ნიკოლოზ მეტრეველი - პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობა მიმართულია ამერიკის და მისი მოკავშირეების საკეთილდღეოდ

25 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა და „დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფორმალური საბაბი პრეზიდენტ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი გახდა. „დემოკრატები“ ბრალს სდებენ პრეზიდენტ ტრამპს, თითქოსდა ზეწოლას ახდენდა უკრაინის პრეზიდენტზე, ამერიკის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის და მისი შვილის ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში საეჭვო ბიზნეს საქმიანობის გამოძიების მიზნით. იმპიჩმენტის განხილვას აშშ-ს სენატში, რომელმაც გადაწყვეტილება ხმების ორი მესამედით უნდა მიიღოს (სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს გააჩნიათ), წარმომადგენელთა პალატაში მხარი დაუჭირა: 217 დემოკრატმა, ერთმა დამოუკიდებელმა და არც ერთმა „რესპუბლიკელმა“.

დონალდ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის მუქარა არაერთხელ გაჟღერებულა. ეს ამერიკული პოლიტიკის ტრადიციული ზეწოლის საშუალებაა. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია და შესაძლოა, თვეები დასჭირდეს. თვითონ პროცედურა ნიშნავს გამოძიების დაწყებას, რომელშიც გამომძიებლის ფუნქცია წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებს ეკისრებათ. ამის შემდეგ გამოძიების შედეგებზე წარმომადგენელთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას სენატისთვის გადაცემაზე, რომლის წევრებმაც ხმების ორი მესამედით უნდა გამოიტანონ საბოლოო ვერდიქტი. პროცედურის ეს ფორმალური მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია. გააჩნია თუ არა მას წარმატების მინიმალური შანსი მაინც?! დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ნენსი პელოსის და „დემოკრატიული პარტიის“ არც სხვა ლიდერებს არ სჯერათ ამ საქმის პერსპექტივის. მაგრამ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად რომელშიც, „დემოკრატიული პარტია“ ძალიან სერიოზული იდეოლოგიური და ორგანიზაციული პრობლემებით ერთვება, ცდილობს ისევ ძველი ტაქტიკა გამოიყენოს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის აშკარა საგარეო და საშინაო პოლიტიკის შთამბეჭდავი წარმატებების ფონზე, „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები იმის მაგივრად, რომ ამომრჩეველს ახალი იდეები და პროგრამა შესთავაზონ, „რესპუბლიკელების“ ლიდერის წინააღმდეგ ( მიუხედავად წინა სამარცხვინო მცდელობებისა: ე.წ რუსული კვალი, პირადი გამდიდრების ინტერესი და მრავალი სხვა, როგორც აღმოჩნდა, აბსურდული ბრალდებები, რომელიც ფიასკოთი დასრულდა) ისევ ძველი არახალი ტაქტიქით აპირებენ ბრძოლას. მაგრამ, ეს უიმედო ტაქტიკა უსწრაფესად ისევ მათ წინააღმდეგ ამოქმედდა. პრეზიდენტ ტრამპის „ჰეითერთა“ მრავალათასიანი არმიის არსებობის მიუხედავად, არა თუ ზოგადად ამერიკელი ამომრჩეველი, არამედ თვით „დემოკრატიული პარტიის“ მყარი ელექტორატის დიდი ნაწილი წინააღმდეგია პოლიტიკური ბრძოლის ამგვარი მეთოდების. უფრო მეტიც, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების ფონზე, მისი მუშაობის მხარდამჭერთა რიცხვი ამომრჩეველთა შორის, რეკორდულ 53% -მდე გაიზარდა. ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებიდან სულ რაღაც 15 წუთის შემდეგ, მისი წინასაარჩევნო შტაბის ანგარიშზე 250 000$ შევიდა.

“მათ (დემოკრატებს ) არ სურთ აღიარონ ტრამპის დამსახურება, იმდენად რამდენადაც მათი მთლიანი ძალისხმევა მიმართულია (საპრეზიდენტო) არჩევნებზე. მათ (დემოკრატებს ) მეტი არაფერი აღელვებთ. ჩვენი ქვეყანა მათ არ აღელვებთ, მათ არჩევნები აღელვებთ“, - განაცხადა ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა.

პოლიტიკური დამკვირვებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მრჩევლები კმაყოფილებიც კი არიან „დემოკრატების“ მიერ წამოწყებული ინიციატივით.“ჩვენ კარგად მოვემზადეთ იმ შემთხვევისათვის თუ „დემოკრატები“ ისეთი სულელები აღმოჩნდებიან, როგორც მათ თავი აჩვენეს,“ - განაცხადა ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის დირექტორმა თიმ მერთომ. „ჩვენ ველით წინა საარჩევნო ფონდის უზარმაზარ ზრდას - ეს კი ძალიან მიაახლოებს პრეზიდენტს გამანადგურებელ გამარჯვებასთან“, - დაამატა თიმ მერთომ. შესაშური მხარდაჭერა დააფიქსირა „რესპუბლიკური პარტიის“ უმრავლესობის ლიდერმა სენატში მითჩ მაქონელმა, რომელმაც სამშაბათის მოვლენებს „იმპიჩმენტის დასაბუთების პარადი“ უწოდა.

სახასიათოა, ქვინიფეგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვა, რომლის შედეგებიც 25 სექტემბერს გამოქვეყნდა. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა წინააღმდეგია „დემოკრატების“ მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურის. კითხვაზე: უნდა დაექვემდებაროს თუ არა პრეზიდენტი იპიჩმენტს? - გამოკითხულთა 57% პროცენტი თვლის, რომ „არა“, 37% თვლის, რომ „დიახ“. ამასთან, ძალიან სინტერესოა, თუ როგორი დამოკიდებულებაა გამოკითხულთა პარტიული კუთვნილების მიხედვით. იმპიჩმენტს მხარს უჭერს გამოკითხულ „რესპუბლიკელთა“ მხოლოდ 4% და „დემოკრატების“ 73%.

უნდა ვიფიქროთ: ამერიკელ ამომრჩეველს გარდა იმის, რომ კარგად ახსოვს ე.წ. „რუსული საქმის“ სამარცხვინო ჩავარდნა, კარგად იაზრებს „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერების ამჟამინდელ მიზანსაც, 1.გამოიყვანონ დარტყმიდან საკუთარი პარტიის პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატი, რომელიც უკრაინაში საკუთარ შვილთან ერთად უკიდურესად მძიმე კორუფციულ საქმეშია ეჭვმიტანილი. 2. მაქსიმალური ზიანი მიაყენონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას და ზოგადად „რესპუბლიკურ პარტიას“. არსებული რეალობა, ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკის სამწუხარო რეალობაა, რომელიც დამახასიეთებელია ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკისათვის, სადაც ოპოზიციური პარტიები ახალი იდეების , პროგრამების და ლიდერების ნაცვლად ამომრჩეველს ოპონენტებზე ცრუ შეთითხნილ ბრალდებებს სთავაზობენ.

ჩვენთვის - საქართველოში, პრეზიდენტ ტრამპის და აშშ გენერალური პროკურატურის დაინტერესება უკრაინაში წინა ადმინისტრაციის სხვადასხვა დონის წარმომადგენლების კორუფციულ სქემებში შესაძლო მონაწილეობით დაინტერესება სრულიად არ არის განყენებული საკითხი. ვფიქრობ, საქართველოს საგარეო უწყება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად უნდა დაინტერესდნენ იმ სერიოზული კითხვების შემცველი ურთიერთობებით, რომელსაც ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აშშ-ს წინა ადმინისტრაციების ზოგიერთ დიპლომატთან. ასეთი ინიციატივა მხოლოდ გააძლიერებს ქართულ -ამერიკული ურთიერთობების ამ ეტაპზე ისედაც მაღალ ხარისხს. პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა მიმართულია ამერიკის და მისი მოკავშირეების საკეთილდღეოდ.

ვიზიარებ იმ პოლიტიკოსების და დამკვირვებლების მოსაზრებას, რომლებიც აღნიშნავენ: თუ უშველებელი ტრადიციების მქონე „დემოკრატიული პარტია“ რადიკალურად და სწრაფად არ შეცვლის ლიდერებს და მოქმედების სტრატეგიას, 2020 წლის არჩევნები პრეზიდენ ტრამპის სრული ტრიუმფით და „დემოკრატების“ ახალი გამანადგურებელი დამარცხებით დასრულდება.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს