ირაკლი პეტრიაშვილი - ამ ქვეყანაში 130 000 ადამიანს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს

130 000 ადამიანს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს, - ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა

მისი თქმით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ეკონომიკური დოვლათის შექმნისთვის და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის ხელის შეწყობაა.

„სიცოცხლის უზრუნველყოფა გახლავთ სახელმწიფოს ფუნქცია. 130 000 ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, ანუ რაც ადამიანს სჭირდება თვიდან თვემდე რომ იცოცხლოს, ამაზე ნაკლები ხელფასი. 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 23 500 ადამიანს, რაც ბუნებრივია, ქმნის უამრავ გამოწვევას და საფრთხეს ქვეყნისთვის. ფაქტია ის, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი გარემო იყოს და სამართლიანი გარემო მანამდე ვერ იქნება, ვიდრე ბიზნესს ეძლევა საშუალება, რომ ბიუჯეტს ფული მოპაროს. ფულის მოპარვა გამოისახება სწორედ დღეს არსებულ მინიმალურ ხელფასში. ვერ დამანახებთ ვერც ერთ დასაქმებულს, რომელიც 20 ლარად თანახმაა, რომ დასაქმდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კონვერტით ხდება ხელფასების გადახდა. კონვერტით ხელფასების გადახდა კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი ადეკვატურად არ შედის. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტს უჩნდება პრობლემები იმ სოციალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, სადაც იგივე საარსებო შემწეობა გახლავთ 40-დან 60 ლარამდე, რაც ასევე ბევრად ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ დაწესებული საარსებო მინიმუმი. ეს არის კოლოსალური პრობლემები. არ ვამბობ, რომ ყველაფერს მოაგვარებს მინიმალური ხელფასი და მხოლოდ 1 კომპონენტი, იგივე პროგრესული გადასახადები და ა.შ., მაგრამ ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ადეკვატური მინიმალური ხელფასის არსებობა ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, მინიმალური ხელფასის კუთხით, მთელ მსოფლიოში საქართველო 111-ე, ხოლო ევროპულ ქვეყნებში ბოლო ადგილზეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს