დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი, ქვეყანა უკვე კარგა ხანია წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. ჩვენს გამრავალფეროვნებულ საინფორმაციო სივრცეს სულ უფრო და უფრო ეტყობა, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში ვცხოვრობთ.

რა აღარ ხდება, რა სკანდალები არ გორდება, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავარღვიათ ტრადიცია და მოვლენებს რამდენადაც შესაძლებელია არა ხმაურიან სკანდალებზე, არამედ ზოგადად, მთელ პოლიტიკურ პროცესზე ვიმსჯელოთ. თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- არაა სახარბიელო რომ მომავალი სამასზე მეტი დღე-ღამე საარჩევნო ორომტრიალში მოგვიწევს ყოფნა. ოპოზიციას აწყობს წინასაარჩევნოდ არსებული რეალობა, მაგრამ ხელისუფლებისათვის, ნორმალურ ვითარებაში, ეს დამღუპველი იქნებოდა. ნორმალურ ვითარებაში ის მოწყდებოდა ძირითად ყოველდღიურ პრობლემებს, რასაც ქვეყნის განვითარება ჰქვია.

ოპოზიციას აწყობს წინასაარჩევნოდ არსებული რეალობა, მაგრამ ხელისუფლებისათვის, ნორმალურ ვითარებაში, ეს დამღუპველი იქნებოდა

საარჩევნო რეჟიმი კი ნიშნავს, რომ სამინისტროები, კანონმდებლები, საერთოდ - სახელისუფლო სტრუქტურები, რომელიღაც სხვა პრობლემებზე არიან კონცენტრირებულნი, სხვა მიმართულებით ხარჯავენ დროს და ენერგიას. ეს ქვეყნის მდგომარეობაზე კარგად ვერ აისახება, ცხადია.

- სოციოლოგიური კვლევებით კარგად ჩანს, რომ საზოგადოებაში საკმაოზე მეტადაც კი დიდია იმათი რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე მართლაც დიდი დროა, ამ თვალსაზრისით მაინც საინტერესოა ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორების წინასაარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია. დავიწყოთ მმართველი გუნდით.

თქვენთან დაკავშირებამდე „ინტერპრესნიუსი“ ამავე თემებზე ესაუბრა პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს. მისი თქმით - „გაუგებარია ქართული საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი“. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საარჩევნო წელს „ქართული ოცნების“ ტაქტიკა და სტრატეგია?

- ჩემი დასანახიდან ისე ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა და სტრატეგია ერთადერთია - ხელისუფლების შენარჩუნება. ისიც მინდა დავამატო, რომ ამაში არაბუნებრივი არაფერია და ქვეყნად ფარაონ ხეოფსიდან დაწყებული, უფრო ადრეც დღემდე, ყველა ხელისუფლება ასე იქცეოდა.

მაგრამ განსხვავება იმაშია, ვინ რა გზით ინარჩუნებს ხელისუფლებას - ზოგი იარაღით, ზოგი შენებით, რეფორმებით, სასიკეთო გარდაქმნებით, ზოგი გაყალბებით და აკრძალული ილეთებით, ზოგი დაპირებებით და ა. შ. დაე ამ ჩამოთვლილებიდან და ჩამოუთვლელი მეთოდებიდან, თვით „მეოცნებეებმა“ გასცენ პასუხი, რომელი გზით აპირებენ ისინი ხელისუფლებაში დარჩენას.

ნუ დავუკარგავთ ხელისუფლებასა დამსახურებას - სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა უკვე პირველივე წლებში, დემოკრატიისკენ, ჰუმანურობისაკენ, მაგრამ ეს პირველი წლების დამსახურება იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მივიღეთ არასრულყოფილი, ნაკლოვანი დემოკრატია, შევინარჩუნეთ სიღატაკე და დავამატეთ კორუფცია.

ნუ დავუკარგავთ ხელისუფლებასა დამსახურებას - სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა დემოკრატიისკენ, ჰუმანურობისაკენ, მაგრამ ეს პირველი წლების დამსახურება იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მივიღეთ არასრულყოფილი, ნაკლოვანი დემოკრატია, შევინარჩუნეთ სიღატაკე და დავამატეთ კორუფცია

პირადად მე, როგორ ისტორიკოსი, ნაკლებად მახსენდება და არა მწამს ღატაკი ქვეყნების დემოკრატიისა. ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად ვერ ძალგვიძს.

- საარჩევნო წელს მმართველი გუნდის ქმედებებზე საუბრისას ოპონენტები ხელისუფლებას აუცილებლად შეახსენებენ ყველა იმ პრობლემას რაც ქვეყანაში რეალურად არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ხშირად საუბრობს სხვადასხვა სფეროში მიღწევებზე, გაკეთებულ საქმეებზე, ნაკლებად ხმაურიან და მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე, ფაქტია, რომ მას წინასაარჩევნოდ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

თქვენი დაკვირვებით, არჩვნებამდე დარჩენილ დროში რამდენად აქვს მმართველ გუნდს შესაძლებლობა დაიბრუნოს ის ამომრჩეველი, რომელიც მას თუნდაც 2016 წელს ჰყავდა?

- წლის დასაწყისიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, როცა დაგვპირდნენ რომ სულ სხვანაირად წაიყვანდნენ საქმეს. ვერავითარ სისტემურ წინსვლას ვერ ვამჩნევ, ვერც ერთ სფეროში. გააქტიურდნენ მხოლოდ ხელისუფლების ცალკეული პერსონები - კალაძე პროსპექტს აშენებს და აგრესიულობას მოუკლო, გახარია ცდილობს საქმიანი იმიჯი შეიქმნას. მახსოვს მისი მითითება ეკონომიკის მინისტრის მისამართით - თქვენ საქმის შესასწავლად არ უნდა წახვიდეთ ტყიბულში, არამედ - პრობლემის მოსაგვარებლად.

წლის დასაწყისიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, როცა დაგვპირდნენ რომ სულ სხვანაირად წაიყვანდნენ საქმეს. ვერავითარ სისტემურ წინსვლას ვერ ვამჩნევ, ვერც ერთ სფეროში

ეს გამოთქმა ისტორიის ნებისმიერ ქრესტომათიას დაამშვენებდა. მაგრამ ეს ეპიზოდებია. ამას ემატება უენერგიო, არაშემოქმედებითი აღმასრულებლების მთელი ფეოდალური კასტა, რომელიც ერთგულების პრინციპით შეირჩა და ამას ნაპოლეონ ბონაპარტის რესურსის მქონე კაციც ვერაფერს უშველის.

- ვხედავთ, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ბოლო დროს ხშირად საუბრობს რელიგიაზე, მოუხშირა ლიბერალიზმის კრიტიკას და წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისას ხელი თავისივე ყოფილ თანაგუნდელ გიგა ბოკერიასკენ გაიშვირა.

ამას დაემატა ისიც, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა იგივე ბოკერიამ და უგულავამ საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ ისინი „ნაციონალებისაგან“ განსხვავებით არ აპირებენ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების განმეორებას, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ ექნათ ოპონენტებს ჩადენილი მათ პოლიტიკურ დევნას არ აპირებენ.

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს - „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიდგომები მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი და სწორია“... ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაჭრილი კარტია, ცდება“.

რას იტყოდით „ნაცმოძრაობისა“ და უპირველესად მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიაზე?

- ჩვენს ე. წ. პოლიტიკურ ელიტაში თუ ვინმეს რაიმე ცვლილება და მანევრირება ემჩნევა, ეს მიშა სააკაშვილია. მახსოვს როცა ხმები გაისმა რომ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძეს და წინაპრებს პატივს არა სცემსო, ერთ მშვენიერ დღეს ის ტელეეკრანებზე ილიას პორტრეტის ფონზე გამოეცხადა მაყურებელს.

დღეს ევროპაში ჯანსაღი, თავდაცვითი ნაციონალიზმის ნოსტალგია ძლიერდება. ამას მარტო ჩვენი ფსევდოლიბერალები ვერ ამჩნევენ. სააკაშვილმა შარშანწინ განაცხადა უნგრეთის პრემიერი ორბანი ჩემი მეგობარიაო. ახლა იგი ეკლესიისა და ღმერთის მოთაყვანეა, ე. ი. სწორი არჩევანის მიღება შეუძლია და პოლიტიკოსისათვის ეს ცუდი თვისება არაა, მით უფრო, თუ იგი უკეთესი ღირებულებების მიმართულებით ევოლუციონირებს.

მაგრამ, დამარცხებული ლიდერისათვის ეს არაა საკმარისი. ტყუილად არ უთქვამთ რომაელებს - „ვაი, დამარცხებულთ“. სააკაშვილს ძლიერი ქარიზმა აქვს, მაგრამ მას არ უღიარებია საკუთარი შეცდომები. მას კვლავ მისცემს ხმას მისი სტაბილური ამომრჩეველი, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი.

სააკაშვილს ძლიერი ქარიზმა აქვს, მაგრამ მას არ უღიარებია საკუთარი შეცდომები. მას კვლავ მისცემს ხმას მისი სტაბილური ამომრჩეველი, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი

„ნაციონალები“ არ ცდილობენ მოსახლეობის იმ ფენებში შეაღწიონ, რომლებიც მათ არ აღიარებენ. გამარჯვებისათვის კი ესაა აუცილებელი. თუ გინდა გაიმარჯვო, შენს მოწინააღმდეგეს უნდა წაართვა საკუთარი ამომრჩეველი. არ ვიცი როდის მიხვდებიან ამას „ნაციონალები.“

- ვხედავთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ცდილობენ „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებულად გამოიყურება სააკაშვილისგან დამოუკიდებლად პოლიტიკურ სცენაზე „ევროპული საქართველოს“ მოქმედება?

- „ევროპელებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირება ტაქტიკურია. მათ საერთო ღირებულებები აქვთ. მათი გაყოფა რაციონალური ნაბიჯი იყო. „ევროპული საქართველო“ - ეს „ნაციონალების“ საპარლამენტო ფრთაა ფაქტიურად. მათ მეტი ამომრჩეველი ეყოლებათ 2020 წელს.

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ოპოზიციისა, მე მაინც არ მგონია, რომ ოპოზიცია 2020 წელს წარმატებას მიაღწევს. ეს არც ოპოზიციის ბრალი იქნება და არც „მეოცნებეების“ სიყოჩაღის დამსახურება.

საქმე სხვაშია და აი რაში - ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა არაა - რეფორმისტული, გარდაქმნისაკენ ორიენტირებული. პირიქით, ის კონსერვატიულია.

არ მგონია, რომ ოპოზიცია 2020 წელს წარმატებას მიაღწევს. ეს არც ოპოზიციის ბრალი იქნება და არც „მეოცნებეების“ სიყოჩაღის დამსახურება... ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა არაა რეფორმისტული, გარდაქმნისაკენ ორიენტირებული. პირიქით, ის კონსერვატიულია... ამიტომ მას უკვე ჰყავს თავისი ხელისუფლება, ისიც მასავით უინიციატივო, ზანტი, უმოძრაო

მას ურჩევნია სტაბილური უძრაობა, გათვლილი ხვალინდელი დღე, სიზანტე, გულგრილობა, მოსვენებულობა, აღმოსავლური გარინდება. მან იცის რომ ეს ცუდია, მაგრამ ეს ცუდი ურჩევნია - მოძრაობას, ინიციატივას, მიზანსწრაფვას, უჩვეულოს, გაუთვლელ ხვალინდელს, რაც შეიძლება მოჰყვეს აქტიურობას, ცვლილებებს, ინიციატივას, ახალ მიზნებს.

ამიტომ მას უკვე ჰყავს თავისი ხელისუფლება, ისიც მასავით უინიციატივო, ზანტი, უმოძრაო, ქართული, ისეთი, რასაც რობაქიძე - სპლინს უწოდებდა. მხატვრული შედარება რომ მოვიხმოთ, ჩვენ დღეს წყნარად მოდუდუნე ჭუჭყიანი მტკვარი გვირჩევნია ვიდრე - მღელვარე და მოძრავი თერგი. თუ ვინმე ამ განწყობის შეცვლას მოახერხებს - ბარაქალა მას.

ჩვენ დღეს წყნარად მოდუდუნე ჭუჭყიანი მტკვარი გვირჩევნია ვიდრე მღელვარე და მოძრავი თერგი. თუ ვინმე ამ განწყობის შეცვლას მოახერხებს - ბარაქალა მას

- ელექტორატის მობილიზებისა და მეტი მოტივაციისათვის, ასევე არჩევნებისთვის მეტი ინტრიგის შესაძენად ძირითადი პოლიტიკური პარტიები საუბრობენ იმაზე, რომ ერთმანეთთან არ ითანამშრმლობენ და არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას დააკომპლექტოს მთავრობა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არც „ნაციონალებთან“ არც „ევროპულ საქართველოსთან“ და არც „პატრიოტთა ალიანსთან“ არ აპირებენ კოალიციის შექმნას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ მისთვის სასურველ იმ პოლიტიკურ ძალებთან გეგმავს თანამშრომლობას და მთავრობის დაკომპლექტებასაც, ვინც 0, 67%-ს გადალახავს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იგეგმებოდა, „მეოცნებეების“ ბელადებმა იზრუნეს ისეთ ვარიანტზე, რომელიც მათ უფრო გამოადგებოდათ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ისეთ ამბიციურ ხალხში, როგორნიც ჩვენა ვართ, და ისეთ ღატაკ სახელმწიფოში როგორიც ჩვენ შევქმენით, ფული ყოვლისშემძლე იქნება.

მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება. ეს შავი პროგნოზია, მაგრამ ამის თქმის უფლებას, ჩვენი ახლო წარსული მაძლევს, რომლის შესახებაც მონოგრაფია მაქვს გამოქვეყნებული.

მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება. ეს შავი პროგნოზია, მაგრამ ამის თქმის უფლებას, ჩვენი ახლო წარსული მაძლევს, რომლის შესახებაც მონოგრაფია მაქვს გამოქვეყნებული

მაშინ, მაშინდელ ოპოზიციონერებს, დაპირდნენ - ოღონდ ეს ე. წ. ეროვნული ხელისუფლება მოგვაშორეთ და ყველას პარლამენტში მოგიყვანთო. ასეც მოხდა. პოეტებმა და მეცნიერებმაც კი ავტომატს მოკიდეს ხელი.

არ ვიცი ჩვენებური პოლიტიკოსები და გაპოლიტიკოსების მსურველები, იმათზე უკეთესები არიან? იქნებიან?

- ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკურ ძალებს შორის მთავარი წყალგამყოფი საგარეო პოლიტიკური კურსი და და ამა თუ იმ ძალების პროდასავლელობა თუ პრორუსულობა იქნება.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგა საგარეო კურსთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალთა დამოკიდებულება აღმოჩნდეს?

- დაწყებული 1990-იანებიდან, ყველა არჩევნების მთავარი ინტრიგა იყო საგარეო პოლიტიკა, ორიენტაცია და ვექტორი. ამით არც 2020 წელი იქნება გამონაკლისი. როგორც ილია უწოდებდა - „დიდი ონავრები“, ჩვენ და ჩვენს მსგავს ქვეყნებს, არ მისცემენ უფლებას, მხოლოდ თავის ნებაზე იმოძრაონ.

ჩვენი ამომრჩევლის გარდა, ჩვენს არჩევნებში მუდამ მონაწილეობდნენ ძველი უცხოელი მოთამაშეები - რომი და პართია, ბიზანტია და ირანი, ოსმალები და ყიზილბაშები, იგულისხმება, მეფეების დაშვნა-დამტკიცება, რუსეთი და ევროპა. დღეს ეს მოთამაშეები დასავლეთი და ჩრდილოეთი არიან. თუ გვინდა რომ საკუთარი არჩევნები გვქონდეს - სპლინიდან უნდა გამოვიდეთ..

დაწყებული 1990-იანებიდან, ყველა არჩევნების მთავარი ინტრიგა იყო საგარეო პოლიტიკა, ორიენტაცია და ვექტორი. ამით არც 2020 წელი იქნება გამონაკლისი... თუ გვინდა რომ საკუთარი არჩევნები გვქონდეს - სპლინიდან უნდა გამოვიდეთ

- ანაკლიის პორტის ირგვლივ კამათი და მსჯელობა არა თუ არ ცხრება, დროდა დრო სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. პასუხგაუცემელი კითხვებიც მატულობს როგორც კონსორციუმის, ისე ხელისუფლების მიმართ.

საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით - „ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას? თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ანაკლიის პორტის ირგვლივ?

- მოკლედ და კონკრეტულად - ანაკლიის პორტი ამ ხელისუფლების პირობებში - არ აშენდება. იგი ტყვედ ჰყავს რუსეთს, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ ანაკლიის რეალიზება ნიშნავს, საქართველოს დიდ ნაბიჯს - ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ. ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველო კი არასოდეს აღარ მოიხედავს უკან - ჩრდილოეთისაკენ.

ერთი წელი მოვიცადოთ, თუ ხელისუფლებამ ანაკლია ააშენა - პირველი მე მოვუხდი ბოდიშს ხელისუფლებას.

ანაკლიის პორტი ამ ხელისუფლების პირობებში არ აშენდება... ერთი წელი მოვიცადოთ, თუ ხელისუფლებამ ანაკლია ააშენა, პირველი მე მოვუხდი ბოდიშს ხელისუფლებას

- თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კი განაცხადა, მაგრამ ჯერაც გაურკეველია თუ როგორ განვითარდება პროცესები. ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა შედეგით დასრულდება პუტინ-ერდოღანის სოჭში დაგეგმილი შეხევედრა.

დამკვირვებელთა უმეტესობა ახლა იმაზე საუბრობს, რომ ვაშინგტონის ახლოაღმოსავლურმა პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა. მეტიც, უნდოდა ეს თუ არა, თავისი ქმედებებით ტრამპმა ხელიც კი შეუწყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისმყოფელის როლი მოერგო. საუბარია იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელმაც საქართვლოსა და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია.

ვხედავთ, რომ დღვანდელი მსოფლიო აშკარად აღარაა ისეთი, როგორც სულ ახლახანს. თუნდაც, სირიაში თურქეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში სირიაში მოხდა და სავარაუდოდ, მომხდარი როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე?

- სირიის პრობლემა დიდი ხანია, რაც ცხელი კერათაგანია. ბატონ ერდოღანის ლექსიკა შუასაუკუნეობრივად აგრესიულია - ჩვენ თავებს გავუსრესთ ქურთ ტერორისტებს. ამერიკელებმა სანახევროდ დააცხრეს მისი ოსმალური სიფიცხე.

საბოლოოდ ვითარება შუალედური კომპრომისით დასრულდება ალბათ - ამერიკელები ქურთ მეამბოხეებს დააშოშმინებენ, ხოლო ერდოღანს საშუალება მიეცემა სირიელი ლტოლვილების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, სირიის ჩრდილოეთში დააბრუნოს ან დაასახლოს. რაღაც ამის მაგვარი შეიძლება მოხდეს, რადგან მსოფლიო არ არის მზად რომ რეგიონში რადიკალური ცვლილებები მოხდეს.

გავიხსენოთ ტრამპის ერთ-ერთი მისი საარჩევნო დაპირება, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა ამერიკის შიდა ნაციონალური ინტერესები და ნაკლებად ჩაერეოდა შორი ქვეყნების შინაურ საქმეებში

რეგიონის მთავარი საფრთხე მოიშალა და ისლამური სახელმწიფო აღარ არსებობს - ეს იყო მთავარი აშშ-თვის.

სხვა გლობალური ინტერესი, ყოველ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციას რეგიონში არ ჰქონია და თუ ჰქონდა, მან ანგარიში გაუწია სხვა კონკურენტებსაც. გავიხსენოთ ტრამპის ერთ-ერთი მისი საარჩევნო დაპირება, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა ამერიკის შიდა ნაციონალური ინტერესები და ნაკლებად ჩაერეოდა შორი ქვეყნების შინაურ საქმეებში.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა