დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები

სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მომდევნო 3 წლის განმავლობაში თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

სამომავლო გეგმებზე, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე დავით ნარმანიას „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა.

- ბატონო დავით, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი, როგორც სემეკის თავმჯდომარის გეგმები და პრიორიტეტები?

- პარლამენტის წინაშე უკვე წარვსდექი გეგმით. ესაა ჩემი ხედვები სემეკ-ის, სექტორის შემდგომ განვითარებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში, მომხმარებელთა უკეთესი კომუნალური სერვისები უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ პარლამენტში ვისაუბრე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. მეორე მხრივ, სერვისის მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფა იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამ თვალსაზრისით მიმდინარე წლის ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი რეგულაცია გვაქვს მისაღები, მათ შორის ინვესტიციების შეფასების წესი ელექტროენერგეტიკის, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების სექტორისთვის, რაც ამ სექტორებში ინვესტირების მნიშვნელოვანი მარეგულირებელი აქტი იქნება. ამ აქტის მიღება ინვესტორებს მეტ გარანტიას მისცემს და წინასწარ ეცოდინებათ მარეგულირებელი კომისია რა ინსტრუმენტებით და კრიტერიუმებით აფასებს ინვესტიციებს. ასევე ჩვენ უნდა მივიღოთ ბაზრის წესები, რაც ევროინტეგრაციის შესაბამისად გულისხმობს ბაზრის ღიაობას, ლიბერალიზაციას და შესაბამისად არ იქნება თითო მიმწოდებელი ელექტროენერგიისა თუ გაზმომარაგების სექტორში. ბაზრის გახსნა გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს თვითონ შეეძლება მიმწოდებლის არჩევა ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, რასაც ჩემი ერთ-ერთი ხედვა გულისხმობს ანუ სადავო საკითხებთან დაკავშირებით პროცესის უფრო დაჩქარება. მოქალაქეები ყოველთვის ითხოვენ, რომ მათი განაცხადები, საჩივრები დროულად გადაწყდეს, ამიტომ გარკვეულ პროცედურებს დავაჩქარებთ. იქნება უფრო აქტიური კონსულტაციები ცვლილებებთან, რეფორმებთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი.

- „მომსახურების ხარისხის წესები“ ახსენეთ. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ კომპანიები წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 24 საათის და მეტი დროის განმავლობაში არ აწვდიან კომუნალურ მომსახურებას. ამ კუთხით რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- „მომსახურების ხარისხის წესები“ ამ ეტაპზეც მოქმედებს, თუმცა პერიოდულად იხვეწება, მასში შედის ცვლილებები და ახალი რეგულირების ბლოკები ემატება. მაგალითად, ელექტროენერგიის სექტორისთვის უკვე ძალიან კარგად მუშაობს წინასწარი გაფრთხილების მექანიზმი, როცა გამორთვას ან ავარიას აქვს ადგილი. ბუნებრივი გაზის სექტორში კიდევ იხვეწება რაღაცები. ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც გეგმური გამორთვების, ასევე ავარიის შემთხვევაში ეცნობოს მომხმარებელს, სავარაუდოდ, როდის აღუდგებათ სერვისის მიწოდება. იმ შემთხვევეაში, თუ იმ დროში, რომელსაც კომპანია იღებს სერვისის აღსადგენად, ვერ ხერხდება აღდგენა, მაშინ შესაძლებელია ვადის გადაწევა, მაგრამ ამას თავისი პროცედურები ექნება და ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დროის გახანგრძლივების მიზეზები ობიექტურია. გვაქვს შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა გადააცილეს ვადას ან მაჩვენებლები გააუარესეს. ასეთ შემთხვევაში კომპანიებს ვაჯარიმებთ 5000 ლარით და ახალი კანონმდებლობით, 2020 წლიდან იგეგმება ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდა. ეს კარგი მექანიზმია, რადგან როდესაც ვაფრთხილებთ კომპანიას, რომ შეიძლება დავაჯარიმოთ, ისინი მყისიერად იწყებენ დარღვევის გამოსწორებას.

- ენერგოეფექტიანობა ერთ-ერთი საკითხია თქვენს გეგმაში. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მოუწოდა პარლამენტს, სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. რა იგეგმება ამ კუთხით?

- მე ელჩის პათოსს და სულისკვეთებას შევუერთდები. ენერგოეფექტიანობა მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, დავზოგოთ ენერგია და მეორე მხრივ, შევამციროთ გარემოში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, რაც ენერგიის მოხმარების თანმდევია. ამასთან, ქვეყანაში მუდმივად იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა; ადგილობრივი წყაროები, რომლითაც ჩვენ ენერგიას ვიღებთ, შეზღუდულია. აქედან გამომდინარეც მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანობის უზრუნველყოფა. შესაბამისი კანონი მომზადებულია და პარლამენტში განიხილება, საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება და შემდეგ მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფა. პროცესში ჩვენც ვართ ჩართული, განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტი. ასე რომ, პროცესი მიდის და ამას ჩვენ უნდა მივაყოლოთ სხვა თანმდევი მარეგულირებელი აქტები, რათა ენერგოეფექტიანობა მხოლოდ შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტიანობით არ შემოიფარგლებოდეს, არამედ მასიურად გადავიდეთ ენერგოდამზოგავ გარე განათების მოწყობილობებზე და როდესაც ახალი ქუჩების და მაგისტრალების პროექტები განხორციელდება, სავალდებულო იყოს ენერგოეფექტური გარე განათების სისტემა.

- ახსენეთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ამასთან, საკმაოდ პრობლემატურია ახალი გენერაციის ობიექტების შექმნა, იმ პროტესტის ფონზე რაც მოსახლეობას ჰესების მიმართ აქვს. ამ საკითხს როგორ აფასებთ, რა გამოწვევებს ხედავთ?

- მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაააქტიუროს მუშაობა მეტი ენერგიის მისაღებად. ევროპის ქვეყნებში რამდენი პროცენტითაც იზრდება საშუალოდ ეკონომიკა, იმდენი პროცენტით იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ჩვენთან ეკონომიკურ ზრდაზე გაცილებით მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. თუ საშუალოდ ეკონომიკა 4.5-5 %-მდე იზრდება, ბოლო წლების განმავლობაში 7-8 %-ით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რაც სამი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული. ერთია მზარდი ტურიზმი და ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ, რომელიც ბოლო წლებში ბევრი აშენდა. მეორე მიზეზია, სახელმწიფოს სპეციალური პროგრამების ხელშეწყობით, იგივე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შექმნილი საწარმოები და მესამე ესაა კრიპტოვალუტის წარმოება, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფეხი აქტიურად მოიკიდა და ელექტროენერგიის გენერაციის გაცილებით უფრო მეტ და მძლავრ წყაროებს მოითხოვს. ამიტომ ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე. იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი , იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები.

- ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ხშრად გვესმის განსხვავებული პოზიციები. იგივე პანკისში, საკმაოდ მძიმედ განვითარდა მოვლენები. თქვენი აზრით, ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში ჰესების მშენებლობის არაერთი პროექტია გაჩერებული?

- არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც საკითხში გაურკვეველი პირები ვიღაცების მართული პროცესების გამო აჩერებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს. თითოეული მეგავატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იგივე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, სჭირდება ენერგია და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა იძახის, რომ სჭირდება იაფი ენერგია. ეს მოთხოვნა სწორია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ძალიან იაფი ენერგია ვერ გვექნება და თუ მუდმივი პროტესტი და წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია კიდევ უფრო გაგვიძვირდება მომავალში. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დარწმუნდეს მოსახლეობა, კონკრეტული ჰესი რა გავლენის იქნება. მეორე მხრივ, თუ რამე ჰესის მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტში შესაცვლელი და დასახვეწია, შეიძლება შესწორდეს. რაღაც დათმობაზე ინვესტორი უნდა წამოვიდეს, რაღაც დათმობაზე მთავრობა და მოსახლეობა. ყველამ თითო ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ისე ეს პროცესი წინ ვერ წავა. უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის მოთხოვნა მკაფიოდ და არგუმენტირებულად და არა ისე, რომ ეს ხეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ეს სპეციალისტებმა უნდა ნახონ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც იგივე პანკისის ჰესს აქვს და მე კარგად წავიკითხე ეს დოკუმენტი, მის მიხედვით არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ხეობაზე. ყოველთვის მოიძებნება კონსენსუსი. ამის გარეშე ინვესტორი ცოდოა, მან ფული უკვე დახარჯა, კვლევებია გაკეთებული, ტექნიკა მობილიზებული იყო, ტრაქტორი დაიწვა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცეცხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება. მოლაპარაკებებით, თბილი საუბრით რაღაც კონსენსუსამდე აუცილებლად მივალთ. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის სწორად უყურებს პროცესებს, უბრალოდ რაღაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს საჭირო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა. არიან რადიკალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში და რომ კითხოთ, რომ აბა, საიდან უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია, ამბობენ, რომ თქვენ ხართ მთავრობა და საიდანაც გინდათ მოიტანეთ. ერთად უნდა დავსხდეთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ და ვიდავოთ, მაგრამ ჰესი უნდა ავაშენოთ.

- დღესდღეობით საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის „ენგურჰესის“ გენერაციით მარაგდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი, რაზეც განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება და იმაზეცაა საუბარი, რომ აფხაზეთში ბოლო დროს მოხმარების ზრდა ბიტკოინების წარმოებას უკავშირდება. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

- რაც უფრო იზრდება აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, მით უფრო მცირდება ის წილი, რომლითაც "ენგურჰესიდან“ დანარჩენი საქართველო მარაგდება და ბუნებრივია, "ენგურჰესის“ იაფი ენერგია სატარიფო კალათას აკლდება. მოგეხსენებათ, დაგეგმილია "ენგურჰესის“ რეაბილიტაცია, რაც მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა თუ აფხაზეთში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, არ ვიცი, იქ ბიტკოინს აწარმოებენ თუ რამ გაზარდა მოხმარება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ეს დამატებითი ტვირთი და პასუხისმგებლობაა ჩვენი მხარისთვის. ამიტომ ამ პროცესში კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და მოლაპარაკებები იქნება საჭირო.

- საკმაოდ ხშირია ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევები. ახლახანს გურამიშვილზე აფეთქდა საცხოვრებელი კორპუსი. ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით წესების გამკაცრება სიტუაციას გამოასწორებს?

- სამწუხაროა, რომ ყოველ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ხდება ასეთი უბედური შემთხვევები, რაც ხშირად დაუდევრობითაა გამოწვეული. კომპანიები ბუნებრივი აირის დანადგარებს არსებული წესის თანახმად ამოწმებენ, ძალიან ბევრ ოჯახში მიდიან და თუ დარღვევას გამოავლენენ, ჭრიან, მაგრამ სამწუხაროდ, აბონენტების ნაწილი ამ ჩაჭრილი გაზის დანადგარების კუსტარულად მიერთებას ახორციელებს ანუ საკუთარ თავს და მეზობლებსაც საფრთხეში აგდებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს პასუხისმგებლობა. თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქემ ჩაჭრილი დანადგარი კუსტარულად მიაერთა, უკან არ უნდა დავიხიოთ და მაქსიმალურად მაღალი ჯარიმები უნდა იყოს. ინიცირებულია ცვლილებები, რომლებიც ამ პროცედურების გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე მომზადებულია ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, პროცედურები მკაფიო ხდება. გარდამავალ პერიოდში კომპანიებს მოუწევთ შემოწმება, როგორც აქამდე -სეზონის განმავლობაში ერთხელ. თითოეული ჩვენთაგანი თუ უფრო ყურადღებით არ ვიქნებით, რომ გაზის სისტემები უსაფრთხოდ გვქონდეს, ბუნებრივია, ყველა ბინაში ყოველთვის გაზის გამანაწილებელი კოპანია ვერ შევა და ვერ შეამოწმებს - მხოლოდ თბილისში 400 000-ზე მეტი აბონენტია. ჩემი ინფორმაციით, ყოველწლიურად 20-მდე ადამიანი იღუპება გაზის დანადგარების გამო გამოწვეული შემთხვევებით. ერთი მხრივ, ვაუმჯობესებთ კანონმდებლობას, თუმცა ამასთან ერთად საჭიროა მოსახლეობის მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენა.

- დღეისათვის, კომისიაში მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის გეგმური პროცესი და 2020 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ახალი ტარიფი იმოქმედებს. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზრდება?

- ტარიფების დადგენა გეგმური პროცესია და იწყება წლის დასრულებამდე 180 დღით ადრე. კომპანიები მარეგულირებელ კომისიაში აკეთებენ განაცხადს, რაც გულისხმობს, რომ სემეკის მიერ დადგენილი ფორმით წარმოადგენენ დეტალურ მონაცემებს შემოსავლების, ხარჯების და სხვა მაჩვენებლების შესახებ. შემდგომ ხდება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ამ ინფორმაციის დამუშავება და კომისიას წარედგინება ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით - ზარალზეა თუ მოგებაზე კომპანია, არსებული ტარიფის პირობებში შემოსავლები ფარავს თუ არა ხარჯებს და შესაბამისი ფორმულით განისაზღვრება არის თუ არა ტარიფის ზრდის საჭიროება.

ამ ეტაპზე გაზის ტარიფებთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი. მნიშვნელოვანია, რომ დამოკიდებული ვართ იმპორტირებული გაზის ფასზე, ასევე გათვალისწინება ხდება სხვადასხვა ფაქტორების, როგორიცაა ვალუტის კურსი და სხვა. მიმდინარეობს კალკულაციის პროცესი და საბოლოოდ ტარიფს დეკემბერში დავადგენთ. ჩემი წინასწარი ვარაუდით, რაიმე სახის არსებით ზრდას არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ელექტროენერგიის და წყლის ტარიფებს, ეს ტარიფები დადგენილია სამი წლით და 2020 წლის ბოლომდე ამ ტარიფების გადახედვა არ ხდება.

- როგორც აღნიშნეთ, წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფები 3 წლის ვადით დგინდება, გაზის ტარიფი კი ყოველწლიურად. ხომ არ იგეგემება ბუნებრივი აირის ტარიფის უფრო გრძელვადიანი დადგენა?

- ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ.

- რაც შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებს, მოსალოდნელია თუ არა ზრდა?

- ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება.

- რაც შეეხება სხვა თემებს, როგორც ქალაქის ყოფილ მერს მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, რას ფიქრობთ ტაქსების რეფორმაზე?

- სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისის მერიაში კომპლექსურია და ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემი მერობის დროს დავიწყეთ, ასევე, ესაა ახალი ავტობუსების პროექტი, რომელიც გრძელდება. ეს ძალიან კარგი საქმეა. მეორე ეს არის მეტროპოლიტენთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურა მეტწილად მოძველებულია, ხდება ვაგონების მოდერნიზაცია და მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტაქსების რეფორმას, ეს რეფორმა მნიშვნელოვანი, საზოგადოების მხრიდან მხარდასაჭერი და სწორად აღსაქმელია. რატომ არ უნდა იღებდნენ ვთქვათ, ვაუჩერს, რომლითაც უფასოდ შეეძლოთ მანქანის გაწმენდა და შეღებვა? - მერიის მხრიდან იყო მოწოდებები და მთელი თვეების განმავლობაში იხვეწებოდა მერია, რომ წაიღეთ ვაუჩერი. ბევრი მძღოლის მხრიდან არასწორად იქნა ეს პროცესი დანახული და სწორედ ამან გარდამავალ პერიოდში გამოიწვია გარკვეული უხერხულობა. თუმცა ყველა რეფორმას ახლავს უხერხულობა და ყველა მხარე ყოველთვის თანაბრად კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ეს ასეც იქნება, რომ უახლოეს მომავალში დასტაბილურდება სიტუაცია და ფასებიც შემცირდება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალაქის მერიას და ყველას გვქონდეს სწორი პოზიცია. ამ კონცეფციაზე ჩემი მერობის დროსაც ბევრი მსჯელობა იყო. ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაა შესწავლილი და უმტკივნეულოდ ამას არსად ჩაუვლია, თუმცა ეს ისეთი რამ არაა, რაზეც შიშის ზარი უნდა შემოვკრათ. ეს ყველაფერი გასაკეთებელი იყო ეტაპობრივად, პროცესი მიმდინარეობს და შედეგიც აუცილებლად იქნება.

- ბოლოს გკითხავთ 2020 წლის არჩევნებზე, როგორია თქვენი შეფასება და მოლოდინები?

- მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, როცა ასეთი ტიპის მმართველობის განვითარების შესაძლებლობა მოგვცა, როგორიცაა პროპორციული არჩევნები, სადაც ყველას შეუძლია თავისი შესაძლებლობები დადოს და მიიღოს შესაბამისი მანდატები პარლამენტში. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ვერაფერს მიიღებს, რადგან მარტო სხვადასხვა ტელევიზიის ეთერებით გამოჩენა და ხელისუფლების ლანძღვა პოლიტიკურ დივიდენდებს არ იძლევა. ამიტომ მე მათ ვურჩევდი, რომ პროგრამა გააკეთონ, ხედვები გააცნონ საზოგადოებას და დაანოხონ, რომ რეალურად ამის გამკეთებლები არიან, ამასთან, უკან მოიხედონ თვითონ, რა გზა გამოიარეს და რა აქვთ გაკეთებული. ძალიან კარგი სისტემაა შემოთავაზებული, საინტერესო არჩევნები გველოდება.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო