მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა  აიღოს მანდატი მთავრობისგან  და  დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ  ინვესტიციის განსახორციელებლად

ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტისგან, გადაფრინდეს ინვესტორებთან, გადასცეს მთავრობის სახელით წერილი და დაარწმუნოს ისინი, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალია, საქართველოს მთავრობის სახელით საერთაშორისო ინვესტორებს ეწვიოს წარმომადგენელი და დაარწმუნოს, რომ საქართველო მათ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროექტში ინვესტიციის განსახორციელებლად ელოდება.

„ანაკლია, როგორც მას უწოდებენ და ვუწოდებთ - საუკუნის პროექტი, ჩვენი ეროვნული ინტერესების პროექტი - თუ გვინდა, რომ გამოვიდეს, მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, გადავდოთ ყველამ კიდევ ერთხელ გვერდზე ნებისმიერი ამბიცია, და გამოსავალი აქედან არის ერთადერთი: მან უნდა აღიაროს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის გაუარესებული, არა თუ გაუარესებული, ციფრებით თუ შევხედავთ, საქართველოში საგარეო ინვესტიციების 54%-იანი ვარდნაა წლევანდელ წელს. შესაბამისად, დასკვნა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და მთავრობამ, რომ მას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ და ვერ ენდობიან. რა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? ერთ-ერთი გამოსავალია, რომ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტისგან, დაიწეროს სერიოზული წერილი, ჩაჯდეს თვითმფრინავში, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ, გადაფრინდეს ნიუ-იორკში მეორე კომპანიასთან, რომელიც ასევე ჩვენ შემოვიყვანეთ და რომელსაც ვერ აღირსეს ვერანაირი კომფორტის წერილი, რომ მათ მიესალმებიან საქართველოში, შეხვდეს მათ ხელმძღვანელობას, რასაც ორგანიზებას ჩვენ გავუკეთებთ, გაიაროს ჰოლანდიასა და გერმანიაში ორ ინვესტორ ბანკთან, რომელიც ასევე მზად იყო ჯერ კიდევ იანვარში, ფული ჩაედო ანაკლიაში და იანვარშივე დაგვეხურა ფინანსურად ეს პროექტი, გადასცეს ოფიციალურად, მთავრობის სახელით ეს წერილი, დაარწმუნონ ისინი, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ საქართველოში და კონკრეტულად ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად. ეს იქნება ზუსტი, მკაფიო გამოხატულება მათი, მთავრობის, სახელმწიფოს პოზიციისა და ამითაა ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ეს პროექტი გაჩერებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი სხვა განცხადება მიღებული იქნება, როგორც მორიგი ცრუ დაპირება.

„ნებისმიერი სხვა განცხადება, რომელიც ჩვენ გვესმის სხვადასხვა ტრიბუნიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიას და ამავე დროს, საბოტაჟს უკეთებენ მას, იქნება მიღებული, როგორც მორიგი ცრუ დაპირება და მიზეზის ძებნა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანიამ ჩამოიყვანა და მზადყოფნაში ჰყავს არა ორი, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც მზად არის, განახორციელოს და დაამთავროს ანაკლიის პროექტი. ბანკებთან დარჩენილი იყო ერთი საკითხი და ესეც მინდა განვმარტო, რომ ის ნარატივი, რომელიც მათ მოიგონეს, თითქოსდა გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდებოდა და ხდება ანაკლიაზე სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარანტიების გაცემა, არის ტყუილი, ესეც მათი მოგონილია. თუ წაიკითხავთ იმ შემოთავაზებას ან თუნდაც ახალ შემოთავაზებას, მსგავსი იქ არაფერი ეწერა. შესაბამისად, ვიმეორებ, გამოსავალი არის ეს - მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია სახელმწიფოს, მინისტრთა კაბინეტის, ხელმოწერილი, წარმომადგენლის მხრიდან, ეს იქნება მინისტრი თუ ნებისმიერი სხვა. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თუ ბილეთის პრობლემაა, ჩვენ გავუკეთებთ ამის ორგანიზებას, მათ გადაფრენას და შემდგომ მათ ჩამოყვანას საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა