშვილი, რომ არ უღირს ახლა არჩევნები წააგოს იმის გამო, რომ ალანია უვადო მოსამართლე გახდეს. ეს მოსამართლეები უვიცობის, უშინაარსობის, უემოციობის, ყველაფრისგან დაცლილი ხალხია. ბნელეთის მოციქულები დღის შუქზე გამოდიან და რეალურ სახეს აჩვენებენ”, - დაასკვნის გოგიჩაიშვილი, რომლის აზრით, “თუ ამ ხალხის კანდიდატურები გავიდა და სია არ ჩავარდა, “ოცნება” თავისავე ამომრჩეველს დაკარგავს - იმ ხალხს, ვისზეც ეს ხელისუფლება დგას და ამ კანდიდატებს გადაყვება“, - წერს სტატიის ავტორი.

ძაბირაძე - “კანონმდებლობა არ გავალდებულებს, მაგრამ სინდისის ვალდებულებაა, რომ ჩახედო სიას”

“რეალობა გვაქვს ასეთი, სააკაშვილის დროს იყო შეწყალებები, რომლებიც არათუ გაპროტესტდა, არამედ დანაშაულად იქნა აღიარებული და მიუსაჯეს, მარგველაშვილის დროს იყო შეწყალებები და იქაც პროტესტი იყო, და დღესაც პროტესტია. აქედან გამომდინარე ეს საკითხი არის სრულიად დასახვეწი თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალში რაღაც ინციდენტები აღარ მოხდეს. როგორ უნდა დაიხვეწოს, ეს ცალკე სამჯელო თემაა. მე არ ვეთანხმები ამ ხალხის შეწყალებას, ჩემი აზრით პრეზიდენტი ამ საკითხს უნდა გაცნობოდა. როგორი კომისიაც არ უნდა მუშაობდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უშუალო ბედს, შესაძლოა ამას კონტიტუცია და კანონმდებლობა არ გავალდებულებს, მაგრამ სინდისის ვალდებულებაა, რომ ჩახედო სიას თუ ვინ არის ეს ხალხი”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კანონმდებლობა არ გავალდებულებს, მაგრამ სინდისის ვალდებულებაა, რომ ჩახედო სიას” - ძაბირაძე შეწყალების სკანდალზე.

“მე მძიმე დანაშაულის სულ სამ მიმართულებას დავასახელებდი, რაზედაც კონსტიტუცია გავალებს თუ არა, ვალდებული ხარ უფრო მეტად და ღრმად ჩაიხედო ასეთ საქმეებში - ესაა მკვლელობა, ყაჩაღობა და ნარკოტიკების გასაღება, რის შემდეგაც პირადად პრეზიდენტიც დაზღვეული იქნება და სხვაც. მე თუ მკითხავ, ამ სამ კატეგორიას საერთოდ არ უნდა ეხებოდეს შეწყალების საქმე. ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ არ არის მხოლოდ მათი, როგორც ცალკეული პიროვნებისადმი დანაშაული, ეს ზოგადად სახელმწიფოებრიობასაც ეხება. თუმცა სამართლებრივად ამას პრეზიდენტს ვერ მოსთხოვ იმიტომ, რომ მას ექსკლუზიური უფლება აქვს, რომ მეორე დღესვე, ან სასამართლოს განაჩენის გამოტანისთანავე შეიწყალოს მსჯავრდებული, ოღონდ კანონმდებელი ეყრდნობა იმას, რომ ადამიანი, რომელსაც ექსკლუზიურად ეძლევა ეს უფლება და მისი დისკრეციული უფლებაა, არ არის რიგითი პიროვნება, ეს არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა გააჩნდეს მაღალი ზნეობრივი ნორმები და ამიტომაც ამის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, რომელიც ითვლება, რომ მაღალი ზნეობის მატარებელია, ეს არის ადამიანი, რომელსაც ირჩევს მთელი ერი”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩორჩანაში ოკუპანტების აქტიურობასთან დაკავშირებით მე თავად ხელისუფლებისადმი მაქვს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - ბორდერიზაციის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და რატომ გახდა აუცილებელი ახლა იქ ამ ვითარებაში ამ ბლოკპოსტის აღმართვა? რატომ არ გაკეთდა ეს ადრე სხვა ადგილებში? - იმის ახსნა მაინტერესებს ხელისუფლებისგან, თუ მაინცდამაინც არჩევნების წინ, მაინცდამაინც ჩორჩანაში რატომ გაკეთდა ბლოკპოსტი - ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ის, იქ რას აკეთებენ ოკუპანტები. მეორეც ისაა, რომ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ თუ ადგილზე რა ხდება, არ გვაქვს. რა თამაში დაიწყო ხელისუფლებამ - თუ ეს თამაშია - და აცნობიერებს თუ არა, რომ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას? თუ ეს პროვოცირების ახალი ეტაპია და ხელისუფლებამ ეს იცის, მაშინ ამას რატომ აკეთებს? ამაზე ჩვენი სტრატეგიული მეგობრები თუ არიან ინფორმირებულები? არ მოხდეს ისე, რომ ჩვენ კიდევ ახალ უბედურებაში გავყოთ თავი. მთელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ არსებული რეალობიდან გამომდინარე და რა დიაპაზონში უნდა ვიმოქმედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”, - დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “პარლამენტში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს...” - პასუხობს:

“აქ პრობლემა უფრო სხვაგანაა ვიდრე ზოგადად პერსონებში, ნებსით თუ უნებლიეთ მივიღეთ ვითარება, როდესაც სასამართლო რეპუტაცია ნულის ტოლია, აქ ლაპარაკი მოსამართლეთა შერჩევაზე კი არ უნდა იყოს, არამედ პირველ რიგში იმაზე თუ როგორ აღვადგინოთ მისი ნდობა და რეპუტაცია. თუ ნდობა არ იქნება, მაშინ ასეთი შერჩევითი მოსამართლეები, ანგელოზებიც რომ შეარჩიონ, მაინც ვერაფერს გააწყობენ იმიტომ, რომ მუდმივად იქნება საზოგადოებაში განცდა, რომ ქვეყანაში სამართალს ვერ ნახავ. ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა, იმედი მაქვს, რომ სასამართლოში ოდიოზური ფიგურები აღარ მოხვდებიან, მაგრამ ის რაც პარლამენტში მიმდინარეობს,სასამართლოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, უფრო მნიშნელოვანი ნაწილი კი სასამართლოს რეპუტაციის აღდგენაა, სხვა შემთხვევაში გვექნება ქვეყანაში მუდმივი განცდა, რომ სამართალი არ არსებობს”.

“სასამართლომ საზოგადოების ნდობა რომ მოიპოვოს მხოლოდ ხელისუფლებამ კი არა, ამისათვის საჭიროა მთლიანად საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად იმუშაოს, როდესაც მოხდება ოპოზიციის, ხელისუფლების და საზოგადოების (საზოგადოებში მედიასაშუალებებსაც ვგულისხმობ) თანხმობა, მაშინ ეს იქნება ის კონსენსუსი, როდესაც ყველა ერთად ვაღიარებთ, რომ დღეს ის სასამართლოა, რომელიც გვჭირდება, მაშინ ეს რეპუტაცია იქნება აღდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდება,შესაძლოა ვიღაცეები დანიშნონ, მაგრამ ასეთი ტიპის შეთანხმების მიღწევა აუცილებელია, ამ შეთანხმების შემდეგ, შესაძლოა მოსამართლეთა კორპუსი მთლიანად შეიცვალოს, მათ შორის ისინიც, ვისაც უვადოდ დანიშნავენ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა