კოტე კემულარია - გურამ ჩალაგაშვილის დაკავება ჩვენი პარტიის მიმართ პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოხატულებაა

გურამ ჩალაგაშვილის დაკავება ჩვენი პარტიის მიმართ პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოხატულებაა, - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთში გურამ ჩალაგაშვილის პროცესი დაიწყება.

მისი თქმით, გურამ ჩალაგაშვილის დაკავება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

"გუშინ ღამით, 03:00 საათზე გურამ ჩალაგაშვილი მეგობრისგან სახლში ბრუნდებოდა. საჭესთან იჯდა მძღოლი, მანქანას არ დაურღვევია არანაირი წესები გამომდინარე იქიდან, რომ ოქმში ეს დაფიქსირებული არ არის. ის გააჩერა ორმა საპატრულო მანქანამ და მოექცნენ ძალიან უხეშად. მათ ისეთი სცენარი დადგეს, თითქოს აკავებდნენ, მან კი, რა თქმა უნდა, ამაზე აღშფოთება გამოთქვა, თუმცა ის მანქანიდან არ გადმოსულა. ამ დროს, როდესაც გამოხატავდა უკმაყოფილებას, შედგენილია ოქმი, რომ მან შეიგინა. როგორც მასთან თანხლებმა პირმა მითხრა, ბიძინა ივანიშვილი იყო ნახსენები უხეშ კონტექსტში. სწორედ ამაზე შეადგინეს ოქმი, რომ მან საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვია. აქამდე მივიდა ეს ხელისუფლება", - განაცხადა კოტე კემულარიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს