ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნებას არ გეგმავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკური ლიდერი, არ დაუბრუნდება. ამის შესახებ ბაჩო ახალაია „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

თუმცა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად და ამომრჩევლად რჩება.

„პარტიის წევრი ფორმალურად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ გაწევრიანებას. მის მხარდამჭერად და ამომრჩევლად კი, მომავალშიც ისევე დავრჩები, როგორც დღეს ვარ. ამავე კონტექსტში ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთან დაკავშირებით მსმენია შემდეგი სიტყვებით გამოხატული მოსაზრება - „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ უნდა ადამიანს, პარტიულ პოლიტიკას ვერავინ დაუშლის, ამისთვისაც ხომ ზის“. სინამდვილეში მართალია, ვერავინ, ვერავის, ვერაფერს დაუშლის. ყველას შეუძლია მათ შორის მეც, მაგრამ სინამდვილეში „ამისთვის არ ვზივარ“. ეს არ იყო ჩემი მოტივატორი და გულწრფელად, რომ ვთქვა, ასეთი შეფარდება ცოტა არ იყოს, ძვირადღირებულადაც კი მიმაჩნია“, - აცხადებს ახალაია.

მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს მასზე ბევრად უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული პოლიტიკოსები ჰყავს.

„არანაირ პარტიულ პოზიციაზე ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ მექნება. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სრულად საპირისპირო მისწრაფებების ქონის შემთხვევაში რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები რომ გამჩენოდა, ვფიქრობ, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვდებოდნენ ასეთ მისწრაფებებს ენთუზიაზმით, რაც სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა. გარდა ამისა, ისედაც ხომ არსებობს ძალიან ანგარიშგასაწევი სხვა გარემოებაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო, უფრო ენერგიული და უფრო მიმზიდველი პოლიტიკოსები ჰყავს, მათ შორის, როგორც ძველი, ისე ახალი თაობიდან. რაც შემეხება მე, ამ თვალსაზრისით ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა“, - განაცხადა ახალაიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო