ქართული პრესის მიმოხილვა 04.10. 2019

წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაცია იქნება - პირველი ნახტომი უკვე შესრულებულია

ხომ არ ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარები პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას - "ბევრმა მაჟორიტარმა საკუთარი პოზიცია შეცვალა“

***

წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაცია იქნება - პირველი ნახტომი უკვე შესრულებულია

“სექტემბერში ინფლაცია არნახულად გაიზარდა და ერთბაშად 6.4%- მიაღწია. პირველადი დანიშნულების საგნები კი უკვე 11%-ით გაძვირდა. ახლა შედარებით იაფი პერიოდია და ფასების ზრდის შეჩერება ვერაფრით ხერხდება. წლის ბოლოდ, როცა იმპორტდამოკიდებულება გაიზრდება, ინფლაცია დიდი ალბათობით ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწევს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რამაც საგანგაშო სურათი გამოააშკარავა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. ამ მასშტაბის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაცია იქნება - პირველი ნახტომი უკვე შესრულებულია / სექტემბერში ფასები არნახულად გაიზარდა, სურსათის ნაწილში ინფლაცია უკვე 11%- აჭარბებს

"ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასი გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. გაძვირებულია თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ტრასპორტის მხრივ დაფიქსირდა ფასების 3.9-პროცენტიანი მატება, რამაც 0.47 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე, - აღნიშნავს გამოცემა.

"საკამოდ გაძვირდა დასვენება, გართობა და კულტურა. აქ ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ფასის მატებამ 4.0 პროცენტი შეადგინა, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ლარის კურსი ყოველდღიურად და რეკორდულად უფასურდება და მას მიჰყვება ინფლაციაც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რასაც სტატისტიკა აჩვენებს. პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადგილობრივი პროდუქტია ბაზარზე და როცა ისიც გამოილევა, გაცილებით უარესი შედეგი გვექნება. ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და არა მწარმოებელი. უფრო საეჭვო იქნებოდა რომ არ დაეფიქსირებინათ ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო-სექტემბერში შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია, ბაზარზე სიძვირე ძალიან მტკივნეულად ჯერ არ იგრძნობა, რადგან ადგილობრივი პროდუქცია კიდევ არის ბაზარზე, - განაგრძობს გამოცემა.

"ფასები იზრდება ყოველდღიურად და საბოლოოდ დადგება კიდეც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის გარდაუვალი. რთული მდგომარებაა რეგიონებშიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკა მიბმულია ტურიზმზე, შესაბამისად, ადგილობრივებისათვისაც ფასები 10-25%-ით მეტია, ვიდრე არასაკურორტო ზონებში”, - ამბობს "რეზონანსთან" აროშიძე. გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ორ სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ჯამში 1%-ით, 7.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის ნაბიჯს უკან მიდევნებულ ლამპარს უწოდებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, პირველადი მოხმარების საგნებზე ინფლაცია უკვე ორნიშნა რიცხვს აღწევს. ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდა ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურება არის პირველადი დანიშნულების საქონელზე ფასის საგანგაშო მატება. საშუალოდ რომ ავიღოთ სურსათის ნაწილში 11%-ზე მეტია ინფლაციის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, რაც უფრო ღარიბია ადამიანი მისთვის ინფლაციის მაჩვენებელი მეტ წნეხს ახდენს, რადგან მათ კალათაში ყველაზე მეტია სურსათის წილი, - დასძენს გამოცემა.

"ინფლაციაზე ორმა მომენტმა მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა. ერთია სურსათის მასობრივი გაძვირება და აქციზი, მეორე კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოქმედებს ასე ძალიან რომ 70-75%-ით ვარ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ეროვნულმა ბანკმა კატასტროფის მოახლოება იგრძნო და ბოლო პერიოდში გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ხოლო კომერციული ბანკებისათვის შეამცირა დოლარში სარეზერვო მოთხოვნა. ეს არის ამ ეტაპზე ერთადერთი იმედი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაინც იქნება შედეგის მომტანი. მიუხედავად ამისა, სებ-ის ნაბიჯი უკან მიდევნებული ლამპარივითაა”, - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ, - წერს სტატიის ავტორი.

ხომ არ ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარები პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას - "ბევრმა მაჟორიტარმა საკუთარი პოზიცია შეცვალა

"მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მმართველი პარტიის მაჟორიტარები სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი თავიდან ამის წინააღმდეგი იყო, დღეს პოზიცია შეიცვალეს. ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა დარეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მაჟორიტარების გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც თავიდან ამ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი იყო, დღეს პოზიცია შეცვალა, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხომ არ ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარები პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას - "ბევრმა მაჟორიტარმა საკუთარი პოზიცია შეცვალა

"როდესაც თავიდან მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალიან ბევრმა მაჟორიტარმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ არჩევნები 2020 წელს ისევ შერეული სისტემით ჩატარდებოდა და 2024 წლიდან უკვე პროპორციული სისტემით. მაგრამ, გამომდინარე იმ პოლიტიკური რეალობიდან, რომელიც შეიქმნა, ძალიან ბევრმა მაჟორიტარმა საკუთარი პოზიცია შეცვალა. მე თავიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე ვიყავი. იქაც არის გარკვეული რისკები, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს. მაჟორიტარების არსებობა ქმნის იმ რელობას, რომ, მაჟორიტარების ხარჯზე, ახლა როგორც მოხდა, ერთ-ერთი გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას იღებს. ახლა გადასვლა აუცილებელია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ხნის მერე, თუ პრობლემებს შექმნის, ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგეს, - აღნიშნავს გამოცემა.

"ასეთი რამ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშიც მომხდარა. თუნდაც ისრაელში საფრთხე არსებობს, რომ მესამედ მოხდეს რიგგარეშე არჩევნები. მთავარია, იმ ძალებმა, რომლებიც პარლამენტში მოხდებიან, იპოვონ ძალა თავის პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ და მთავრობის ფორმირება მოახერხონ; ყველა კუთხეს და ყველა ეთნიკურ ჯგუფს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პარლამენტში ისინი წარმოდგენილი არიან," - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა. დღეს პარლამენტში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვა იყო. ფრაქციაქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსხვავებელი მოსაზრებები მხოლოდ ბლოკებთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, ამ დათმობაზე მმართველი გუნდი სავარაუდოდ არ წავა, - დასძენს გამოცემა.

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რის გამოც სავარაუდოდ, ბლოკების დაშვება არ იქნება. როცა ვსაუბრობთ პარტიების განვითარებაზე, დაფინანსების წესის შეცვლაზე, რეალურ პარტიებზე და არა ერთკაციან პარტიებზე, როგორიც ჩვენ გვახსოვს წარსულიდან საქართველოში, შეუძლებელია ეს დალაგდეს საზოგადოების ინტერესის შესაბამისად ბლოკების არსებობისას," - განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე, რამდენად დაუჭერენ მხარს მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდს ექნება ერთიანი გადაწყვეტილება და ამ ცვლილებების პოზიტიურობის გათვალისწინებით, მას მხარს ოპოზიციაც დაუჭერს, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო