ლალი ფაფიაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, არის გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებზეც შეწყალება არ უნდა გავრცელდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლალი ფაფიაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, არის გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებზეც შეწყალება არ უნდა გავრცელდეს. ფაფიაშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ნინო გოგუაძემ დაუსვა და დაინტერესდა, უნდა ემყარეობოდეს თუ არა მსჯავრდებულის შეწყალება რაიმე კრიტერიუმებს.

„ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. თუმცა, დისკრეციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მან თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, მათ შორის სუბიექტური კრიტერიუმებით როცა იღებ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას, გზა, რა გზითაც მიდიხარ შესაბამის გადაწყვეტილებამდე, უნდა იყოს ნათელი. შესაბამისად მე მხარს ვუჭერ, რომ ეს იყოს განსაზღვრული და განჭვრეტადი. დღევანდელი საკანონმდებლო რეგულაციის ხიბლი, სავარაუდოდ არის ის, რომ პრეზიდენტს საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლით, თავისი სუბიექტური შეხედულებებით, რაღაც გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვს. ამასთან, იყო ისეთი პრეცედენტები, როდესაც პრობლემას ქმნიდა ის, რომ პირის მიმართ ყველაზე სწორი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს მისი შეწყალება, რადგან იცი, რომ პროცესი იყო გარკვეულწილად ხარვეზიანი. მაგრამ კანონმდებლობა გეუბნება, რომ ამ შემთხვევაში, მას ვერ შეიწყალებ, თუკი არ გიწერს განცხადებას და არ გთხოვს შეწყალებას, არადა მეორე მოცემულობა გაქვს, როცა იცი, რომ ამ ადამიანის იქ გაჩერება უბრალოდ იცი, რომ უსამართლობაა. აი, მაშინ როგორ მოქმედებ?! ეს ნორმა ასეთ ვითარებებში ძალიან კარგი დამაბალანსებელი საშუალებაა, რადგან გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერზე დახუჭო თვალი, კერძოდ იმაზე მინიმუმი არის თუ არა გავლილი, ფორმალურად სწორად არის თუ არა ქმედება დაკვალიფიცირებული და პრაქტიკულად იმ მსჯავრდებულის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უნდა არსებობდეს თუ არა გარკვეული კატეგორიის დანაშაულები, რომელზეც არ უნდა გავრცელდეს შეწყალება, მოსამართლეობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამაზე საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.

„ისევ სტრასბურგს დავესესხები, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოს საქმეებზეც, არაერთ გახმაურებულ შემთხვევაში, სადაც ძალიან ხისტად აქვს ნათქვამი, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკონვენციის 2-ე ან 3-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, განხორციელებულია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ვინც უნდა გამოდიოდნენ ამ უფლებათა დაცვის გარანტებად, ასეთი ადამიანების მიმართ შეწყალების გამოყენება სტრასბურგის პერსპექტივიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუშვებელია”, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების ახსნას და განმარტებას, ლალი ფაფიაშვილის თქმით, ვინაიდან პრეზიდენტი ხალხის მიერაა არჩეული და ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე, მან ასეთ შემთხვევაში უნდა ახსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება.

„რადგან დისკრეციული უფლებამოსილებაა, აქედან გამომდინარე ვალდებულება არ აქვს ახსნას, მაგრამ თუ იქიდან გამოვალთ, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულია, ამ შემთხვევაში ის ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე და უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორც მინიმუმ, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო