"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი  საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივაა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივაა.

"საქართველო, თბილისი - კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, პირველ რიგში იკვეთება ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი - უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი.

საბედნიეროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით და ამით მიღწეული იქნას საერთო მიზანი, რომ სწრაფად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკომონიკა გამოვიდეს კრიზისიდან.

პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო სააარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო, გამომდინარე იმ კრიზისიდან, რაც გამოწვეული იქნა საქართველოში კოვიდ-19 პანდემიით. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა მისი სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული სააბიტრაჟო წარმოება - რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი, და მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები.

ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკვე განხორციელებული და სამომავლო კერძო ინვესტიციებით, დამატებით სახელმწიფოს ინვესტიციით ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზისა და რკინიგზის პროექტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გლობალურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების გადატანა სხვა ქვეყნებში" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ქვეყანას: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორი უკვე ჩართულია პროექტში და დამატებით ინტერესი გამოთქმული აქვთ რიგ მსხვილ ინვესტორებს. ახალი სამუშაო ადგილები: პირდაპირ და არაპირდაპირ შეიქმნება 16 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი. შემოსავლები სახელმწიფოს: კონცესიის განმავლობაში, კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსთვის მხოლოდ როიალთის სახით გადასახდელი 500 მილიონ აშშ დოლარამდეა შეფასებული. გარდა ამისა, კონცესიის ვადის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს გადაეცემა, რაც ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო დიდ შემოსავლებს სახელმწიფოსთვის.

მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია: კონსორციუმი აქტიურად ახდენდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, კონსორციუმმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს შუა კორიდორის სტრატეგიულ პარტნიორებთან (აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პორტები); შეუერთდა ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს - როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთის ტრანზიტის მნიშვნელოვანი რგოლი; მიიღო დაპირებები, რომ ცენტრალური აზიიდან ყოველწლიურად მიიღებდა დიდი ოდენობით ახალ ნაყარ ტვირთს; დაიწყო თანამშრომლობა რუმინულ პორტ კონსტანცასთან, რათა უზრუნველეყო კავშირი ევროკავშირთან, როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორთან.

ხელი მოეწერა დაფინანსების წერილებს ოთხ მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) - 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო რესურსის გამოყოფის თაობაზე.ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია, ფრანგული ეიფაჟი (Eiffage), ტენდერის საფუძველზე შერჩეული იქნა კონსორციუმის გენერალურ კონტრაქტორად, რომელიც თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარნტიორებთან ერთად (ჰოლანდიური ABB და ქართული CRP) განახორციელებდა ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერატორად შერჩეულ იქნა SSA Marine, უმსხვილესი ამერიკული ოპერატორი, რომელიც 200-მდე საზღვაო ტერმინალის ოპერირებას ახდენს მსოფლიოს მასშტაბით.

ჩინეთის უმსხვილესი და ამწეების წარმოების მხრივ მსოფლიოს უდიდესი კომპანია, ZPMC, შერჩეული იქნა როგორც eRTG ამწეების მომწოდებელი, ხოლო სამხრეთ კორეული გიგანტი Hyundai - როგორც STS საკონტეინერო ამწეების მომწოდებელი, საერთაშორისო ტენდერის შედეგად.  ადგილზე ჩატარებული იქნა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ადრეული დაღრმავებისა და რეფულირების სამუშაოები - ზღვიდან ამოღებული იქნა და პლატფორმის ასამაღლებლად განთავსდა 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა. ეს სამუშაოები აწარმოა მსოფლიო ლიდერმა ამ სფეროში, ჰოლანდიურმა Van Oord Dredging and Marine Contractors BV-მ. დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემები. ადრეულმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა მოიცვა აგრეთვე 2.5 კმ. სარწყავი არხისა და შიდა გზების მშენებლობა, არსებული საკომუნიკაციო ხაზების რელოკაცია, გეოდეზიური კვლევები და ნარჩენების მართვა.

სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც საქართველოს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქალაქი ანაკლია, სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც პორტის განვითარების პარალელურად განვითარდება, იქნება თანამედროვე ინოვაციური ქალაქი, გამორჩეული ურბანული დიზაინით, თანამედროვე საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო კავშირებით, დივერსიფიცირებული სამუშაო შესაძლებლობებით - ლოჯისტიკის, წარმოების, დეველოპერულ, ჯანდაცვის და მრავალ სხვა სექტორში, აქცენტით - მდგრად განვითარებაზე. ეს არის ის გრძელვადიანი ხედვა, რომლის რეალიზების შემთხვევაში ანაკლია გახდება ახალი რეგიონალური ბიზნეს და ფინანსური ცენტრი, მსხვილი ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პარკებით, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი სისტემებით, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურით, და ამ ყველაფერმა ერთად უნდა შექმნას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პარალელურად, კონსორციუმი მუშაობდა ანაკლიის ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების მიმართულებითაც. მნიშვნელოვანი ინტერესი იყო გამოხატული იაპონელი ინვესტორების მხრიდან ამ ორივე პროექტის მიმართ. 2019 წელს იაპონიის მთავრობამ გამოყო ფინანსური და პროფესიონალური რესურსი, რომ ჩატარებულიყო საჭირო კვლევები და მომზადებულიყო ქალაქ ანაკლიის განვითარების კონცეპტუალური გენ-გეგმა. იაპონურმა კომპანიამ Nippon Koei-მ, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს გრანტით შეიმუშავა კიდეც ეს კონცეპტუალური გეგმა. ეს სამუშაოები კვლავ გრძელდება და იაპონელი პარტნიორები მზად არიან გააღრმავონ პარტნიორობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. გარდა ამისა, ანაკლია სითი-მ ხელი მოაწერა მემორანდუმს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აზიის განვითარების ბანკთან, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას პროექტისადმი. დღეს, როცა იაპონია, აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები განიხილავენ თავიანთი კომპანიების სიმძლავრეების ჩინეთიდან გატანას სხვა ქვეყნებში, საქართველო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით - ხდება მიმზიდველი ადგილი ასეთი კომპანიებისა და მწარმოებლებისთვის. ასეთ სტრატეგიულ შესაძლებლობებზე უარის თქმა იქნება უაღრესად დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის.

ანაკლია ერთადერთი შესაფერისი ლოკაციაა ახალი რეგიონალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრის შესაქმნელად, თუკი საქართველო მართლაც აპირებს სრულად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, როგორც სატრანსპორტო ჰაბმა და ტრანზიტულმა კორიდორმა. ანაკლიის პროექტის გრძელვადიანი მხარდაჭერა და პორტის გამტარუნარიანობის ეტაპობრივი ზრდა იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანა არის სანდო და საიმედო პარტნიორი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მიმართულებით" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ ანაკლია სითი გახდება საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიზიდულობის ცენტრი, მსოფლიო კლასის ბიზნეს და კულტურული დანიშნულების ადგილი, რომელიც საქართველოს გადააქცევს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ქვეყანად ევროპისა და აზიის გასაყარზე. ამ მიზნის მისაღწევად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია - სპეციალური ეკონომიკური ზონით, ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში