ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2019

თადუმაძის სადიპლომო თრილერი სახინკლის პერსპექტივით

არსებობს თუ არა კიდევ ერთიანი დასავლეთი და ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს საქართველოს

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მუდმივად მცირდება - 200 ლარი 144 ლარის დონემდე ჩამოვიდა

* * *

თადუმაძის სადიპლომო თრილერი სახინკლის პერსპექტივით

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და ამავე დროს მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. თადუმაძეს დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაუსვეს. თუმცა მთავარი კითხვები მაინც მისი დიპლომის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხებოდა. მთავარი აქცენტები ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენას უკავშირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თადუმაძის სადიპლომო თრილერი სახინკლის პერსპექტივით - რა გაირკვა ბოლოს.

“სხდომის დასაწყისში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით მიმართა და მისი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის აღების საკითხით დაინტერესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა თადუმაძემ განმარტებები გააკეთა. “სკოლა დავამთავრე 1994 წელს და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. მაშინდელი კანონმდებლობით ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა, თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებიც მოთხოვნილი იყო ამ იურიდიული პირებისთვის. ეს ინსტიტუტი კი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. 1997 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლოთ ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა ნებისმიერი კურსი. მე ბუნებრივია, გამოვიყენე ეს შესაძლებლობა... 1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, ჩაეწერა ხუთწლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ბუნებრივია, ეს წლებით განისაზღვრებოდა”, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ, რომლის განმარტებით “რომ ჩაეწერათ 1994-98 წლები, მას ექმნებოდა პრობლემა, რადგან ხუთწლიანი ვადა არ ჩაეთვლებოდა და არ ექნებოდა იურიდიული საფუძველი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი შალვა თადუმაძეს სამი კურსელის დასახელება სთხოვა. მოგვიანებით კი 3 ლექტორის. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს. ბოკერიამ თადუმაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა “დღეს მოხვედით ნამეცადინები?” - დეპუტატმა ამით მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ნათქვამი მისივე ფრაზა გაახსენა - “თქვენ ხომ არ გგონიათ რომ აქ ნამეცადინები მოვდივარ?” “შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ. ბოკერია ასევე დაინტერესდა, თადუმაძეს მისი დიპლომის ინგლისური ტექსტი თუ აქვს წაკითხული და განაცხადა, რომ 20 სიტყვაში 10 შეცდომაა დაშვებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბოკერია აცხადებს, რომ იმ სამოქალაქო ჯგუფებმა, ვინც მისი დიპლომის მოპოვებით იყო დაინტერესებული ჯერ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს, სადაც უპასუხეს, რომ პერსონალური მონაცემებია და ვერ მისცემდნენ. ამის შემდეგ კი გენერალურ პროკურატურას მიაკითხეს, მათ კი უთხრეს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევაში არ მონაწილეობენ, ამიტომ მის დიპლომს არ მისცემდნენ. “მიმართეს იუსიტიციის სამინისტროს, რომელმაც საერთოდ არ გასცა პასუხი, ადვოკატთა ასოციაციამ უთხრა, ჩვენთან ძველი დოკუმენტები ნადგურდება და იმიტომ არ გვაქვსო”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შალვა თადუმაძემ კი უპასუხა, რომ ბოკერია არასწორ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც ბოკერიამ თადუმაძეს ურჩია, მასთან პოლიტიკურ დებატებში არ შევიდეს. თადუმაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს, საფიქრალი გაუჩნდება, დარჩეს თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე კი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება. გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რამდენი ადამიანი იყო მის ჯგუფში, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული. “ცოტა არ იყოს მეწყინა, მეგონა 10-20 კაცი იქნებოდა, ძალიან დიდი ფინანსურ ზარალში გადავარდები მე, მაგრამ რას ვიზამ, რაც ჩანაფიქრი მაქვს უნდა ავასრულო. ჯგუფელებს გვარს არ ასახელებთ და რომელ სახინკლეში დადიოდით ის მაინც თქვით”, - მიმართა რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ სახინკლეში არ დადიოდა”, - დასძენს გამოცემა.

“მინდა, მივმართო თქვენს კურსელებს, მეგონა იქნებოდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ თქვენ თქვით რამდენიმე ათეული. ალბათ, ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება. მაგრამ მე მთელ თქვენს ჯგუფს ვთავაზობ, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, მაგრამ ძალიან სამწუხარო პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ “ქართული ოცნების” პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლებიც. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სახლში ზის და სამსახურს ეძებს. დოლიძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ მმართველ პარტიაში მთავარი ფასეულობა კომპეტენცია და სამშობლოსადმი თავდადება არ არის, არამედ პიროვნული ერთგულება”, - წერს სტატიის ავტორი.

“საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე კი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, ვსაუბრობდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ შალვა თადუმაძე ან “ქართული ოცნება” აღიარებს დიპლომთან დაკავშირებულ პრობლემას, რადგან ამის აღიარება “ნიშნავს იმას, რომ მათ კანონის დარღვევით გაამწესეს თავის დროზე გენერალურ პროკურორად თადუმაძე. მთელი მმართველი პარტია უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ შალვა თადუმაძე საუკეთესო გენერალური პროკურორი იქნებოდა და ის სწორედ ის კადრი იყო, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას. ახლა მნიშვნელოვანია გვითხრას, ასე სწრაფად რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლოს უზენაეს სასამართლოში ან რატომ მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება. აქ საინტერესოა ისიც, რომ თადუმაძე არ არის ერთადერთი, მისი მოადგილე, ბატონი ვასაძეც გამოთქვამს სურვილს და ორივე ნომინირებულია პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ”,- განაცხადა სალაძემ, რომლის თქმით, რაც შეეხება დიპლომის ნაწილს, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ პროცესში”, - დასძენს სტატიისა ავტორი.

არსებობს თუ არა კიდევ ერთიანი დასავლეთი და ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს საქართველოს

“ბოლო პერიოდში ექსპერტები და საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ დასავლეთი ერთიანი აღარაა, ამათგან ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს აშშ-ს როგორც ლიდერის სახელმწიფოს ახლანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაორებული და ექსტრაორდინალური პოლიტიკის შედეგია, ხოლო ნაწილი კი დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების უთანასწორობას უკავშირებს, ეს დისბალანსი კი პირდაპირ ურტყამს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც საქართველო და უკრაინაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით არსებობს თუ არა კიდევ ერთიანი დასავლეთი და ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს საქართველოს / “საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას საგარეო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით”.

“ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ს პოლიტიკური საზოგადოება ორადაა გაყოფილი, მისივე თქმით, ერთი ნაწილი ნატოს გაფართოების და რუსეთის შეკავების მომხრეა, ხოლო ნაწილი კი მასთან პირდაპირი დიალოგის. “გეტყვით, თუ როგორი გაორებულია საქართველოსთვის დასავლეთის პოლიტიკა, დონალდ ტრამპი წინააღმდეგობრივი ფიგურაა - მაკეინის კონფერენცია, რომელიც სექტემბერში საქართველოში ჩატარდა, ეს იყო ამის ძალიან კარგი კლასიკური მაგალითი, იქ გამომსვლელი აშშ-ს მოქმედი თუ ყოფილი დიპლომატები ყველანი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ნატოს გაფართოება უნდა გაგრძელდეს და ამ გაფართოების კანდიდატი საქართველო უნდა იყოს და აშშ-ს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში შეუვალი იყოს. ამ კონფერენციის ფარგლებში ბერნი სანდერსის ინტერვიუში იმდენად საინტერესო ინფორმაციები იყო, რომლებიც ჩვენ სხვა წყაროებიდან არ გაგვიგია - სანდერსი ამბობს პირველი იმას, რომ განიხილებოდა საერთო ავიაბაზის საკითხიო, მაგრამ ინტერვიუდან არ ჩანს - ეს აშშ-საქართველოსა თუ, ნატო-საქართველოს ერთობლივ ავიაბაზაზე საუბრობს”, - ამბობს ლაგაზიძე, რომლის თქმით არც ქართულ, არც ამერიკურ და არც ნატოს მხარეს ამაზე აქამდე ინფორმაცია არ მოუწოდებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველი ამერიკა” ძალიან აქტიურია საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც ნატოს გაფართოვების და რუსეთის შეკავების მომხრეა, ამას შესაძლოა ვუწოდოთ თავად აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ანტირუსული ფრთა, ხოლო მეორე ფრთა უშუალოდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისაა, თუმცა ახალი ადმინისტრაციაც ამაში ერთიანი არაა, ამას მოწმობს ადმინისტრაციის ძალიან ხშირი ცვლილებები, რომელიც სწორედ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ხდება. “მეორე აშშ” არის ისეთი, რომელიც ბევრს არ ახსოვს და ბევრს ეხამუშება, რომელიც დიდწილად უკრაინას ტოვებს რუსეთის ამარა - ტრამპისა და ზელენსკის საუბრიდან გამომდინარე, ტრამპი რამდენჯერმე პირდაპირ მიუთითებს, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგში უნდა დაჯდეს. ტრამპმა უკრაინას 250 მლნ-იანი სამხედრო დახმარება შეუჩერა, იგი ასევე ამბობს, რომ სირიიდან უნდა გავიდეთ, იმიტომ, რომ იქ ყოფნა ძალიან ძვირი გვიჯდებაო, მის ადმინისტრაციას კი საქართველოსთან მიმართებაში არც პოლიტიკა და სტრატეგია, არც გეგმა ჩამოყალიბებული არ აქვს და შესაბამისად არც ზედმეტად შეიწუხებს თავს საქართველოს დაცვით. ტრამპი თავად რუსეთთან დიალოგის მომხრეა, რუსეთთან გარკვეული დათმობები შესაძლოა ჩინეთის საპირწონედ გამოიყენოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

„რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკას მხარს ღიად უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც ფაქტობრივად გამოვიდა, როგორც რუსეთის მთავარი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ შტაინმაიერის ფორმულა სხვა არაფერია, თუ არა, უკრაინის რუსეთზე მიბმის ფორმულა, - იმ პირობით აბრუნებენ დონბასს და ლუგანსკს უკრაინის შემადგენლობაში, რა პირობებიც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ეს ორი რეგიონი უკრაინისთვის იქნება ნელი მოქმედების მუდმივი ნაღმი, თავისი მრავალმილიონიანი პრორუსული ამომრჩევლით, ეს იქნება რუსეთის საბელი უკრაინის ხელზე, ამ ფორმულას რუსეთი შტაინმაიერის ხელით ლობირებს... ტრამპის გაორებულ პოლიტიკას ამყარებს სირიის მაგალითიც: ქურთები ძალიან დიდი ხანია, რაც აშშ-ს მოკავშირეებად ითვლებიან, მათ შორის სირიის კონფლიქტშიც სახმელეთო ოპერაციებს ქურთები ახორციელებდნენ, ტრამპმა ქურთები მიატოვა და სირიაში თურქებს შეატოვა, იმისათვის, რომ თურქეთისთვის გზა გაეხსნა, ამერიკამ ქურთებით დასახლებული ტერიტორიებიდან თავისი შეიარაღებული ფორმირებები გაიყვანა”, - განმარტავს ექსპერტი.

“როგორც კი ტრამპს ამაზე წინააღმდეგობები შეხვდა, გუშინ დილით ტვიტერზე დაწერა ამ შინაარსის პოსტი, რომ ის თურქეთს ემუქრება პირდაპირი ეკონომიკური განადგურებით, თუ თურქეთი “დაუკრეფავში” გადავა, ტრამპი თვითონაა ძალიან გაორებული და არაორდინალური ფიგურა, ამიტომაც, აშშ-ს პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში ერთგვარად გაორებულია. ამას განაპირობებს ის, რომ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილისთვის ტრამპი დღემდე უცხო სხეულია, ამიტომაც მისი მოქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის ლიბერალურ ფრთასთან, როდესაც გაორებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ულტრალიბერალებსა და ულტრაკონსერვატებს შორის არსებული კონფლიქტი, რომელმაც ფაქტობრივად მთელი დასავლეთ-სამყარო მოიცვა, მათ შორის აშშ, ცენტრალურ თუ აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპის ქვეყნები. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ორ დასავლეთზე, იგივე ორ აშშ-ზე, ასეთი კონტრასტული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ხედვები დასავლეთის და ამერიკის პოლიტიკას დიდი ხანია არავის ახსოვს”, - დაასკვნის ლაგაზიძე.

“შტაინმაიერის ვიზიტის შემდგომ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მისი ხელით უკრაინისნაირ “საბელს” შესაძლოა საქართველოსთვისაც ამზადებდეს და ზუსტად ისეთი გაორებული, გაუთვლელი, გაუწონასწორებელი თუ ექსტრაორდინალური პრეზიდენტის პირობებში, როგორიც ტრამპია, ყველაფერია მოსალოდნელი, ისიც, რომ საქართველო გარკვეული დროით დატოვონ რუსეთის გავლენის ველში. ევროპაში, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, რუსეთის მიმართ ერთგვარი კაპიტულანტური განწობა მაინც შეინიშნება, ეს შეუძლებელია არ აისახებოდეს საქართველოსთან მიმართებაში, ამიტომ ძალიან რთულ ფაზაში შვდივართ. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ ერთ ხმაში ამტკიცებდნენ, რომ შეხვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაცია იყოო, ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ტრამპის პირიდან ანალოგიური რამ მოვისმინეთ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთთან დიალოგზე, არ გამოვრიცხავ რომ იგივე დამოკიდებულება აქვს ტრამპს საქართველოსთან მიმართებაშიც. ყველაზე ცუდი კი რაც შეიძლება იყოს, ეს არის საქართველოს რუსეთთან ერთი-ერთზე დატოვება” - მიიჩნევს რესპონდენტი.

“რადგან ასეთი ცვალებადია აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდ უდგას საგარეო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში 2020 წლის არჩევნებზეც. ჩვენ გვახსოვს, რომ ორი ვადის მეტი საქართველოს ხელისუფლებაში არც ერთ პარტია არ დარჩენილა და ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა დასავლეთს ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის განწყობით და ნებას დასავლეთ მხარს უჭერდა, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და ძალისმიერი მეთოდებით არ დარჩენილიყო. რა იქნება საქართველოში 2020-ში, ამაზე პასუხი არავის არ აქვს, არა იმიტომ, რომ საზოგადოების განწყობა შეიცვალა და ძალიან უნდათ “ოცნების” ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთს შესაძლოა არც კი ანაღვლებდეს ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში” - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

“ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძემ დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობა, ევროპის კუთხით განიხილა, მისი თქმით, ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განსხვავებული რეალობის გამო, ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში არაა, ამიტომაც, ერთიან პოზიციას ვერ აყალიბებენ. “დასავლეთში, ევროკავშირის ქვეყნებს თუ ვიგულისხმებთ, მათ შორის კონსესუსის მიღწევა მარტივი არაა იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ბევრ რამეში თანხვედრაში არაა ხოლმე, თუნდაც იგივე რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანას უჭირს ხოლმე, რომ სანქციები გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროკავშირში არიან, განსხვავებული რეალობის და განსხვავებული უსაფრთხოების რისკების წინაშე დგანან და ალბათ ეს გავლენას ახდენს იმაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ყველაფერზე ერთიანი პოზიცია არა ქვთ ხოლმე. თუმცა, არის საკითხები რაზეც ისინი კონსესუსს აღწევენ, რაც დადებითი ფაქტია, თუნდაც იგივე რუსეთისთვის სანქციებთან დაკავშირებით. „ევროპის ერთიანი პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ არ დავრჩებით ერთი-ერთზე დიდი გამოწვევების მიმართ”, - აცხადებს ჩხიკვაძე, რომლის თქმით, “ჩვენთვის ძნელი იქნებოდა ევროკავშირის ქვეყნების განსხვავებული პოზიციების შემთხვევაში, რომ ჩვენ ის დეოკუპაციის პოლიტიკა გაგვეტარებინა, რასაც დღეს ვატარებთ”, - წერს სტატიის ავტორი.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მუდმივად მცირდება - 200 ლარი 144 ლარის დონემდე ჩამოვიდა

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 6-7%-ით შემცირდა. რეკორდულად გაუფასურებულმა ლარმა და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოსახლეობის გადახდისუნარიანობას დიდი პრობლემები შეუქმნა. სექტემბერში ინფლაცია დაგეგმილზე მეტად გაიზარდა და 6.4%-ს მიაღწია. სპეციალისტები კი უფრო საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვსაც მიაღწიოს. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ეს ფაქტია. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დღითი დღე მცირდება და მათი განკარგვადი შემოსავალი სულ უფრო ნაკლებია. ამის პარალელურად, თუკი ინფლაციის მაჩვენებელსაც გავითვალისწინებთ, რომელიც წინა თვეში ნახტომისებურად გაიზარდა, ვითარება უფრო დრამატული ხდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მუდმივად მცირდება - 200 ლარი 144 ლარის დონემდე ჩამოვიდა.

“მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილი გაძვირებულმა ფასებმა, სასესხო ვალდებულებებმა და მათ შორის, აზარტულმა თამაშებმაც შეამცირა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საგანგაშო მაჩვენებლებზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და განკარგვადი შემოსავალი საკმაოდ დაბალია. ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე სტატისტიკაშია ასახული. “სამომხმარებლო ფასების ინდექსი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მცირდება ფულის ერთეულის მსყიდველუნარიანობა. მაგალითად, თუ ფასები გაიზარდა 10%-ით, ეს ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობას დაახლოებით 91%-ს მივიღებთ. შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა დაახლოებით 9%-ით იქნება შემცირებული. ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, მხედველობაში მისაღებია, რომ ყველაზე სწრაფად იზრდება პირველადი მოხმარების საქონლის ფასი, მათ შორის სურსათი. სურსათის ფასების მატება თითქმის 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი. ამიტომ, სამომხმარებლო ფასების ოფიციალური ინდექსით გაანგარიშება არასწორ სურათს მოგვცემს”, - აცხადებს არჩვაძე, რომლის თქმით, “მდგომარეობა უფრო დრამატულია და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით იკლებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პური ფასი გაიზარდა 10-11%-ით, ხორცი - 12%-ით, რაც პირდაპირ მოქმედებს მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე. მოსახლეობას განკარგვადი სახსრები ფორმალურად რჩება სავალდებული გადასახადების და შენატანების შემდეგ. მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებით, რომ სესხების ოდენობა იზრდება, პროცენტის თანხა მატულობს, ამასთან, ბოლო წლებში მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ერთვება აზარტულ თამაშებში, ეს ნიშნავს, რომ განკარგვადი შემოსავალი კი არ იზრდება, პირიქით, უფრო მცირდება. ამ ყველაფერს სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელს თუკი დავუმატებთ, ორმაგი სენდვიჩის ფასებს მივიღებთ. ანუ, ერთი მხრიდან ფასები იზრდება, მეორეს მხრივ მატულობს მოსახლეობის მიერ სხვადასხვა დაწესებულებებსა და აზარტული თამაშის ობიექტებში გადახდილი თანხა. ამ ყველაფრით კი მოსახლეობის კეთილდღეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“ეკონიმისტი სოსო სიმონიშვილის აზრით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ინფლაცია ყოველწლიურად მეტად იზრდება. “თუკი 2012 წელს ადამიანს 200 ლარი ჰქონდა შემოსავალი და ყიდულობდა, გარკვეული რაოდენობის საქონელს (რასაც მოიხმარენ საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები), 2013 წელს ეს თანხა მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით შემცირდა, ხოლო 2014-ში კიდევ უფრო დაიკლო და დაახლოებით 144 ლარის დონეს გაუტოლდა. შემდეგ ცოტა მატება შეინიშნებოდა და შეიძლება ითქვას, რომ 200 ლარი თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ფართო სპექტრის საქონლის მიმართ 156 ლარის ფარგლებში მერყეობდა. პრაქტიკულად, ამ ხნის განმავლობაში თითქმის თავისი ფასის მეოთხედი დაკარგა. წლის დასაწყისისათვის 200 ლარი პრაქტიკულად მსყიდველუნარიანობით დაახლოებით უდრიდა 144 ლარს. წამლებისა და ჯანდაცვის კუთხით, 200 ლარი 142 ლარს უდრიდა, რაც ცხადია, კატასტროფაა. ეს დინამიკა კიდევ გაგრძელდა და დაჩქარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 15-20%-ით შემსუბუქდა ამ ჯგუფის მიმართ ეროვნული ვალუტა. ოთხწევრიან ოჯახებს, რომელსაც შემოსავალი აქვს 300-350 ლარი ფარგლებში, განკარგვადი შემოსავალი აღარ რჩებათ. იგივე ვითარებაა ოჯახებში, რომელთაც 500-600 ლარი აქვთ შემოსავალი. ის კი არა, 1000-1200 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახმა რომ შეძლოს დანაზოგის გაკეთება, პრაქტიკულად, ესეც კი შეუძლებელია”, - განმარტავს სოსო სიმონიშვილი, რომლის თქმით, “მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი აღარ რჩება”, - დასძენს გამოცემა.

“ლარის კურსი კი რეკორდულად უფასურდება და მას მიჰყვება ინფლაციაც. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა ეცემა. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აღნიშნავს, რომ ხალხსს შემოსავალი არ ემატება, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ძვირდება. “ოფიციალური სტატისტიკით, ინფლაციის მაჩვენებელი 6.4% გახდა. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა მინიმუმ 6.4%-ით დაცემულია. ეროვნული ბანკის მიერ, მინიმალური დარეზერვების მაჩვენებლის შემცირებამ, შესაძლოა, ოდნავ შვება მოგვცეს (როგორც მინიმუმ ლარი ისე აღარ გაუფასურდება) და შესაბამისად, ზეწოლა ინფლაციურ პროცესებზე შემცირდება. ამიტომ ჩემი ვარაუდი უფრო ოპტიმისტურია და წლის ბოლომდე მაქსიმუმ 7%-ს მიაღწევს ინფლაცია. მომცელიძის აზრით, მას ეეჭვება, რომ განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში რაიმე “დრამატული ცვლილება” მომხდარიყო - შემოსავლები შესაძლოა, იგივე დარჩა, უბრალოდ, მოსახლეობას საყიდელი პროდუქცია გაუძვირდა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო