მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტესტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან 11 300-ზე მეტი აპლიკანტი მასწავლებლობის მსურველია.
„თითოეულ ამ ადამიანს, ვინც დარეგისტრირებულია უკვე დღეიდან, კონკრეტულად, 15:00 საათიდან შეუძლია, ამობეჭდოს პირადი გვერდიდან საგამოცდო ბარათები. საგამოცდო ბარათებზე დატანილია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც უნდა გაეცნონ, მათ შორის, რა თქმა უნდა, საგამოცდო ცენტრი, ასევე საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო და თარიღი. ერთი განსხვავება წინა წლებთან და ზაფხულთან შედარებით იქნება ის, რომ თუკი მანამდე დილის სესიაზე მათ უწევდათ დილის რვა საათზე გამოცხადება საგამოცდო ცენტრში, ახლა 10 საათიდან იქნება გამოცხადება სავალდებულო. ანუ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან ამის საშუალება გვქონდა, ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ტრანსპორტირების თვალსაზისით ეს უფრო მოსახერხებელი იქნება ჩვენი პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველებისთის. თუმცა აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ამით არ მინდა წავახალისო დაგვიანება იმიტომ, რომ ისევე როგორც ადრე, ახლაც დაგვიანების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ აპლიკანტები შევუშვათ გამოცდაზე“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ.
საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და თელავი. გამოცდის ჩატარების მიზნით, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, სქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება.