ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2019

რითი ემუქრება ბესელია ივანიშვილს - "უბრალოდ, დაელოდოს ჩემს პასუხებს“

პირველი შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ - რაზე ისაუბრეს ზალკალიანმა და ლავროვმა

***

რითი ემუქრება ბესელია ივანიშვილს - "უბრალოდ, დაელოდოს ჩემს პასუხებს“

“დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარი დაპირიპირების შემდეგ აცხადებს, რომ მას ბოდიში არავისთვის აქვს მოსახდელი. უფრო მეტიც, ვანო ზარდიაშვილს და მას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და მას საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რითი ემუქრება ბესელია ივანიშვილს - "უბრალოდ, დაელოდოს ჩემს პასუხებს“

"ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტს შესაძლოა სერიოზული გაგრძელება ჰქონდეს, რადგანაც ბესელიას, რომელიც თავის დროზე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, დღემდე ჰყავს თანამოაზრეები „ქართულ ოცნებაში“ და მათ შესაძლოა საჯაროდ დაუჭირომ მხარი ბესელიას. აღსანიშნავია, რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ფონზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გახდა "ოცნებაში“ სკანდალური დაპირისპირებისა და ბესელიას და მისი თანამოაზრეების პარტიიდან გასვლის მიზეზი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მმართველი პარტიის ე.წ. ახლების გუნდის წარმომადგენლები 26 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ რადიკალურ გადაწყვეტილებებს ითხოვენ. დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი ბესელიას მოუწოდებენ, დეპუტატის მანდატი დატოვოს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ ასე დაეცეს და ამდენის უფლება მისცეს თავს, ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ქართული პოლიტიკის წარსულში იყოს“, - აღნიშნავს მათიკაშვილი. ეკა ბესელია კი ამბობს, რომ ბოდიში მოსახდელი არავისთან არა აქვს. მისი თქმით, რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, ის პასუხს მიიღებს. „პირველი რაც მინდა ვთქვა, დღეს იყო იაფფასიანი დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა, როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად”, - განაგრძობს გამოცემა.

"მათ შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მსაჯული მოსამართლე, რომელიც ვერ უძლებდა კითხვებს, რომელიც მისი მისამართით არსებობდა. კადრები, რომელიც გავუშვით, ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“. აი, ამის გადასარჩენად შემოუშვეს „ქართული ოცნების“ სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემგან ამ პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს. ვანო ზარდიაშვილი ჩუმად, არაკაცურად ისე ლაპარაკობდა, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო მისი შეურაცხყოფა. მაგრამ მე გავიგე და რამდენჯერაც ამას გაბედავს, მიიღებს პასუხს. ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს. სწორედ ამიტომ მე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას. ეს არის მისი პასუხისმგებლობა, რომ „ქართული ოცნება“ ადეიშვილის ღამის მორიგეების და ღამის ასისტენტების თუ ხელის ბიჭების სახელით ლაპარაკობს. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს მოსამართლეები ასე გავლენ, ან თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს ჰგონია, რომ გაბედავენ და ამ მოსამართლეებს თავზე მოგვახვევენ, ძალიან ცდებიან. ყველა მეთოდს, ყველა ფორმას გამოვიყენებთ, რაც კი კანონით დასაშვებია იმისთვის, რომ ამ პროცესს წინ აღვუდგეთ. ეს იქნება ფიზიკური, მორალური, სამართლებრივი წინააღმდეგობა. პირადად ივანიშვილს ვაფრთხილებ - თუ ის ამ მეთოდებით გააგრძელებს ამ ხელის გადაგრეხვის პრინციპს და ჩვენთან ლაპარაკს, უბრალოდ დაელოდოს ჩემს პასუხებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ”, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გამორიცხული არაა, რომ ეკა ბესელიას მოსამართლეების კანდიდატურასთან დაკავშირებით პროვოკაცია მოუწყეს. მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია პარლამენტარების კონკრეტულ ჯგუფს ბესელიას პიროვნება აღიზიანებს, ამიტომაც მის წინააღმდეგ მუდმივად შეთანხმებულად მოქმედებენ. რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა ზარდიაშვილი ივანიშვილის დავალებით, ძაბირაძე ამბობს, რომ ამის გარკვევა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ზარდიაშვილს თვისი ქმედებების და განცხადებების არ ეშინია, მას ამისთვის „მწვანე შუქი აქვს ანთებული“. ბესელია რომ ამ ახალგაზრდებს ნერვებს უშლის, ეს არახალია. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც დეპუტატები ერთმანეთს შეურაცხყოფას ჯერ სიტყვიერად აყენებენ და ახლა ფიზიკურად. თუმცა გამწარებულ ადამიანს რთულია რამე მოჰკითხო. ფაქტი ერთია, რომ ბესელიას პროვოცირება ამ კონკრეტულ ჯგუფს ყოველთვის სურს და ეს გამოუვიდათ კიდეც. რაც შეეხება იმას, რომ ეს ივანიშვილის პასუხისმგებლობაა და შესაძლოა ზარდიაშვილს ავალებდეს რამეს, ცოტა რთული სათქმელია. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ზარდიაშვილს თავისი ქცევის არ ეშინია. ის წახალისებულია და ამ საქციელის გამო ალბათ კიდევ წახალისდება. რაც შეეხება ბესელიას მუქარას, რთული სათქმელია მან რა იცის და რა შეიძლება გააკეთოს. არც ის არის გამორიცხული, თავად „ოცნების“ შიგნითვე გარკვეული დაპირისპირებები წავიდეს. თუმცა, ისიც ვნახეთ, რომ ბესელიასთან მყოფი ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი სხვა გზით წავიდნენ. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა ამ დაპირისპირებამ ის ნათლად გამოაჩინა, რომ მოსამართლეების საკითხი ძალიან ბევრ რაღაცას ზემოთ ამოიტანს და კიდევ დაპირისპირებებს უნდა ველოდოთ“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - წერს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს მხოლოდ ვანო ზარდიაშვილი დარჩა და მისი რეალური სახეც ასეთია, როგორიც დპუტატმა გამოაჩინა. მისივე თქმით, ეს ივანიშვილის პირადი ტრაგედია უნდა იყოს, როდესაც მის სახეს ასეთი ადამიანები წარმოადგენენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კიდევ უფრო გაუგონარია „ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატის გამოსვლა და იმაზე საუბარი, რომ „ზარდიაშვილი ვაჟკაცია, რადგანაც ბესელიას ხელი არ შეუბრუნა“. დიდი ბოდიში, მაგრამ გველივით სისინი და ქირქილი იმ მძიმე ფაქტზე, რაც ბესელიას გაუკეთეს, კაცურ და ვაჟკაცურ საქციელში არ ჯდება. ეს არის აი, ამ დაჯგუფების მორალური სახე. გასაკვირი არ არის და არც არავისთვის არის უცნობი, რომ ამ ახალგაზრდებს მოსამართლეების საკითხი აქვთ ჩაბარებული. ამიტომაც მათგან ახლა გასაკვირი არაფერია. როდესაც ადამიანი სტრესის ქვეშ არის ძალიან სამწუხარო ფაქტის გამო, შენ კიდევ დგახარ და ქირქილებ, ეს რომელ მორალში ჯდება?! ეს არის ბინძური თემა. აქ კაცობაზე და ღირსებაზე როგორ საუბრობენ?! ეკა ბესელიასგან მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის. ადამიანი მძიმე სტრესშია. რაც შეეხება გამოიწვევს თუ არა მოსამართლეების საკითხი „ოცნებაში“ დაპირისპირებას, არარსებული ამბავია. „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს. ამიტომაც არც არაფერი იქნება“, - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან”, - წერს სტატიის ავტორი.

პირველი შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ - რაზე ისაუბრეს ზალკალიანმა და ლავროვმა

"ნიუ იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითა და შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა და ეს არ ნიშნავს უმაღლეს დონეზე ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა შეხვედრების განახლებას. ასეთ განმარტებებს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის კომენტირებისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პირველი შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ - რაზე ისაუბრეს ზალკალიანმა და ლავროვმა / ამ ეტაპზე სხვა შეხვედრებისთვის მზადება არ მიმდინარეობს, დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს“, - ზურაბ აბაშიძე

"ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ოკუპაციის ხაზთან არსებული დაძაბულობა იყო. რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მხარეებმა „საუბრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები“ და „გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით“. ზალკალიანი-ლავროვის საუბარი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შედგა და ფაქტიურად, ეს იყო საქართველოსა და რუსეთის ამ რანგის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 2008 წლის შემდეგ. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს დელეგაციას ბოლო დღეების განმავლობაში, გაეროში, რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდა, რომელზეც ოკუპირებული რეგიონების პრობლემატიკა მთავარი საკითხი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იყო გზავნილი, რომ საჭიროა რუსეთის მხარესთან კომუნიკაცია. ჩვენმა შვეიცარიელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას კომუნიკაციის ორგანიზება შესთავაზეს და საბოლოო ჯამში, ეს შეხვედრა შედგა,“ -განაცხადა "რეზონანასთან“ საუბრისას აბაშიძემ. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ რუსეთთან დიალოგი მიმდინარეობს, 2009 წელს შეიქმნა ჟენევის ფორმატი, ჩვენი წარმომადგენლები ხვდებოდნენ და ხვდებიან რუსეთის დელეგაციას. რუსეთთან დიალოგი ყოველთვის გვქონდა, ყოველთვის ვიყავით კომუნიკაციის მომხრე, თუმცა, უფრო მაღალი დონის შეხვედრებს აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც მთავარი პრობლემატური საკითხი - ოკუპაცია გადაიჭრება. ამ ეტაპზე სხვა შეხვედრებისთვის მზადება არ მიმდინარეობს, დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს,“-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველიც: აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ არსებობს. ამ რეალობას, საერთაშორისო თანამეგობრობაში, ყველა კარგად აღიქვამს,“ - ნათქვამია ირაკლი ჩიქოვანის განცხადებაში. საპარლამეტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, შეხვედრის აუცილებლობა რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარეობდა: წინაპირობა არ არის რბილი, ადვილი და პრიმიტიული, ამ შეხვედრის წინაპირობა არის დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხაზთან. ამ შემთხვევაში სწორი გზა ერთი მხრივ არის შეიარაღებული დაპირისპირება, თავდაცვა, შეტევაზე გადასვლით და მეორე - მოლაპარაკების გზა, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები უჭერენ მხარს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება სწორად მიაჩნიათ საქართველოსთვის, თავადაც დაინტერესებული არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში არ გაჩნდეს კიდევ ერთი ცხელი წერტილი და იმ ქვეყანას, არ შეექმნას პრობლემები, რომელიც მათ დასაყრდენს წარმოადგენს რეგიონში“, - აღნიშნა ვოლსკიმ”, - დასძენს გამოცემა.

"რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ეს შეხვედრა რაიმე შედეგს გამოიღებს. ეჭვი მეპარება, რომ შეხვედრა რაიმე შედეგს გამოიღებს, რადგანაც პირობაა, რომ ჩვენ ნატოსკენ სვლა შევაჩეროთ ან ურთიერთობები ნაკლებად ინტენსიური გავხადოთ. დანარჩენი რუსეთს არ აინტერესებს,“ - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა. საპარლამენტო ოპოზიციას კი საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ზალკალიანის პარლამენტში დაბარება აქვს გადაწყვეტილი. „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, ასეთ ფორმატში შეხვედრა არის რუსეთის მცდელობა, ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი და დაგვტოვოს მარტო საერთაშორისო მონაწილეების გარეშე. ხუთშაბათის შეხვედრის შესახებ თავად დავით ზალკალიანმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრამდე ქართულ მხარეს თავის დასავლელ პარტნიორებთან ჰქონდა კონსულტაცია. მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულებასთან. ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ“, - განაცხადა ზალკალიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო