ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2019

რას ველით სინოდის სხდომიდან - უარყოფს თუ დაადასტურებს პატრიარქი მეუფე იაკობის განცხადებას

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შექმნა იმის საფუძველი, რომ კონსორციუმმა სასამართლოებში მასშტაბური დავა დაიწყოს”

იორდანიაში აფხაზურმა დიასპორამ დავით მაღრაძის პოემის პრეზენტაციის ჩაშლა სცადა

* * *

რას ველით სინოდის სხდომიდან - უარყოფს თუ დაადასტურებს პატრიარქი მეუფე იაკობის განცხადებას

“რას ველით სინოდის სხდომიდან, რომელიც დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. წინასწარ უცნობია რა თემებზე მოხდება მსჯელობა, თუმცა “რეზონანსთან” თეოლოგები იმ მოლოდინზე საუბრობენ, რომელიც არსებობს. მათი აზრით, მსჯელობა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე იქნება და დიდი ალბათობით, მას მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ. საპატრიარქომ ვერც მისი გაკონტროლება და ვერც დაცვა ვეღარ შეძლო, ამიტომაც ეს სხდომა იქნება მისთვის ბოლო შანსი, რომ გაჩუმდეს და მეტი აღარაფერი თქვას. მათივე აზრით, შესაძლოა სინოდალური საბჭო შეიქმნას, რომელიც 10-მდე ეპისკოპოსისგან დაკომპლექტდება და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაევალება. თეოლოგები დიდად არ მოელიან, რომ მსჯელობა დეკანოზ მამალაძეზე გაიმართოს. სინოდის სხდომაზე ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ პატრიარქი ილია მეორე გადადგეს. თუმცა აქვე დასძენენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. არც იმის ალბათობა არსებობს, რომ პატრიარქმა მეუფე იაკობის სიტყვები ან უარყოს ან კიდევ დაადასტუროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით "რას ველით სინოდის სხდომიდან - უარყოფს თუ დაადასტურებს პატრიარქი მეუფე იაკობის განცხადებას".

“სინოდის სხდომის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს 29 ოქტომბერს აცნობა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა მიიღო. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ბოტკოველმა განაცხადა, რომ სინოდის სხდომას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობიც დაესწრება. მან ასევე უარყო ინფორმაცია ილია მეორის მიერ პატრიარქის პოსტის მოსალოდნელი დატოვების შესახებ. რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ პატრიარქი განარიდეს ქალაქს, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე”, - განაცხადა ბოტკოველმა. მისი თქმით, პატრიარქი ხშირად ტოვებს დედაქალაქს და რამდენიმე დღეს ქალაქგარეთ რეზიდენციაში ატარებს. რაც შეეხება მეუფე იაკობს, ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შემდეგ, ის სინოდის წევრად დარჩება. ამავე დროს, ის გაუძღვება თავის ეპარქიას ბოდბეში. ქორეპისკოპოსობის დატოვების შემდეგ, იაკობს შეეძლო დარჩენილიყო საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა როგორც ჩანს, საპატრიარქომ მისი “განეიტრალებისთვის” მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა და ამით ეცადა საპატრიარქოს ადმინისტრაციისათვის აეცილებინა საზოგადოებიდან წამოსული ზეწოლა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე, სავარაუდოდ, მეუფე იაკობს მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ. მისი აზრით, სინოდის სხდომის სასწრაფოდ დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ მეუფე იაკობი გარკვეულწილად რაღაც სიმართლეს ამბობს. სხდომაზე მეუფეს თითს დაუქნევენ და გააფრთხილებენ. თეოლოგი ფიქრობს, რომ ეს სხდომა მხოლოდ იმისთვის არის, რომ ზედაპირზე კიდევ ბევრი არაფერი ამოვიდეს და რაღაცების მიჩქმალვა მოხდეს. მისივე თქმით, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომის პროტოკოლი ქვეყნდება, სადაც მოცემულია, რა საკითხებზე უნდა იმსჯელონ. ჩვენთან კი თავად მღვდელმთავრებმაც არ იციან განსახილველი თემები რა შეიძლება იყოს... თეოლოგი ლადო ნარსია კი თვლის, რომ პატრიარქი მეუფე იაკობის განცხადებების შემდეგ უბრალოდ იძულებული გახდა, რომ სინოდის სხდომა დაენიშნა. მეუფეს განცხადება იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რომ მის ქმედებას გარკვეული ნაბიჯი უნდა მოჰყოლოდა. ამბობს, რომ მეუფეს თანამდებობებიდან გადადგომა მოჩვენებითი დასჯა იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ამ სხდომაზე პატრიარქი გადადგეს. ეს თავად საპატრიარქომაც უარყო. სინოდის სხდომის ასეთი სასწრაფოდ დანიშვნა პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ საპატრიარქოს რაღაცის დამალვა სურს. ფაქტია, რომ მეუფე იაკობი რაღაცას მართალს ამბობს. უფრო მეტის გამოაშკარავების ეშინიათ და ალბათ სხდომაზე მეუფე იაკობს თითს დაუქნევენ და ეტყვიან მეტად ხმა აღარ ამოიღოს. არსებობს რეალურად იმის შანსი, რომ მეუფემ ახლა, როდესაც თანამდებობა აღარ აქვს და ხელს არაფერი უშლის, მეტი ილაპარაკოს. ველი, რომ უფრო სკანდალურ თემებზე ალაპარაკდება. როგორც ჩანს, საპატრიარქოსაც ეს მოლოდინი აქვს და სხდომაც ამას ემსახურება. ციანიდის საქმე ისევ ღია დარჩება და არც პატრიარქი არ იტყვის რეალურად მეუფემ ის ჩააყენა თუ არა საქმის კურსში და ამ შეხვედრის შესახებ რა იცის. ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც იყო. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ტიგინაშვილი.

“მეუფე იაკობის განცხადებაზე საზოგადოების რეაქცია იმდენად მაღალი იყო, რომ პატრიარქი იძულებული გახდა სინოდის სხდომა დაენიშნა. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ მეუფე იაკობს გაფრთხილებას მისცემენ, რადგანაც საზოგადოებას აჩვენონ, რომ ნაწილობრივ მაინც ადეკვატურები არიან. მიმაჩნია, რომ ხვალ პატრიარქი მუდმივ მოქმედ სინოდალურ კომისიას, საბჭოს შექმნის, სადაც 10- მდე ეპისკოპოსი შევა. მათ მიმდინარე პროცესებზე რეაგირება დაევალებათ. მიმაჩნია ეს საკმაოდ ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება იმას, რომ პატრიარქი მეუფეს განცხადებას ან დაადასტურებს ან უარყოფს, ამის მოლოდინი არავის აქვს. ხომ ვადევნებთ თვალს საპატრიარქოს და უწმინდესის რეაგირება როგორია. საპატრიარქო უკვე წლებია ვუყურებთ, რომ პრობლემებზე ადეკვაატურად არ რეგირებს, ამიტომაც ახლა არავის აქვს იმის ილუზია, რომ პატრიარქი გამოვა და რამეს იტყვის. ალბათ სინოდზე ის უფრო ჩუმად იქნება და მღვდელმთავრების მსჯელობას მოისმენს. შესაძლოა თავისი პოზიცია არც კი დააფიქსიროს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ნარსია.

“რა თქმა უნდა, არავის აქვს მოლოდინი, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქი გადადგება. მას ადრე ნათქვამი აქვს, რომ საკმაოდ ჯიუტი ხასიათი აქვს. მას თუ გადადგომა სურდა, ამას დიდი ხანია იზამდა. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის და ციანიდის საკითხის განხილვას, ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ამაზე საუბარი იყოს. გახსოვთ ალბათ, შემთხვევიდან რამდენიმე ხანში გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრემ ეს საკითხი განსახილველად დააყენა, მაგრამ პატრიარქი მაშინვე ფეხზე წამოდგა და თქვა, რომ სხდომას დახურულად აცხადებდა და გავიდა. 42 წელია პატრიარქი რასაც ამბობს ყველა ეპისკოპოსისთვის უპირობო და იძულებითი ნებაა, რომელიც უნდა შეასრულონ. რა რეალობაც გვაქვს, იქნება ასე, მეუფე იაკობი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს, საბჭო შეიქმნება, ასევე ველი და კარგი იქნება, რომ ჯაღმაიძეს შენიშვნას მისცემენ, რაც მეუფე პეტრესთან იკადრა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გაფრთხილება ასევე ერთ-ერთი მამაოს მიმართ, რომელმაც ანიტა რაჭველიშვილი დაწყევლა და აუცილებლად სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოიძებნოს. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელიც სტუდენტების და მრევლის მიმართ ფიზიკურ შეხებაშიც კი არის დადანაშაულებული, პასუხი უნდა მოეთხოვოს. აი, ეს არის ის ადეკვატური რეაქცია, რომელიც პატრიარქის მიმდინარე მოვლენებზე უნდა ჰქონდეს, ვნახოთ, გამოჩნდება“, - დასძენს ლადო ნარსია.

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შექმნა იმის საფუძველი, რომ კონსორციუმმა სასამართლოებში მასშტაბური დავა დაიწყოს”

“მერიდიანი” იქნება თუ ანაკლიის პროექტის ნებისმიერი სხვა პოტენციური ინვესტორი, ხედავს ხელისუფლების აგრესიულ და ნეგატიურ განწყობას არა პროექტის, არამედ კონსორციუმისა და მისი მენეჯმენტის მიმართ, ეს კი ყველაფერში ჩანს... ეს ისტორია ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას ობიექტური პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, თავად დაუკავშირა ეს საკითხი პოლიტიკას. ყველაფერი გააკეთა კონსორციუმის მენეჯმენტის დისკრედიტაციისთვის, იმისათვის, რომ პოტენციური ინვესტორები დაეფრთხო და ამას სრულიად აშკარად აკეთებდა. არ ვართ ბრიყვები, ეს რომ ვერ დაგვენახა. მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თვითონ აიღო თავის თავზე, თუმცა ის ამ ორ თემას შორის კავშირს უარყოფს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შექმნა იმის საფუძველი, რომ კონსორციუმმა სასამართლოებში მასშტაბური დავა დაიწყოს” - ხუხაშვილი.

“ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს - რბილად რომ ვთქვათ, კონსორციუმთან თანამშრომლობა არ ურჩიოს. შედეგიც ლოგიკურია, აბსოლუტურად გასაგები და კანონზომიერი, ან სხვას რას უნდა ველოდოთ? ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, თავისი ძალიან უხარისხო მუშაობით შექმნა იმის საფუძველი, რომ კონსორციუმმა გარკვეულწილად ამ პროექტთან დაკავშირებით, ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადოს და დაიწყოს მასშტაბური დავა, მათ შორის სასამართლოებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის საფუძველი თავისი სიბრიყვით ხელისუფლებამ შექმნა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს საბოლოოდ?” - პასუხობს:

“ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. არა მგონია ხელისუფლებას დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჰქონდეს, ამ ეტაპზე მათი ამოცანაა პროექტზე კონტროლის აღდგენა ანუ კონსორციუმის გაძევება. ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ განვითარდება მოვლენები - ან დაკონსერვდება ან გაგრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელში შევდივართ, ანაკლიის თემა წინასაარჩევნო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება, რადგან მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. არ მგონია, რომ არჩევნებამდე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაღაც სერიოზული მოძრაობები დაიწყოს. ანაკლიის პორტის პროექტის ბედი, როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებზე გადაწყდება”.

იორდანიაში აფხაზურმა დიასპორამ დავით მაღრაძის პოემის პრეზენტაციის ჩაშლა სცადა

“იორდანიის დედაქალაქ ამანში ქართული და ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სემინარზე აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგენლები შეიჭრნენ და ღონისძიების ჩაშლა სცადეს. შეხვედრა საქართველოს საელჩოს, იორდანიაში ჩერქეზული საქველმოქმედო ასოციაციისა და საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლა ვერ მოახერხეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იორდანიაში აფხაზურმა დიასპორამ დავით მაღრაძის პოემის პრეზენტაციის ჩაშლა სცადა.

“სემინარი გახსნეს იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, ამანში ჩერქეზთა საქველმოქმედო ცენტრის პრეზიდენტმა ზუჰდი ჯანიბეკმა და თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა მკვლევარებმა, ასევე აშშ-სა და თურქეთში მოღვაწე გამოჩენილმა ჩერქეზმა მეცნიერებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს კავკასიური ერთობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების საქმეში. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესი საშუალებაა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში. ღონისძიების მეორე ნაწილის ფარგლებში, გაიმართა ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის წიგნის “ჯაკომო პონტის” ჩერქეზული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ამანში. დავით მაღრაძემ წაიკითხა ნაწყვეტები ქართულ ენაზე, ხოლო საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენლება წაიკითხეს “ჯაკომო პონტის” ნაწყვეტები ჩერქეზულ და აფხაზურ ენაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ იორდანიის ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე სამეფოს სენატის, პარლამენტის და იორდანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამანში საქართველოს საელჩოსა და იორდანიაში ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოციაციის მიერ მოეწყო ერთობლივი ღონისძიება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული და ჩერქეზული მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორუმს მიეცემა ყოველწლიური ხასიათი და იქნება ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება ერთიანი, მშვიდობიანი კავკასიის ჩამოყალიბების პერსპექტივისთვის. ღონისძიების მსვლელობისას იყო მცდელობა იორდანიის აფხაზურ-აბაზინური დიასპორის მცირერიცხოვანი წარმომადგენლების მხრიდან ხელი შეეშალათ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის, რაც აღმოჩნდა სრულიად წარუმატებელი. სემინარმა ჩაიარა წარმატებით. ყველა გამსვლელის პათოსი იყო მშვიდობიანი და უკონფლიქტო კავკასია”, - თქვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ხოლო დე-ფაქტო რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა რადიო “სპუტნიკ აფხაზიას” ღონისძიების ჩაშლის მცდელობაზე საკუთარი ვერსია უამბო”, - დასძენს გამოცემა.

“28 ოქტომბერს იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ქართულმა და ჩერქეზულმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა სიმპოზიუმის გამართვა დაგეგმეს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ქართველი ავტორის პოემა, რომელიც ნათარგმნია აფხაზურ, ოსურ და აბაზინურ ენებზე, ეს ფაქტი პროვოკაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა აფხაზურ-აბაზინური დიასპორების გაყოფას. აფხაზეთ-ადიღეური დიასპორის აქტივისტებმა ღონისძიება ჩაშალეს, ჩერქეზული ორგანიზაციის “ადიღე-ჰასეს” ოფისში, შენობაში აფხაზი-ადიღეური დიასპორის აქტივისტები ბანერებით და დროშებით შევიდნენ და იორდანიაში საქართველოს ელჩის გამოსვლა შეაფერხეს, ელჩი იძულებული გახდა დარბაზი დაეტოვებინა. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებები შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარდეს... ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ისე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა აფხაზურ ენაზე ზრუნავს, თარგმნის ქართული კლასიკოსების ნამუშევრებს აფხაზურად და ა.შ. მაგრამ დროულად რეაგირებით ჩვენ ჩავატარეთ მშვიდობიანი აქცია, რომელიც დემოკრატიის ფარგლებში ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა”, - თქვა დბარმა. აფხაზურ-აბაზინური დიასპორების წარმომადგენლები შენობაში და შენობის გარეთ აპროტესტებდნენ პლაკატებზე წარწერებით: “თქვენ არ ხართ მისასალმებელი”, “თავისუფლება აფხაზეთს” და ა.შ. მანამდე აფხაზეთის დე- ფაქტო რეპატრიაციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომელშიც იორდანიაში არსებული აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ საქართველოს წარმომადგენელთა “პროვოკაციულ” ქმედებებს, რადგან ეს ღონისძიება “დიასპორების გაყოფას” ისახავდა მიზნად, რეპატრიაციის სამინისტრო საზოგადოებას სტაბილურობასა და სიმშვიდის შენარჩუნებას მოუწოდებდა”, - წერს სტატიის ავტორი.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)