არჩილ თალაკვაძე - ნულოვანი ბარიერი იქნება ერთჯერადი ზომა, რომელსაც ვთავაზობთ საზოგადოებას მხოლოდ 2020 წლის არჩევნებში

ნულოვანი ბარიერი იქნება ერთჯერადი ზომა, რომელსაც ვთავაზობთ საზოგადოებას მხოლოდ 2020 წლის არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ დემოკრატიული გადაწყვეტილება იყო მიღებული და მაშინ პროპორციული არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2024 წელი.

„ის არგუმენტები, რატომაც ვფიქრობდით, რომ 2024-ში იყო სწორედ უფრო ოპტიმალური ამ არჩევნების ჩატარება პროპორციული წესით, დღესაც რჩება, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და დაკვეთა. თქვენ და ოპოზიციას გთავაზობთ, რომ ეს ჩატარდეს ნულოვანი ბარიერით და ყველა რეალურ პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ჰყავს ლიდერი, აქვს პროგრამა, ჰყავს მხარდამჭერები, ექნება შესაძლებლობა, მიიღოს პარლამენტში წარმომადგენლობა. გვეგონა, რომ სწორი გზა იქნებოდა, რომ არჩევნები 2020 წელს 3%-იანი შერეული სისტემით ჩაგვეტარებინა, მაგრამ რადგან მთელი ოპოზიცია ითხოვს პროპორციულ არჩევნებს ახლავე, მზად ვართ, შევიდეთ ამ კონკურენციაში. ვთმობთ ჩვენს უპირატესებას, მაჟორიტარულ მანდატებს. ვიქნებით ორიენტირებულები იმაზე, რომ მივიღოთ კვლავ მყარი წარმომადგენლობა პარლამენტში, თუმცა ეს მოდელი იმასაც უშვებს, რომ შესაძლოა, კოალიციური თანამშრომლობა მოგვიწიოს პოლიტიკურ პარტიებს. ამის გამოცდილება არის ევროპაში. ჩვენ, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია, მზად ვართ ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის შეთავაზებაა, რომ ნულოვანი ბარიერი მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იქნას გამოყენებული.

„ასევე ვცვლით კანონმდებლობას იმგვარად, რომ პარლამენტში შესულ რეალურ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, მიიღონ დაფინანსება ბიუჯეტიდან. მათ ექნებათ დაფინანსება, საპარლამენტო ტრიბუნა, სატელევიზიო თუ პირდაპირი კონტაქტი ხალხთან და მოემზადებიან, 2024 წელს, როგორც ევროპის ყველა საპარლამენტო ქვეყანაში ევროპაში, არჩევნები ჩატარდეს უკვე არა ნულოვანი, არამედ 5%-იანი ბარიერით. ანუ, რეალურად, ნულოვანი ბარიერი იქნება ერთჯერადი ზომა, რომელსაც ვთავაზობთ საზოგადოებას მხოლოდ 2020 წლის არჩევნებში, ვინაიდან ეს დრო ცოტაა არჩევნებამდე და ბევრ პარტიას გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, თუ ბარიერით ჩავატარებთ ამ, 2020 წლის არჩევნებს. რადგან ამ შემთხვევაში ალბათ, პარლამენტში შევლენ ისევ იგივე პარტიები, რომლებიც დღეს არიან და ჩვენი მიზანი და თქვენი დაკვეთაც არის, რომ პარლამენტი გახდეს უფრო პლურალისტური, უფრო მონაწილეობითი და ვფიქრობთ, რომ პროპორციული არჩევნები ერთჯერადი ნულოვანი ბარიერით იქნება უფრო ოპტიმალური“, - აღნიშნა საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ეს უდავოდ დემოკრატიული გადაწყვეტილებაა და მმართველი პარტია ცდილობს, ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია დაასრულოს მაშინ, როცა მრავალი პრობლემაა.

„ოპოზიციასთან ერთად ვხვდებით ყველგან საზოგადოებას და ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენი დაპირება არის, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლება ოპოზიციასა და საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას. უნდა დასრულდეს პიროვნული დაპირისპირებები და კონფრონტაცია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში. ალბათ, საზოგადოება ძალიან გაბრაზებულია, როდესაც ქვეყანაში დგას რეალური პრობლემები, არის ოკუპაცია, სიღარიბე, ახალი სამუშაოების შექმნის საკითხი, გვყავს ასევე გარეთ ისეთი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დევნილების და პენსიონერების პრობლემებია გადასაჭრელი და ამ დროს რას ხედავს საზოგადოება? ხედავს, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთს ებრძის, პარტიები იბრძვიან, თუ ვინ რამდენი ადგილი უნდა მიიღოს პარლამენტში. გვინდა, რომ ეს დავასრულოთ და სწორედ ამისთვის მივიღეთ 1 წლის წინ გადაწყვეტილება, რომ შეგვეცვალა კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა. მეტიც, ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო დაჩქარდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა