ჰესი „ხადორი 3“, რომლის მშენებლობის დაწყებასაც პანკისში დაპირისპირება მოჰყვა, შესაძლოა, სხვა ადგილზე აშენდეს

ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 3“, რომლის მშენებლობის დაწყებასაც პანკისში დაპირისპირება მოჰყვა, შესაძლოა, სხვა ადგილზე აშენდეს.

აღნიშნულის შესაძლებლობა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ჰესის მშენებელი კომპანიის, „ფერის“ დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა არ გამორიცხა და როგორც განაცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ხადორი 3“-ის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით პანკისელების 90 %-ის თანხმობას ვერ მოიპოვებენ.

მისივე განმარტებით, ნოემბრიდან შეეცდებიან მოსახლეობის დათანხმებას, რომ პანკისში 5-მეგავატიანი ჰესის აშენება, რომელიც მოსახლეობის პროტესტის გამოა შეჩერებული, აუცილებელია.

„მომავალი თვიდან გვექნება მცდელობა მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ ახსნის და იმედი გვაქვს, რომ დავარწმუნებთ და მოვიპოვებთ 90%-იან მხარდაჭერას. თუ ვერ შევძლებ, არ ვიცი, მერე, ალბათ, ადგილმდებარეობას შევცვლით. სახელმწიფოსთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ის პირობა, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის 90 %-ის მხარდაჭერა, ძალაშია,“ - განაცხადა იორდანაშვილმა.

ამასთან, „ფერის“ დირექტორმა კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომლებმაც, მისი თქმით, პანკისელები შეცდომაში შეიყვანეს და მოატყუეს.

„ადგილობრივები აყვნენ არასწორ ინფორმაციას და ტყუილს, თორემ როგორ შეიძლება მანდ ადამიანი ყოფილიყო რამის წინააღმდეგი? აბსოლუტურად უვნებელი პროექტია. არის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ ფასად აპროტესტებს ნებისმიერ ჰიდროენერგეტიკულ პროექტს. გაზის და თბო სადგურს თუ ააშენებ, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ, მთავარია ჰიდრო არ ააშენო და ხაზი არ გაიყვანო. „მწვანე ალტერნატივას“ პანკისის შემთხვევაში მიემატა EMC, რომელმაც ძალიან ცუდი როლი ითამაშა და იმაში რაც მოხდა, ლომის წილი მათი დამსახურებაა. 21 აპრილს, როდესაც მოსახლეობა გამოვიდა და აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას, თითოეულისთვის რომ გეკითხათ, რას აპროტესტებ და ქვას რატომ ისვრიო, გეტყოდნენ, რომ უნდათ ჩვენი გადასახლება, უნდათ ჩვენი ამოწყვეტა. ასე იმუშავეს, ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჰესი, რომელსაც სათავე ნაგებობაც კი არ გააჩნდა, არც ერთი კვადრატული მეტრი არ იტბორებოდა, არანაირად არ ვეხებოდით კერო საკუთრებას, პლუს უამრავი სოციალური ამბავი იყო ამ პროექტზე მიბმული,“ - განაცხადა იორდანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დაახლოებით ორი წელია, რაც კომპანია „ფერის“ პანკისში მდინარე ალაზანზე „ხადორი 3“-ის მშენებლობის ნებართვა მოპოვებული აქვს, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა, რაც, იორდანიშვილის თქმით, კომპანიასთან ერთად ქვეყანასაც აზარალებს.

„პროექტის გაჭიანურების შედეგად ზიანი საკმაოდაა, მხოლოდ ჩვენ კი არა სახელმწიფოსაც მიადგა ზიანი, რადგან მოუწია ფორსმაჟორში ელექტროენერგიის იმპორტი. მე რომ ვამბობ, რომ ჰესი ექსპლუატაციაში შევა ამა და ამ დღეს და კონკრეტული მოცულობის ელექტროენერგიას მივაწვდი სისტემას, ეს შედის ბალანსში, მაგრამ ჰესი რომ ვერ შენდება და ვერ ხდება მიწოდება, სახელმწიფოს უწევს მეზობელი ქვეყნებიდან ორმაგ ფასში ყიდვა. აქ იმაზე კი არაა საუბარი, რომ მე ზიანი მომადგა, ტექნიკა დამეწვა და ასე შემდეგ, ცოტა უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. საბოლოო ჯამში ზიანი ადგება ქვეყნის იმიჯს. საუბარია ინვესტიციაზე. ჯამში ძალიან დიდი იყო ზიანი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩემს წინააღმდეგ,“ -განაცხადა იორდანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი 5 მეგავატიანი ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარების გამწვავების შემდეგ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც იმ დროს შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მან ადგილობრივებთან საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება ამის მომხრე.

მდინარე ალაზანზე "ხადორი-3"-ს კომპანია „ფერი“ და მისი შვილობილი კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებენ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)