ალექსანდრე თვალჭრელიძე - ანა დოლიძის წინააღმდეგ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია კურიოზულად მეჩვენება, ძალიან გამიკვირდება, თუ პრეზიდენტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ რადგანაც პარლამენტში მოსამართლეების მოსმენებია, თან ცოტა ხნის წინ პროკურატურაში არსებული მდგომარეობაზე საკმაოდ სკანდალური წერილი გაავრცელა პროკურატურის ყოფილმა პროკურორმა, სალომე ადეიშვილმა, რომელმაც საკუთარი განცხადებით დატოვა ეს სისტემა, ამ თემებით გვინდა თქვენთან საუბრის დაწყება.

ხელისუფლება ოპოზიციას იმაში სდებს ბრალს, რომ მოსამართლეების მოსმენები მათ შოუდ აქციეს. ის, რომ წარსულით დამძიმებული მოსამაართლეების მიმართ კრიტიკული შეფასებები გაკეთდებოდა, მოულოდნელი სულაც არ უნდა ყოფილიყო. პროკურატურიდან წასული პროკურორის წერილმა რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, ესეც ფაქტია.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებზე?

- „კვირის პალიტრას“ ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გავეცი - ღმერთმა ნუ დამაჭირვოს უზენაეს სასამორთლოში მისვლა-მეთქი. ყველაფერს, რაც ბრძანეთ, ვეთანხმები, ოღონდ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენების შოუდ გადაქცევა მმართველი გუდნისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა - ეს სპექტაკლია, თანაც არ ისეთი ნიჭიერი, სადაც როლები მთლიანად უკვე გაწერილია.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენების შოუდ გადაქცევა მმართველი გუდნისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა - ეს სპექტაკლია, თანაც არ ისეთი ნიჭიერი, სადაც როლები მთლიანად უკვე გაწერილია

უმნიშვნელო ვარიაციების გამოკლებით, ეს მოსმენები კლონებივით ჰგავს ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

მაგრამ ეს, ჩემი ღრმა რწმენით, გასაკვირი სულაც არ არის. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და მათ ზუსტად ისეთივე მენტალიტეტი, მსოფლმხედველობა, განათლება, დადებითი თუ უარყოფითი თვისებები გააჩნიათ, როგორც ჩვენი საზოგადოების რიგით წევრს.

ეს რიგითი წევრი კი თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული და ოღონდ შეიქმნას მდგრადი კეთიდღეობის გარანტიები, ყველაფერს აიტანს, წავა კომპრომისზე, დაუჯერებს ფორმალური თუ არაფორმალური მმართველის, ასე ვთქვათ, სოციალურ დაკვეთას.

მე მხოლოდ რემდენიმე მოსმენას გავადევნე თვალ-ყური, დანარჩენებზე დროის ხარჯვა დამენანა. იმის მომთმენი, რასაც კანდიდატები უსმენდნენ, მათ შორის დაუმალავ შეურაცხყოფას, მე ნამდვილად არ ვიყავი. პროტესტის ნიშნად სხდომას დავტოვებდი და თავმოყვარეობას შევინარჩუნებდი. კანდიდატები კი ითმენდნენ, თავის თავმოყვარეობას წიხლს აჭერდნენ და ითმენდნენ, ოღონდ კი პირადი კეთილდღეობის შანსი დარჩეთ.

კანდიდატები ითმენდნენ, თავის თავმოყვარეობას წიხლს აჭერდნენ და ითმენდნენ, ოღონდ კი პირადი კეთილდღეობის შანსი დარჩეთ... მე, პროტესტის ნიშნად სხდომას დავტოვებდი და თავმოყვარეობას შევინარჩუნებდი

დემოკრატია და კანონის უზენაესობა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება ერთ დღეში არ მოდის. ამას თაოების ცვლა ჭირდება, ბავშვობიდან მზადება და მეცადინეობა.

ამავე თვალით პროკურატურის „შიდა სამზარეულოსაც“ უნდა შევხედოთ. ეს უზარმაზარი კოლექტივი კეთილი და ბოროტი, პატიოსანი და უპატიოსნო, ნიჭიერი და უნიჭო ადამიანებისგან შედგება.

ბევრმა მათგანმა ჩააბარა, ბევრმა კი ვერ ჩააბარა ძალაუფლებით ცდუნების ტესტი. ამიტომ უარყოფითი მოვლენები ამ კოლექტივში, სექსუალური შევიწროვებისა და ნეპოტიზმის ჩათვლით, რასაკვირველია, არსებობს.

მთავარია, მათ სისტემური ხასიათი არ მიიღონ და დამნაშავეები დაისაჯონ. ამას კი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ფხიზელი თვალი და პერმანენტული საზოგადოებრივი კონტროლი ესაჭიროება.

- პროკურატურაში არსებულ ვითარებაზე, იგივე სალომე ადეიშვილის მოსაზრებებსა და მტკიცებებზე საკმაოდ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემაში კრიტიკულად ცუდი ვითარებაა.

დრომ აჩვენა, რომ პროკურატურა უკანსაკნელ ხანებში საკმაოდ ოპერატიულად მოქმედებს, როცა ამა თუ იმ საკითხზე ხელისუფლების ინტერესი დიდია, სხვა შემთხვევებში კი გამოძიებებიც კი საკმაოზე მეტად ყოვნდება. გახმაურებული საქმეების მიმართ პროკურატურის დამოკიდებულება რიგ შემთხვევებში აშკარად გაუგებარია.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურა ძლიერი საგამოძიებო ორგანოსა და სტრუქტურის შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებს?

- ტყუილად კი არ მირბიან ჩვენი პროკურორები უზენაესი სასამართლოს უვადო წევრობის მოსმენებზე. მეჩვენება, რომ ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცი. მერწმუნეთ, ნაკლებად განათლებულ საზოგადოებაში, ისეთ საზოგადოებაში, სადაც პროკურატურაში ადამიანები სამუშაოდ მხოლოდ პრაგმატული მიზნებით და არა მრწამსით მიდიან, მაღალპროფესიული სტრუქტურის შექმნა შეუძლებელია.

ისეთ საზოგადოებაში, სადაც პროკურატურაში ადამიანები სამუშაოდ მხოლოდ პრაგმატული მიზნებით და არა მრწამსით მიდიან, მაღალპროფესიული სტრუქტურის შექმნა შეუძლებელია

ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორც არ უნდა ეცადოს მან პროკურატურაში სიტუაციის გამოსწორება, მას ისევ იმ ადამიანებთან ექნება საქმე, ვინც ეხლა იქ მუშაობს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია კადრების სრული განახლება, მაგრამ გვყავს კი პროფესიონალ გამომძიებელთა საკმარისი რესურსი? რევოლუციური ცვლილებები საზოგადოებისთვის უვარგისია. ისევ ევოლუციის გზას უნდა დავადგეთ.

შექმნილ სიტუაციაში კი მე ისიც მაკვირვებს, რომ, მაგალითად, მკვლელობების უმეტესი ნაწილი გახსნილია.

- იუსტიციის უმაღლესმა საბჭო სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მოითხოვა ანა დოლიძეს შეუწყვიტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.

პრეზიდენტისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. ამ წერილში უცნაური ისაა, რომ იუსტიციის საბჭოს არ უმსჯელია საჯარო სივრცეში იგივე გვრიტიშვილის, მურუსიძისა და ჩინჩალაძის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტისადმი გვრიტიშვილის ამ მიმართვას და თქვენი აზრით, უნდა გაითვალისწინოს თუ არა პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა?

- არ გვიყვარს ქართველებს დასაბუთებული კრიტიკა. განა უფრო ადვილი არ არის, მომაბეზრებელი კრაზანა დახშულ, ჩახუთულ, ჰერმეტიულ, თვითკმარ მასონურ ლოჟას მოვაცილოთ?

სერიოზულად კი თქენს მიერ დასახელებული ადამიანები ბატონი გვრიტიშვილის თამადობით ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოების თვალში საბოლოოდ აიხადეს ნიღაბი და თავიანთი მარტივი სულისკვეთება თავისი ქმედებებით საზოგადოებას ნათლად დაანახეს. ეს ერთგვარ ლუსტრაციადაც მესახება.

ბატონი გვრიტიშვილის თამადობით იუსტიციის საბჭოს სხვა წევრები ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოების თვალში საბოლოოდ აიხადეს ნიღაბი და თავიანთი მარტივი სულისკვეთება თავისი ქმედებებით საზოგადოებას ნათლად დაანახეს. ეს ერთგვარ ლუსტრაციადაც მესახება

ანა დოლიძის წინააღმდეგ დაგეგმილი სადამსჯებლო ოპერაცია კი კურიოზულად მეჩვენება. ძალიან გამიკვირდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი, მაგრამ ქვეყანა უკვე კარგა ხანია წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. გასაგებია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერები ჰყავდეს 2020 წლის არჩევნებზე.

თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ამ ვითარებაში, როგორც ადრე მითქვამს, ყველაზე უფრო, პრაქტიკულად, ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემა მომწონს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების პერსპექტივასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და მღელვარება ჯერ არ ჩამცხრალა და სამომავლო საარჩევნო ძალთა განლაგება ჯერ გამოკვეთილი არ არის.

ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების პერსპექტივასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და მღელვარება ჯერ არ ჩამცხრალა და სამომავლო საარჩევნო ძალთა განლაგება ჯერ გამოკვეთილი არ არის

ვნახოთ, როგორი აქტიორები გაჩნდება ჩვენს მომაბეზრებელ ბიპოლარულ პოლიტიკურ სივრცეში.

- სოციოლოგიური კვლევებით კარგად ჩანს, რომ საზოგადოებაში საკმაოზე მეტად დიდია იმათი რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებზე.

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის თქმით - „გაუგებარია ქართული საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი“.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საარჩევნო წელს „ქართული ოცნების“ ტაქტიკა და სტრატეგია?

- ქართველი ამომრჩეველი პრაგმატისტია და, როგორც წესი, ნაკლებ უბედურებას აძლევს ხმას. ამიტომ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია ბიპოლარული საარჩევნო სივრცის შენარჩუნება.

ცვლილებებისკენ ორიენტირებული საზიგადოება კი შუალედური, ზომიერი, პროფესიული გაერთიანების მოლოდინშია. საუბედუროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე გაჩენილ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს ხელეწიფებოდეთ ასეთი მძლავრი ცენტრისტული ძალის შექმნა.

საუბედუროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე გაჩენილ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს ხელეწიფებოდეთ მძლავრი ცენტრისტული ძალის შექმნა

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ხშირად საუბრობს სხვადასხვა სფეროში მიღწევებზე, გაკეთებულ საქმეებზე, ნაკლებად მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებსა და პრეტენზიებზე, ფაქტია, რომ მას წინასაარჩევნოდ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

თქვენი დაკვირვებით, არჩვნებამდე დარჩენილ დროში რამდენად აქვს მმართველ გუნდს შესაძლებლობა დაიბრუნოს ის ამომრჩეველი, რომელიც მას თუნდაც 2016 წელს ჰყავდა?

- მე არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია მმართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგიაზე. გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ ასეთი სტრატეგია ნამდვილად არსებობს და დღეს მისი დახვეწა მომდინარეობს.

გამოცდილება იმასაც გვიჩვენებს, რომ საარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნებისაგან“ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. მეტის თქმა, საუბედუროდ, არ შემიძლია.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნებისაგან“ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ

- მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ბოლო დროს ხშირად საუბრობს რელიგიაზე, მოუხშირა ლიბერალიზმის კრიტიკას და წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისას ხელი თავისივე ყოფილ თანაგუნდელ გიგა ბოკერიასკენ გაიშვირა.

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს - „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მიდგომები მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ერთადერთი და სწორია“... ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი გაჭრილი კარტია, ცდება“. რას იტყოდით „ნაცმოძრაობისა“ და უპირველესად მისი ლიდერის სააკაშვილის წინასაარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიაზე?

- უკრაინის მოქალაქე ბატონი მიხეილ სააკაშვილი როგორც უკრაინის, ისე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა. შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ალბათ, ჰოლანდიაშიც არჩევნებზე უარს არ იტყოდა.

ჰერაკლიტეს სიტყვებით, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ამიტომ, თუ სურს მიხეილ სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ სტაბილურ ელექტორატს ახალი ხმები შემატოს, იგი მეორე პლანზე უნდა გადავიდეს და ახალი ლიდერი გამოავლინოს. ოღონდ არა ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე.

თუ სურს მიხეილ სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ სტაბილურ ელექტორატს ახალი ხმები შემატოს, იგი მეორე პლანზე უნდა გადავიდეს და ახალი ლიდერი გამოავლინოს. ოღონდ არა ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე

პირველმა ექსტრემისტული და არც თუ ჭკვიანური გამოხტომებით ხალხს მოაბეზრა თავი, მეორემ კი ერთი წინადადებით, რომ გაპრეზიდენტობის მეორე დღესვე მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, არჩევნების მეორე ტური წააგო.

არ უნდა დაგვავიწყდეს „ევროპული საქართველოც“, რომლის მდგრადი ალიანსი „ნაცმოძრაობასთან“ მე საეჭვოდ მიმაჩნია.

- „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ცდილობენ „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებულად გამოიყურება სააკაშვილისგან დამოუკიდებლად პოლიტიკურ სცენაზე „ევროპული საქართველოს“ მოქმედება?

- თავის დროზე, „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მეტ-ნაკლებად ზომიერი ფრთა მიხეილ სააკაშვილის გუნდის იდეოლოგი იყო, რომელმაც ქვეყნის განვითარების ეტატისტური მოდელი შემოგვთავაზა.

ამიტომ დავით გურამიშვილის გზაკვალზე შემდგარ მიხეილ სააკაშვილს ეს ადამიანები ნამდვილად არ გაყვებიან - ამ ახალგაზრდა, ენერგიულ პიროვნებებს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ.

სააკაშვილს „ევროპული საქართველოში“ გაერთიანებული ადამიანები ნამდვილად არ გაყვებიან - ამ ახალგაზრდა, ენერგიულ პიროვნებებს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ

- „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არც „ნაციონალებთან“ არც „ევროპულ საქართველოსთან“ და არც „პატრიოტთა ალიანსთან“ არ აპირებენ კოალიციის შექმნას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ მისთვის სასურველ იმ პოლიტიკურ ძალებთან გეგმავს თანამშრომლობას და მთავრობის დაკომპლექტებასაც, ვინც 0, 67%-ს გადალახავს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- პოლიტიკური განცხადებები ერთია, პოლიტიკური რეალობა კი სულ სხვაა. „ნაცმოძრაობასთან“ „ოცნების“ ალიანსი შეუძლებლად მიმაჩნია, მაგრამ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასთან მოლაპარაკება შესაძლებლად მესახება.

რასაკვირველია, თუკი „ოცნებისთვის“ საკმარისი აღმოჩნდება ჭრელ პოლიტიკურ სპექტრში პატარა საპარლამენტო ჯგუფებთან გაერთიანება, იგი ამას დასჯერდება, მაგრამ სხვა შემთხვევაში იგი იძულებული შეიქმნება ეძიოს შეთანხმება, „ევროპულ საქართველოსთან“ და „პატრიოტთა ალიანსთან“, ვინაიდან ახალი არჩევნების დანიშვნა მისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება.

თუკი „ოცნებისთვის“ საკმარისი აღმოჩნდება ჭრელ პოლიტიკურ სპექტრში პატარა საპარლამენტო ჯგუფებთან გაერთიანება, იგი ამას დასჯერდება, მაგრამ სხვა შემთხვევაში იგი იძულებული შეიქმნება ეძიოს შეთანხმება, „ევროპულ საქართველოსთან“ და „პატრიოტთა ალიანსთან“, ვინაიდან ახალი არჩევნების დანიშვნა მისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება

- ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსული პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებს. საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს სენატის მიერ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებები კი სულ სხვა რამეზე მიუთითებენ.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში ახლა მთავარი პრობლემა არა ხელისუფლების, ანაც ოპოზიციის პროდასავლური კურსი და პოლიტიკა, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის პოზიციების გაძლიერებაა.

ფაქტია, რომ სირიაში პოზიციების გაძლიერებით რუსეთმა პოზიციები გაიმაგრა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში.

მოსკოვში რუსეთ-აფრიკის ფორუმიც იმის დემონსტრირება იყო, რომ რუსეთი აფრიკაშიც ცდილობს პოზიციების გაძლიერებას. მართალია, მას აფრიკის ქვეყნებისთვის სსრკ-ს დროინდელი ვალების ჩამოწერა და ისევ რუსული იარაღის შეთავაზების მეტი ბევრი არც არაფერი შეუძლია, მაგრამ ეს პროცესი რომ დაწყებულია ფაქტია.

ახლა ბევრს საუბრობენ საქართველოში რუსული „რბილი ძალის“ მოქმედებაზე, ასევე რუსეთის მიერ ჩვენს მიმართ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე. თქვენი აზრით, ასეთ ვითარებაში სავარაუდოდ როგორი იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის რუსეთის დამოკიდებულება, მიდგომები და მოქმედება?

- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, რომელზეც პასუხის გაცემა მოკლედ გამიჭირდება, რაზეც წინასწარ ბოდიშს ვიხდი.

პირველი. რუსეთს აფრიკაზე უარი არასდროს უთქვამს, გაიხსენეთ, თუნდაც, პატრის ლუმუმბა, ჩე-გევარას რაზმის ჩაყვანა კონგოში და სხვა. მაგრამ ყველა ამ დაპირისპირებაში აშშ ჯაბნიდა რუსეთს.

მახსოვს სსრკ-ს დროინდელი ხუმრობაც აფრიკაში ძალების განაწილებაზე - იქ, სადაც ნავთობია, ამერიკა ზეიმობს, იქ, სადაც სიღარიბეა, რუსეთი სოციალიზმს აშენებს. გაიხსენეთ ისიც, რომ სირიაში რუსული სამხედრო ბაზა უკვე 50 წელია არსებობს და სირია იარაღდებოდა რუსეთის მიერ 1956, 1967 და 1973 წლების ისრაელ-არაბული ომების დროს.

მეორე. მეჩვენება, რომ ზოგიერთი ოდიოზური პოლიტიკური ძალის გამოკლებით, საზოგადოებაში პროამერიკულ მიდგომაზე სრული კონსენსუსი არსებობს და შევარდნაძის ადმინისტრაციიდან მოყოლებული, ძალიან მკვეთრად განსხავავებული საშინაო პოლიტიკური კურსების მიუხედავად, საგარეო პოლიტიკაში პროდასავლური იმპერატივი ზეიმობს. მაგრამ ამ ზრახვების განხორციელებას შესაბამისი საგარეო ვითარება ჭირდება.

მესამე. დღეს ჩვენთვის სწორედ ასეთი ვითარებაა შექმნილი, რომელიც, რასაკვირველია, დიდ რისკებს შეიცავს, მაგრამ იუველირულად აწონილი საგარეო პოლიტიკის შემთხვევაში შეიძლება მალე სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს.

აქ სულ მცირე სამი გარემოებაა გასათვალისწინებელი. უპირველესად, ამერიკულ-თურქული ურთიერთობები იძაბება. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რუსეთის გამოკლებით და ირანის ჩათვლით, კარგი პოლიტიკური ურთიერთობი აქვს.

დაბოლოს, აშშ-ს თავისი გრძელვადიანი პოლიტიკის განსახორციელებლად სტრატეგიული პარტნიორი და სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყრდენი სჭირდება. შემთხვევითი ხომ არ არის რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი სწორედ ამ დღეებში იძენს იურიდიულ ძალას.

აშშ-ს თავისი გრძელვადიანი პოლიტიკის განსახორციელებლად სტრატეგიული პარტნიორი და სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყრდენი სჭირდება. შემთხვევითი ხომ არ არის რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი სწორედ ამ დღეებში იძენს იურიდიულ ძალას

მე ვუყურე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სხდომას და მეამაყებოდა და ცოტა მრცხვენოდა კიდეც, როცა როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენები საქართველოს აშშ-ს ერთგულ, მტკიცე და ყველაზე ძლიერ სამხედრო პარტნიორად მოიხსენიებდნენ.

ასე, რომ - „აწყმო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“.

- თუ ყოველ დღე არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ისმის ანაკლიის პორტის ირგვლივ წინააღმდეგობრივი მოსაზრებები. ამ თემაზე მსჯელობას ართულებს ანაკლიის ირგვლივ აშკარად პოლიტიზირებული პროცესი.

თქვენ არა ერთხელ გაქვთ ნათქვამი, რომ ანაკლიის ღმაწყლიანი პორტი აშენდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ Conti International -ი დაბრუნდა, თუმცა „კონტი“ აცხადებს, რომ იგი ფაქტობრივად გასულია და არ მობრუნებულა. ანუ, არ გაიმეორა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენდირექტორის ლევან ახვლედიანის მიერ ნათქვამი - „კონტიმ“ გასვლა გადაიფიქრა.

აშკარტად უცნაური სურათია - Conti International -ს არც ის აუხსნია, ან რატომ მოვიდა, ან რატომ მიდის, ან კაპიტალის შევსების ვალდებულება რატომ ვერ შეასრულა. ახლა აქტიურად საუბრობენ, რომ Conti International -ის ნაცვლად სხვა ამერიკული კომპანია აპირებს შემოსვლას.

თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ Conti International -ინაცვლად ამ პროექტის განხორციელებაში სხვა ამერიკული კომპანია შემოვიდეს და თუ ასე მოხდა, იქნება ეს იმის ნიშანი, რომ ამ პროექტით აშშ-ა დაინტერესებული?

- ბევრჯერ დაგისვიათ ანაკლიის პორტის პროექტზე შეკითხვა და მე ყოველთვის, გარკვეული მიზეზების გამო, ძალიან ზოგადად გპასუხობდით. ახლაც ასე მოვიქცევი. გთხოვთ გააანალიზოთ, როდის დატოვა კონსორციუმი Conti International-მა და რატომ არ (და არა ვერ) შეასრულა თავისი საინვესტიციო ვალდებულებანი?

ეს მოხდა მაშინ, როცა ანაკლიის პროექტს უპირობოდ თქვენთვის ცნობილი პიროვნებები ხელმძღვანელობდნენ. რატომ ითქვა, რომ ამ კომპანიამ გადაიფიქრა კონსორციუმიდან გასვლა და რატომ არ დადასტურდა Conti International-ის ეს განცხადება?

რატომ მჯერა, რომ ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება? იმიტომ, რომ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, რომ არსებული მენეჯმენტი მმართველობას ჩამოშორებულიყო და მოქმედებისათვის სრული ძალაუფლება მიეღოთ მაიკლ ქოუგილსა და ტედ ჯონასს

ალბათ, იმიტომ, რომ ეხლა ახალი ინვესტორის მოზიდვაზე კონფიდენციური მოლაპარაკებები წარმოებს. იქნება ეს ამერიკული კომპანია თუ არა, იგი ყველა შემთხვევაში საერთაშორისო, და პირველ რიგში ამერიკულ, ინტერესებს დაიცავს. რატომ მჯერა, რომ ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება?

იმიტომ, რომ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, რომ არსებული მენეჯმენტი მმართველობას ჩამოშორებულიყო და მოქმედებისათვის სრული ძალაუფლება მიეღოთ მაიკლ ქოუგილსა და ტედ ჯონასს. მეტს არაფერს ვიტყვი.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს