ლევან დავითაშვილი თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თაფლის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დავითაშვილმა თაფლის სექტორის მრჩეველთა კომიტეტის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და იმ ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო თაფლის სექტორის განვითარების მიზნით ახორციელებს.

„ბოლო პერიოდში, თაფლის წარმოება 35%-ით გაიზარდა. ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების კარგი პოტენციალი გვაქვს. გამოწვევაა ბევრი საკითხი, მათ შორის, უვნებლობის, ვეტერინარიის და შესაბამისი თანამედრივე ცოდნის მიმართულებებით. ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თაფლი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდება. აღსანიშნავია, რომ მნიშველოვანი პროგრესი უკვე სახეზეა. საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობთ; ევროპის ბაზრებზე ექსპორტის უფლებაც მივიღეთ. სამომავლოდ, აქტიური ექსპორტის განხორციელების ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, როგორც კავკასიის ალიანსების პროგრამების ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლების დასწრება მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.

კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თავმჯდომარე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, ომბუდსმენის აპარატი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის წევრები, კერძო ლაბორატორიების წარმომადგენლები და თაფლის მწარმოებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" და „კავკასიის ალიანსების პროგრამა" იყვნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა