იოსებ  ბარათაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა მოხდა  არა იუსტიციის საბჭოში, არამედ სხვა კაბინეტებში მათი ხელისუფლებისადმი  მორჩილების გათვალისწინებით

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურიდიული კომპანია "პროცესის" ადვოკატს, იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, ვინაიდან პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება აქტუალური თემაა, ჩვენც ამ თემებზე გვინდა გესაუბროთ. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რომელიც დღეისათვის არის შექმნილი ჩვენს სასამართლო სისტემაში?

- საქართველოს საერთო სასამართლოებში დღეისათვის შექმნილი მდგომარეობა შეიძლება ამგვარად დახასიათდეს - საქართველოს საერთო სასამართლოები, განსაკუთრებით თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები უკიდურესად არის გადატვირთული საქმეებით. მასობრივად ირღვევა საქმის განხილვის საპროცესო ვადები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში დარჩენილია ერთი მოსამართლე, ხოლო განსახილველია ათასობით საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თითოეული მოსამართლე ყოველდღიურად იხილავს 5-6 საქმეს. ამ ვითარებაში ფაქტობრივად შეუძლებელია ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელება.

მეორე, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მძიმე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასამართლო თანდათანობით კვლავ დაექვემდებარა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პროკურატურას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იხილება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ბიზნეს დავები.

სასამართლო თანდათანობით კვლავ დაექვემდებარა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პროკურატურას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იხილება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ბიზნეს დავები

უდიდეს პრობლემას წარმოადგენს იუსტიციის საბჭო, რომლის უმრავლესობაც შედგება საეჭვო რეპუტაციისა და კომპეტენციის ადამიანებისგან. ადრეც აღმინიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება უნდა დაიწყოს იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის დაშლით და ის უნდა დაკომპლექტდეს იმ მეცნიერებისა და პრაქტიკოსი იურისტებისაგან, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობენ.

თუმცა, როგორც ვხედავთ, საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ საკითხში სრულიად საპირისპირო პოზიცია გააჩნიათ, რაც უახლოეს წლებში დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება უნდა დაიწყოს იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის დაშლით... თუმცა, როგორც ვხედავთ, საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ საკითხში სრულიად საპირისპირო პოზიცია გააჩნიათ, რაც უახლოეს წლებში დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას

- ფაქტია, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დაგროვებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ 20 მოსამართლესთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებდით იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას?

- შეძლებისდაგვარად, თვალს ვადევნებდი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მიმაჩნია, რომ ეს იყო პოლიტიზირებული პროცესი.

ამავე დროს, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვის, გაუგებარი დარჩა, თუ რომელი მორალური და პროფესიული კრიტერიუმებით შეირჩნენ ის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად და რატომ ვერ მოხვდნენ საბოლოო სიაში ისეთი გამორჩეული იურისტები, როგორებიც არიან ნუნუ კვანტალიანი, როინ მიგრიაული, თამარ ლალიაშვილი, ქეთი მესხიშვილი, მაია კოპალეიშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა.

არა მხოლოდ ჩემთვის, გაუგებარი დარჩა, თუ რომელი მორალური და პროფესიული კრიტერიუმებით შეირჩნენ ის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად და რატომ ვერ მოხვდნენ საბოლოო სიაში ისეთი გამორჩეული იურისტები, როგორებიც არიან ნუნუ კვანტალიანი, როინ მიგრიაული, თამარ ლალიაშვილი, ქეთი მესხიშვილი, მაია კოპალეიშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა იყო არაგამჭვირვალე და არასამართლიანი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეობის კანდიდატების საბოლოო შერჩევა მოხდა არა იუსტიციის საბჭოში, არამედ სრულიად სხვა კაბინეტში, არა შერჩეული კანდიდატების პროფესიონალიზმისა და პრინციპულობის, არამედ მათი ხელისუფლებისადმი მორჩილების გათვალისწინებით.

- ვხედავთ, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან საჯარო გასაუბრებას. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში წარდგენილი 20 კანდიდატიდან უკვე სამთან გასაუბრებამ?

- ყველა იმ კანდიდატმა, რომლებსაც პარლამენტში მოუსმინეს, განაცხადა, რომ მათ სმენიათ, რომ გასულ წლებში, შესაძლებელია სასამართლოს სისტემაში ადგილი ჰქონოდა ამა თუ იმ კანონდარღვევის ფაქტს. თუმცა, ეს არ ატარებდა სისტემურ ხასიათს და მათ ყოველთვის სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ.

ჩემი აზრით, არც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი, ვისაც აქამდე პარლამენტმა მოუსმინა, არ იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას.

არც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი, ვისაც აქამდე პარლამენტმა მოუსმინა, არ იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას

მიმაჩნია, რომ მათი ეს განცხადებები არადამაჯერებელია, ვინაიდან 2004-2012 წლებში საქართველოს სასამართლო სისტემაში ადგილი ჰქონდა უმძიმეს სისტემურ დარღვევებს და სწორედ ეს იყო ხელისუფლების შეცვლის უმთავრესი მიზეზი. მოსამართლეთა უმრავლესობა, რომლებიც იმ წლებში მუშაობდა, იყო მანკიერი სისტემის ნაწილი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ვერ დარჩებოდნენ სასამართლო სისტემაში. 2013-2014 წლებში შეინიშნებოდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პროცესი, თუმცა 2015 წლიდან კვლავ დაიწყო უკუსვლა, რაც დღემდე გრძელდება.

- გასულ კვირას დიდი ხმაური მოჰყვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულების თემას, რომელთაგან სამი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. პროკურატურამ შეწყალების გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს საქმე გამოუძიებელი ისევე დარჩება, როგორც სხვა სკანდალური საქმეები.

თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ აქტს, რომელიც იმავე დროს, საზოგადოებაში უნდა აძლიერებდეს სამართლიანობის განცდას.

შეწყალება არ არის სამართალწარმოების ნაწილი და შეწყალების დროს პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული ეს უფლება, არ იხილავს ამა თუ იმ გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობასა და სამართლიანობას. პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იაზრებდეს როგორც მსჯავრდებულის, ისე დაზარალებულის მდგომარეობას და ამავე დროს, ის უნდა ფიქრობდეს იმ რეაქციაზე, რომელიც შეიძლება მსჯავრდებულის შეწყალებას მოჰყვეს საზოგადოებაში.

ამიტომ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის ურთულესი პროცესი, რადგან პრეზიდეტმა თითოეული საქმე უნდა შეისწავლოს ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დიდი ფიქრის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, როგორც დავინახეთ, საზოგადოებას გაუჩინა არა სამართლიანობის, არამედ გაუმჭვირვალობისა და უსამართლობის განცდა, რაც გააძლიერა პრეზიდენტის განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ერთის მხრივ, ის არ არის ვალდებული განმარტოს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, გაურკვეველი ხნით მორატორიუმს აცხადებს მომავალში მსჯავრდებულთა შეწყალებაზე.

შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ საზოგადოებას გაუჩინა არა სამართლიანობის, არამედ გაუმჭვირვალობისა და უსამართლობის განცდა

იმავდროულად კი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეკავენ დაზარალებულთა ოჯახებში და ბოდიშს იხდიან. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ტოვებს მძიმე შთაბეჭდილებას და აჩენს მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას უფლებამოსილ პირთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების თაობაზე.

- უკვე ცნობილია, რომ შეიქმნა პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ამ საქმეში ჩახედული ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

უკვე ბევრი ითქვა იმაზე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი რამ იქნება გასათვალისწინებელი, მათ შორის ჩასასწორებელ საარჩევნო კანონში.

პროპორციულ სისტემასთან და საარჩევნო კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენი რეკომენდაციები, სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა?

- პროპორციული წესით არჩევნების წესზე გადასვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან, როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის წევრთა მაჟორიტარული წესით არჩევა ამახინჯებდა ძალთა რეალურ თანაფარდობას და ერთ პოლიტიკურ ძალას ანიჭებდა არაპროპორციულ, დაუმსახურებელ უპირატესობას.

რაც შეეხება პროპორციული წესით არჩევნების გამო კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება დაწესდეს 3%–იანი ბარიერი, რაც არჩეულ პარლამენტს საშუალებას მისცემს აიცილოს ზედმეტი ფრაგმენტირება და დროულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

მიზანშეწონილი იქნება დაწესდეს 3%–იანი ბარიერი... პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ არჩევნებში ბლოკების სახით მონაწილეობის უფლება... უნდა შემცირდეს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 100–მდე, როგორც ეს არის, მაგალითად, ლატვიასა და ესტონეთში

გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ ბლოკების შექმნის შესაძლებლობა და არჩევნებში პოლიტიკური ბლოკების სახით მონაწილეობის უფლება, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანის მოხვედრას.

ასევე ვფიქრობ, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა უნდა შემცირდეს 100–მდე, როგორც ეს არის მაგალითად, ლატვიასა და ესტონეთში.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა