ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დრო კია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა უკვე კარგა ხანია წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში ეს რომ ასეა პოლიტიკურ ჯგუფებს აშკარად ეტყობა და ჩვენს საინფორმაციო სივრცეს ყოველდღიურად.

რა აღარ ხდება, რა სკანდალები არ გორდება, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- საარჩევნო კამპანიის და საარჩევნო გარემოს შეფასებამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ რას წარმოადგენს ჩვენი სინამდვილე, ქართული დემოკრატია, სად იმყოფება იგი განვითარების გზაზე.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ შორს ვართ კონსოლიდირებული დემოკრატიისგან, დემოკრატიისგან რომელიც დასავლეთის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არსებობს და ახასიათებს მყარი ინსტიტუტების ფუნქციონირება.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ შორს ვართ კონსოლიდირებული დემოკრატიისგან, დემოკრატიისგან რომელიც დასავლეთის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არსებობს და ახასიათებს მყარი ინსტიტუტების ფუნქციონირება

იქ დემოკრატია შეუქცევადი პროცესია და კონსტიტუცია ყოველდღიურობაში მოქმედი უზენაესი კანონი და არა აბსტრაქცია, როგორადაც ის ბევრი თვალსაზრისით გვევლინება ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი დემოკრატია ჯერ კიდევ ვერ გასცდა საარჩევნო დემოკრატიის დონეს და საკმაოდ ნელა მიიწევს წინ. ჩვენთან ტარდება თავისუფალი არჩევნები, რომლის მიმართაც როგორც წინა ისე ამ ხელისუფლების დროს ბევრი კრიტიკა გამოითქმის, განსაკუთრებით არჩევნების შედეგებთან და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბებთან დაკავშირებით.

ჩვენთან დაცულია ადამიანის უფლებები, დღეს გაცილებით უკეთ ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არსებობს კითხვები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. არასახარბიელოა სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების ხარისხი და თვით სამოქალაქო სექტორის არსიც ხშირად ბუნდოვანია, რაც ბევრ კითხვას ბადებს.

ჩვენი დემოკრატია ჯერ კიდევ ვერ გასცდა საარჩევნო დემოკრატიის დონეს და საკმაოდ ნელა მიიწევს წინ

თავისუფალი არჩევნების ჩატარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიის მაღალ ხარისხს. საარჩევნო დემოკრატიებია რუსეთსა და თურქეთში, სადაც ადამიანის უფლებების დაცულობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

ჩვენ რეგიონში უდაოდ წინ ვართ წასული, მაგრამ არა იმდენად, რომ გადახვევა ავტორიტარიზმისკენ გამოირიცხოს. ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი დასავლეთისკენ, საითკენაც მივისწრაფით და სადაც კონსოლიდირებული დემოკრატიებია ბევრ ქვეყანაში, რაც გულისხმობს რომ ამ ქვეყნებს ავტორიტარული და დიქტატორული მმართველობა არ ემუქრებათ.

აღნიშნულის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ახლახანს ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმის სერიოზული ნიშნებით ხასიათდებოდა და, ჩემი აზრით, ფაქტობრივად ავტორიტარული იყო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ახლახანს ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმის სერიოზული ნიშნებით ხასიათდებოდა და, ჩემი აზრით, ფაქტობრივად ავტორიტარული იყო

არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ დღევანდელ, წინა პერიოდთან შედარებით უკეთეს და მაღალი ხარისხის დემოკრატიას გარკვეულწილად ამცრობს არაფორმალური მმართველობა, როცა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს პრეროგატივაა, იღებს არაუფლებამოსილი პირი.

ამ ყველაფრის შემდეგ უნდა შევაფასოთ რეალურად უკვე დაწყებული საარჩევნო კამპანია. ყველა ცდილობს ჭიქა წყალში ქარიშხალი დაატრიალოს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, თუმცა საკმაოდ მწირი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის გამო ეს მიეთ–მოეთი მხოლოდ საკუთარი არსებობის დაფიქსირებაა და მეტი არაფერი.

ყველა ცდილობს ჭიქა წყალში ქარიშხალი დაატრიალოს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, თუმცა საკმაოდ მწირი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის გამო ეს მიეთ–მოეთი მხოლოდ საკუთარი არსებობის დაფიქსირებაა და მეტი არაფერი

განსხვავება წინა მრავალი არჩევნებისგან ისაა, რომ პოლიტიკური სუბიექტები ემზადებიან უბარიერო და უბლოკებო არჩევნებისთვის, სადაც ინიციატივას მმართველი პოლიტიკური ძალა და ბიძინა ივანიშვილი ფლობს. ამ უკანასკნელმა ვირტუოზულად არია კარტები და ვფიქრობ, სიამოვნებით აკვირდება სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირებას ოპოზიციის რიგებში, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ არის გამორიცხული მათი მომავალ პარლამენტში შეერთება–გაერთიანება თუ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

ივანიშვილი თავის თავს არ ღალატობს და საზოგადოებას აიძულებს არჩევანი მასა და უარეს, სააკაშვილს შორის გააკეთოს

თუნდაც სააკაშვილ–ბოკერიას მძაფრი პოზიციური ომი თავად მათ მომხრეებს აკარგვინებს, მხარდამჭერთა რიგებში უიმედობის განწყობას აჩენს, ხოლო სახელისუფლო ფრთაზე პირიქით მეტ ენთუზიაზმს და კონსოლიდაციას იწვევს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ყველაფერი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს და პოლიტიკურ ძალთა დღევანდელი განლაგება ამოყირავდეს.

- სოციოლოგიური კვლევებით კარგად ჩანს, რომ საზოგადოებაში საკმაოზე მეტადაც კი დიდია იმათი რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე მართლაც დიდი დროა, ამ თვალსაზრისით მაინც საინტერესოა ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორების წინასაარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია. დავიწყოთ მმართველი გუნდით. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საარჩევნო წელს „ქართული ოცნების“ ტაქტიკა და სტრატეგია?

- ისევ ისე როგორც ყველა წინა არჩევნების დროს – ივანიშვილი თავის თავს არ ღალატობს და საზოგადოებას აიძულებს არჩევანი მასა და უარეს, სააკაშვილს შორის გააკეთოს.

მმართველი პოლიტიკური ძალა ისევ ვერ ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის პარტიად, მკაფიო იდეოლოგიური პლატფორმით, მრწამსით, სტრუქტურირებული რეგიონული ორგანიზაციებით სადაც ისევ „ოცნების“ დანიშნული ადგილობრივი თანამდებობის პირები დომინირებენ, ისევ დეპოლიტიზებულია პარტიის აქტივი, მთავარი ფიგურები.

გაუგებარია ქართული საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი

მთავრობას და „ოცნებას“ ისევ არ აქვს სტრატეგიული პლატფორმა, გამოკვეთილი მისაღწევი მიზნები და ამოცანები და, რაც ყველაზე მთავარია, მმართველ ძალას დაკარგული აქვს კავშირი საზოგადოებასთან, მის ყველა ფენასთან და შრესთან.

გაუგებარია ქართული საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი გარდა თანამდებობის პირებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა, უკეთეს შემთხვევაში, მათი ოჯახებითურთ.

ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ გამოუცდელი ტექნოკრატებით ამ ქვეყნის მართვა შეუძლებელია

ასეთი კავშირის არარსებობას არაპერიოდული საყველპურო ჩამოვლები ქუჩა–ქუჩა და შარა–შარა, ვერ შეცვლის.

- საარჩევნო წელს მმართველი გუნდის ქმედებებზე საუბრისას ოპონენტები ხელისუფლებას აუცილებლად შეახსენებენ ყველა იმ პრობლემას რაც ქვეყანაში რეალურად არსებობს.

როგორადაც არ უნდა დასრულდეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრა, ხელსუფლებას მუდმივად შეახსენებენ წარსულით დამძიმებული და ნდობადაკარგული მოსამართლეების მხარადჭერას.

ლარის გაუფასიურებას, ბიუროკრატიის 41 ათასით გაზრდას, წამლებზე ფასების ზრდას, ჯანდაცვის სისტემაში გართულებულ ვითარებას. ასევე ხმაურიან და გამოუძიებელ სკანდალურ საქმეებს. გავრილოვის თბილისში სტუმრობას. 20 ივნისს. იმასაც რომ ტენდერებს დეპუტატების მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანიები იგებენ, თანამშრომლის გაუპატიურების მცდელობისთვის ეჭვმიტანილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ჯიშკარიანის დაცვას და კიდევ ბევრ რამეს.

გასაგებია, რომ ვიდრე ჯიშკარიანის ბრალეულობას სასამართლო არ დაადგენს, ჯიშკარიანის ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ თუ ის სასამართლომ გაამართლა, ძნელი სავარაუდო არა თუ როგორი იქნება ამაზე საზოგადოების რეაქცია.

თქვენი დაკვირვებით, არჩვნებამდე დარჩენილ დროში რამდენად აქვს მმართველ გუნდს შესაძლებლობა დაიბრუნოს ის ამომრჩეველი, რომელიც მას თუნდაც 2016 წელს ჰყავდა?

- როცა ხელისუფლებას და მმართველ პარტიას ვაკრიტიკებთ, არც ზედმეტი კრიტიკულობა და ტენდენციურობა ვარგა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ივანიშვილი მართავს ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რომელსაც დიდი მეზობელი ხილული თუ უხილავი საცეცებით მეთვალყურეობს.

მე შორს ვარ ივანიშვილზე რუსული გავლენების ჰიპერბოლიზებისგან. პიროვნულად ივანიშვილი მჯერა, პატრიოტი ადამიანია და სიკეთე უნდა ქვეყნისთვის, თუმცა ამას ხშირად ვერ ახერხებს.

ამის მიზეზი, უპირველესი საომარ მდგომარეობაში ქვეყნის ყოფნაა, შემდეგ დაშვებული შეცდომები და მართვის სტილი, რომელიც აშკარად შესაცვლელია. ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ გამოუცდელი ტექნოკრატებით ამ ქვეყნის მართვა შეუძლებელია.

„ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიდგომები მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი და სწორია

ტექნოკრატებმა შეიძლება გაამართლონ, ხაზს ვუსვამ, შეიძლება, წარმატებულად ფუნქციონირებადი ეკონომიკის, გამართული ინსტიტუტების, საზოგადოებრივი თანხმობის არსებობისას რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ არა საქართველოში, სადაც პოლიტიკური პროცესის მოკვლა კი არა, რეანიმირებაა საჭირო, ხალხის, საზოგადოების ჩართვა, ამოცანების გამოკვეთა, ახალი იდეების შეთავაზება, თუ ეს შესაძლებელია.

თუ „ოცნება“ შეძლებს საზოგადოებასთან კავშირის აღდგენას და უკუკავშირის ორგანიზებას, თუ შეძლებს ახალი ადამიანური რესურსის მოძიებას და ღირებული მიზნებისკენ მიმართვას, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვოს. თუმცა, ვეჭვობ, რომ დარჩენილ ერთ წელიწადში ეს მოხერხდეს.

- სულაც არ ყოფილა მოულოდნელი ის, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საუბარი დაიწყო რელიგიაზე, მოუხშირა ლიბერალიზმის კრიტიკას და წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისას ხელი თავისივე ყოფილ თანაგუნდელ გიგა ბოკერიასკენ გაიშვირა.

ამას დაემატა ისიც, რომ „ევროპული დემოკრატების“ ლიდერებმა იგივე ბოკერიამ და უგულავამ საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ ისინი „ნაციონალებისაგან“ განსხვავებით არ აპირებენ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების განმეორებას, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ ექნათ ოპონენტებს ჩადენილი მათ პოლიტიკურ დევნას არ აპირებენ. რას იტყოდით „ნაცმოძრაობისა“ და უპირველესად მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიაზე?

- „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიდგომები მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი და სწორია. სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლია. ბოლო წლების განმავლობაში სულ ცდილობდა ვითარების დაძაბვას, პროცესის რადიკალიზაციას, მოვლენათა ეპიცენტრის ქუჩაში გადატანას. სხვა რა ტაქტიკა უნდა აირჩიოს სააკაშვილმა?

ის ამ ხელისუფლების მიერ დანაშაულში იქნა მხილებული, მიესაჯა კიდეც, მაგრამ ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში ნებივრობს და ჩვენი ხელისუფლებაც მის ექსტრადირებას არც ცდილობს. უკრაინაში ის ამ ეტაპზე არავის სჭირდება, არც ამერიკელებს და არც რუსებს. არ იქნებოდა ურიგო მისი პატრონებისთვის საქართველოში მიშას დაბრუნება.

ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაჭრილი კარტია, ცდება. მაგრამ თავად მიშამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხი მალემრწმენი არ არის

მშვიდობიანი და ხავერდოვანი პროცესით ეს არ მოხერხდება, მხოლოდ რადიკალური ქუჩის პროტესტის, დესტაბილიზაციის და ცუგცვანგის მდგომარეობაში ხელისუფლების ჩაყენების შემთხვევაში. მიმდევრებიც და მომხრეებიც ბევრი ჰყავს, ჩემი ვარაუდით, მინიმუმ 15–20%.

ასეთ ვითარებაში ლიბერალური დემოკრატიის პოსტულატების ღაღადისით შეძლებს სააკაშვილი ხელისუფლების დაბრუნებას? ვერც ერთ შემთხვევაში. არადა, მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდის რეალური შანსი არ არსებობს. რატომ არ გაემიჯნოს, თუნდაც ფორმალურად ბოკერიას და მის ამქარს? რატომ არ ითამაშოს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებზე?

კიდევ 5–7% რომ დაარწმუნოს თავის ჭეშმარიტ მართლმორწმუნეობაში ესეც ხომ საქმეა?! ბოკერიას და მისი მომხრეების 5–7%, ბოლოს და ბოლოს, სად წავა? ისევ იქ დახვდება პარლამენტში. ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაჭრილი კარტია, ცდება. მაგრამ თავად მიშამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხი მალემრწმენი არ არის.

„ევროპული საქართველოს სწრაფვა სააკაშვილისგან დამოუკიდებლად ითამაშონ, აბსოლუტურად სწორი და ლოგიკურია... გიგა ბოკერია ცდილობს დასავლურად ითამაშოს, „ნაციონალებიდან“ მხოლოდ „ევროპული საქართველო“ გაემიჯნა იმ ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და კრიტიკულად შეაფასა ისინი

- ვხედავთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ცდილობენ „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებულად გამოიყურება სააკაშვილისგან დამოუკიდებლად პოლიტიკურ სცენაზე „ევროპული საქართველოს“ მოქმედება?

- საკმაოდ წარმატებულად. ამას ცხადყობს თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის ბაქრაძის შედეგი, თითქმის 11% მაღალი მაჩვენებელია. გიგა ბოკერია ცდილობს დასავლურად ითამაშოს, „ნაციონალებიდან“ მხოლოდ „ევროპული საქართველო“ გაემიჯნა იმ ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და კრიტიკულად შეაფასა ისინი.

მაგრამ მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე – ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ცხრაწლიანი მმართველობის შედეგებზე? რის გამოხატულებაც იქნებოდა „ევროპული საქართველოდან“ იმ პირების წასვლა პოლიტიკიდან, ვინც „ნაციონალების“ მიერ დაშვებულ შეცდომებზე, გადაცდომებსა და ზოგჯერ დანაშაულებებზეც კი აგებს პასუხს.

„ოცნების“ თანამშრომლობას „ნაციონალებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ „ოცნების“ ელექტორატი არ მიიღებს, „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობის შემთხვევაში კი მმართველი ძალის პრორუსულობაზე ისეთი ისტერია ატყდება, ვერცერთი პარლამენტი ვერ გაუძლებს ასეთ დეტონაციას

ეს პასუხისმგებლობა მარტივად, პოლიტიკიდან წასვლით იქნებოდა გამოხატული. ისინი თვლიან, რომ ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე და შესაძლოა რამდენიმე სხვა ლიდერიც არ არის პასუხისმგებელი ამ შეცდომებზე.

ასე არ გამოდის და წარმატებული ახალი პოლიტიკური თამაშიც შესაძლოა არ შედგეს. სხვა შემთხვევაში, „ევროპული საქართველოს სწრაფვა სააკაშვილისგან დამოუკიდებლად ითამაშონ, აბსოლუტურად სწორი და ლოგიკურია.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ელექტორატის მობილიზებისა და მეტი მოტივაციისათვის, ასევე არჩევნებისთვის მეტი ინტრიგის შესაძენად ძირითადი პოლიტიკური პარტიები საუბრობენ იმაზე, რომ ერთმანეთთან არ ითანამშრმლობენ და არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას დააკომპლექტოს მთავრობა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არც „ნაციონალებთან“ არც „ევროპულ საქართველოსთან“ და არც „პატრიოტთა ალიანსთან“ არ აპირებენ კოალიციის შექმნას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ მისთვის სასურველ იმ პოლიტიკურ ძალებთან გეგმავს თანამშრომლობას და მთავრობის დაკომპლექტებასაც, ვინც 0, 67%-ს გადალახავს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ვინ ვისთან ითანამშრომლებს მომავალ პარლამენტში ეს არჩევნების შედეგების დადგომის შემდეგ გამოჩნდება. მაშინ აღარავის გაახსენდება ერთი წლის წინ თუ წინასაარჩევნო პერიოდში რას ამბობდნენ.

შესაძლოა, შექმნილმა კონიუნქტურამ სადღეისოდ წარმოუდგენელი კოალიციები შექმნას. ეს დემოკრატიულ დასავლეთში დასაშვები და მიღებულია. სულ ახლახანს არჩევნების შედეგებით გერმანიაში ქრისტიან–დემოკრატები და სოციალ–დემოკრატები გახდნენ იძულებულნი ეთანამშრომლათ ერთმანეთთან, არადა ისინი დაუძინებელი მეტოქეები არიან.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ოცნების“ თანამშრომლობას „ნაციონალებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ „ოცნების“ ელექტორატი არ მიიღებს, „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობის შემთხვევაში კი მმართველი ძალის პრორუსულობაზე ისეთი ისტერია ატყდება, ვერცერთი პარლამენტი ვერ გაუძლებს ასეთ დეტონაციას.

დროა პროდასავლურობა–პრორუსულობაზე საყველპურო რია-რიას სჯობს მეტი პრაგმატიზმის შემოტანა პოლიტიკაში. იმის დადგენა და გაცნობიერება რა უფრო შეესატყვისება ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

რა თქმა უნდა, სხვა პარტიების ფაქტორი უბარიერო არჩევნებისას იზრდება. რამდენიმე მათგანი, არ გამოვრიცხავ 1%–იანი პარტიიდან, 5–7%–იან საპარლამენტო პარტიად იქცეს. დიდი მნიშვნელობა ექნება პოსტსაარჩევნო კონიუნქტურაში ხაზარაძის „ლელოს“ მონაგარს. მისი რეზულტატი ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია.

- ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკურ ძალებს შორის მთავარი წყალგამყოფი საგარეო პოლიტიკური კურსი და და ამა თუ იმ ძალების პროდასავლელობა თუ პრორუსულობა იქნება.

თქვენი დაკვირვებით, რადმდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგა საგარეო კურსთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალთა დამოკიდებულება აღმოჩნდეს?

- არ ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი წყალგამყოფად იქცევა. „პატრიოტთა ალიანსიც“ კი პროევროპულ პარტიად მიიჩნევს თავს. საერთოდ, ვფიქრობ, დროა პროდასავლურობა–პრორუსულობაზე საყველპურო რია-რიას სჯობს მეტი პრაგმატიზმის შემოტანა პოლიტიკაში. იმის დადგენა და გაცნობიერება რა უფრო შეესატყვისება ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

თუ ანაკლიის პორტს ანაკლიის კონსორციუმი ააშენებს. ამ თემასთან მიმართებაში ყველა უნდა გაერთიანდეს, ბიძინა ივანიშვილიც, მამუკა ხაზარაძეც და ყველა სხვა

თორემ ლამის მთელი საქართველო ერთსულოვანია, რომ ცივილიზებული სამყარო, ევროპული კეთილდღეობა და განვითარება საქართველოსთვის უალტერნატივოა.

უნდა გავცდეთ პოლიტიკურ პრიმიტივიზმს და ანაქრონიზმს, როცა ეროვნული გონი იმაზეა ჩაციკლული, რა უფრო მისაღებია და ვინ, პართია თუ რომი, ირანი თუ ბიზანტია... ვინ არის მართალი - აეტი თუ ფარტაძე?

ეს ყველაფერი ჩვენი ბრძოლის ნაწილია, ჩვენი ისტორიაა უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ, მაგრამ მექანიკურად არ უნდა გადმოგვქონდეს იმდროინდელი მიდგომები ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს სინამდვილეში.

- ანაკლიის პორტის ირგვლივ კამათი და მსჯელობა არა თუ არ ცხრება, დროდა დრო სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. პასუხგაუცემელი კითხვებიც მატულობს როგორც კონსორციუმის, ისე ხელისუფლების მიმართ.

მეტიც, ხაზარაძე და ჯაფარიძე, ასევე ოპოზიცია კონსორციუმისთვის ხელისშეშლაში მმართველი გუნდის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ. თედო ჯაფარიძის აზრით, ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებით საგრძნობლად გაიზრდებოდა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია, წონა, სტრატეგიული დანიშნულება და მისია.

საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით - „ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას? თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ანაკლიის პორტის ირგვლივ?

- ვრცელი და დიდი თემაა, ჩვენც გვისაუბრია ადრე ამის თაობაზე. ვფიქრობ, ეს იმდენად სტრტეგიული საკითხია ქვეყნისთვის, რომ მისი მომავლის, პროექტს ვგულისხმობ, ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია.

კარგი იქნება, თუ ანაკლიის პორტს ანაკლიის კონსორციუმი ააშენებს. ამ თემასთან მიმართებაში ყველა უნდა გაერთიანდეს, ბიძინა ივანიშვილიც, მამუკა ხაზარაძეც და ყველა სხვა. კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით მიუკერძოებლად და ობიექტურად უნდა იქნას გარკვეული და შეფასებული. ამ დრამის ყველა აქტორს მჯერა საქართველოს სიკეთე უნდა. ჩემთვის მთავარია ანაკლიის პორტი აშენდეს.

ჩემთვის ის უფრო საკვირველია, რომ ჩვენს მოკეთე მაიკ პომპეოს, რატომ მიაჩნია დაუშვებლად ჩინელებთან თანამშრომლობა პორტის მშენებლობისას. განა ჩინური ტვირთების ნაკადი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და მომგებიანს არ გახდიდა პორტს კომერციული თვალსაზრისით?

რუსეთს ხელს არ აძლევს მისი აშენება და ეს ბუნებრივია, არც თურქეთია მაინცდამაინც ამ იდეით აღტაცებული – მის პორტებში დღემდე დიდი წყალწყვის გემებიდან ხდება ტვირთების გადატანა მომცრო გემებზე, რომლებიც საქართველოს პორტებში შემოდიან და ეს ხელსაყრელია თურქეთისთვის.

ჩემთვის ის უფრო საკვირველია, რომ ჩვენს მოკეთე მაიკ პომპეოს, რატომ მიაჩნია დაუშვებლად ჩინელებთან თანამშრომლობა პორტის მშენებლობისას. განა ჩინური ტვირთების ნაკადი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და მომგებიანს არ გახდიდა პორტს კომერციული თვალსაზრისით?

მოულოდნელობაა რუსეთის მიერ მშვიდობისმყოფელის მანტიის მოსხმა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკა „კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი როდია“, იგი ძლიერთა და ზოგჯერ დაუნდობელთა არენაა და რუსეთმა მოახერხა მსოფლიო მოთამაშედ თავის წარმოჩენა ამ კონფლიქტში თავისი მონაწილეობით

ყველა ასპექტი საჯაროდ უნდა იქნას განხილული. თუ ჩვენ ჩინელებს გავწევთ ჩვენი პორტებიდან და ეკონომიკიდან, განა ეს რუსეთს უფრო არ აძლევს ხელს, განა ის არ იბრძოლებს კიდევ უფრო მეტი ტვირთებისთვის ჩინეთიდან?

თორემ ანაკლიის პორტი ეკონომიკურადაც და სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისითაც რომ უმნიშვნელოვანესია, ამას ფიცი–მტკიცი არ სჭირდება.

- ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. რისთვისაც მას აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპა საჯაროდ მადლობა გადაუხადა და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

იმედია, სირიაში საომარი მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ფაქტია, რომ არც სირიელი ქურთების და არც სირიის პრობლემა, ისევე როგორც არც თურქეთის პრობლემებს არ დაესმება წერტილი. დამკვირვებელთა უმეტესობა ახლა იმაზე საუბრობს, რომ ვაშინგტონის ახლოაღმოსავლურმა პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა.

მეტიც, უნდოდა ეს თუ არა, თავისი ქმედებებით ტრამპმა ხელიც კი შეუწყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისმყოფელის როლი მოერგო. საუბარია იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელმაც საქართვლოსა და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დააღვია.

ფაქტია, რომ დღევანდელი მსოფლიო ისეთი აშკარად აღარაა, როგორც სულ ახლახანს, სირიაში თურქეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებამდე. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში სირიაში მოხდა და სავარაუდოდ, მომხდარი როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე?

- სირიაში იმდენად ბევრი დიდი მოთამაშის ინტერესი იკვეთება, რომ აქ მიმდინარე მძაფრი დაპირისპირების „გორდიას კვანძად“ წარმოდგენა და ერთი დაკვრით ნასკვის გახსნა არ გამოვა.

გონივრული იქნებოდა საერთაშორისო დიალოგის ორგანიზება რომელიმე ავტორიტეტულ და ეფექტურ ფორმატში. მაგრამ ამას იმედიანი პირი არ უჩანს. მე შევეცდები თქვენს მოცულობით კითხვას ლაკონური პასუხი გავცე.

ტრამპმა რომ ერდოღანს სულელი უწოდა და ერდოღანმა რომ მისი წერილი ნაგვის ურნაში ჩააგდო, ეს ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს. ერთი ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირეა და მეორე ჩვენი მეზობელი, მეგობარი და მთავარი სავაჭრო–ეკონომიკური პარტნიორი.

ქურთების პრობლემა იოლი გადასაწყვეტი არ არის და ვერც გადაწყდება უახლოეს მომავალში. მაგრამ, ამ შესანიშნავი და გმირი ხალხის მიმართ მთელმა მსოფლიომ გულისხმიერება და თანადგომა უნდა გამოიჩინოს.

ვერ დაგეთანხმებით, რომ ვაშინგტონის ახლოაღმოსავლურმა პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა. ვაშინგტონს უმძლავრესი ბერკეტები აქვს მოვლენათა განვითარებაზე ზეგავლენა რომ მოახდინოს, მოკავშირეებიც ბევრი ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოულოდნელობაა რუსეთის მიერ მშვიდობისმყოფელის მანტიის მოსხმა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკა „კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი როდია“, იგი ძლიერთა და ზოგჯერ დაუნდობელთა არენაა და რუსეთმა მოახერხა მსოფლიო მოთამაშედ თავის წარმოჩენა ამ კონფლიქტში თავისი მონაწილეობით.

რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ და მისი ფაქტორიც გავითვალისწინოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად

რუსეთის როლის ზრდა და ძველი გავლენის რეანიმირება მთელ მსოფლიოში თანდათან უფრო საცნაური ხდება. ეს ჩვენ ხელს არ გვაძლევს, მაგრამ ფაქტია და ცხადყობს რაოდენ უგუნურია მავანთა მიერ აკვიატებული აზრი, რომ რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთ. რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ და მისი ფაქტორიც გავითვალისწინოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

თურქმეთმა თითქოსდა მოძებნა მისი ეროვნული ინტერესებისთვის შესატყვისი გამოსავალი - უსაფრთხოების ზონის შექმნა ჩრდილოეთ სირიაში... აქ უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლები. თურქების აზრით, დონორების ფულით, მათ შორის ევროკავშირის. ვინ უნდა გააკონტროლოს ეს ზონა, სადღეისოდ გაუგებარია, სირიის სამთავრობო ძალებმა თუ თურქებმა?

ერთს შევნიშნავ, რაზეც ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით თითქოს ყურადღება არ გამახვილდა. თურქეთი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან მას მილიონობით დევნილი აწევს ტვირთად.

ქურთების პრობლემა მისთვის ლამის საარსებოდ მნიშვნელოვანია, თან იგი უკმაყოფილო იყო, რომ მისთვის მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარების გამო სირიაში პრობლემები არ მოიხსნა.

თურქეთი უკმაყოფილოა ოფიციალური დამასკოს ქმედებებით, რადგან მან 1998 წელს ადანის შეთანხმებიდან გამომდინარე აიღო ვალდებულება ებრძოლა „ქურთ ტერორისტებთან“ და თუ ამას არ გააკეთებდა მაშინ თურქებს ექნებოდათ უფლება შეეტიათ ქურთი მებრძოლებისთვის სირიაში.

თურქმეთმა თითქოსდა მოძებნა მისი ეროვნული ინტერესებისთვის შესატყვისი გამოსავალი - უსაფრთხოების ზონის შექმნა ჩრდილოეთ სირიაში, 450 კილომეტრი სიგრძით და 30 კილომეტრი სიგანით, სადაც იგი აპირებს ჩაასახლოს სირიელი ლტოლვილები, რათა შექმნას ბუფერული ზონა ქურთებისგან თავდაცვის მიზნით.

ბუფერულ ზონაში უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლები. თურქების აზრით, დონორების ფულით, მათ შორის ევროკავშირის. ვინ უნდა გააკონტროლოს ეს ზონა, სადღეისოდ გაუგებარია, სირიის სამთავრობო ძალებმა თუ თურქებმა?

სადღეისოდ საომარი მოქმედებები შეჩერებულია. მაგრამ მშვიდობა, როგორც ჩრდილოეთ სირიაში, ისე მთლიანად ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მისაღწევია. დემოკრატიული სირიის რეალური პერსპექტივა არ ჩანს, რუსების მოკავშირე ასადის პოზიციები უფრო მყარია, მაგრამ საკმარისი იქნება კი რუსეთის მხარდაჭერა ამ ქვეყანაში სტაბილური ვითარების შესაქმნელად, მშვიდობის დასამყარებლად და ქვეყნის განვითარების რეალური პერსპექტივის უზრუნველსაყოფად?

რა მოარიგებს აშშ–ს, რუსეთის, ევროკავშირის, ირანის, თურქეთის, საუდის არაბეთის, ისრაელის ინტერესებს ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში? ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით