აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ორპარტიულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“ განიხილავს, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების, ჯერი კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერის (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) მიერ არის წარდგენილი და რომელსაც 30-მდე თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიებიდან. წარმომადგენელთა პალატაში განხილვამდე, კანონპროექტი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესმენები მხარდაჭერას გამოხატავენ და ხაზს უსვამენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა, თუ ძალადობის გარეშე.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს - საქართველოსთან კონსულტაციის გზით, გააძლიეროს საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თვითდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ქვეყნისადმი აშშ-ის შესაბამისი დახმარების გზით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს