ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2019

გია ხუხაშვილი - “რა გადაჯგუფებისთვის ემზადება ხელისუფლება?!”

ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ

მასობრივი გაღატაკების იარაღი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 14 მილიარდამდე ავარდა

* * *

გია ხუხაშვილი - “რა გადაჯგუფებისთვის ემზადება ხელისუფლება?!”

“ნატო არ არის მზად, ამ ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობაში სისტემური ნაბიჯები გადადგას. მას აქვს ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზი გახლავთ ის, რომ ნატოს არაერთი ქვეყანა ფრთხილობს აღმოსავლეთის მიმართულებით, განსაკუთრებით კი - უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურობას. მათ კარგად ესმით, რომ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთი უფრო აგრესიული გახდეს, მისი შემაკავებელი ეფექტიანი მექანიზმები კი ჯერჯერობით არ ჩანს. რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს, ჩვენ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისით ნამდვილად გვაქვს წინსვლა, რასაც პარტნიორებიც აღნიშნავენ, მაგრამ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ნატოში აშშ-ის ელჩმა ჩამოთვალა, შეიძლება ითქვას, უკუსვლაც კი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ჰაჩინსონს ეს ყველაფერი შემთხვევით არ უთქვამს. ნატო არ გახლავთ მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, მასში პოლიტიკური ნაწილი უმნიშვნელოვანესია და ის გარკვეულ ფასეულობათა სისტემას ეფუძნება...” - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა გადაჯგუფებისთვის ემზადება ხელისუფლება?!” / ”ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ამ არჩევნების მოგება მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ეს ძალიან სახიფათოა”.

“არ გამოდის ამერიკელებისა და ევროპელებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა - მათ აქვთ აქ საელჩოები, ორგანიზაციები და მშვენივრად იციან, რა მდგომარეობაა ქვეყანაში თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, იციან, რა სამარცხვინო საარჩევნო დოღი ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ა.შ. ისინი ყველაფერს ადევნებენ თვალყურს და ბუნებრივია, პრობლემებზე მიგვანიშნებენ. ეს, უპირველესად, ჩვენ გვჭირდება. ასე რომ, ეს, ჩემი აზრით, სრულიად ადეკვატური მინიშნება იყო. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ ეტყობა, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას აპირებს - მისი დღის წესრიგით მთავარი არც ნატოა და არც რუსეთთან ურთიერთობა. მისთვის ახლა მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და მთელი მისი ძალისხმევა აქეთ არის მიმართული... არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ სისტემას, რომელსაც მივიღებთ მივესალმები, ოღონდ იმიტომ არა, რომ ეს იდეალური სისტემაა; უბრალოდ, ამ ეტაპზე სახელმწიფოს ისტორიული ამოცანაა, დავაზღვიოთ ქვეყანა უახლოესი ისტორიით შეძენილი მწარე გამოცდილებისგან - ეს არის ძალაუფლების უზურპაცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩვენში ყველა ხელისუფალი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და საბოლოოდ მივდიოდით ძალაუფლების უზურპაციამდე - არ ვგულისხმობ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, რომელიც სულ სხვა ეპიზოდი და სხვა ისტორიული ეტაპია... ამ უზურპაციას ყველა იყენებდა საკუთარი წარმოდგენების მიხედვით. შევარდნაძის მმართველობისას გვქონდა ტოტალური კორუფცია, სააკაშვილის დროს პოლიტიკური აგრესია, გარკვეულწილად, რეპრესიებამდე მივიდა, დღეს კი ვხედავთ, რომ ძალაუფლებას, ფაქტობრივად, ამ ორი უბედურების სინთეზის სახით იყენებენ, ანუ კორუფციული ნიშნებიც გაჩნდა და პოლიტიკური აგრესიის რისკიც. ერთიც და მეორეც არ არის იმ მასშტაბის და სიმძიმის, რაც შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობისას იყო, მაგრამ ერთობლივად არანაკლებ უბედურებად იქცა. საქმე ის არის, რომ თუ სააკაშვილის პერიოდში შეგვეძლო გვესაუბრა ინსტიტუციურ ავტორიტარიზმზე, დღეს ჩვენ გვაქვს 21-ე საუკუნისთვის სრულიად მიუღებელი ავტორიტარიზმის ფორმა, ანუ საქმე გვაქვს ჩრდილოვან ავტორიტარიზმთან, რაც ანაქრონიზმია. ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი აღმოსავლური ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ამჟამად იქაც კი აღარ გვხვდება, ანუ ძალაუფლება ფორმალიზებულია და ჩრდილიდან აღარავინ მართავს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ზოგადად, მომავალ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ ერთი, მოგეხსენებათ, რომ აქამდე ჩვენ გვქონდა მაჟორიტარული უბედურება, როდესაც რეგიონებში არჩევნებს კი არ იგებდნენ, არამედ ყიდულობდნენ; რეგიონული ყანდურების მთელი სისტემა მუშაობდა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში ბარგდებოდნენ იმის მიხედვით, ვინ იყო ხელისუფლებაში და შემდეგ საკუთარი გავლენით ვაჭრობდნენ ბიზნესისა თუ სხვა ინტერესების გამო. ამ უბედურების მოშორება ნამდვილად პოზიტივია. გარდა ამისა, აქამდე ბარიერგადაულახავი პარტიების ხმები იკარგებოდა და ნაწილდებოდა ბარიერგადალახულ პარტიებზე. მომავალ არჩევნებზე ასე აღარ იქნება. დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ პარლამენტში მოხვდება 7-8 პარტია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შედეგით”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ივანიშვილს ესმის, რომ 2020 წელს ძალიან მძიმე ამოცანა აქვს შესასრულებელი, შესაბამისად, მისი რესურსების ხარჯვის მასშტაბი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, ანუ ყველაფერს გაიღებს გამარჯვებისთვის. 2020 წლის არჩევნებისთვის “ქართული ოცნება” დახარჯავს ყველაზე მეტ ფინანსურ რესურსს, რაც კი საქართველოს არჩევნების ისტორიაში ოდესმე დახარჯულა. ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ამ არჩევნების მოგება მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ეს ძალიან სახიფათოა. როცა ხელისუფლებას ასეთი განცდა უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ის არჩევნების მოსაგებად ყველაფერს იკადრებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სახიფათოა. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ჩაივლის მშვიდად და ჩრდილოვანი ავტორიტარიზმის რეჟიმიდან გადავინაცვლებთ კოალიციურ რეჟიმში, სადაც მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ ხელისუფლებას მივიღებთ. ასე მცირედით მაინც ვიქნებით დაზღვეული ძალაუფლების უზურპაციისგან...” - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

“თუ პოსტსაარჩევნოდ კოალიციის ფორმირება გახდება აუცილებელი, ხელისუფლებისთვის პარტნიორების პოვნა რთული იქნება, ივანიშვილი ვიღაცების ყიდვას ეცდება, მაგრამ პარტიებს მშვენივრად ესმით - ერთჯერადი გაყიდვით ნაკლები სარგებლის მიღება შეიძლება, ვიდრე ძალაუფლების წილის ჯიბეში ჩადებით. ბარიერგადალახული პარტიები, ვფიქრობ, ერთჯერადად ფულზე აღარ გაიყიდებიან. “ქართული ოცნების” ერთადერთი სამომავლო პარტნიორი, დღევანდელი მოცემულობით, `პატრიოტთა ალიანსია~, ვისთანაც მას შეუძლია დაჯგუფება, მაგრამ ამ ძალასთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შეიძლება სერიოზული პოლიტიკური ზიანი მოჰყვეს. შეიძლება “ქართულ ოცნებას” ეს ნიღბის ჩამოხსნასავით გამოუვიდეს. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ რაღაც სისტემური გადაჯგუფება მოახდინოს, რამაც შეიძლება სურათი შეცვალოს. ასევე უმნიშვნელოვანესია, “ლელო” როგორ მოახერხებს სწორად პოზიციონირებას. ეს შეცვლის სურათს. თუ ის იმის ნახევარ მხარდაჭერას მაინც მიიღებს, რისი პოტენციალიც აქვს, ანუ 15%-ს, ჩემი აზრით, ძალაუფლების ბედი გადაწყვეტილი იქნება - ივანიშვილს ძალაუფლების ერთპიროვნულად შენარჩუნების შანსი არ დარჩება. ამიტომ არის “ლელო”~ სამიზნე, ამიტომაც წარმოადგენს საფრთხეს ხაზარაძე და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის პოლიტიკურ ასპარეზს არჩევნებამდე ჩამოაშორონ”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “ე.წ. შეწყალების სკანდალი არ მთავრდება...” პასუხობს”:

“მოგეხსენებათ, სააკაშვილისა და მარგველაშვილის შემთხვევაშიც მუშაობდა შეწყალების კომისია, რომელიც სწავლობდა საქმეებს და ავად თუ კარგად არჩევდა შესაწყალებლებს. ამ შემთხვევაში არ არსებობს შერჩევის მექანიზმი, გარდა იმისა, რას გადაწყვეტს ერთი ადამიანი. შესაბამისად, შედეგად მივიღეთ არა მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როგორც სააკაშვილის ან მარგველაშვილის დროს, არამედ ერთბაშად რამდენიმე საქმე, რამაც ნათლად გამოაჩინა სისტემური პრობლემა, რომელზეც ერთნაირად ლაპარაკობს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ამ ყველაფრის ფონზე სრულიად არაადეკვატურია ზურაბიშვილი, რომელიც ამ ორიოდე დღის წინ გამოხტა და ხაჭაპურის თემაზე განცხადება გამოაცხო იმ დროს, როცა მის მიმართ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს არ პასუხობს. უკაცრავად პასუხია და, ეს ქალბატონი არის არაკომპეტენტურობისა და ამპარტავნობის ისეთი ნაზავი, რაც პრობლემად ექცა ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მას სამართლებრივი თვალსაზრისით დანაშაული არ ჩაუდენია, უბრალოდ, გამოიყენა დისკრეციული უფლება, მაგრამ აშკარაა, რომ მას შეუცურეს ეს სია, რაც სწორედ მისი არაკომპეტენტურობის მაგალითია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ როდესაც შენი დისკრეციული უფლების გამოყენების გამო გამოძიება იწყება, შენს თანამშრომლებს კი ლამის ყოველდღე პროკურატურაში იბარებენ, გამოძიებას კი არ უნდა მიესალმო და იძახო, რომ არ აპირებ განმარტებების გაკეთებას, არამედ უნდა დაგვემშვიდობო... ”

ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ

“ჩორჩანაში ისევ შეუჩერებლად მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, მუშაობს ოკუპანტების სამშენებლო ტექნიკა. ძალიან დიდი ტერიტორიაა მოხაზული, სავარუდოდ საგუშაგოს აფართოვებენ და ძალიან დიდი სტაციონალური ბაზა კეთდება. ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება გვეუბნებოდა - რომ რუსები გაჩერდნენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, -ასეთი ინფორმაცია მოაწოდა “რეზონანსს” სოფელ ატოციდან ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ. მისი თქმით, ოკუპანტები ზამთრისათვის სრულფასოვა ბაზას აშენებენ, სადაც რამდენიმე დიდი კარვის ინსტალაცია შეინიშნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ.

“ტყის იმ ნაწილში, რომელიც მათ მოხაზეს და უკვე წაგვართვს, შეინიშნება რამდენიმე დიდი კარვის ინსტალაცია. აშკარაა, რომ რუსები თავის გეგმას მიყვებიან. ჯერჯერობით ჩვენს ბლოკპოსტთან მისასვლელი გზა არ გადაუკეტავთ, მათ ძირითადად აქცენტი გაკეთებული აქვთ ბაზის კეთილმოწყობაზე. ჩვენ ვნახეთ სეპარატისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათმა ე.წ. პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ გაკეთდეს მაქსიმალურად კეთილმოწყობილი საგუშაგო, რადგან მალე დაზამთრდება და ფაქტობრივად მან ბრძანება გასცა, რომ ჯარისკაცებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას და ჩვენი დაკვირვებით, ის, რაც ნაბრძანები აქვთ, უკვე სრულდება. იმ ტერიტორიის მასშტაბი, სადაც ეს ხდება, საკმაოდ საგანგაშოა. ჯერ ბოლო ხაზი შეერთებული არ აქვთ. ჩორჩანას ტყეში ოკუპანტები წნელისიდან შემოიჭრნენ, ამ წუთისთვის 1300 მეტრით არიან ვერტიკალში შემოჭრილები. თვითონ ახალი საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 3 კმ-მდეა, მაგრამ ეს ხაზი სად დასრულდება, ჯერჯერობით არ ვიცით”, -განაცხადა მოძრაობის ლიდერმა. ქაცარავა ამბობს, რომ ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიის ირგვლივ საინჟინრო ტექნიკით თხრილებს აკეთებენ, რაც სტანდარტულ სამუშაოებს სცდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ჩვენ ვაფიქსირებთ, ამ ტერიტორიაზე მიდის მძიმე ტექნიკის სამუშაოები, რომელიც თხრის ტერიტორიის ირგვლივ ტრანშეას თუ თხრილებს. მუდმივად საინჟინრო და უზრუნველყოფის მანქანები დადიან. იქით კი ჯარისკაცებს ვხედავთ. ეს სცდება იმ სტანდარტული საგუშაგოების მასშტაბებს, რასაც ჩვენ ვადევნებთ ხოლმე თვალყურს. სტანდარტული საგუშაგოები პატარა ჯიხურის ფორმისაა, სადაც მხოლოდ 2-3 კაცი შედის ხოლმე და ასეთი ტიპის ჯიხურებს ისინი 2-3 დღეში აყენებენ. ოკუპანტები თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლების რეაგირება ნულოვანია. ჩვენ პასუხად გვაქვს მხოლოდ შეზღვუდვები გადაადგილებაზე. ვართ ატოცში და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვართ. პოლიცია ერთი ნაბიჯითაც არ გვიშვებს ნებართვის გარეშე. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსებმა კომფორტულ გარემოში შეასრულონ თავიანთი შავბნელი საქმეები. ამ წუთას ატოცში ვარ. გარედან ვაკვირდებით ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ შორიდანაც ვაკონტროლოთ ჩორჩანის ტყე. ის ფაქტიურად ჩვენი თვალთახედვის არეშია. ჩვენი ოპტიკური მოწყობილობებით ვუყურებ იმას, რასაც გიყვებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ქაცარავა.

მასობრივი გაღატაკების იარაღი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 14 მილიარდამდე ავარდა

“მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,06 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდ ლარამდე მიაღწია (ბოლო 10 წელიწადში კი აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის 200-ჯერ გაიზარდა!), რითაც გაასწრო მშენებლობას, გადამმუშავებელ მრეწველობას, ენერგეტიკას... რაკი ბიზნესი, რომელიც დოვლათს არ ქმნის წლიდან წლამდე სულ უფრო მოგებული რჩება, მარტივი მისახვედრია, რომ სულ უფრო მეტად წაგებულია მეორე მხარე - მოთამაშეები. მილიარდებთან ერთად ისინი აგებენ ცხოვრების საუკეთესო წლებს და ზოგჯერ სიცოცხლესაც”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით საგანგაშო ვითარება: სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 14 მილიარდამდე ავარდა / ლევან გოგიჩაიშვილის სკანდალური ინტერვიუ - როგორ მოვიდა სათამაშო ბიზნესი პოლიტიკაში და ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს.

“მხოლოდ წლევანდელ იანვარ-ივნისში საქართველოში 200-ზე მეტი სუიციდი აღირიცხა და კიდევ ამდენივე თვითმკვლელობის მცდელობა. მათ შორის უმეტესობა 20-დან 60 წლამდე მამაკაცია. სამწუხაროდ, თამაშდამოკიდებულები ხშირად ფინანსური პრობლემებისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად სიცოცხლისგან გაქცევას ხედავენ. ამ პრობლემის შესახებ ხელისუფლება დუმს, მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო სათამაშო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების ინიციატორი. მთავრობის მონდომება კანონპროექტადაც კი იქცა, თუმცა მას პარლამენტში ედება მტვერი. ამასობაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ახალ რეკორდებს ხსნის და მოსახლეობა უფრო ღარიბდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ღარიბ ქვეყნებში ადამიანები თამაშობენ არა გასართობად, არამედ მოგების მიზნით. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და მოგებული მხოლოდ სათამაშო ბიზნესი რჩება. სახელმწიფოც წაგებულია - ეს ბიზნესი მიზერულ თანხებს იხდის ბიუჯეტში. მაგალითად, როცა 2017 წელს ამ ბიზნესის ბრუნვამ 5,6 მილიარდი შეადგინა, ბიუჯეტში მხოლოდ 302 მილიონი ჰქონდათ გადახდილი. ახლაც ასე იქნება... განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ონლაინკაზინოები, სადაც უამრავი მოზარდია ჩართული. საგანგაშო ის არის, ბავშვები არც მალავენ, რომ ინტერნეტსივრცეში ფულზე თამაშობენ და ვერც ხვდებიან, რომ დიდი პრობლემისა და საფრთხის წინაშე დგანან. მეტიც, მოდურიც გახდა აზარტულ თამაშებში ჩართულობა, რაც დიდწილად აგრესიული რეკლამის დამსახურებაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.

“ეს არის ბიზნესი, რომელსაც ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვს ვაჭრობის სექტორის შემდეგ. მათ აქვთ ძალიან დიდი ფულადი რესურსი, შესაბამისად, ახერხებენ ლობირებას და ამის ხარჯზეა, რომ დღემდე ვერანაირი რეგულაცია ვერ მივიღეთ. საქართველო ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა თავის ანგარიშში, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ზრდის ტენდენცია საგანგაშოა. დარწმუნებული ვარ, სხვა ნებისმიერ საკითხზე რომ გაეკეთებინა ამგვარი შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტს, დიდი აჟიოტაჟი ატყდებოდა, მაგრამ ამ ფაქტმა ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა... 2006 წელს რომ შევიდა ბოლო კორექტირება კანონში, რომელიც სათამაშო ბიზნესს არეგულირებს, მას შემდეგ არავის გადაუხედავს. არადა, ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ყველაფერმა ონლაინ- და ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ჩვენ კვლავაც იმ ძველი კანონებით ვმოქმედებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბიზნესი არ არის გამჭვირვალე. როგორ შეიძლება, ამხელა ბრუნვა ჰქონდეს ბიზნესსექტორს და ამ კომპანიების სამართლებრივი ფორმა, მისი ანგარიშვალდებულება შემოსავლების სამსახურთან საცხობისას უტოლდებოდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრება ძალიან მარტივია. ეს სრულიად გაუმჭვირვალე ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში ნებაზეა მიშვებული და დარწმუნებული ვარ, ზუსტი აღრიცხვის შემთხვევაში მათი ბრუნვის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. რადგან ჩვენმა ქვეყანამ არაფერი გააკეთა ამ ბიზნესში რეგულაციებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაწყვიტა, თავად გამოითხოვოს ინფორმაცია “საქსტატისა” და “სათამაშო ბიზნესის ასოციაციისგან” - როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებასთან რომ ვერაფერი გააწყვეს, გადაწყვიტეს თავად მაინც გაერკვნენ, საერთაშორისო დონეზე ხომ არ ხდება სათამაშო ბიზნესის საშუალებით ფულის გათეთრება. ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულებით მთელი ქვეყანა აზარტულ თამაშებში ჩავიძირებით”, - დაასკვნის გიორგი კაპანაძე.

“ვფიქრობ, ძალიან სახიფათო ზღვარს მივადექით - აზარტულ თამაშებში ჩართულობის მასშტაბი საგანგაშო ნიშნულზეა და, პირდაპირი მნიშვნელობით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის წინაშე ვდგავართ, ასეთ დროს კი პასუხისმგებელი პირები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი აქვთ და მაინც გულგრილობას იჩენენ, სულ ცოტა, მავნებლობას სჩადიან. ბრუნვის მაჩვენებელი, რომელსაც ეს ბიზნესი სახელმწიფო უწყებებს უგზავნის, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის რეალური ბრუნვა შესაძლოა 20 მილიარდსაც აღწევს. აღარაფერს ვამბობ ათასობით გაუბედურებულ ოჯახზე, რომლებიც ამ ზომამდე თამაშდამოკიდებულებამ მიიყვანა. მხოლოდ შარშან ზაფხულში სამმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი და წერილი დატოვა, რომ სიცოცხლეს თამაშდამოკიდებულებისა და ამის გამო დაგროვებული ვალების გამო ასრულებდა. ყველა ეს პრობლემა ნაცნობია ხელისუფლებისთვის, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამს წინ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარლამენტარი, აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტის ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი.

“ასეთი უმოქმედობა ლობიზმის შედეგია, რომელიც პარლამენტის წევრების კი არა, უფრო მაღალ დონეზე წყდება და ივანიშვილის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ. სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ლობი უჩა მამაცაშვილია. სწორედ ის აძლევს ამ ბიზნესს გარანტიას, რომ საკანონმდებლო სივრცეში სათამაშო ბიზნესისთვის სტატუს-კვო დარჩება. შესაბამისად, ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას აფინანსებს, უფრო კონკრეტულად კი `ქართულ ოცნებას~. შესაბამისად, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, ამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს. ეს ბიზნესი უზრუნველყოფს მმართველ პარტიაში ე.წ. შავი სალაროს შევსებას - ამაში დარწმუნებული ვარ... არც ერთი კანონპროექტი, რომლებიც მთავრობას აქვს პარლამენტში შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი დააყოვნეს. რატომღაც არ უჩნდება სურვილი ფინანსთა სამინისტროს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია. როცა მთავრობასთან განვიხილავდით კანონპროექტს, გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა. ყველამ იცის, რომ გახარია უჩა მამაცაშვილის კადრია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ ბიზნესს ლობისტები ჰყავს არა პარლამენტში, არამედ პარტიის ხელმძღვანელობაში, ივანიშვილის გარემოცვაში”, - დაასკვნის ლევან გოგიჩაიშვილი.

“უკვე ხუთი წელია `პალიტრამედიამ” ყველა მის მედიაპლატფორმაზე უარი თქვა სათამაშო ბიზნესის რეკლამის განთავსებასა და შესაბამისად, მისგან მიღებულ შემოსავლებზე. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ სხვა მედიასაშუალებებმაც უნდა გამოიჩინონ კეთილი ნება და უარი თქვან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე. ხელისუფლებამ კი აუცილებლად უნდა გაააქტიუროს მუშაობა ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების რეგულაციებზე, თუნდაც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, რეკლამის შეზღუდვის მიმართულებაზე, რადგან ლუდომანია უკვე ისე პროგრესირებს, რომ ეს პრობლემა მალე ყველა ოჯახამდე მივა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა