გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამედიცინი კონფერენცია „ახალი გამოწვევები გულსისხლძარღვთა მედიცინაში“ გაიმართა

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამედიცინი კონფერენცია „ახალი გამოწვევები გულსისხლძარღვთა მედიცინაში“ გაიმართა

26 ოქტომბერს, საქართველოს გულის ფონდის, კარდიოქირურგიული კლინიკა „ღია გულის“ და მსოფლიო გულის ფედერაციის ეგიდით, გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი, სამედიცინო კონფერენცია „ახალი გამოწვევები გულსისხლძარღვთა მედიცინაში“ გაიმართა.

სპეციალურად ამ დღისათვის, მოწვეულნი იყვნენ მომხსენებლები ისრაელიდან.

საქართველოს გულის ფონდის ხელმძღვანელმა, მერაბ მამაცაშვილმა განაცხადა, რომ კონფერენციის მნიშვენლობა დიდია, რადგან მის ფარგლებში აქტუალური საკითხებია დაყენებული.

„მნიშვნელოვანია ჩვენი აუდიტორიის მომზადება და ნახვა, რამდენად მომზადებულია ეს აუდიტორია ახალი გამოწვევებისთვის, რამდენადაა ქართული კარდიოლოგია წინ წასული. ვფიქრობ, დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რამდენად აქტიური და განსწავლული ახალგაზრდა თაობა მოდის, ძველი თაობაც ძალიან აქტიურია და შეგვიძლია ვთქვათ, დღევანდელი კარდიოლოგია ფეხდაფეხ მისდევს დასავლეთის სტანდარტებს, დასავლეთის ცივილიზებულ კარდიოლოგიას და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. რა თქმა უნდა, გაჩერების უფლება არ გვაქვს. თავად ნებისმიერი ცოდნა და გამოცდილება თუ მოძრაობაში არ არის და არ ხდება ურთიერთგაცვლა, ვერასდროს ხდება მისი წინსვლა. ეს არ ნიშნავს ვერტიკალურ ურთიერთობას, სტანდარტული ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა ცოდნა, რომელიც დინამიკაშია და ვითარდება, ამიტომ ეს ურთიერთობა და ურთიერთგაცვლა ჰორიზონტალურად აუცილებელია. მეორე მხრივ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაცილებით წინ არიან ჩვენზე, ჩვენ ვცდილობთ, მათ დავეწიოთ და ამისთვის ეს გამოცდილება და ეს შეხვედრები აუცილებელია. ასევე, არის მესამე მომენტი, რომ ეს ურთიერთობები მოგვცემს და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, სპეციალისტები გავუშვათ, მიიღონ გამოცდილება, ისწავლონ და ეს გამოიყენონ“, - განაცხადა მამაცაშვილმა.

როგორც კლინიკა "ღია გულის" მოზრდილთა კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახაბერ ლაცუზბაიამ განაცხადა, ღონისძიებაზე საკმაოდ მწვავე საკითხების წამოჭრა მოხდა როგორც კარდიოლოგიურ საკითხებში, ასევე კარდიოქირურგიის მიმართულებით.

„ეს შეხვედრები მერაბ მამაცაშვილის ხელმძღვანელობით და ჩვენი კლინიკის აქტიური ხელშეწყობით არის ორგანიზებული. მომავალშიც აუცილებლად დაიგეგმება უფრო ფართე საზოგადოების ჩართულობა ამ ტიპის ღონისძიებებში. საკითხები განსაკუთრებით ეხება ურთიერთთანამშრომლობას, სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სპეციალისტის ერთმანეთთან შეხებას, როგორიცაა კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ენდოკრინოლოგია და ზუსტად ამ საკითხებზე იყო მსჯელობა ჩვენი კონფერენციის პერიოდში. ასევე, მოხდა საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვა, აზრების გაზიარება, ტაქტიკის შერჩევის მეთოდების შეჯამება, რათა შემდგომში ჩვენი პაციენტებისთვის უფრო ეფექტური და წარმატებული იყოს მკურნალობა", - განაცხადა ლაცუზბაიამ.

თელ ავივის ოლქის მთავარმა კარდიოლოგმა, ზაზა იაკობაშვილმა კი აღნიშნა, რომ კონფერენციის მიზანია მოსახლეობის და სამედიცინო მომსახურების მუშაკების ცოდნის გაუმჯობესება გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვის საკითხებში.

„ძირითადი მომენტები, რაც კონფერენციაზე განიხილეს, იყო თრომბოემბოლიური დაავადებების მკურნალობა, საუბარია მწვავე სინდრომების დროს, გულის შეტევების დროს, აგრეთვე, მოციმციმე არითმიის დროს. მოხდა შეჯამება იმ ცოდნისა, რაც დღესდღეობით არსებობს, რა არის მაქსიმალურად საუკეთესო კომბინაცია, რომ ერთი მხრივ, განმეორებითი ინფარქტების თავიდან აცილება შეიძლებოდეს და მეორე მხრივ, ავადმყოფებს არ ჰქონდეთ ბევრი სისხლდენის მოვლენები, რაც ძალიან ცუდი პროგნოზული ნიშანია. ასევე, განიხილებოდა ფილტვის ემბოლიის თავიდან აცილება, ადრეული დიაგნოსტიკა და მისი განმეორებადობის თავიდან აცილება. მე ვისაუბრე დიაბეტის მკურნალობაზე კარდიოლოგიურ დაავადებულებში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო 5 წელიწადში თითქმის რევოლუცია მოხდა დიაბეტის მკურნალობაში წამლების მიმართულებით", - აღნიშნა იაკობაშვილმა.

კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის დისკუსია გაიმართა.

საქართველოს გულის ფონდი და კარდიოქირურგიული კლინიკა „ღია გული“ მომავალშიც გეგმავს სამედიცინო კონფერენციის გამართვას, ვინაიდან მსგავსი ტიპის კონფერენციების მთავარი მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობაა.

(R)