ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2019

გია ხუხაშვილი “ოცნების” სისტემა აგებულია მაფიის პრინციპით და გასვლა არ შეიძლება”

ლია მუხაშავრია - “სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძე უნდა დაიცვას”

* * *

გია ხუხაშვილი “ოცნების” სისტემა აგებულია მაფიის პრინციპით და გასვლა არ შეიძლება”

“ეს 1 წელი იყო პოლიტიკური დეგრადაციის წელი და ჩვენ რამდენიმე მიმართულებით სერიოზული სისტემური პრობლემა მივიღეთ. სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება თუნდაც იმ სახით, რასაც ჰქვია აბსოლუტურად კომპრომეტირებული სასამართლო შემადგენლობის წიხლით და დაძალებით გათრევა პარლამენტში. შესაბამისად, მე არ ვიცი რას გულისხმობდა თავისი დაპირებისას ბიძინა ივანიშვილი იმ ერთ წელში, რომ რაღაცა შეიცვლებოდა. შესაძლოა მან იგულისხმა რომ არა გააკეთებდა კარგ რაღაცას, არამედ ცუდ რაღაცას და მან ეს “სიტყვა” შეასრულა”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “კალაძე ნაციონალური ლიდერი ვერ გახდება” / “ოცნების” სისტემა აგებულია მაფიის პრინციპით და გასვლა არ შეიძლება, არ გამოვრიცხავ კალაძესაც რაღაცა ამოუქექონ”.

“მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველზე კიდევ რაღაცა გათვლას აკეთებს, ვფიქრობ, ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას აღარც გეგმავს. ის აპირებს, რომ ფაქტობრივად იყიდოს არჩევნები. პირველი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ქვეყანაში უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდეს, ანუ საფუძველშივე ჩაკლას ეს პროცესი და ეს მანკიერი ორპოლუსიანი სისტემა შეინარჩუნოს და მერე შეთქმულების თეორიები ააგოს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ა.შ. ამ ფონზე კი შემდეგ ადგეს და იყიდოს არჩევნები - ეს არის ხელისუფლების მარტივი გეგმა და ის, რომ ამომრჩეველს კიდევ რაღაცას შეჰპირდეს, ბუნებრივია, ეს არასერიოზული იქნება და ამას აზრი არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მმართველ გუნდში დამოუკიდებელ თამაშზე საერთოდ არ არის საუბარი. იმიტომ, რომ სისტემა არ გულისხმობს პოლიტიკურ პიროვნებებს. სისტემა მთლიანად გადღაბნილია და არის ერთი დიდი რუხი მასა. არის ერთი ადამიანი და ამას დამატებული რაღაც რუხი მასა. “ქართული ოცნება” უდრის ერთ ადამიანს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეტი იქ არავინ არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი იქ არის პატარა ადამიანების რაღაც ფაფხური და მეტი არაფერი. ერთადერთი კალაძეა, რომელსაც თეორიულად შეუძლია სამომავლოდ მცდელობა ჰქონდეს ამ მიმართულებით, მაგრამ მე მასზე მაღალი აზრის არ ვარ... ის შეეცდება ბიძინა ივანიშვილს არ ჩაჰყვეს პოლიტიკურ საფლავში, მაგრამ შეიძლება არც მოხდეს ასე, ხოლო ის, რომ კალაძე გახდეს ნაციონალური მასშტაბის ლიდერი, ეს მე არასერიოზული მგონია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თუ მას ექნება “ოცნებიდან” გასვლის მცდელობა. ხომ არ ააგორებენ მის წინააღმდეგ კამპანიას და ძველ საქმეებს ამოუქექავენ, იგივე ენერგეტიკის სამინისტროს საქმეებს და ა.შ.?” - პასუხობს:

“არაფერი არ არის გამორიცხული. იმიტომ, რომ სისტემა არ გულისხმობს მის დატოვებას. სისტემიდან მისი გასვლა არ შეიძლება. სისტემა აგებულია მაფიის პრინციპით. იქიდან გასვლა დასჯადია. მე ეს ყველაზე კარგად ვიცი!”

“საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო ჩემი გამოსვლაც. არ იფიქროთ, რომ მე მარტივად წამოვედი სისტემიდან. ეს იყო საკმაოდ მტკიცნეული პროცესი და ახლა მით უმეტეს პრაქტიკულად შეუძლებელია ეს. პრინციპი ასეთია, რომ თუ შენ გადიხარ სისტემიდან ისე, რომ საკუთარი წილი არ გაგაქვს და არ არის საკმარისი გარანტიები, რომ დუმილს შეინარჩუნებ, შენ ხდები სახიფათო. ეს არის მარტივი პრინციპი და შესაბამისად, სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ სისტემაში ჩაგტოვოს. ან შენი კომპრომეტაცია მოახდინონ იმდენად, რომ გარანტია ჰქონდეთ. თუ ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ აკეთებენ, ესე იგი შენ პრობლემა ხარ და ეს არის მტკივნეული საკითხი. ანუ, სისტემიდან ვინმეს გასვლა ხდება ლოიალობის გარანტიებით ან ის ხდება შეტევის ობიექტი. ჩემ შემთხვევაში შედარებით იოლად მოხდა იმიტომ, რომ სისტემა არ იყო ფორმირებული ბოლომდე. დღეს ეს ბევრად მძიმეა. გამიჭირდა ამის გაკეთება, თუმცა საბოლოო ჯამში, მოვახერხე... ეს იყო ჩემი არჩევანი და ეს არ ყოფილა ხელისუფლების გადაწყვეტილება - პირიქით, ხელისუფალი ყოველნაირად ცდილობდა შევენარჩუნებინე და შესაბამისი შეთავაზებებიც კეთდებოდა. მაგრამ მე ყველაფერზე უარი ვთქვი და მერე წამოვედი”, - დასძენს პოლიტოლოგი.

“რუხი კარდინალი ნამდვილად არ ვყოფილვარ და არც ჩრდილოვანი არ ვყოფილვარ - ყოველთვის საჯარო ვიყავი. თუმცა იყო ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა აბსოლუტურად შეგნებულად. ამან რაღაც ზიანი მომაყენა. რა თქმა უნდა, დროებითი, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დასრულდა... სიტყვა მაფია გამოვიყენე როგორც ანალოგია და არა ისე, როგორც ბუკვალურად მაფია. მაგრამ ეს პრინციპი, რა თქმა უნდა მოქმედებს და სისტემიდან გასული ადამიანი სახიფათოა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

ლია მუხაშავრია - “სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძე უნდა დაიცვას”

“უმაღლესი საბჭო ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს რომ მიმართავს, ეტყობა ძალიან აწუხებს ანა დოლიძე საბჭოში. მისთვის ანა დოლიძის მოშორება სასიცოცხლად მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ინფორმაცია გამოვიდა საზოგადოებისთვის სააშკარაოზე. ნაზი ჯანეზაშვილისა და ანას დოლიძის ხმალამოღებული ბრძოლა მათთვის მიუღებელია. ეს მცდელობა, რომ ანა დოლიძე თავიდან მოიშორონ პირდაპირ მიანიშნებს, რომ ის კლანს ხელს უშლიდა და პრობლემებს უქმნიდა. საზოგადოების, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინტერესი უნდა იყოს საბჭოს სრულიად წარმოუდგენელი მცდელობა თავიდანვე ჩაახშოს და არ მისცეს იუსტიციის საბჭოს უმაღლესი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გათავხედდეს”, - აცხადებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლია მუხაშავრია: “სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძე უნდა დაიცვას”.

“მათ თუ ახლა ეს გაუვათ, მერე ნაზი ჯანეზაშვილს მიადგებიან. ამით კლანი საბჭოში საერთოდ ამოქოლავს თავისუფალ აზრს და სრულ კონტროლს იქონიებს მთლიანად მოსამართლეთა კორპუსზე, რაც ამ ქვეყანას საერთოდ დაღუპავს. საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომელშიც სასამართლო სათანადოდ არ ფუნქციობს, არანაირი პროგრესის პერსპექტივა არ აქვს. ქვეყანაში თუ არ არსებობს დარღვეული უფლების აღმდგენი სამართლიანი მექანიზმი სასამართლოს სახით, მაშინ ადამიანები თავად გადაწყვეტენ რომ სამართალი გააჩინონ და დარღვეული უფლება აღიდგინონ... ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და უკან, გამოქვაბულში დაბრუნება არავის უნდა”, - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

“სააკაშვილის ხელისუფლება იმან დაღუპა, რომ დაავიწყდათ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სააკაშვილის ამოყირავებული ხელისუფლება გაცილებით უფრო მეტად იყო მობილიზებული, მართვის სადავეები გაცილების უკეთ ეპყრა ხელთ, მოსახლეობა ჰყავდა დატერორებული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებმა მაიც შეძლეს არჩევნების გზით ასეთი ხელისუფლების დამხობა. ეს ხელისუფლება კორუფციაშია გახვეული, ნეპოტიზმშია, მისი მართვა ნომინალურია და ამ ვითარებაში ამომრჩეველს ასეთი ხელისუფლების გადარჩევა მით უფრო არ გაუჭირდება. გონიერი ადამიანები ხელისუფლებაში ამ ყველაფერს ადეკვატურად აფასებენ, სწორ დასკვნებს აკეთებენ, წინა გამოცდილებას აანალიზებენ, მაგრამ მეორე ვადის მიწურის პოლიტიკოსები იმდენად დაბრმავებულები არიან, იმდენად ამოვარდნილები არიან რეალობიდან და დაცილებული საზოგადოებიდან, უკვე ვეღარ არჩევენ შავსა და თეთრს... ეს მათი მხრიდან განწირული ბრძოლაა. 2020 წლის არჩევნებზე ეს რეალობა შეიცვლება. ამ ცვლილებებს თავად ხალხი ითხოვა და შეუძლებელია ამის წინააღმდეგ ვინმე წავიდეს. სამწუხაროა, რომ უკვე მერამდენე წელია, ერთი და იგივე წრეზე გვიწევს სიარული”, - დასძენს უფლებადამცველი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს