მულტიფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-10 საერთო კრება გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმიდან აცნობეს.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებას საქართველოში, საერთო კრებაზე იწვევს ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ევროდელეგაციის წარმომადგენლებს. საერთო კრებაზე განხილული იქნება განვლილი, 2018 წელი, ასევე, 2019 - 2020 წლების ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. საერთო კრებაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული პლატფორმის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები. ღონისძიების ბოლოს გაიმართება თავმჯდომარის, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების, დავების განმხილველი ორგანოს წევრებისა და ასოცირების შეთანხმების 412 მუხლით დაარსებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის არჩევნები.
საერთო კრებაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება. ამ ეტაპისთვის ეროვნულ პლატფორმაში შედის 185 არასამთავრობო ორგანიზაცია.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა და პლატფორმაში გაწევრიანებით იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ აღმოსავლეთ სამეზობლოში ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნების ხელშეწყობას და რეალიზაციას.