ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “ამერიკული სამხედრო ბაზა ახალქალაქში?!”

ვინ აკურთხა მღვდლად მეუფე იაკობი და სურდა თუ არა მას ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ პატრიარქობა

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლებისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი - ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ამერიკული სამხედრო ბაზა ახალქალაქში?!”

"ლუკ კოფის ინიციატივა კონტექსტიდან ამოგლეჯილად განსახილველი არ არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ჰაერიდან მოტანილი და უსაფუძვლო ინიციატივაა. გავიხსენებ ამ ცოტა ხნის წინ ევროპაში გამოქვეყნებულ აშშ-ის ძალების ყოფილი სარდლის ბენ ჰოჯესის ინტერვიუს, რომელშიც ის პირდაპირ ამბობს, მიდიოდა დისკუსიები საქართველოში ქართულ-ამერიკული საერთო ავიაბაზის თაობაზეო. ჰოჯესი ანაკლიის პორტსაც მოიხსენიებს და აცხადებს, საზღვაო-სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისა და ნატოს გემების ტექნიკური მომსახურებისთვის იდეალური ადგილიაო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ იდეას წინ უსწრებდა (დაახლოებით შარშან) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე კოფის ანგარიში, რომელშიც გამოთქმული იყო იდეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) დროებით გაუვრცელებლობის პირობით ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამერიკული სამხედრო ბაზა ახალქალაქში?!" / “აშშ-ის ინტერესების უფრო მკაფიოდ გამოხატვის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი სწორედ სამცხე-ჯავახეთია, სადაც რუსეთმა დესტაბილიზაცია შეიძლება მოინდომოს“.

“მართალია, ეს მოსაზრება ოფიციალურად საჯაროდ არ განხილულა, თუმცა ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა წრეებში ამ საკითხზე დისკუსია დაიძრა. ეს იდეა მოგვიანებით საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ექსგენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა. რა თქმა უნდა, ცხადია, ამგვარი განცხადებები საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა-მოთელვას ემსახურება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მათ შორის ამერიკაშიც. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის უსაფრთხოების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციები ხელისუფლების გარე რესურსად ითვლება - ანუ წარმოადგენენ აშშ-ის უსაფრთხოების სტრუქტურების გარე ინტელექტუალურ ბაზისს. მათში თავმოყრილი არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კონკრეტულ მიმართულებებს, ქვეყნებს იკვლევენ. კოფის ინიციატივა არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიცია, ის აშშ-ის იმ სააზროვნო ცენტრების პოზიციაა, რომელთა იდეებიც მუდმივად მიეწოდება სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ ხან ითვალისწინებენ, ხან არა. თუმცა დიდწილად ამ მოსაზრებებით იქმნება აშშ-ის პოლიტიკური დღის წესრიგი”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“მოკლედ, აშშ-ის პოლიტიკური ელიტის ნაწილისგან გვესმის ისეთი ინიციატივები, რაც აქამდე არ მოგვისმენია. ამ ნაწილისთვის საქართველოს გაცილებით დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც წარმომადგენლობითი პალატის “მხარდამჭერი აქტი” შეიცავს. რაც შეეხება კოფის მიერ პირდაპირ ახალქალაქის მოხსენიებას, მხოლოდ ვარაუდს თუ გამოვთქვამთ, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით: ახალქალაქი თურქეთთან ახლოსაა; აშშ-ის ინტერესების უფრო მკაფიოდ გამოხატვის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი სწორედ სამცხე-ჯავახეთია, სადაც რუსეთმა დესტაბილიზაცია შეიძლება მოინდომოს, და ამის პრევენციისთვის; მესამე - აშშ-ის ბაზა ნიშნავს უდიდეს ინფრასტრუქტურას, ბევრი სამუშაო ადგილით და ადგილობრივი მოსახლეობის გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური პირობებით. ძნელად დასაჯერებელია, ეს ყველაფერი გათვლილი ყოფილიყო კოფის შეთავაზებაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი ვარაუდები შეიძლება მხოლოდ ამგვარი იყოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთი საკითხიცაა - დღეს მსოფლიო ტოტალურ ფსიქოლოგიურ ომში ცხოვრობს და არ არის გამორიცხული, კოფის წინადადება გარკვეულწილად რუსეთის საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს. მოგეხსენებათ, ამგვარ იდეებს კრემლში ძალიან მწვავედ განიცდიან. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში რეაგირება მოჰყვეს ამას იგივე მცოცავი ოკუპაციის გააქტიურებით ან კიდევ რაიმე ფორმით. თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, ამ ეტაპზე და მხოლოდ კოფის განცხადების გამო რუსეთმა უფრო რადიკალური სამხედრო ნაბიჯები გადადგას. თუ კრემლში არ დაინახეს რეალური საფრთხე საქართველოსგან, მორიგ სამხედრო კონფრონტაციაზე არ წავლენ... ხელისუფლების უმწიფარმა რეაქციებმა ამგვარ განცხადებებზე შეიძლება ქვეყანა დააზარალოს. თუნდაც ძალიან გავლენიანი ექსპერტის მოსაზრების გამო საქართველოს ხელისუფლების ხბოს აღტაცებას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს. ამიტომაც, სანამ ამას არ მიეცემა ოფიციალური სახე, რა თქმა უნდა, საქართველოს ოფიციალური პირებისა და სტრუქტურების გამოხმაურებას არ უნდა ველოდოთ სწორედ იმიტომ, რომ მეზობლად გვყავს რუსეთი და მან შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც მსგავს ინიციატივაზე ოცნებასაც კი ძალიან დიდი ხნით გადაგვადებინებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“როგორც უკვე ვთქვით, ეს განცხადება გაკეთდა სწორედ იმიტომ, საზოგადოებაში მომწიფდეს განწყობა, ქართულმა არასამთავრობო სექტორმა, ექსპერტებმა, დაინტერესებულმა საზოგადოებამ ამაზე დაიწყონ მსჯელობა. ამაში ხელისუფლება არ უნდა ჩაერთოს. მეორე მხრივ, ავიღოთ “მხარდამჭერი აქტი”, რომელიც ციურ მანანასავით დაგვებერტყა თავზე, ისე, რომ ამაზე წინასწარ არავინ ლაპარაკობდა. მეტიც, ბოლო დროს მხოლოდ ის ისმოდა, საქართველო გაქრა დასავლეთის რადარებიდან, აშშ-ს საქართველო აღარ აინტერესებსო. პროფესიულ წრეებშიც სრული ნიჰილიზმი იყო აშშ-ის პოლიტიკის გამო და უეცრად ასეთი გამონათება. ყოველთვის ჩუმად მუშაობა ჯობია და ასეთი შედეგის მიღება, ვიდრე უსაგნო ყვირილი და ემოციურობა, შედეგად კი რუსეთისგან მორიგი მათრახის მიღება”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“ასეთი გაორებული და არაპროგნოზირებადი მსოფლიო პოლიტიკა არ ყოფილა ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მინიმუმ მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. უკვე ცნობილია, რომ ამერიკელებმა, რომელთა პრეზიდენტმაც სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ, ქურთებით დასახლებული რეგიონიდან 1000-კაციანი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის ბრძანება გასცა, 2 კვირის თავზე მიიღეს ახალი გადაწყვეტილება - სირიის ნავთობით მდიდარი რეგიონების დასაცავად შეიყვანენ იმგვარ მძიმე ტექნიკას, რაც დღემდე არ ჰყოლიათ ამ რეგიონში. უპრეცედენტოა არა მარტო მძიმე ტექნიკის შეყვანა, არამედ ისიც, რომ ამ ტიპის შეიარაღებას დასჭირდება გაცილებით მეტი სამხედრო მოსამსახურე, ვიდრე აქამდე ჰყავდა სირიაში აშშ-ს. მოგეხსენებათ, აშშ სირიაში საჰაერო მხარდაჭერას უწევდა სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც, ძირითადად, ქურთებისგან შედგებოდა და მხოლოდ მცირე სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა შეყვანილი. სირიაში თურქეთის შესვლა იყო შოკი ქურთებისთვის, რომლებიც აშშ-ის მთავარი მოკავშირეები იყვნენ და უმეტესად სწორედ ისინი მონაწილეობდნენ მთავარ სახმელეთო ბრძოლებში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ. საბოლოოდ აშშ-მა მიიღო შედეგი, როდესაც მისით უკმაყოფილოა ნატოს წევრი და მისი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი, რომელიც ბოლო წლებში თვლიდა, რომ აშშ ახალისებდა ქურთებს, შეექმნათ ავტონომიური ანკლავი თურქეთის საზღვართან, რასაც ოფიციალური ანკარა ტერიტორიული მთლიანობის საფრთხედ განიხილავს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ასევე უკმაყოფილო არიან მეორე სტრატეგიული პარტნიორი ქურთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აშშ-მა ისინი გამოიყენა და შემდეგ უღალატა. მოკლედ, შავ დღეშია აშშ-ის იმიჯი, მაგრამ იმიჯი რომც დავივიწყოთ, მნიშვნელოვნად დაზიანდა რეგიონში ამერიკის ენერგეტიკული ინტერესებიც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ქურთისტანიდან მომავალი ნავთობსადენის 60%-იანი წილი “როსნეფტმა” იყიდა. რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უპრეცედენტო რამესთან გვაქვს საქმე - თურქეთთან მიღწეული შეთანხმებით რუსეთის საპოლიციო ჯარები ასადის რეჟიმის ჯარებთან ერთად დადგებიან თურქეთ-სირიის საზღვარზე, სირიის მხარეს, რაც ერდოღანის გამარჯვებად ვერაფრით ჩაითვლება. თუმცა თურქებმა, როგორც ჩანს, ორ უბედურებას შორის ნაკლები აირჩიეს - ანუ საზღვართან ქურთების ყოფნას ისევ რუსეთი არჩიეს. მთელი ეს პროცესი, ბუნებრივია, აშფოთებს აშშ-ის ნებისმიერ პარტნიორს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის საქართველოსაც ეს ვითარება მუდმივად დაძაბულს ამყოფებს. ამ ფონზე საქართველოს ტრამპის ხელისუფლება უპრეცედენტო დახმარებას უწევს - ვგულისხმობ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელ 3-წლიან პროგრამას და ახლახან მიღებულ “საქართველოს მხარდამჭერ აქტს”, რომელიც ბევრი მიმართულებით შეიცავს სასიკეთო გარღვევის ნიშნებს”, - თვლის ექსპერტი.

“მე გამოვყოფდი სამ ძირითად მომენტს: პირველი - როგორც კი ეს კანონად იქცევა, სახელმწიფო მდივანს დაავალებენ, მოამზადოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის 5-წლიანი გეგმა; მეორე - კიბერუსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობა, რაც, ერთი მხრივ, მოიცავს სახელმწიფოს საკომუნიკაციო არხების დაცვას რუსული კიბერშეტევებისგან, მეორე მხრივ კი რუსულ პროპაგანდასთან აქტიურ ბრძოლას. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ქართული საინფორმაციო სივრცე, ფაქტობრივად, სრულიად დაუცველია რუსული აგრესიისგან; მესამე - აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება - ანუ კანონად გადაქცევის შემდგომ ეს დოკუმენტი დაავალდებულებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, მაქსიმალურად გაააქტიუროს მუშაობა საქართველო-ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადებისთვის, რის შემდეგაც საქართველო იქნება მართლაც უნიკალური ქვეყანა - მას ექნება სამ უდიდეს გიგანტთან: - ჩინეთთან, ევროკავშირსა და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მისცემს საშუალებას გახდეს რეგიონის ეკონომიკური, ტექნოლოგიური, ფინანსური და საგანმანათლებლო ჰაბი. ეს ყველაფერი კი მიიღწევა მაშინ, თუ საქართველო შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც უდიდესი გამოწვევაა”, - დაასკვნის ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაუგებარი ჩანს ანაკლიის პორტთან დაკავშირებული პროცესები...” - პასუხობს:

“როდესაც ვლაპარაკობთ თანამედროვე ამერიკის არაპროგნოზირებულობაზე, ეს გამოჩნდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს, კარგია, მაგრამ ამისთვის ინვესტიციები უნდა ჩადონ ამერიკელებმა. როგორადაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ზეწოლის გამო ამ პროექტს, თუ აშშ-ს სურს ამ პორტის აშენება, მას არანაკლებ ძლიერი და ფილიგრანული ზეწოლის მეთოდების გამოყენება შეუძლია, ვიდრე რუსეთს. ხომ ფაქტია, რომ არა და არ მოიძებნა ინვესტორი, რომელიც პორტის აშენებას იკისრებდა. გასაგებია, რომ რუსეთი ამას ეწინააღმდეგება, მაგრამ კრემლი არანაკლებ უშლიდა ხელს ბაქო-ჯეიჰანისა თუ ბაქო-სუფსის პროექტებს”.

“ფაქტია, მცოცავი ოკუპაციის პერიმეტრი არის ყულფი საქართველოს კისერზე, თორემ რუსეთს რომ დასჭირდეს, უმოკლეს ვადაში გაავლებს ამ ზღუდეებს, მაგრამ პროცესს აჭიანურებს, ერთი მხრივ, ჩვენი საზოგადოების შიდადაპირისპირებისთვის, მეორე მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ერთგვარად აუხსნელია ისიც, რომ თუ ეს ხელისუფლება ყველაზე მეტად აწყობს რუსეთს, რატომ ამცირებს მას ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციით?! “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ რუსეთის დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც უნდა დაუთმო რუსეთს, ის მაინც კიდევ მეტის დათმობას გაიძულებს. რუსეთის მიზანია, ქართველი საზოგადოება რაც შეიძლება დიდხანს იყოს დაქსაქსული და დაპირისპირებული, რათა საერთო ენა ვერ გამოვნახოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კონცეპტუალურ საკითხებზეც კი. ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, ფართომასშტაბიანი დიალოგი უნდა დავიწყოთ, თუ როგორ მოვახერხოთ თავის დაცვა ამ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხისგან, თუმცა ეს ამ მასშტაბური რუსული საინფორმაციო ომის პირობებში, როდესაც რუსულ პროპაგანდას ვერაფერს ვუპირისპირებთ, ძალიან რთული იქნება... რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლის დაკავებას, სიმართლე გითხრათ, არ ველი ევროკავშირისგან ქმედით ღონისძიებებს. ევროპა ძალიან პასიურობს, მით უფრო ახლა, როდესაც გაფაციცებით ადევნებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალს და საქართველოსთვის არ სცალია”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ვინ აკურთხა მღვდლად მეუფე იაკობი და სურდა თუ არა მას ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ პატრიარქობა

“ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის სკანდალურმა განცხადებამ შესაძლოა ე.წ. ციანიდის საქმე თავდაყირა დააყენოს და ხელისუფლების ირგვლივ საკმაოდ მძიმე ბრალდებების წრე შექმნას. მეუფე იაკობი გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს პირდაპირ ადებს ხელს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მას უწმინდესის გადაყენებაზე “ეჩალიჩებოდნენ”. რას ნიშნავს მეუფეს ეს სკანდალური განცხადება, არის თუ არა სიმართლე და რატომ ალაპარაკდა ახლა. ამ განცხადებებით ვისი გაფრთხილება სურს. “თუ თვალს გადაავლებთ და ამ ადამიანების ბიოგრაფიებს ნახავთ, როდის მოვიდნენ ეკლესიებში, მიხვდებით რეალურად რაც ხდება. მეუფე იაკობი მღვდლად მეუფე პეტრემ აკურთხა”, – ამბობს თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით "ვინ აკურთხა მღვდლად მეუფე იაკობი და სურდა თუ არა მას ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ პატრიარქობა".

“არსებობს ვერსია, რომ მეუფე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან სოსო გოგაშვილთან ერთად მოქმედებს. სწორედ ეს ტანდემია, რომელმაც ე.წ. ციანიდის სქემა დაგეგმა, ხოლო მისი საბოლოო შედეგი მეუფე იაკობის პატრიარქობა უნდა ყოფილიყო. გეგმის ჩავარდნის შემდეგ კი მეუფე იაკობმა შურისძიება გადაწყვიტა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ შესაძლოა სოსო გოგაშვილი დააკავონ, რადგანაც ის ბოლო დროს როგორც პანკისის საქმეზე, ასევე სხვა ფინანსურ საკითხებზე დაკითხვებზე დაჰყავთ. სწორედ ამ გარემოების ერთობლიობაა, რის გამოც ზოგი ვარაუდობს, მეუფე იაკობმა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მიზანიმართულად დაარტყა. ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მას გიორგი გახარია და ვახტან გომელაური ილია მეორის გადაყენებას სთვაზობდნენ. მისივე თქმით, შეხვედრა ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა და ამ შეხვედრის შესახებ უწმინდესმაც იცის. ეპისკოპოსი ამბობს, რომ შეხვედრაზე მას “ეჩალიჩებოდნენ" პატრიარქის გადაყენებაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ყველაფერი კვირიკაშვილის დროს მოხდა. დამიძახეს და შეხვედრა კაბინეტში შედგა. კვირიკაშვილი და ვახო (გომელაური) ყველაზე წესიერები იყვნენ. ცოტა დაგვიანების შემდეგ გახარიაც მოვიდა. “მეჩალიჩებოდნენ” იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქათო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო?!” - ირწმუნება მეუფე. მისივე თქმით, ამ საქმეში ჩარეულები იყვნენ არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფო და ვიღაცები, ბიზნესმენებიც კი; მათ შორის ვანო ჩხარტიშვილიც. ბოდბელი ეპისკოპოსის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ “მეუფე პეტრე და დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში, ვგულისხმობ პატრიარქის მკვლელობას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჟურნალისტის კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს: “ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი, არც პეტრე, არც სხვები, არც ბატონი ბიძინა... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონიათ რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..." - ამბობს მეუფე. “მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს”, - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე პეტრე მეუფე იაკობის განცხადებას. მეუფე პეტრე უარყოფს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანცელარიის შენობაში არასდროს ყოფილა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ის ამბობს, რომ გაგონილით შოკირებულია. მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს ასეთ რამეს მეუფე იაკობი. ამის გადასამოწმებლად მან ჟურნალისტებს თავად მეუფისთვის კითხვით მიმართვა ურჩია”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ის მეუფე არაა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის შესახებ წერდა და ამბობდა, რომ ის საპატრიაქროს ირგვლივ განვითარებულ სკანდალებში ჩართულია, მეუფე იაკობის საუბარში მოვლენების აცდენას ხედავს. ჟურნალისტი ამბობს, რომ "ციანიდის საქმე" იანვარში მოხდა, ხოლო გახარია შს მინისტრად ნოემბერში დაინიშნა. ამიტომაც გაურკვეველია რა სტატუსით იყო გახარია შეხვედრაზე”, - წერს სტატიის ავტორი.

“მეუფე იაკობის მონაყოლიდან მეუფე პეტრეს და გახარიას ხაზი რა შუაშია, ცოტა გაუგებარია. მეუფე პეტრე 20 ივნისს აქციაზე იდგა და მათი თანამშრომლობა რატომ უნდა მომხდარიყო გაუგონარია... ეს არის გაბრაზებული იაკობის შურისძიება. ის ვერ გახდა პატრიარქი და შესაძლოა საერთოდ სასულიერი პირის სტატუსიც კი დაკარგოს. იაკობმა დაარტყა მეუფე შიოს და მის დისკრედიტაციას ცდილობს. ვის სჭირდება ის განცხადებები რაც მეუფე იაკობმა გააკეთა? ვის უხსნიან გზას საქართველოს პატრიარქობაზე? სოსო გოგაშვილი და მეუფე იაკობი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ბედუკაძის როლს რუსეთის სასარგებლოდ შეასრულებენ“, - აცხადებს მირცხულავა. თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე კი ამბობს, რომ საპატრიარქოში სერიოზული დაპირისპირებაა, ხოლო დანარჩენი პროცედურული საკითხებია, რომელიც დროდადრო ზედაპირზე ამოდის. ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქზე უბინძურეს ჭორებს ავრცელებს. თეოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ე.წ. ციანიდის საქმე ეკლესიის რეპუტაციას საერთოდ აზიანებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ამ საქმეზე რა ხდება. მეუფეები მარტო დედის გინებაზე არ გადასულან, დანარჩენს ყველაფერს კადრულობენ. სამწუხაროდ, ყველა ორგანო დუმს, ვისაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია. ერთი ესაა უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ბევრი რამე იცის და მეორე სინოდი, რომელიც ამ ყველაფერს წერტილს არ უსვამს. პატრიარქი თავისი დიპლომატიური გზებით პროცესის შეჩერებას ცდილობს. გარე ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ეკლესიის სტატუსი საერთოდ დაინგრას. ეს კი ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს. თუ თვალს გადაავლებთ და ამ ადამიანების ბიოგრაფიებს ნახავთ, როდის მოვიდნენ ეკლესიებში, მიხვდებით რეალურად რაც ხდება. მეუფე იაკობი მღვდლად მეუფე პეტრემ აკურთხა. დანარჩენი ეპისკოპოსები ამ პროცესში არ ერევიან, რომლებიც პატრიარქის გარემოცვის წევრები არიან. მეუფე შიო, რომელსაც ვერაფერს წამოაცდევინებთ. დანარჩენი ხედავთ ვინც არიან, ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ანდრიაძე.

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლებისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი - ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე”

“დაბნეულობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ “კონტი ჯგუფმა” კი გააკეთა განცხადება კონსორციუმის დატოვების შესახებ, მაგრამ დღემდე რჩება დამფუძნებლად, თუნდაც იმიტომ, რომ მისი აქტივების მყიდველი არ გამოჩნდა... ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამბობს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებს კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის. წარმოიდგინეთ "კონტი ჯგუფის" მდგომარეობა, რომელსაც ყოველდღე ეუბნები, რომ მისი მთავარი პარტნიორი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ყველა უფრთხილდება თავის რეპუტაციას. ვფიქრობ, “კონტის” კონსორციუმის დატოვების სურვილი სწორედ ხაზარაძისა და ჯაფარიძის საწინააღმდეგო კამპანიამ გადააწყვეტინა.­ ხელისუფლება კი ამბობს, ამ ორ ამბავს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვსო, მაგრამ მიამიტები უნდა ვიყოთ, ეს რომ დავიჯეროთ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ხელისუფლებისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი - ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე” / “ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ანაკლიის პორტის აშენება”.

“მოსკოვისთვის ანაკლიის პორტი მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში არ განიხილება. რუსეთმა იცის, რომ აშშ-ისა და დასავლეთის ახალ გეოსტრატეგიულ ინტერესებში შავ ზღვაში რუსეთის დომინანტობა არ შედის და იქ ბალანსის აღდგენას ცდილობენ. თუმცა არა აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა აკვატორიის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ შავიზღვისპირეთში ნატოს წევრი ქვეყნებიც არიან განლაგებული. შესაბამისად, ნატოს უსაფრთხოებისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო სისტემების გაძლიერება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი სტრატეგიულად შეიძლება განხილულ იქნეს მუდმივმოქმედ ბაზად თუ არა, პლაცდარმად მაინც. რუსეთისთვის კი ეს მიუღებელია. არის მეორე საკითხიც - რუსეთის ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია იქით, რომ თავად იყოს მონოპოლისტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამიტომ სამხრეთკავკასიური დერეფნის განვითარება მოსკოვისთვის ხელსაყრელი არ არის. ყველაფრის მიუხედავად, არა მგონია, რუსეთი გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენ შეგვიძლია ანაკლიის პორტის აშენება. თავის დროზე პრობლემები იყო ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებისას. რუსეთი არც ახლა არის ყოვლისშემძლე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩემი აზრით, ხელისუფლების ამოცანა იყო და არის ანაკლიის პროექტზე კონტროლის დაწესება. ამისთვის კი კონსორციუმი განზე უნდა გასწიოს. მისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ცდუნება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი თავად აკონტროლოს და ვაჭრობის საშუალება მიეცეს. ანაკლიის პროექტის აშენება არ აწყობს რუსეთს და აწყობს ამერიკას. ვინც მეტს გადაიხდის, იმის ინტერესს გაატარებს. რა შეიძლება იყოს ფასი? გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიები. აი, ასეთ თამაშში ვართ დღეს ჩათრეული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამყაროში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია. ყველა მოთამაშე ცდილობს თავისი აქტივების ინვენტარიზაციას და სადაც სუსტები არიან, იქ გაიძლიერონ პოზიცია. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ამერიკის შეერთებული შტატები არცთუ უსაფუძვლოდ საქართველოს განიხილავს საკუთარ აქტივად და აქ პოზიციის გამყარებას ცდილობს. თუმცა, ლუკ კოფის ეს განცხადება დროული ვერ არის. მოკლე ან საშუალო ვადაში ასეთი ბაზა საქართველოში, მით უფრო ახალქალაქში, გიუმრის ბაზის პირისპირ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. თუმცა საინტერესოა, როგორც განაცხადი და ინტერესის ფიქსაცია, რომ საქართველო ამერიკისთვის პერსპექტივაში დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილია. რუსეთს საქართველო უპირობოდ მიაჩნია თავისი გავლენის სფეროდ და ამას ნებით არ დათმობს. მეტიც, რუსეთს მადა უკვე გახსნილი აქვს. უპირობოდ მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე უნდა დაბრუნდეს. ეს კრემლის უცვლელი სტრატეგიაა, ილუზიაც კი არ უნდა გვქონდეს, რომ რამეს შეცვლის, თუ იძულებული არ გახდა. დასავლეთს კი დღეს არა აქვს საკმარისი რესურსი, რუსეთს ასეთი რამ აიძულოს”, - განმარტავს ექსპერტი.

“სამწუხაროდ, ჩვენ ამ ცვლილებების კვალდაკვალ გამოკვეთილი სტრატეგია არა გვაქვს. ეს მარტო ამ ხელისუფლების უბედურება არ არის, არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა გეოპოლიტიკური რეალობა გაანალიზებული. სააკაშვილმა აგრესიულ რიტორიკაზე ააგო საგარეო პოლიტიკა და ქვეყანა მაღალი რისკის ზონაში შეიყვანა, დღევანდელმა ხელსუფლებამ კი ზედმეტი სიფრთხილის გამო კაპიტულანტური ნოტები გააჩინა თავის სტრატეგიაში. მართალია, ბოლო დროს რუსეთი ძალიან აგრესიული გახდა, მაგრამ­ საერთაშორისო პრესინგზე ჯერ კიდევ რეაგირებს. ეს ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ხელისუფლება კი ამისთვის ძალიან უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ თუ რუსეთს მოვეფერებით, კარგად მოგვექცევა”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო