შპს „აკა"-ს დამფუძნებელი დავით ძოწენიძე განცხადებას ავრცელებს

შპს „აკა“-ს („მერსედესის“ ცენტრი) დამფუძნებელი დავით ძოწენიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მსურს გამოვეხმაურო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ლაშა ქოჩიაშვილის, მოსმენას პარლამენტში. დეპუტატების კითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა ე.წ. „მერსედესის“ ცენტრის საქმეს, რომელიც ორჯერ განიხილა ქოჩიაშვილმა და ერთი და იგივე საქმეზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო. ჯერ, 2010 წელს, მიიჩნია რომ უკანონოდ და მალულად გამრიცხეს ჩემი შექმნილი კომპანიიდან, ხოლო 2016 წელს კი უსაფუძვლოდ თავიდან დაიწყო საქმის განხილვა და ჩამომართვა ჩემს საკუთრებაში არსებული წილი. მოსმენაზე ლაშა ქოჩიაშვილმა არაერთხელ იცრუა ჩემს საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე.

კერძოდ, ქოჩიაშვილმა განაცხადა, რომ „მერსედესის“ საქმეში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია, არა კრების ოქმის დედნის აღმოჩენა, არამედ ის ფაქტი რომ რეესტრის მასალებში აღმოჩნდა პარტნიორთა კრების ოქმი. სინამდვილეში ასათიანებმა განცხადებით სწორედ კრების ოქმის დედნის ვითომდა აღმოჩენის საფუძველზე მოითხოვეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. ლაშა ქოჩიაშვილმა სწორედ ამ არგუმენტით გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება, არადა ამ ოქმის ასლი საქმის მასალებში ედო ჯერ კიდევ 2008 წლიდან და თავდაპირველად სწორედ იმიტომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, რომ ეს კრების ოქმი არ იყო ნოტარიულად დამოწმებული და გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითა. ეს ოქმი რეესტრში რომ ყოფილიყო წარდგენილი შედეგს არ გამოიწვევდა, რადგან კანონით გათვალისწინებული ფორმით არ არის დამოწმებულიო.

ქოჩიაშვილმა ასევე უტიფრად მოიტყუა როდესაც განაცხადა, თავდაპირველად საჯარო რეესტრიდან რომ გამოვითხოვე მასალები, ეს კრების ოქმი არ აღმოჩნდა, რადგან თურმე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებდა და მას ქონდა გამოთხოვილი საჯარო რეესტრიდანო. რეალურად, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2013 წელს, და ბუნებრივია 2009 წელს, როდესაც ჩემს საქმეზე ეს მასალები გამოითხოვეს რეესტრიდან, პროკურატურას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ამოღებული ეს დოკუმენტი რეესტრიდან. ამ ოქმის დედანი თავად ასათიანებს ქონდათ, რაც განაცხადეს კიდეც 2009 წელს სასამართლო სხდომაზე, სწორედ მათ მიაწოდეს ეს დოკუმენტი პროკურატურას, რომელიც რუდუნებით უკანონოდ ცდილობდა ასათიანების დახმარებას და სისტემატიურად ამარაგებდა მათ ე.წ. ვითომდა ახლად აღმოჩენილი გარემოებებით.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რამ გამოიწვია ლაშა ქოჩიაშვილის ფერისცვალება 2010-დან 2016 წლამდე? პასუხი უნდა ვეძებოთ ხელისუფლების მცდელობაში - ხელში ჩაეგდო ტელეკომპანია „მაესტრო“. კერძოდ, 2015 წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო ტელეკომპანია „მაესტრო“, სადაც წილს ფლობდა მაკა ასათიანი. თავდაპირველად ასათიანებმა უარი თქვეს „მაესტროს“ წილების დათმობაზე, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლებამ „მაესტროს“ სანაცვლოდ ასათიანებს აღუთქვა დახმარება ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში, რაც ასევე მისაღები აღმოჩნდა ასათიანებისთვის და მათ გადააფორმეს „მაესტროს“ წილები. სწორედ ამ მომენტიდან საქმეში ჩაერთო სასამართლოში მოქმედი მიხეილ ჩინჩალაძის კლანი და ქოჩიაშვილმა, რომელიც იმ დროს პარალელურად იხილავდა ტელეკომპანია „მაესტროს“ დავას და რომელიც წარმოადგენს სწორედ მიხეილ ჩინჩალაძის კადრს, სრულიად უკანონოდ წამართვა წილი ჩემს მიერ შექმნილ და განვითარებულ კომპანიაში.

ადამიანი, რომელიც ხელისუფლების და სასამართლო კლანის დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელია, ადამიანი რომელიც უტიფრად იტყუება პარლამენტის და საზოგადოების წინაშე, ადამიანი რომელსაც შეუძლია ერთი და იგივე საქმეზე, იდენტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორი რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, არათუ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში ესოდენ საპატიო და მაღალი თანამდებობის დაკავებას, არამედ საერთოდ არ იმსახურებს მოსამართლეობას. ჯერჯერობით ჩემს საქმეზე მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ გამოიჩინა პრინციპულობა და იმედი მაქვს ახლაც ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა