ზაზა ფირალიშვილი - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში ვითარება რთულია ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულია ოპოზიციისათვის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვი ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ვიდრე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებს შევეხებოდეთ, საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ დავტოვებთ.

მას შემდეგ, რაც გერმანიის პრეზიდენტმა უკრაინას თავისივე ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულა“ შესთავაზა, რის გამოც კიევში საპროტესტო აქციებიც კია დაწყებული, იყო მოლოდინი, რომ გამოცდილი გერმანელი დიპლომატი თბილისში უკრაინისთვის შეთავაზებული წინადადებების მსგავს რამეს ჩამოიტანდა.

ამის მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ შტაინმაიერის თბილისში ჩამოსვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოსთვის წინადადებებისათვის მოსამზადებელი ვიზიტი იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით მხოლოდ ერთი შეხედვით შტაინმაიერის პროტოკოლურ ვიზიტს?

- ოფიციალური განაცხადის თანახმად საუბარი ძირითადად ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს შეეხო. არ არის გამორიცხული, შტაინმაიერს სურდა კიდეც, მშვიდობის დამყარების რაიმე ახალი პროექტი წარმოედგინა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ეს ძნელი იქნებოდა. ასეთი მარტივი და „თავისთავად ცხადი“ პროექტებით ჩვენს პრობლემას ვერ მოევლება.

ამ ეტაპზე რუსული ხელმძღვანელობა მსგავს პროექტებს თავის გამარჯვებად აღიქვამს და ეს კიდევ უფრო წააქეზებს მას. რუსული პოლიტიკა დღეს იმპერიის მუხლებიდან წამოდგომისა და „რუსული მიწების მოკრების“ კატეგორიებში აზროვნებს და თითქმის შეუძლებელს ხდის მასთან დიალოგს, მითუმეტეს, მცირე ქვეყნების მხრიდან.

მესმის, რომ რაიმე მსგავს პროექტზე ჩვენი თანხმობა შეიძლება დასავლეთისათვისაც კომფორტული აღმოჩნდეს მოკლე დროით პერსპექტივაში, მაგრამ სულ მალე აღმოაჩენენ, რომ ჩვენი რეგიონი და, არა მხოლოდ ჩვენი, ხელიდან ეცლებათ.ზოგჯერ ევროპული პოლიტიკური იდეალიზმი თავად მათთვისვეა წამგებიანი.

დღევანდელი პუტინი სწორედ მავანი ევროპელი პოლიტიკოსების იდეალიზმმა შვა, მათმა რწმენამ, რომ მას იოლად დაიყოლიებდნენ „თავისთავად ცხად“ და „ლოგიკურ“ ქცევაზე. პუტინმაც ისარგებლა ამით, სანამდეც ამის საშუალებას სიტუაცია აძლევდა. უცნაურად მეორდება 30-იანი წლების ისტორია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძნელია, ნდობა გქონდეს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის პირველი დიპლომატიც თავს ვერ მორევია და მცირე ქვეყანასთან ურთიერთობის შესახებ მოწყალე ბანდიტის ენით ლაპარაკობს.

ძნელია, ნდობა გქონდეს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის პირველი დიპლომატიც თავს ვერ მორევია და მცირე ქვეყანასთან ურთიერთობის შესახებ მოწყალე ბანდიტის ენით ლაპარაკობს

თავად მისი გამონათქვამებიდანაც ჩანს, რომ მისი ქვეყანა არ არის მზად ამა თუ იმ ხარისხით თანასწორუფლებიანი დიალოგისათვის, და რომ ექსპანსია და მცირე ერების შთანთქმა რუსული იმპერიის არსებობის ძირითად რეჟმად რჩება.

ესაა იმპერია, რომელსაც საბჭოთა სამყაროს ნგრევამაც კი ვერაფერი ასწავლა და როგორც კი საშუალება მიეცათ, პოლიტიკურ ბანდიტიზმს დაუბრუნდნენ. მოდით, ღიად ვთქვათ, რომ ჩვენგან მხოლოდ მითიური სულიერი ძმობით შენიღბულ კაპიტულაციას მოითხოვენ.

მიუხედავად, ქალბატონი სალომე ზურაბაშვილის მიერ დაშვებული რამდენიმე სერიოზული შეცდომისა, ნუ დავუკარგავთ მას, რომ ძალზე საჭირო და დროული იყო მისი მოწოდება, რომ საქართველოს პრობლემებმა ევროპის რუსული პოლიტიკის დღის წესრიგში ის ადგილი დაიკავოს, რომელსაც იმსახურებს და რომ ამით მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაინტერესებულები.

არსებულ ვითარებაში ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ მოთმინებით ველოდოთ, როდის შეიცვლება ვითარებები ჩვენს სასარგებლოდ. რაც მთავარია, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი ნება, რომ ჩვენი ტერიტორიული ინტერესები დაცული იქნას.

არსებულ ვითარებაში ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ მოთმინებით ველოდოთ, როდის შეიცვლება ვითარებები ჩვენს სასარგებლოდ. რაც მთავარია, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი ნება, რომ ჩვენი ტერიტორიული ინტერესები დაცული იქნას

ცხადია, ეს არ ნიშნავს რუსეთთან ომს. რუსეთი ცდილობს კონფლიქტის გაჭიანურება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ევროპულ პრაგმატიზმზე და ჩვენს მოუთმენლობაზე ითამაშოს.

ჩვენც შეგვიძლია სიტუაციის გამოყენება, თუ არსებულ მდგომარეობას მუდმივად შევახსენებთ მსოფლიოს. ცხადია, ეს არ ნიშნავს ცეცხლოვან ანტირუსულ რიტორიკას.

- პოლიტიკური პროცესის დინამიკა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ზოგიერთ გახმაურებულ ამბებზე ცალკე საუბარი ნამდვილად ღირს, მაგრამ, ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მთელ სურათზე თქვენი აზრის მოსმენა.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და სავარაუდოდ, რა ხელშესახებ ტენდენციებზე ანდა ტენდენციების კონტურებზე შეიძლება საუბარი?

- შევაფასებდი, როგორც რთულს ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულს ოპოზიციისათვის. ხელისუფლება ყოველდღიურად ჰკარგავს მხარდაჭერას და ცდილობს, გამოსავალი იპოვნოს.

გაჩნდა ნიშნები, რომ ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება გაიმეტოს რამდენიმე არაპოპულარული ადამიანი. ერთი შეხედვით, ეს ერთგვარად მაინც დაარწმუნებს „ოცნების“ პოტენციურ ამომრჩეველს, რომ მას ყურს უგდებენ.

თუ გავიხსენებთ, სააკაშვილსა და შევარდნაძეს უჭირდათ თავისი გუნდის წევრების გამეტება. ისინი „მონოლითური და კრისტალურად სუფთა გუნდის“ იდეას ეყრდნობოდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ვინმეს გამეტებას გუნდის ეროზია შეიძლებოდა გამოეწვია.

2020 წლის საპრლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებული ვითარება რთულია ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულია ოპოზიციისათვის. ხელისუფლება ყოველდღიურად ჰკარგავს მხარდაჭერას და ცდილობს, გამოსავალი იპოვნოს

გუნდის წევრების გამეტება საკმაოდ რთული გამოცდა იქნება „ოცნებისთვისაც“ და ამან შეიძლება შიდაპარტიული დაპირისპირებები გაამძაფროს. თანაც, მხოლოდ ორიოდე ადამიანით არ ამოიწურება „ოცნების“ იმ დეპუტატებისა თუ მთავრობის წევრთა სია, რომელთა შესახებაც საზოგადოებაში თითქმის ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებაა და რომელთა იდეურობა ან წესიერება ეჭვს იწვევს. შეძლებს კი ივანიშვილი თავი აარიდოს გუნდის ეროზიას? დრო გამოაჩენს.

თანაც დარჩება გუნდის არაერთი წარმომადგენელი, რომელთა მიმართ პრეტენზიები მხოლოდ ოპოზიციის „ბოროტ ზრახვებს“ არ გაუჩენიათ და მათი გაშვება ძალიან ძნელი იქნება. თანაც წლების განმავლობაში გროვდება უარყოფითი მუხტი მთლიანად ხელისუფლების და არა მხოლოდ მისი რომელიმე წარმომადგენლის მიმართ. ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასე.

დასავლეთშიც ასეა, თუმცა იქ უკვე დიდი ხანია მუშაობს ხელისუფლებათა მშვიდობიანი მონაცვლეობის პრინციპი, რაც საშუალებას აძლევთ, რომ მდგომარეობა უკიდურესად არ გამწვავდეს.

ჩვენთან კი ჯერაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ცალკეულთა მესიანიზმი და ბონაპარტიზმი, რის გამოც ხელისუფლების დაკარგვა ლამის სამყაროს ნგრევად წარმოუდგენიათ ხოლმე.

ჩვენთან კი ჯერაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ცალკეულთა მესიანიზმი და ბონაპარტიზმი, რის გამოც ხელისუფლების დაკარგვა ლამის სამყაროს ნგრევად წარმოუდგენიათ ხოლმე

„ოცნება“ ბოლო ხანებში ზოგჯერ მიმართავს გულუბრყვილო, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის დამაჯერებელ არგუმენტს, თითქოს მისი შეცდომები გამოწვეულია არა უუნარობით, არამედ „ნაცმოძრაობის“ ხრიკებით.

თითქოს სწორედ მათ მოახდინეს სპიკერის სავარძელში გავრილოვის ჩაბრძანების პროვოცირება, საკრებულოს დეპუტატს მათი ფარული მომხრე თანაშემწე შეაპარეს, რათა შემდეგ ჩვენთვის კარგად ცნობილი სკანდალი აგორებულიყო და ა.შ.

„ოცნება“ ბოლო ხანებში ზოგჯერ მიმართავს გულუბრყვილო, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის დამაჯერებელ არგუმენტს, თითქოს მისი შეცდომები გამოწვეულია არა უუნარობით, არამედ „ნაცმოძრაობის“ ხრიკებით

ამ ვერსიებს ძირითადად სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. შეიძლება ვიღაც დააჯერონ, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ პოტენციურ მომხრეს კარგავენ, რადგან ეს მართალიც რომ იყოს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ ადმინისტრირების უნარის დეფიციტი აქვთ.

მოკლედ, „ოცნება“ ცდილობს მესამე ვადით შეინარჩუნოს ხელისუფლება. სამი ვადა კრიტიკული იყო წინამორბედი ორი ხელისუფლებისათვის. ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებასთან დაკავშირებულ რეალურ პრეტენზიებთან ერთად ჩნდება კონკრეტული ხელისუფლებით დაქანცულობაც და იმის შიშიც, რომ ხელისუფლება თანდათან ყველა სახელმწიფოებრივ ბერკეტს ეუფლება. მოკლედ რომ ვთქვა, თავისუფლების ინსტიქტი იწყებს მუშაობას.

„ოცნება“ ცდილობს მესამე ვადით შეინარჩუნოს ხელისუფლება. სამი ვადა კრიტიკული იყო წინამორბედი ორი ხელისუფლებისათვის

მეორე მხრივ, ოპოზიციური სპექტრი ჰგავს კალეიდოსკოპს, რომელშიც სხვადასხვა სურათები იხატება, მაგრამ არსებითი იგივე რჩება. სიტუაცია 2010-2011 წლებს ჰგავს. ხელისუფლებისათვისაც და „ნაცმოძრაობისთვისაც“ ასეთი ვითარება ხელსაყრელია.

ოპოზიციური სპექტრი ჰგავს კალეიდოსკოპს, რომელშიც სხვადასხვა სურათები იხატება, მაგრამ არსებითად იგივე რჩება. სიტუაცია 2010-2011 წლებს ჰგავს. ხელისუფლებისათვისაც და „ნაცმოძრაობისთვისაც“ ასეთი ვითარება ხელსაყრელია

სააკაშვილმა იგრძნო ეს და ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირება თემა შემოაგდო, რათა ამით თავისთვის მომგებიანი შფოთი გამოიწვიოს და ძველ, ლიბერალ მოკავშირეებთან ასოცირებისაგან გათავისუფლდეს.

„ლელო“ სულ ორიოდე კვირის გამოჩენილია, ახლაღა იკრებს ძალებს და ჯერ პროცესებზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს. ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს, რომ ამ მოძრაობის მთელი ენერგია სამართლებრივ დავაზე იქნას გადართული.

- თქვენ ოპოზიციურ ძალებს შორის იდეოლოგიურ ნიადაგზე დაწყებულ კამათზე საუბრობთ. უფრო სწორად იმაზე, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ორთოდოქსულ და კონსერვატიულ ელექტორატზე დაეწყო მუშაობა.

თქვენ როგორ აღიქვით „ქართული ოცნების“ ძირითად ოპონენტებად მიჩნეულ „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური-რელიგიური დისკუსია?

- სააკაშვილს პოლიტიკურ ინსტიქტს ვერ დაუწუნებს ადამიანი. მას შემდეგ, რაც თანამედროვე ლიბერალიზმს კრიზისი დაუდგა და პოლიტკორექტულობის ჩიხში აღმოჩნდა, კონსერვატიული გამოცოცხლება აშკარაა. ტრამპის ცოტა ხნის წინანდელი განცხადებაც გაიხსენეთ, როდესაც აქცენტი ნაციონალურ იდეაზე გააკეთა.

თუ გახსოვთ, ამ რამდენიმე წლის წინ ვთქვი თქვენთვის მოცემულ ინტერვიუში, რომ დასავლეთში ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ნაციონალიზმის გამოცოცხლება და მოჰყვა კიდეც.

სრულიად ასევე მოჰყვა 90-იანი წლების დასაწყისში ისტორიის დასასრულის გლობალისტურ იდეას რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და რელიგიური ნაციონალიზმის გამოცოცხლება.

სააკაშვილი სწორედ ამ ტალღაზე ცდილობს მოქცევას. მან ახლაღა აღიარა, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა შეუძლებელია იმ რამდენიმე ფუნდამენტური იდეის გარეშე, რომელსაც აქ, ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ.

სააკაშვილმა ახლაღა აღიარა, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა შეუძლებელია იმ რამდენიმე ფუნდამენტური იდეის გარეშე, რომელსაც აქ, ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ

„ნაცმოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული წრეების ზერელე პროგრესიზმს შედეგად ის მოჰყვა, რომ კონსერვატიზმის ისეთმა ფორმებმა წამოჰყვეს თავი, რომლებიც თითქოს უკვე დიდი ხანია, აღარსად გვეგულებოდა. ჰოდა, ამით სასწაფოდ ისარგებლა რუსულმა მხარემ და თავი ამ პათეტიკურ რელიგიურ ნაციონალიზმს ბუნებრივ მოკავშირედ შესთავაზა.

„ნაცმოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული წრეების ზერელე პროგრესიზმს შედეგად ის მოჰყვა, რომ კონსერვატიზმის ისეთმა ფორმებმა წამოჰყვეს თავი, რომლებიც თითქოს უკვე დიდი ხანია, აღარსად გვეგულებოდა. ჰოდა, ამით სასწაფოდ ისარგებლა რუსულმა მხარემ და თავი ამ პათეტიკურ რელიგიურ ნაციონალიზმს ბუნებრივ მოკავშირედ შესთავაზა

- ინტერვიუს ჩაწერამდე საუბისას თქვენ გამოთქვით ვარაუდი, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ღირებულებითი და იდეოლოგიური ქაოსი შეინიშნება, ახლა საქართველოში დიდია ახალი ქართული ნაციონალიზმის გაჩენის ალბათობა.

მეტიც, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებობდნენ ნაციონალიზმის იდეის მატარებელი ადამინები, რომლებიც ელიან კიდეც ასეთი იდეოლოგიის გაჩენას.

გასაგებია, რომ თანამედროვე მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები ხდება. ევროპა ულტრამემარჯვენეობისკენ იხრება, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკა საკმაოდ მკაფიოა და ჩვენ სამდურავი ჯერ არც არაფერი გვაქვს, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკით თავად აშშ-ში არიან უკმაყოფილო ძირითადი პოლიტიკური ძალები.

თქვენი დაკვირვებით, ასეთ ფონზე რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოში ახალი ქართული ნაციონალური იდეის გაჩენა და რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს მას?

- ეროვნული იდეის ის ფორმები, რომლითაც ჩვენ 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე „ისტორიაში დავბრუნდით“, არაადეკვატური აღმოჩნდა, თუმცა კი ხშირად დღესაც ეროვნული იდეა იმავე კონტურებში გვესმის.

ეროვნულ იდეას ჩვენ ხშირად ერთგვარ პათეტიკურ თეატრალურ წარმოდგენებთან ვაიგივებთ, თავისი წარსულის ილუზიებით და მისი წყალობით ერთგვარ ნარკოტიკულ თრობაში აღმოვჩნდებით ხოლმე.

ეროვნულ იდეას ჩვენ ხშირად ერთგვარ პათეტიკურ თეატრალურ წარმოდგენებთან ვაიგივებთ, თავისი წარსულის ილუზიებით და მისი წყალობით ერთგვარ ნარკოტიკულ თრობაში აღმოვჩნდებით ხოლმე

სამყარო, თურმე, უკიდურეს სიფხიზლესა და ძალისხმევას მოითხოვდა ჩვენგან და არა ილუზიებითა და ფანტაზიებით თრობას. ამგვარი პატრიოტიზმით თრობა მხოლოდ რუსული იმპერიის შემადგენლობაში ყოფილა შესაძლებელი, როდესაც მხრებზე არ გაწევს საკუთარი სასიცოცხლო გარემოსა და სახელმწიფოს აგების ტვირთი.

ასე აღმოჩნდნენ მოკავშირეთა მდგომარეობაში ქართული აბსტრაქტული და პათეტიკური პატრიოტიზმი და რუსული ნეოიმპერიალიზმი.

წლების განმავლობაში ამგვარი პატრიოტიზმის ერთადერთი ალტერნატივა ლიბერალიზმი იყო, რომელმაც, საუკეთესო ქართული ტრადიციისამებრ, იოლად მიიღო ექსტრემისტული ფორმები და მთელი მსოფლმხედველობრივი პროცესები ჩვენს სივრცეზე დღემდე ამ ორის დაპირისპირებაში თამაშდება. სწორედ ეს უნაყოფო იდეოლოგიური ბრძოლა გახლავ საუკეთესო ნიადაგი, რათა აღსრულდეს რუსული ოცნება და ჩვენს მოქალაქეს დამოუკიდებლობის მიმართ უიმედო განწყობა, დამოუკიდებლობით დაქანცულობა გაუჩნდეს.

ამგვარი პატრიოტიზმის ერთადერთი ალტერნატივა ლიბერალიზმი იყო, რომელმაც, საუკეთესო ქართული ტრადიციისამებრ, იოლად მიიღო ექსტრემისტული ფორმები... სწორედ ეს უნაყოფო იდეოლოგიური ბრძოლა გახლავ საუკეთესო ნიადაგი, რათა აღსრულდეს რუსული ოცნება და ჩვენს მოქალაქეს დამოუკიდებლობის მიმართ უიმედო განწყობა, დამოუკიდებლობით დაქანცულობა გაუჩნდეს

ჩვენი ინტელექტუალების აქტიურმა ნაწილმა, სწორედ მათ, ვინც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობის გამო პასუხისმგებლობას კისრულობდა, პატრიოტული რიტორიკა, როგორც „მოძველებული“, სრულიად დაუდევრად და შედეგების გაუთვალისწინებლად გადააბარეს პრორუსულ ძალებს ისე, რომ ეროვნული იდეის ალტერნატივა არ შეუთავაზებიათ უბრალო ადამიანებისათვის, პირიქით, რუსეთის გარეშე ყოფნა ამ უკანასკნელისათვის იდენტობის დაკარგვის ტოლფასად აქციეს.

ამ თემაზე უკვე წლებია, ჩვენში ლაპარაკობენ და ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, ამას ალღო აუღო, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილია. სამწუხაროდ იმიტომ, რომ მისთვის ეს მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია ელექტორატის მოსაზიდად და მეტი არაფერი.

ამ თემაზე უკვე წლებია, ჩვენში ლაპარაკობენ და ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, ამას ალღო აუღო, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილია. სამწუხაროდ იმიტომ, რომ მისთვის ეს მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტია ელექტორატის მოსაზიდად და მეტი არაფერი

რას შეიძლება ნიშნავდეს ეროვნული იდეა „აქ და ახლა,“ იმ სამყაროში, რომელშიც აღმოვჩნდით უკვე თითქმის 30 წელია? როგორ უნდა შევძლოთ, რომ არც გლობალურ სამყაროს გავექცეთ, რადგან ეს გაქცევა, არსებითად, ისევ დიდი იმპერიის ეგზოტიკურ დანამატად ქცევას ნიშნავს და არც ჩავიკარგოთ გლობალურ სამყაროში. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავი დავაღწიოთ პრეტერისტული - წარსულზე მიმართული ილუზიების ნარკოტიკს და „აქ და ახლა“ შევუდგეთ დამკვიდრებას.

ამ კითხვას პასუხი უნდა გავცეთ, თუ გვსურს გადავრჩეთ და ჩვენი კულტურისა და სულიერების სხეული - ქართული სახელმწიფო შევინარჩუნოთ და ამ კითხვაზე პასუხში უნდა დაიბადოს ჩვენი ეროვნული იდეა „აქ და ახლა.“ შეიძლება ვილაპარაკოთ ახალ ქართულ კონსერვატიზმზე და ამას არაფერი ან თითქმის არაფერი აქვს საერთო ამერიკულ ნეოკონსერვატიზმთან.

რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან გულუბრყვილობა იქნება, რომ ასე ხელდახელ მოვხაზო ეროვნული იდეის კონტურები. მხოლოდ, ჩემი აზრით, სრულიად ცხად რამდენიმე გარემოებას შევეხები.

გულახდილად გავიხსენოთ, რომ ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობა ეთნიკური ნაციონალიზმის აგრესიული ფორმებით დაიწყო, რითაც მავანმა იდეოლოგებმა ახალი ქართული სახელმწიფოთი არაქართული მოსახლეობა შეაშინეს.

მაშინ ძალიან გამოუცდელები ვიყავით და კრიტიკულად დიდ ნაწილს არ ესმოდა, რომ სახელმწიფოს აშენებს არა რაიმე ეთნოსის ეგზემპლარი, არამედ მოქალაქე და რომ საკუთარი თავით სიამაყე არ ნიშნავს, ყველა სხვა მეორეხარისხოვნის მდგომარეობაში დააყენო. ცნება „ქართველი“ მოქალაქეობრივ შინაარსს მოკლებული აღმოჩნდა და ეს ინერცია დღემდე გრძელდება.

ცნება „ქართველი“ მოქალაქეობრივ შინაარსს მოკლებული აღმოჩნდა და ეს ინერცია დღემდე გრძელდება

ჩვენი ახალი ისტორია არ დაგვიწყია იმით, რომ მთელი ჩვენი ადამიანური რესურსები აგვემუშავებინა - ის მაინც, რაც საბჭოთა ეპოქის შემდეგ შეგვრჩა. დღემდე უგულებელყოფილი გვაქვს ნიჭიერი და მშრომელი მოსწავლეებისა და სტუდენტების, უნარიანი პედაგოგების, თავისი საქმის მცოდნე ადამიანების, იმ ემიგრანტების ბედი, ვინც უცხოეთში ჩვენი ქვეყნისათვის ესოდენ საჭირო ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს.

დღემდე ჩვენი ცხოვრების პარალიზებას ახდენს ფეოდალური ნეპოტიზმის სისტემა, როდესაც წარმატებას განაპირობებს არა ცოდნა და უნარი, არამედ აგრესიული უმეცრება და (ხშირად კორუფციული) კავშირები.

დღემდე მცოდნე და უნარიან ადამიანებს ლამის მთელი ცხოვრების განმავლობაში დასდევთ გრძნობა, რომ არავის არსად დაჰკარგვიან. ამის ნაცვლად, ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს დაუფლებიან დიდი ფეოდალები, რომელთა უარყოფითი როლი განუზომლად დიდია. ჩვენ ჯერაც ვერ დავამკვიდრეთ სამართლიანობა, როგორც კრიტერიუმი არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ ყოფაში, ცხოვრების ყველა სფეროში.

დღემდე ჩვენი ცხოვრების პარალიზებას ახდენს ფეოდალური ნეპოტიზმის სისტემა, როდესაც წარმატებას განაპირობებს არა ცოდნა და უნარი, არამედ აგრესიული უმეცრება და ხშირად კორუფციული კავშირები... ჩვენ ჯერაც ვერ დავამკვიდრეთ სამართლიანობა, როგორც კრიტერიუმი არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ ყოფაში, ცხოვრების ყველა სფეროში

ამ ჩამონათვალის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. სწორედ ყველაფერი ამის წინააღმდეგ პროტესტი იგრძნობოდა ზაფხულში ახალგაზრდების გამოსვლის დროს, სანამ პოლიტიკურმა წრეებმა ეს პათოსი თავისი მიმდინარე პოლიტიკური ინტერესებით არ გადაფარეს, ხოლო ხელისუფლებამ პრაიდი-ანტიპრაიდის დაპირისპირების ერთგვარ გაგრძელებად არ შემოგვთავაზა.

ყველაფერი ეს მე არ მომიგონია. ეს აზრები დღეს მთელს ჩვენს ატმოსფეროში ცირკულირებს და დარწმუნებული ვარ, მომავლის პერსპექტივა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ალღოს აუღებს ახალი ქართული ეროვნული იდეის კონტურებს, ვისაც არ შეეშინდება იმის თქმა, რომ ჩვენი სასიცოცხლო გარემო ყოველი ჩვენგანის ზრუნვის საგანია და არა მხოლოდ ხელისუფლებისა, რომ ეს ზრუნვა ხდება ყველგან, ყველაზე უმნიშვნელო ასპარეზზეც და არა მხოლოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე.

ვინც დაეყრდნობა იმ ადამიანებს, ვინც ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად მძიმე გარემოებებისა, შექმნეს ბიზნესი, წარმატებულები იყვნენ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში. სწორედ ასეთ ძლიერ ადამიანებს ძალუძთ ჩვენთვის ყინულმჭრელის როლის შესრულება. დღემდე მათ მხოლოდ პოლიტიკურ ფასადად ვიყენებთ.

ვინც დაეყრდნობა იმ ადამიანებს, ვინც ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად მძიმე გარემოებებისა, შექმნეს ბიზნესი, წარმატებულები იყვნენ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში. სწორედ ასეთ ძლიერ ადამიანებს ძალუძთ ჩვენთვის ყინულმჭრელის როლის შესრულება. დღემდე მათ მხოლოდ პოლიტიკურ ფასადად ვიყენებთ

ეროვნულ იდეას ემსახურები, როდესაც ყველაფერს აკეთებ, რომ მავანთა თავკერძოობამ, სიზარმაცემ, სისულელემ და გულითადობის ნიღაბს ამოფარებულმა უგულობამ ჩვენს ამ ადამიანურ კაპიტალს გზა არ გადაუღობოს და უცხოეთში არ განდევნოს ის, ხოლო უცხოეთში წასულს თავისი გულგრილობით უკან დაბრუნების გზები არ გადაუღობოს.

პატრიოტიზმია, როდესაც ზრუნავ, რომ შენი სასიცოცხლო გარემოს მთავარ პრინციპებად დიალოგი, თანამშრომლობა და სოლიდარობა იქცეს და არა ფეოდალური ვერტიკალი, რომელიც ადამიანურ კაპიტალს თრგუნავს.

დაბოლოს, პატრიოტიზმია, როდესაც ვზრუნავთ ისეთი გარემოს შექმნაზე, როდესაც წარმატების კრიტერიუმი იქნება არა თავკერძო, უზნეო სიყოჩაღე, არამედ შრომა და ნიჭიერება.

პატრიოტიზმია, როდესაც ზრუნავ, რომ შენი სასიცოცხლო გარემოს მთავარ პრინციპებად დიალოგი, თანამშრომლობა და სოლიდარობა იქცეს და არა ფეოდალური ვერტიკალი, რომელიც ადამიანურ კაპიტალს თრგუნავს

ყოველი ცალკეული ადამიანის პოტენციის ამუშავებას საგანგებოდ ვუსვამ ხაზს. ჩვენი პრობლემა არის არა მხოლოდ მცირერიცხოვნება, არამედ ის უყაირათობაც, რომლითაც ადამიანურ კაპიტალს ვექცევით.

ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში ათენში სულ რამდენიმე ათეული ათასი თავისუფალი მოქალაქე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველი ცალკეული ადამიანის შესაძლებლობათა გახსნის ისეთი მექანიზმები მუშაობდა, რომ ერთდროულად, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდა ერთი ათეული მაინც პიროვნებებისა, კაცობრიობის მთელს შემდგომ ცხოვრებაზე გავლენა რომ მოახდინეს და ბერძნები უზარმაზარი სპარსეთის დაწოლას არა მხოლოდ უძლებდნენ, არამედ იმარჯვებდნენ კიდეც.

ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ისე ცოტანი ვართ, თუ გონებისა და ზნეობის კანონებით ავაწყობთ ჩვენს ცხოვრებას და ყოველი ცალკეული ადამიანს ჩვენს ეროვნულ კაპიტალად ვაქცევთ.

არც ისე ცოტანი ვართ, თუ გონებისა და ზნეობის კანონებით ავაწყობთ ჩვენს ცხოვრებას და ყოველი ცალკეული ადამიანს ჩვენს ეროვნულ კაპიტალად ვაქცევთ

აუცილებლად უნდა დავამატო - პატრიოტიზმია, როდესაც ზრუნავ, რომ შენი ქვეყანა ფუნქციონალურად ჩაერთოს მსოფლიო ეკონომიკაში. ამ აზრით, ყველაზე დიდ ქართველ პატრიოტებად ის ადამიანები მიმაჩნია, ვინც სატრანპორტო დერეფნის განვითარებაზე იზრუნა და ზრუნავს და არა ისინი, ვინც „ნიკოოფსიიდან დარუბანდამდე“ უსაზრისო ოცნებებს მისცემია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს აბსტრაქტული პატრიოტიზმი და ეროვნული იდეა. მათ კონკრეტული, ეპოქალური შინაარსი აქვს. ჩვენი ეროვნული იდეა უნდა მეტყველებდეს არა მხოლოდ შოთას ენაზე, არამედ მეცნიერებისა, ბიზნესისა და ა.შ. ხომ ხედავთ, ერთხელაც არ მიხსენებია „ეროვნული ღირებულებები,“„ტრადიციები,“„გეოპოლიტიკური ორიენტაცია“ და ა.შ.

არ არსებობს აბსტრაქტული პატრიოტიზმი და ეროვნული იდეა. მათ კონკრეტული, ეპოქალური შინაარსი აქვს. ჩვენი ეროვნული იდეა უნდა მეტყველებდეს არა მხოლოდ შოთას ენაზე, არამედ მეცნიერებისა, ბიზნესისა და ა.შ.

თუ ჩვენს ცხოვრებას გონებისა და ზნეობის კანონების მიხედვით ავაწყობთ, არც ტრადიციები დაზიანდება და არც ეროვნული ღირებულებები. უბრალოდ, მათ აღარ ექნება ისეთი პათეტიკურად თეატრალური და გულახდილები თუ ვიქნებით, ყალბი სახე, როგორიც ხშირად ახლა აქვს.

თუ ჩვენს ცხოვრებას გონებისა და ზნეობის კანონების მიხედვით ავაწყობთ, არც ტრადიციები დაზიანდება და არც ეროვნული ღირებულებები. უბრალოდ, მათ აღარ ექნება ისეთი პათეტიკურად თეატრალური და გულახდილები თუ ვიქნებით, ყალბი სახე, როგორიც ხშირად ახლა აქვს

ცხადია, ყველაფერი ეს განსხვავდება ჩვენთვის კარგად ცნობილი უნაყოფო პატრიოტული რიტორიკისაგან.

ყველაფერი ეს მე არ მომიგონებია და ახალი არც არაფერი მითქვამს. ამ პრინციპებს წააწყდებით ყველგან, სადაც კი საზოგადოებამ თავისი ქვეყნისა და კულტურის ბედი ხელთ აიღო. გადავხედოთ სოციალურ ქსელებს და იოლად აღმოაჩენთ, რომ ადამიანები პოლიტიკური იდეოლოგიებისაგან სწორედ ამ პოზიტიურ, საქმიან, ენერგიულ და მომავალზე ორიენტირებულ რიტორიკას ელიან.

- სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით - „ოცნების“ წინაშე დგას ერთი ძირითადი პრობლემა - ახალი „მტრის ხატის“ მოძებნა... მომდევნო არჩევნებზე ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც „ევროპული საქართველო“ ცალ-ცალკე ვერ გაუწევს კონკურენციას „ქართულ ოცნებას"... თუ „ქართული ოცნება“ ღიად და მკვეთრად გააჟღერებს კონსერვატიულ დისკურსს, ის შეძლებს 2012 წლის ფენომენის გამეორებას“.

თქვენი აზრით, 2020 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ გააჟღერებს თუ არა კონსერვატიულ დისკურსს და სავარაუდოდ,რა კორექტივებს შეიტანს იგი მმართველი გუნდის, როგორც პარტიის იდეოლოგიაში ელექტორატის მობილიზებისათვის?

- ჯერჯერობით ის, რისკენაც „ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა, არ გახლავთ კონსერვატიზმი ამ სიტყვის ევროპული გაგებით. ამას ის ჰქვია, რასაც წეღან პათეტიკური პატრიოტიზმი ვუწოდე და ეს კარგად გამოჩნდა ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებულ ისტორიაში. ამგვარი იდეოლოგიური რესურსით საეჭვოა, რაიმეს მიაღწიონ.

რისკენაც „ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა, არ გახლავთ კონსერვატიზმი ამ სიტყვის ევროპული გაგებით. ამას ის ჰქვია, რასაც წეღან პათეტიკური პატრიოტიზმი ვუწოდე და ეს კარგად გამოჩნდა ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებულ ისტორიაში. ამგვარი იდეოლოგიური რესურსით საეჭვოა, რაიმეს მიაღწიონ

ამით მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს“ და სხვა რამდენიმე წვრილ დაჯგუფებას თუ წაართმევენ ხმებს. თანაც ამ ველზე კონკურენტიც გამოუჩნდათ მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც, დამიჯერეთ, თავისი დაუოკებელი ენერგიით შეუდგება მის დაკავებას.

„ოცნებას“ არასოდეს ჰქონია იდეოლოგიური ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა. მთელი იდეოლოგია ყველაფერი კარგის სურვილითა და „ნაცმოძრაობის“ წყევლით ამოიწურებოდა.

ამით მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს“ და სხვა რამდენიმე წვრილ დაჯგუფებას თუ წაართმევენ ხმებს. თანაც ამ ველზე კონკურენტიც გამოუჩნდათ მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც, დამიჯერეთ, თავისი დაუოკებელი ენერგიით შეუდგება მის დაკავებას

რაც შეეხება 2012 წლის განმეორებას, როგორც ჩანს, ბატონი ვალერიანი რაღაც სხვას გულისხმობდა და აღარ დააზუსტა. არა მგონია, მას სჯეროდეს, რომ მოხერხებული პრ- სვლებით და იდეოლოგიური მანიპულაციებით ვინმეს ისტორიის განმეორება ძალუძს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშკარად პროსუსული, ანაც რუსეთის მიმართ სიმპატიების გამომხატველი ფლანგი ძლიერდება. ასეთ ვითარებაში ოპოზიციურ ფლანგზე დაწყებული იდეოლოგიური დისკურსი სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს?

- პრორუსული ძალები ცდილობენ, შენიღბონ ის გარემოება, რომ რუსეთი ჩვენგან მოითხოვს არა პარტნიორობას, არამედ კაპიტულაციას. ყველა ჩვენგანს აქვს საშუალება, მოისმინონ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მიმართ რუს სტრატეგოსებს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების შემდეგ.

და თუ ვინმე ამის შემდეგ ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ამ ქვეყანასთან ჰარმონიული და მეგობრული ურთიერთობაა შესაძლებელი, არ მომერიდება ვთქვა, რომ ის შეგნებულად თუ შეუგნებლად მართალს არ ამბობს.

პრორუსული ძალები ცდილობენ, შენიღბონ ის გარემოება, რომ რუსეთი ჩვენგან მოითხოვს არა პარტნიორობას, არამედ კაპიტულაციას

ომიდან სულ თერთმეტი წელია გასული და ძალზე სამწუხაროა, რომ მავანი და მავანი ბედავს და პრორუსული სენტიმენტების გაღვივებას ცდილობს. მე მაინც მჯერა, რომ მათ არავითარი ისტორიული და პოლიტიკური პერსპექტივა არა აქვთ და რომ კაპიტულაციისა და ეგზოტიკური ნიღბის მდგომარეობაში დაბრუნების იდეოლოგიამ შეუძლებელია გაიმარჯვოს. ეს ჯგუფები ხელისუფლებაში მხოლოდ რუსეთის აშკარა ინტერვენციის შედეგად თუ აღმოჩნდებიან.

კაპიტულაციისა და ეგზოტიკური ნიღბის მდგომარეობაში დაბრუნების იდეოლოგიამ შეუძლებელია გაიმარჯვოს

რუსეთს ჯერაც ვერ მოუნელებია 2008 წლის ომისა და უკრაინის ომის საერთაშორისო შედეგები. ის რასაც ვუცქერთ, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მაინც, უმალ, ჩვენში საყრდენების შენარჩუნების მცდელობაა.

ბოლო ხანებში შეიმჩნევა პრორუსული სპექტრის ინტელექტუალებით გამდიდრების მცდელობა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს რესურსი დიდი არ არის.

- არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია. ამ თითქმის ერთ წელში შესაძლოა ბევრი რამაც შეიცვალოს. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ჩვენში, ვინც შესაშური თანმიმდევრობით იმეორებს მანტრას საერთო ევრო-ატლანტიკური ღირებულებების შესახებ, ვერ ხვდება, რომ ამ ღირებულებების დეფინიციის ირგვლივ თანამედროვე მსოფლიოში გაჩაღებულია ნამდვილი ჰიბრიდული, კონცეპტუალური მათ შორის სემანტიკური, ვერბალური, საინფორმაციო ომი და ამ ომში საქართველოც ჩართულია. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იმდენად გლობალურ ხასიათს ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ისინი ჩვენს შიდა პოლიტიკაზეც ჰპოვებენ ასახვას.

ვხედავთ, რომ ევროპასა და ამერიკას თავისი პრობლემები და გამოწვევები აქვთ. მიუხედავად ამისა, ისინი მეტ-ნაკლები წარმატებით ჩვენთვის მაინც იცლიან. ასეთ ვითარებაში, საქართველოსთვის საშინაო პოლიტიკაში ყველაზე მომგებიანი და წარმატებული როგორი იდეოლოგიური პოზიციების დაფიქსირება იქნებოდა ოპტიმალური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი?

- ევროატლანტიკურ სამყაროსთან კავშირი ჩვენთვის ცივილიზაციური არჩევანია და არა იდეოლოგიური ნორმა. იდეოლოგიები წარმავალია. ისინი ჩნდებიან, სახეს იცვლიან და ქრებიან. ეს არჩევანი ჩვენ, სულ მცირე, აღმაშენებლის ეპოქაში დავადასტურეთ, როდესაც დავითმა უარი თქვა ბიზანტიის სამეფო კარის მოხელის ტიტულზე და ჯვაროსნებთან დაამყარა კავშირი.

ევროატლანტიკურ სამყაროსთან კავშირი ჩვენთვის ცივილიზაციური არჩევანია და არა იდეოლოგიური ნორმა. იდეოლოგიები წარმავალია...იმის განცდა, რომ ჩვენ სწორედ დიდი ქრისტიანული სამყაროს შვილები ვიყავით, არასოდეს დაგვიკარგავს... დასავლეთიც არაერთგვაროვანია. ბევრი რამ არ მოგვწონს, მაგრამ ესაა ცოცხალი სამყარო, რომელიც გამუდმებით ვითარდება და ხვეწს თავის თავს

იმის განცდა, რომ ჩვენ სწორედ დიდი ქრისტიანული სამყაროს შვილები ვიყავით, არასოდეს დაგვიკარგავს. დღემდე იშვიათად თუ აქვეყნებენ ჩვენი მეფეების დასავლეთის ქვეყნების მმართველებთან მიმოწერას.

თუ საბჭოთა ეპოქაში ამ დოკუმენტების გამოუქვეყნებლობა რუსული იმპერიალისტური ინტერესებით აიხსნებოდა, დღეს ეს უკვე გაუგებარია.

დასავლეთიც არაერთგვაროვანია. ბევრი რამ არ მოგვწონს, მაგრამ ესაა ცოცხალი სამყარო, რომელიც გამუდმებით ვითარდება და ხვეწს თავის თავს.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო