აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი

სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“, შემოდგომის ე.წ „ხავერდოვანი სეზონისა“ და ზაფხულის სეზონის შეჯამებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობდა. როგორ ჩაიარა ფესტივალმა და რით გამოარჩევდით მას წინა წლებისგან ?

- „განდაგანას“ მიზანი, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, იყო სოფლად ცხოვრების და ზოგადად, სოფლებში არსებული ტურისტული პოტენციალის, მთის ტურიზმის, ასევე იმ ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია, რომელიც ჩვენს მთებში გვაქვს. ჩვენი მიზანი იყო მიგვეცა საშუალება, როგორც ადგილობრივებისათვის, ასევე, ჩვენი ქალაქის უცხოელი სტუმრებისათვის, ორი დღის განმავლობაში ემოგზაურათ სოფელში, ქალაქიდან გაუსვლელად.

ფესტივალ „განდაგანაზე“ წარმოდგენილი იყო აჭარის ყველა მთიანი მუნიციპალიტეტი. ფესტივალის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ტრადიციები, ფოლკლორი, კულტურა, ტურისტული მარშრუტები. აქტიურად მოვახდინეთ მთიანი აჭარის მარშუტებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაცია. ფესტივალზე სოფლებს წარმოდგენილი ჰქონდათ საშემოდგომო ნობათი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან ლამაზად იყო დეკორირებული ევროპის მოედანი და ორი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, როგორც პროდუქტის შეძენისა და დაგემოვნების, ასევე, ყველა ტრადიციისა და კულტურის გაცნობის. ძალიან გამორჩეული ნომრები წარმოადგინეს შუახევის, ხულოს, ქობულეთის ანსამბლებმა. პროგრამა იყო დალაგებული ისე, რომ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უხუცესთა ანსამბლებს და ისეთ უნიკალურ ცეკვებს, როგორებიცაა: ხორუმი, განდაგანა, რომელიც მთებშია შემორჩენილი და სახასიათოდ ასრულებენ ადგილობრივები, ასევე თანამედროვე ფოლკ-ბენდების კონცერტებს, რომლებმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს. ჩვენი მთავარი მიზანია, როგორც აღნიშნული ფესტივალის პოპულარიზაცია, ასევე მთლიანი აჭარის და რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა მთებში. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის სტატისტიკით, 124%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა მაღალმთიან აჭარას, ვიდრე 2017 წელს. მზარდი სტატისტიკა ჩვენ წელსაც შენარჩუნებული გვაქვს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იზრდება დაინტერესება არამხოლოდ აჭარულ მთებსა და სოფლებში, არამედ ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებზე. სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ აჭარის დაცული ტერიტორიები კოლხეთის ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებთან ერთად, წარდგენილია „იუნესკოს“ ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მისაღებად, რაც უკვე დამატებით შესძენს ჩვენს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებს ცნობადობას საერთაშორისო დონეზე და დაეხმარება ჩვენს რეგიონს, შეინარჩუნოს ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც აქვს და, რა თქმა უნდა, მოიზიდავს უფრო მეტ ვიზიტორს.

აჭარის ეროვნული პარკები, სოფლები და მთები, თავისი ტურისტული პოტენციალით, არის სწორედ ის ძირითადი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც ჩვენს რეგიონს ოთხივე სეზონზე მიმზიდველს ხდის.

- თქვენ ახსენეთ ტურისტული მარშრუტები. უფრო კონკრეტულად, რომელ ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობთ დამსვენებლებს?

- მთიან აჭარაში უკვე მარკირებულია 15 მარშუტი. მარკირებული მარშრუტი გულისხმობს მარშრუტს, სადაც უკვე დასმულია მანიშნებლები, მომზადებულია მარშრუტების ინდივიდუალური რუკები, შერჩეულია საოჯახო ტიპის სასტუმროები და ტურისტს შეუძლია ძალიან მარტივად გადაადგილება აღნიშნულ მარშუტზე. ძალიან მნიშვნელოვანია მარშრუტების დივერსიფიკაცია, ამიტომაც ვცდილობთ ყველა მუნციპალიტეტში გვქონდეს განსხვავებული ტურისტული პროდუქტები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძირითადად ეკოტურისტული მარშრუტები გვაქვს, მაგალითად, მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის, ისპანის დაცული ტერიტორიების მარშრუტები, ასევე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მარშუტი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური ტურისტული პროდუქტია ჩვენი რეგიონში. ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მსოფლიოში მესამე ადგილზეა მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით. მხოლოდ საშემოდგომო მიგრირების დროს მილიონზე მეტი, 35 სახეობის მტაცებელი ფრინველი აღირიცხება ე.წ ბათუმის სამიგრაციო ძაბრში.

ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გვაქვს რამდენიმე მარშრუტი. ეს გახლავთ მირვეთის საპიკნიკე - საველოსიპედე მარშრუტი და მაჭახელას თოფის გზა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მე- 18 საუკუნეში ხდებოდა კაჟ- ჩახმახიანი თოფის წარმოება, რომელიც ცნობილი და პოპულარული იყო. დღეს კი ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ თოფის მწარმოებლების შთამომავლებს, ნახონ უნიკალური ეთნოგრაფიული მუზეუმი და მოისმინონ ხეობის საინტერესო ისტორიები გიდებისა და უხუცესებისგან.

რაც შეეხება ქედას, ის გამოირჩევა ღვინის ტურიზმით და ფოლკლორით. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები კი კულინარიით, სათავგადასავლო ჯიპ ტურებითა და ულამაზესი ალპური მარშრუტებით. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ ალპურ მარშრუტზე, რომელიც დააკავშირებს ხულოსა და შუახევის მუნციპალიტეტს ალპური ზონით, გაივლის ჩირუხის მთას, ხიხანის ციხეს და გოდერძის უღელტეხილს და შექმნის 3 და 5 დღიანი ტურების ორგანიზების შესაძლებლობას აჭარის მთებში.

- თუ არის კიდევ დაგეგმილი შემოდგომის ფესტივალები და ზოგადად, რას სთავაზობს აჭარა ამ სეზონზე დამსვენებლებს?

- პირველი, რასაც აჭარა ტურისტებს სთავაზობს არის ის, რომ ბათუმში ჯერ კიდევ გვაქვს თბილი ამინდი და ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის არის ე.წ „ხავერდოვანი სეზონი“. ძალიან ლამაზია, როგორც სარფის, ასევე კვარიათის, ბათუმის, გონიოს სანაპიროები. მეორე მიზეზი, რაც შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს ვიზიტორებისთვის, გახლავთ ფესტივალები და ღონისძიებები შემოდგომაზე, რომელიც უხვად გვაქვს. ესენია კლასიკური მუსიკის საღამოები, ტრადიციული ფესტივალები მუნიციპალიტეტებში, მაგალითად „ფუძეობა“, რომელიც ახლა 19 ოქტომბერს იმართება შუახევში. ასვეე, ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ თოფუზი“ , რომელიც 21-28 ოქტომბერსაა დაგეგმილი და ა.შ. შემოდგომაზე ძალიან ბევრი ფესტივალი გვაქვს რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში იწყება ციტრუსის სეზონი, რაც ძალიან საინტერესო აქტივობაა სტუმრებისთვის. ასევე, საინტერესოა რთველი სოფლებში, ქედაში ღვინის დაწურვა, ხულოში მოსავლის აღება, ეს ყველაფერი ვიზუალურადაც ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახავია. ადგილობრივებს შექმნილი აქვთ თავიანთი ტურისტული პროდუქტები, რომელსაც სთავაზობენ ტურისტებს. ზოგადად ამ სეზონზე ძალიან ფერადი და ლამაზია აჭარა, ტყეები და მცენარეები სულ სხვადასხვა ფერებშია, მთებში ზოგან უკვე ახალი თოვლია მოსული, ფერადი ალპური მდელოები და ყვავილები კი მთების ფონზე უნიკალურ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, იქნება ეს ფოტოგრაფი, ბლოგერი თუ უბრალო ტურისტი, რომელსაც უყვარს ბუნება.

- რამდენად აქტიურია შემოდომის „ხავერდოვანი სეზონი“ ტურისტული თვალსაზრისით?

- სტატისტიკაზე საუბარი ახლა რთულია, რადგან წლის ბოლოს იქნება ზუსტი მონაცემები და მხოლოდ საბოლოო სტატისტიკის შეჯამება მოგვცემს სრულ სურათს, მაგრამ ზოგადად, გამოკითხვებით და დაკვირვებით, ასევე საინფორმაციო ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით, სეზონი გრძელდება, ჯერ აქტიურია და ვიზიტორთა დინამიკა კი მზარდი.

- და ბოლოს, როგორ შეაჯამებდით ზაფხულის სეზონს ტურისტული თვალსაზრისით?

- ტურიზმის სექტორს ჰქონდა გამოწვევა ამ ზაფხულს ე. წ „რუსული ტურისტული ემბარგოს“ სახით, რომელიც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით ჩვენმა ქვეყანამ დაძლია. გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე რეგიონის ფარგლებში. რუსეთიდან შემოსული ტურიუსტების რაოდენობაში კლება არის, მაგრამ სასიამოვნია ფაქტია ის, რომ მატება და დაინტერესება გვაქვს ევროპული ქვეყნებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა რეგიონმა ტურისტული თვალსაზრისით აქტიურად მოახდინოს ბაზრების დივერსიფიკაცია და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ევროპული სტუმარი და არ ვიყოთ კონკრეტულად ერთ, ორ ან სამ ბაზარზე დამოკიდებული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლებია მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირების თვალსაზრისით და ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებული დაინტერესება გვაქვს გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, საიდანაც გაცილებით მეტი სტუმარი სტუმრობს ჩვენს რეგიონს წელს, ვიდრე წინა წლებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაემატა ფრენები ვილნიუსიდან და ესტონეთიდან და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ფრენები მომავალ წელსაც გაგრძელდეს.

მარიამ ციცქიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით