ჯეიმს აპატურაი - მეტი ნატო საქართველოში

„ცვლილებები შეიძლება ერთ ღამეში ვერ განხორციელდეს, თუმცა ჩვენ გვინახავს, რა შეიძლება მოხდეს ერთ თაობაში“. ეს სიტყვები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა (2016 წ. -ოქტომბერი, 2019 წ.) ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ოქტომბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე წარმოთქვა. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC), ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. 2008 წლის შემდეგ ეს გახლდათ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში.

ქართველ ახალგაზრდებთან საუბრისას ქალბატონმა როუზმა აღნიშნა, რომ რეფორმების ტემპის გაგრძელება და საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების რეალიზება ამ ქვეყნის საზოგადოებისა და თაობის გამოწვევაა; ეს პროცესია, რომელიც მოითხოვს ბევრ შრომასა და მოთმინებას, მაგრამ, ამავდროულად, ბევრ შესაძლებლობასაც იძლევა.

საქართველომ ეს შესაძლებლობები ეფექტიანად გამოიყენა გასულ წლებში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში 10-15 წლის წინ იმყოფებოდა და დღეს უკან ბრუნდება, საკუთარი თვალით დაინახავს იმ ტრანსფორმაციას, რომელიც საქართველომ ქართველის ხალხის დიდი ძალისხმევის შედეგად და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით განიცადა. მნიშვნელოვანია შიდა რეფორმების გაგრძელება, რათა საქართველომ წინ გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეფექტური და ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საყრდენია. აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც, რადგან ჩვენი პარტნიორების სტაბილურობა და უსაფრთხოება აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებასაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზება და გაძლიერება და სწორედ ამ მიმართულებით უწევს მას ნატო დახმარებას.

საქართველო მართლაც უნიკალური პარტნიორია ნატოსთვის. ბოლო დროს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული რეფორმების გატარების, ეკონომიკური განვითარების კუთხით, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზების მიმართულებით. საქართველომ დაამტკიცა, რომ მას, როგორც ნატო-ს მიერ ავღანეთში წარმოებული ოპერაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორს, შეუძლია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვილის შეტანა და ჩვენ ვაფასებთ ამ მტკიცე მხარდაჭერას.

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველომ მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ძალებთან თავსებადობის კუთხით მნიშნვნელოვანი გამოცდა ჩააბარა. სწავლებაში, რომელიც წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო ნატო-ს 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის 350-მა სამხედრო მოსამსახურემ. ეს იყო საქართველოს მიერ ოპერაციების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების ნათელი დემონსტრირება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დიდი მიღწევები აქვს და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში ამ მიღწევების უდიდესი ნაწილი ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP) ქვეყნის რეფორმირების გზაზე ნატოს მხარდაჭერისა და ალიანსის წევრობისთვის მზადების ქვაკუთხედს წარმოადგენს. წელს აღვნიშნავთ SNGP-ის საქართველოში ფუნქციონირების 5 წლისთავს. ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პაკეტი კიდევ უფრო დაიხვეწება. SNGP-ის ქოლგის ქვეშ ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 40-მდე ექსპერტი საქართველოში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა ინიციატივაზე, მათ შორის კიბერ საფრთხეების, საჰაერო თავდაცვის და სპეციალური ძალების წვრთნების მიმართულებით. ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) ცენტრალური ინიციატივაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სადაც მისი დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში სწავლება გაიარა ათასობით ქართველმა და ნატო-ს სამხედრო პერსონალმა. აღნიშნული ცენტრი ნატოსა და საქართველოს დინამიკური პარტნიორობის ყველაზე ხელშესახები მიღწევა და წარმატების ისტორიაა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) გადაწყვეტილება SNGP-ის გადახედვის შესახებ ნათლად გამოხატავს საქართველოსადმი ნატოს თანადგომას. აშკარაა, რომ მოკავშირეები ერთიანები არიან საქართველოს მხარდაჭერის კუთხით და აღიარებენ ნატო-საქართველოს ურთიერთობის პროგრესს.

საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა ნატო-საქართველოს მზარდი პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია, რაც გულისხმობს საქართველოს სანაპირო დაცვის პერსონალის წვრთნას და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციური ცნობიერების ამაღლებას. ოქტომბრის თვეში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შემავალი მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთი წელს კიდევ ერთხელ ეწვევა საქართველოს და სანაპირო დაცვის პერსონალისთვის მეორედ ჩაატარებს საზღვაო სწავლებას. 2014 წელს განხორციელებული ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ ვითარება შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო დაიძაბა. ნატოსა და მის სამ მოკავშირეს, რომლებიც შავი ზღვის ქვეყნებს წარმოადგენენ, ამასთანავე ორ უახლოეს პარტნიორს - საქართველოსა და უკრაინას, გააჩნიათ საერთო ინტერესი - უზრუნველყონ სტაბილურობა შავ ზღვაზე, სადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი ნავიგაცია საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

ამრიგად, საქართველო-ნატოს ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, რადგან საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქტიურად აგრძელებს სვლას.

საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო პრაქტიკული და პოლიტიკური ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის, როგორც კი დადგება შესაფერისი გარემოება. ჩვენ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა არსებული შესაძლებლობა რეფორმების განსახორციელებლად, რითაც ხელს შეუწყობთ საქართველოს ალიანსთან დაახლოებას. ვიმედოვნებთ, რომ „მეტი ნატო იქნება საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“.

ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)