სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ

სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა 2020-2021 სასწავლო წლიდან დაინერგება.

ჯაშის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე წარედგინება.

დეპუტატის ინფორმაციით, ინიციტივის მიხედვით, სტაჟირება 2 წლიანი იქნება და მსურველები აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურებას არ მიიღებენ.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც უაღრესად დაეხმარება ზოგადად განათლების სისტემას, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული პირები დაინტერესდნენ განათლების სისტემაში პროფესიული კარიერის დაწყებით. ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ დავარეგისტრირებთ ამ ინიცაიტივას და მომდევნო სასწავლო წლისთვის ის უკვე იქნება მიღებული,“ - განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, წინასწარი მონახაზით, მასწავლებლის ასისტენტობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსთამთავრებულებს შეეძლებათ.

„მათ მიეცემათ შესაძლებლობა საზოგადოებრივ საწყისებზე ანუ სტაჟირების ფორმით დაიწყონ მუშაობა მასწავლებლის ასისტენტებად და ასევე მათ მიეცემათ სკოლაში მუშაობის პერიოდში უკვე პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი. დღეს საჯარო სამსახურში თუ სხვადასხვა სამსახურებში პირველადი ნაბიჯების გადადგმა კარიერის გზაზე არის გართულებული, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა კადრებს მიეცემათ პროფესიული გამოცდილების დაგროვების საშუალება. ამ ეტაპზე საუბარია ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე ანუ სტაჟირება, რომელიც პროფესიულ გამოცდილებად ჩაეთვლებათ განათლების სისტემაში. ვფიქრობ, 2 წლამდე იყოს სტაჟირება. ფიზიკურად დღეს არსებული ფინანსური რესურსები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე. ვფიქრობ, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან შევლენ სკოლაში. მასწავლებლის ასისტენტს ექნება თავისი უფლება -მოვალეობები, რომელიც გაიწერება კანონში,“ - განაცხადა ჯაშმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა