ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის

სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტებზე „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, სირიაში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა და გართულდა, რაც თურქეთმა ქურთებით დასახლებულ სირიის ნაწილში დაიწყო სამხედრო ოპერაცია.

მსოფლიოში ბევრი რამ საინტერესოც ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების საშუალებით სირიის ტერიტორიაზე თურქეთის მიერ დაწყებულ ოპერაციაზე ინფორმაცია ოპერატიულად ვრცელდება. ანკარა კი აცხადებს, რომ ტერორისტებს ებრძვის, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ მისი სამიზნე ამჯერად მხოლოდ აქა-იქ შემორჩენილი ტერორისტები სულაც არ არიან.

თქვენი დაკვირვებით ამ დროისათვის რა ვითარებაა საომარი მოქმედებების ზონაში? ვინ ვის მხარესაა და ვინ ვის და რისთვის იბრძვის?

- დავიწყოთ იმით, თუ რამ გამოიწვია ეს სამხედრო ოპერაცია. საქმე იმაშია, რომ თურქეთი ათეულობით წლის განმავლობაში ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ამ ბრძოლას დღემდე დაახლოებით 40 000 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოფიციალური ანკარა ამ ორგანიზაციის გაგრძელებად მიიჩნევს ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ პროქურთულ „ხალხთა დაცვის ნაწილებს“.

დასავლეთის ქვეყნები „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ კი განიხილავენ ტერორისტულ ორგანიზაციად, მაგრამ ასეთად არ მიიჩნევენ „ხალხთა დაცვის ნაწილებს“. უფრო მეტიც, სწორედ ამ ნაწილებზე დაყრდნობით ხდებოდა ბრძოლა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უთანხმოებაც დიდწილად ამ ორგანიზაციის მიმართ მათმა განსხვავებულმა მიდგომებმა და დამოკიდებულებამ გამოიწვია.

თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნას ჩრდილოეთ სირიაში, რომელსაც ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა - საზღვრიდან მოეშორებინა აღნიშნული ორგანიზაცია და აქ დაესახლებინა თურქეთს შეფარებული სირიელი ლტოლვილების ნაწილი, რომელიც დიდ ტვირთად აწევს თურქეთის ეკონომიკას.

დღემდე მათი რჩენა და პატრონობა ანკარას დაახლოებით 40 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო უცხოეთიდან ამ კუთხით მხოლოდ 3 მლრდ ევროს მიღება შეძლო ევროკავშირისგან.

დასავლეთის ქვეყნები „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ კი განიხილავენ ტერორისტულ ორგანიზაციად, მაგრამ ასეთად არ მიიჩნევენ „ხალხთა დაცვის ნაწილებს“… უფრო მეტიც, სწორედ ამ ნაწილებზე დაყრდნობით ხდებოდა ბრძოლა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უთანხმოებაც დიდწილად ამ ორგანიზაციის მიმართ მათმა განსხვავებულმა მიდგომებმა და დამოკიდებულებამ გამოიწვია

თურქეთმა ამ ეტაპზე შეძლო ტრამპის დათანხმება სირია-თურქეთის საზღვრაზე მდგომი ამერიკელი სამხედროების გაწევაზე, რის შემდეგაც ა.წ. 9 ოქტომბერს დაიწყო სამხედრო ოპერაცია. თურქეთის მხარეს ასევე იბრძვიან სირიის პროთურქული ძალები, რომლებიც გაერთიანებული არიან ე.წ. „სირიის ეროვნულ არმიაში.“

რამდენადაც რეგიონში დისლოცირებულმა ამერიკულმა და ფრანგულმა ნაწილებმა გასვლა დაიწყეს და პროქურთულმა „ხალხთა დაცვის ნაწილებმა“ ვერ შეძლო თურქული ნაწილების შეჩერება, პროქურთულმა ნაწილებმა მოიწვის ასადის რეჟიმის ძალები და რუსები, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე შედიან სამხრეთიდან ჩრდილოეთ სირიაში.

ასადის მხარესაა ასევე ირანი და პროირანული ძალები, რომლებიც უკვე წლებია იბრძვიან სირიის ტერიტორიაზე. ამ მომენტისთვის დინამიურად ვითარდება მოვლენები და ყოველ წუთს მოსალოდნელია ცვლილებები სირიასა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებში.

რამდენადაც რეგიონში დისლოცირებულმა ამერიკულმა და ფრანგულმა ნაწილებმა გასვლა დაიწყეს და პროქურთულმა „ხალხთა დაცვის ნაწილებმა“ ვერ შეძლო თურქული ნაწილების შეჩერება, პროქურთულმა ნაწილებმა მოიწვის ასადის რეჟიმის ძალები და რუსები, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე შედიან სამხრეთიდან ჩრდილოეთ სირიაში

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - ვინ რისთვის იბრძვის?

- დავიწყოთ ამერიკელებით. აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის მთავარი მიზანი იყო ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება, რაც ნაწილობრივ შეძლეს კიდეც. თუმცა, ჯიჰადისტების პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. გარდა იმისა, რომ ისინი სირიაში ტერიტორიებსაც აკონტროლებენ, მათი ნაწილი იატაკქვეშეთშია გადასული და იქიდან განაგრძობს ბრძოლას.

თურქეთის მიზანი სირიის კონფლიქტის დაწყებისას ასადის რეჟიმის შეცვლა იყო, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის ჩარევის შედეგად, ეს მიზანი შეიცვალა და ძირითადად ე.წ. „ბუფერული ზონის“ ჩამოყალიბებაზე კონცენტრირდა.

რუსეთის მიზანია ასადის რეჟიმის სახით საკუთარი მარიონეტის შენარჩუნება სირიაში. იგივე მიზანი აქვს ირანსაც. ოღონდ, მოსკოვი და თეირანი სირიაში ერთმანეთის კონკურენტებიც არიან. ორივეს სურს უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს დამასკოზე.

თურქეთის მიზანი სირიის კონფლიქტის დაწყებისას ასადის რეჟიმის შეცვლა იყო, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის ჩარევის შედეგად, ეს მიზანი შეიცვალა და ძირითადად ე.წ. „ბუფერული ზონის“ ჩამოყალიბებაზე კონცენტრირდა

ცალკე მოქმედი აქტორია ისრაელი, რომელიც პერიოდულად ბომბავს ირანისა და მისი მომხრეების სამხედრო ბაზებს სირიის ტერიტორიაზე, რადგან შიშობს, ეს ტერიტორიები თეირანმა არ გამოიყენოს მის წინააღმდეგ შეტევებისთვის.

სამხედრო თვალსაზრისით ცალკე კარგად გამაგრებულ ანკლავს წარმოადგენს იდლიბის პროვინცია, სადაც თავი მოიყარეს როგორც სირიის ოპოზიციის, ისე „ალ-ქაიდას“ ადგილობრივი ორგანიზაციის მებრძოლებმა და რომლებიც სუნიტური ინტერესების დაცვისთვის იბრძვიან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. მათ უკან ძირითადად სუნიტური ქვეყნები მოიაზრებიან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯერაც სიცოცხლისუნარიანი ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ძალას უპირისპირდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ერთგვარი ომი „ყველა ყველას წინააღმდეგ“, რომელსაც 8 წლის განმავლობაში უკვე შეეწირა ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე, დასახიჩრებულია დაახლოებით 2 მლნ კაცი, და რომელიც უკვე იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს სირცხვილად.

მოკლედ რომ ვთქვათ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ერთგვარი ომი „ყველა ყველას წინააღმდეგ“, რომელსაც 8 წლის განმავლობაში უკვე შეეწირა ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე, დასახიჩრებულია დაახლოებით 2 მლნ კაცი, და რომელიც უკვე იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს სირცხვილად

- როგორც კი თურქეთმა ოპერაცია დაიწყო, იყო მოლოდინი, რომ ვაშინგტონი ანკარის შეჩერებას შეეცდებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როცა სირიის ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილს ისლამისტი ტერორისტები აკონტროლებდნენ, მათთან ბრძოლაში აშშ-ს მოკავშირეები სწორედ ქურთული შენაერთები იყვნენ, რომელსაც აშშ იარაღსაც აწვდიდა და ამერიკელი ინსტრუქტორები მათ წრთვნიდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა.

ამ თემაზე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები აშკარად ურთიერთგამომრიცხავიც კი იყო. თუ აშშ მხარს არ უჭერდა ანკარას სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში, მაშინ გაუგებარია, თუ რატომ განაცხადა მან სირიის ამ ზონიდან ამერიკული სამხედროების გაყვანის შესახებ.

ახლა ვხედავ, რომ ტრამპი ანკარას ეკონომიკური სანქციებითაც კი ემუქერება. ცალკე საუბრის თემაა ამ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დამოკიდებულება; მაგრამ, ჯერ ამერიკაზე შევჩერდეთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით სირიაში აშშ-ს მოქმედებას თუ უმოქმედობას და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სირიაში ამერიკის მიერ წარმოებული პოლიტიკა?

- ტრამპს ადრეც არაერთხელ განუცხადებია, რომ აპირებდა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას. თუმცა, მან ადრე ეს ვერ შეძლო, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა თავად აშშ-ში. საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდა პენტაგონს, კონგრესს, სენატს და უსაფრთხოების საბჭოს.

ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა იყო. ახლა შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და მან გადაწყვიტა, რომ მიცემული პირობის შესრულების დრო დადგა. როგორც დავინახეთ, აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში, მან თავისი გაიტანა.

ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა იყო. ახლა შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და მან გადაწყვიტა, რომ მიცემული პირობის შესრულების დრო დადგა. როგორც დავინახეთ, აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში, მან თავისი გაიტანა

შედეგად მივიღეთ ის, რომ აშშ და ზოგადად დასავლეთი, რადგან ამერიკელებთან ერთად გასვლა მოუწიათ ფრანგ და ბრიტანელ სამხედროებსაც, გადის რეგიონიდან და მის ადგილს რუსეთი იკავებს.

შედეგად, სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის.

- ბერლინმა და პარიზმა ანკარას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება თურქეთისათვის სამხედრო იარაღის მიწოდების აკრძალვაზე.

ნატოს წევრი თურქეთის ლიდერმა ერდოღანმა ჯერ ნატოსა და დასავლეთს ის უსაყვედურა, რომ ისინი მას მხარს არ უჭერენ ტერორიზმთან ბრძოლაში. ფაქტია, რომ ერდოღანის განცხადებებიც თანმიმდევრულ სულაც არაა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯერ იგი აცხადებდა, რომ ქურთი ლტოლვილების დაბრუნება სურდა სირიაში, ხან დასავლეთს იმით ემუქრება, რომ ქურთს დევნილების ევროპისკენ გაუშვებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით სირიის საკითხში ევროპის პოზიციასა და სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციისადმი დამოკიდებულებას?

- ევროპა უპირველეს ყოვლისა უფრთხის ლტოლვილთა ახალ ნაკადებს, რომელიც სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას.

მას ამ მხრივ ცუდი გამოცდილება აქვს, როდესაც რამდენიმე წლის წინ დაახლოებით ერთი მილიონი სირიელი ლტოლვილი მიაწყდა ევროპის ქვეყნებს, რომელთა შორის ზოგჯერ ძალზედ ძნელდება ზუსტად განსაზღვრო ვინაა რეალური ლტოლვილი და ვინ ლტოლვილის სტატუსს ამოფარებული პოტენციური ტერორისტი.

სირიიდან ლტოლვილთა ნაკადებმა კი სერიოზული პრობლემები წარმოშვა მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ამავე დროს ბზარი გააჩინა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. ევროპისთვის ძალზედ ძნელი იქნება ლტოლვილთა ახალ დიდ ნაკადებთან გამკლავება.

სირიიდან ლტოლვილთა ნაკადებმა კი სერიოზული პრობლემები წარმოშვა მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ამავე დროს ბზარი გააჩინა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. ევროპისთვის ძალზედ ძნელი იქნება ლტოლვილთა ახალ დიდ ნაკადებთან გამკლავება

ამავე დროს, მისთვის სულ ერთი არაა ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მისი დაცვა.

ამიტომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ევროპაში სირიასთან მიმართებაში მიიღება, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

- თუ ისევ სირიაში აშშ-ს პოლიტიკას დავუბრუნდებით. სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ საუდის არაბეთში აშშ-ს სამხედრო ყოფნას გააძლიერებს.

საუდის არაბეთი ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ვითარებაში, როცა სირიიდან დასავლეთი და აშშ გადიან, რუსეთი არა მარტო სირიაში სერიოზულად ძლიერდება.

ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ მთელი ვაშინგტონი არა, მისი გარკვეული ნაწილი ხელსაც კი უწყობს იმას, ახლო აღმოსავლეთში რუსეთმა მშვიდობისმყოფელის როლი მოირგოს?

- როგორც აღვნიშნე, ვაშინგტონში ბევრი ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ეწინააღმდეგება ტრამპის გადაწყვეტილებას სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არ შესუსტებულიყო აშშ-ს პოზიციები.

ბუნებას არ უყვარს სიცარიელე. ეს სიცარიელე ყოველთვის ივსება. იგივე წესი მოქმედებს საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ამ შემთხვევაში სირიაში შექმნილ სიცარიელეს ძირითადად ავსებს რუსეთი, რომელიც მშვიდობის მტრედის როლის შესრულებას ცდილობს.

თუმცა, მას ეს ბოლომდე არ და ვერ გამოუვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ავიაცია აგერ უკვე ოთხი წელია უმოწყალოდ ბომბავს სირიულ ქალაქებსა და სოფლებს, რასაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე ეწირება.

რეალურად, რუსეთმა სირიაში დიდი სასაკლაო მოაწყო და ამ ფონზე ცდილობს მსოფლიო მოთამაშისა და მშვიდობისმყოფელის მანტიის მორგებას, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია თავისი ისტორიის მანძილზე.

რეალურად, რუსეთმა სირიაში დიდი სასაკლაო მოაწყო და ამ ფონზე ცდილობს მსოფლიო მოთამაშისა და მშვიდობისმყოფელის მანტიის მორგებას, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია თავისი ისტორიის მანძილზე.

- ბევრი კი საუბრობს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციები ძლიერდება, მაგრამ როგორც ამას წინათ „ინტერპრესნიუსს“ რუსმა აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მალაშენკომ განუცხადა - რუსეთის ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ბაშარ ასადი, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი კომპრომისებზე წავა თურქებთან და ირანელებთან... სირიაში რუსეთი და ირანი მხოლოდ პარტნიორები კი არა, ერთმანეთის ძალიან სერიოზული კონკურენტები არიან. ირანი სირიაში ყოველწლიურად 13 მილიარდ აშშ დოლარს აბანდებს. ირანი სირიიდან არასდროს არ გავა“.

ცხადია, თურქეთსა და ირანს სირიაში ის ამოძრავებთ, რომ არ დაუშვან ქურთული სახელმწიფოს შექმნა. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ დანარჩენ მსოფლიოს ახლა ქურთების საკითხისთვის აშკარად არ სცალია.

ფაქტია ისიც, რომ სირიაში მართლაც ურთულესი ვითარებაა და თემაც ურთულესია. საკითხი კი ასე დგას - თუ იდლიბის პროვინციაზე ბაშარ ასადის კონტროლი დაწესდება დაიძრება თუ არა სირიიდან მილიონობით ქურთი და თუ დაიძრება სად წავა. თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- ძალზედ ძნელია პოლიტიკაში პროგნოზის გაკეთება. კიდევ უფრო ძნელია საბრძოლო მოქმედებების მიმართულების განსაზღვრა, რადგან ამ შემთხვევაში უამრავი ფაქტორი ერთვება საქმეში, რომელთა წინასწარ ცოდნა ფაქტიურად შეუძლებელია.

ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ისაა, რომ ლტოლვილები უკვე დაიძრნენ ძირითადად სამხრეთით, ასევე ერაყის ქურთისტანის მიმართულებით. თუმცა, გამორიცხული არაა, მათი ნაწილი ევროპისკენაც დაიძრნენ. სხვადასხვა ციფრები სახელდება. თუმცა, რეალურად ლტოლვილთა დასათვლელად ამ მომენტისთვის ალბათ არავის სცალია.

- ფაქტია, რომ ის, რაც სირიაში ხდება, არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ევროპისთვის, არამედ ჩვენთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. თუ აშშ-მ გაამკაცრა ანკარაზე ეკონომიკური ზეწოლა, ეს თურქულ ლირაზე აისახება, რაც თავისთავად ჰპოვებს ასახვას ჩვენს ლარზე.

გარდა ამისა, სულ მეტ აქტუალობას შეიძენს ჩვენივე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ის პროცესები, რომელიც ახლა სირიის ჩრდილოეთში ხდება, რა სავარაუდო საფრთხეების წინაშე აყენებს საქართველოს?

- აქ საფრთხეებს ჩენთვის ორი განზომილება აქვს: უსაფრთხოების სფერო და ეკონომიკა.

ჩრდილოეთ სირიაში შექმნილი არეულობით უკვე ისარგებლეს და ქურთების მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ციხიდან გაიქცნენ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, საუბარია 800 ადამიანზე, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთისკენ გაემართნენ. მოგეხსენებათ, იქ ტერიტორიულად ყველაზე ახლოს თურქეთია. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენია მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რამდენი ჩრდილოეთ კავკასიელი.

ჩვენ ცუდი გამოცდილება გვაქვს ახმედ ჩატაევსა და მის რაზმთან დაკავშირებით და ეს შესაძლოა, ისევ გამეორდეს. როგორც წესი, მებრძოლები ყოველთვის არ იბრძვიან, მათ სჭირდებათ ადგილი ძალების მოსაკრებად შემდგომში გადაჯგუფებისთვის. როგორც ჩატაევის შემთხვევაში ვნახეთ, ისინი ეძებენ სუსტ რგოლს და შესაძლოა, ასეთ სუსტ რგოლად განიხილონ საქართველო. საქართველოსთან ერთად, მსგავს სუსტ რგოლად განიხილება უკრაინაც. ამდენად, მათი ძირითადი მიმართულებები საქართველო და უკრაინაა, ვინაიდან ევროპაში რთულდება შესვლა.

გარდა ხსენებული 800 მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისა, სირიის ტერიტორიაზე, ქურთების მიერ კონტროლირებად ციხეებშია კიდევ 3 000-მდე მებრძოლი ოჯახის წევრებითურთ. მსოფლიო დგას საფრთხის წინაშე, ისინიც გაიფანტონ. ხოლო გაფანტვის შემდეგ რომელ მათგანს რა მოუვა თავში, რთული განსასაზღვრია.

ამ მებრძოლების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს - სპეცსამსახურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან დაიწყონ აქტიური კომუნიკაცია, რადგან როგორც უკვე ვთქვი, არ არის გამორიცხული, გაქცეულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

ამ მებრძოლების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს - სპეცსამსახურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან დაიწყონ აქტიური კომუნიკაცია, რადგან როგორც უკვე ვთქვი, არ არის გამორიცხული, გაქცეულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ

დასავლეთში სერიოზულად ფიქრობენ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. თუ სანქციები იქნება შემოღებული, მაშინ მოსალოდნელია, რომ გაუფასურდება თურქული ლირა, რომელიც ისედაც დევალვაციას განიცდის და წნეხის ქვეშაა.

ამას აუცილებლად მოჰყვება ქართული ლარის გაუფასურება, რადგან საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში და ისინი ხელფასს იღებენ თურქულ ლირაში. შესაბამისად, ისინი უფრო ნაკლები უცხოური ვალუტის შეძენასა და საქართველოში გამოგზავნას შეძლებენ.

არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ესეც მოახდენს გავლენას საქართველოზე.

ამასთან, ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელია, რადგან, როდესაც ეკონომიკას უჭირს, ბიზნესმენები, როგორც წესი, თავს იკავებენ ხოლმე ინვესტიციების განხორციელებისგან. ანუ, თუ თურქეთიდან ვინმე ინვესტიციას ფიქრობდა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამის შანსი ნაკლები იქნება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით