ქართული პრესის მიმოხილვა 08.11.2019

როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს

სისასტიკე ახალგორში - წეროვანში მყოფმა დაღუპულის დედამ არ იცის შეუშვებენ თუ არა ოკუპანტები შვილის დაკრძალვაზე

ბაიდენი ტრამპს უსწრებს - აშშ-ში კვლევა ჩატარდა

* * *

როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს

“ახალი სამთავრობო ცვლილებების მორიგი რაუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ - მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას შესაძლოა სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვეს; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მინისტრების თანამდებობებიდან გადაყენება, მათი შეცვლა, თუ გადანაცვლება, რაც ძირითადად 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, არსებით შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საქართველო კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს / მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

“უკვე ორი თვეა რაც პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაურია. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა 8 სექტემბერს დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის ერთგვარი გამოცანაა ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან “ის იყო მინისტრი, რომელიც არც არაფერს აკეთებდა და არც არაფერს აფუჭებდა”. გიორგი გახარიას თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბატიაშვილის შემცვლელად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განიხილება. ამ ინფორმაციას თავად მიმინოშვილი არ ადასტურებს. “2020NEჭშ”-ის წყაროს ცნობით, განათლების მინისტრის შემცვლელად “სოხუმის უნივერსიტეტის” რექტორი ზურაბ ხონელიძე განიხილება. თუმცა, ოფიციალურად, უცნობია განათლების მინისტრის თანამდებობას ვინ დაიკავებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბატიაშვილი ნამდვილად არ იყო ის მინისტრი, რომელიც გუნდს პოლიტიკურ პრობლემას უქმნიდა. განათლების სამინისტროში როგორ უძღვებოდა საქმეს, ამის შეფასება რთულია. მისი საქმიანობის შესახებ ხელშესახები წარმატებები არ ისმოდა. ის იყო მინისტრი, რომელიც, როგორც ჩვენთან იტყვიან-ხოლმე, არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ არც არაფერს აფუჭებდა. რატომ გადადგა ჩემთვის გამოცანაა... ცვლილებები დამოკიდებული იქნება იმაზე პარტია როგორ გადაწყვეტს. თუ პარტიაში ჩათვალეს, რომ ეს საჭიროა და საარჩევნო კამპანიას წაადგება, ცვლილებები სავარაუდოდ იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“არჩევნებისთვის ემზადება არა მარტო “ქართული ოცნება”, ყველა პარტია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, არაფორმალურად ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. არამგონია ვინმე შეიცვალოს, თუმცა, იმ პოლიტიკურ რეალობაში გამორიცხული არაფერია, სადაც კატაკლიზმური მომენტები ხდება-ხოლმე. უბრალოდ შეცვლას არანაირი აზრი არ აქვს, თუ მასზე უკეთესი მენეჯერი და პოლიტიკოსი არ მოიყვანეს. მინისტრი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგი მენეჯერული უნარ-ჩვევები და თვისებები უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი დამყარებული უნდა იყოს შესაბამის ცოდნაზე, თუმცა, ასეთი კადრები საქართველოში არცთუ ისე ბევრია. უბრალოდ მინისტრის შეცვლა რომელიმე სხვა გვარ-სახელით არანაირ შედეგს არ მოიტანს, თუკი დარწმუნებით არ გვეცოდინება, რომ ეს ადამიანი ათი თავით უკეთესია, ყველა პარამეტრით. შეიძლება შეიცვალოს ერთი მინისტრი, ორი... მოვიდეს მის მაგივრად სხვა, თუმცა, ამ დარგში არაფერი მოხდეს. ბატონი ბატიაშვილი მინისტრად მოვიდა, მისი წინამორბედი შეცვალა, მაგრამ განათლების სფეროში რაიმე სერიოზული გარღვევა მოხდა? - არაფერი”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საკადრო ცვლილებებს არა დღეს, არამედ 2020 წლის თებერვალში ელოდება - “არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობის გადახალისება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე პროცესის დაწყება ადრეა. ეს უფრო თებერვალ-მარტშია მოსალოდნელი, იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება გადახალისება. ახალი პრემიერია და შესაძლოა ახალი გუნდი გახდეს საჭირო იმისთვის, რომ არჩევნებისთვის “ოცნება” განახლებული გუნდით წარდგეს. ამ მოტივით და არა იმით, რომ ახალი გუნდი სასწაულების გაკეთებას შეძლებს, მაგრამ მოსახლეობისთვის სიახლე იქნება. სხვა, გარდა წყალტუბოს აყვავება-აღორძინებისა, არამგონია ხელისუფლებამ კიდევ რაიმე შესთავაზოს მოსახლეობას”, - აღნიშნა ძაბირაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოებას მთავრობის გადახალისების გარდა, სხვა ცვლილებას ვერ შესთავაზებს, თუმცა ვერც ახალი გუნდი შეძლებს „მნიშვნელოვან გარღვევას”, - წერს სტატიის ავტორი.

“2020 წელს “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას საარჩევნოდ, თუნდაც პიარის თვალსაზრისით, რაღაც სიახლე შეიძლება შესთავაზოს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ველოდები და არც იმას ველოდები, რომ მთავრობის შემადგენლობა სრულად შეიცვლება, მაგრამ გადახალისება იქნება. ეს დამოკიდებული არის იმაზე, ვის რა რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს, ან ახალი ვინ იქნება, რომელიც საზოგადოებაში რაღაც დადებით რეზონანსს გამოიწვევს. თუ ჰყავთ ასეთი კადრი, არ ვიცი. ნებისმიერი შეიძლება შეიცვალოს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

სისასტიკე ახალგორში - წეროვანში მყოფმა დაღუპულის დედამ არ იცის შეუშვებენ თუ არა ოკუპანტები შვილის დაკრძალვაზე

“საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ახალგორის რაიონის ოზილირება გამოიწვია, რამაც ადგილობრივებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. უკვე ორ თვეზე მეტია, რაც “გასასვლელი” ჩაკეტილია და ფაქტია, ეს ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმედ მოქმედებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ უწევენ, რის გამოც, ბოლო პერიოდში რამდენიმე შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოსავალს სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში ხედავს. მისი შეფასებით, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკა შეცვალოს და კრემლზე ზემოქმედებისთვის მეტი ბერკეტი გამოიყენოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სისასტიკე ახალგორში - წეროვანში მყოფმა დაღუპულის დედამ არ იცის შეუშვებენ თუ არა ოკუპანტები შვილის დაკრძალვაზე / ოკუპირებული ახალგორი იზოლაციაში ექცევა.

“საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკეს კიდევ ერთი სიცოცხლე ემსხვერპლა; ახალგორში, 49 წლის ბესიკ ობესოვი არასათანადო მკურნალობის გამო ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ის ახალგორში მეხანძრედ მუშობდა და 6 ნოემბერს შეუძლოდ გახდა. ჩაკეტილი საოკუპაციო ხაზის გამო, ის თბილისის კლინიკაში არ გადმოიყვანეს. დაღუპულის დედა წეროვანში იმყოფება, რომელმაც არ იცის შეუშვებენ თუ არა ოკუპანტები შვილის დაკრძალვაზე. რამდენიმე დღის წინ კი, ოკუპირებულ ახალგორში 60 წლის თამარ გიგაური შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადმოყვანას ითხოვდნენ, თუმცა, ახლობლებს პაციენტის თბილისში გადმოყვანის საშუალება არ მისცეს. დაშავებული ახლობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ, როგორც ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა გაცხადა, გიგაური სახლში ისე გაწერეს, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. გავიხსენოთ 29 ოქტომბერს მომხდარი ფატალური შემთხვევაც; ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო 70 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ოკუპირებულ ქალაქთან ახლოს, სოფელ იკოთში ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მარგარიტა მარტიაშვილი თბილისში მკურნალობის მიზნით ჩამოსვლის უფლებას ითხოვდა, თუმცა “გადასასვლელის” გახსნაზე უარი მიიღო. პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც “სამხრეთ ოსეთის” დე-ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს - ჩაკეტა ყველა “გამშვები პუნქტი” და გამონაკლის შემთხვევებსაც კი არ უშვებს; ეს ანტიჰუმანურია და საერთოდ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ომის დროსაც კი ასეთი ფაქტები იშვიათობა იყო. რასაც დე-ფაქტო ხელისუფლება აკეთებს, სრულიად გაუგონარია. ერთადერთი გავლენა შეიძლება მხოლოდ რუსეთისაგან ჰქონდეს. ამიტომ, საჭიროა ჟენევის ფორმატის გააქტიურება; ჟენევის თანათავმჯდომარეებმა საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთეს და “სამხრეთ ოსეთის” დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდეს, “გამშვები პუნქტების” გახსნისკენ. საჭიროა მეტი მუშაობა სწორედ რუსეთთან ჟენევის ფორმატიდან გამომდინარე. რადგანაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აღდგა ზალკალიანი-ლავროვის დონეზე, საჭიროა ასეთი კრიტიკული მდგომარეობის გამოსწორება. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთზე მეტი ბერკეტი უნდა გამოიყენოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ცნობისათვის, 6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა “გადასასვლელი პუნქტის” დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდეს. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა შედგა. ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, ეს შეხვედრა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითა და შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა. ზაქარეიშვილის თქმით, უკვე 16 წელია რაც თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ორმხრივი თანამშრომლობა არ არსებობს და აუცილებელია ეს ფორმატი აღდგეს”, - დასძენს გამოცემა.

„ადრე, როდესაც „ქართული ოცნების" კოალიცია არსებობდა, პირდაპირი კონტაქტები თბილისსა და სოხუმს შორის, თბილისსა და ცხინვალს შორის არსებობდა. ასეთი ინციდენტები გამორიცხული იყო, რადგან უამრავი ფაქტი არსებობდა, როდესაც ორმხრივი თანამშრომლობის ფონზე, ავადმყოფები მაინც უსაფრთხოდ გადმოდიოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ 16 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს დაუბრუნდა, მხოლოდ რუსეთს ელაპარაკოს და მხოლოდ რუსეთს ცნობს პოლიტიკურ ოპონენტებად. აფხაზურ და ოსურ მხარეებს, ცხინვალსა და სოხუმს აღარ ელაპარაკება, პირდაპირ მათ დე-ფაქტო ხელისუფლებებზე გადის. ერთადერთი გამოსავალია “ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო თანამეგობრობა გამოიყენოს, რათა გავლენა რუსეთზე მათ მოახდინონ და შემდეგ რუსეთმა ცხინვალზე. იმისათვის რომ, კრიტიკულ სიტუაციებში მაინც აუცილებელი იყოს “გამშვები პუნქტების” გახსნა, რათა ავადმყოფები დროულად იქნეს გადმოყვანილი”, - დასძენს გამოცემა.

“ჟენევაში წამყვანი სააგენტო ევროკავშირია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხოლოდ ქართული მხარიდან მუშაობენ. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ შედიან. რუსეთი და დე -ფაქტო აფხაზური და ოსური ხელისუფლებები წინააღმდეგი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ითანამშრომლონ. ამ ფონზე, მათი როლი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ჟენევის ფორმატია. ჟენევის ფორმატში რუსეთია ჩართული, იქ შეიძლება მეტი ზემოქმედება მოხდეს. მათ არ აქვთ იმხელა რესურსი, რამხელაც ჟენევის თავმჯდომარეებს გააჩნიათ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

“ეს კრისიზი მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის პოსტი უშუალოდ “სამხრეთ ოსური” დასახლების, წნელისის მახლობლად ჩადგა. წნელისს კი ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 31 აგვისტოს “პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა ულტიმატუმი წამოაყენა: თუ ქართველები არ გააუქმებენ პოსტს, მას ძალისმიერად დაშლიან. ეს ულტიმატუმი არ შესრულდა. ერთი დღის შემდეგ კი “პრეზიდენტმა” მოულოდნელად განაცხადა, რომ რაიმე სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც საქართველო მოელის, არ იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

ბაიდენი ტრამპს უსწრებს - აშშ-ში კვლევა ჩატარდა

“ახლახანს აშშ-ში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, ექვს შტატში,სადაც ტრამპმა ჰილარი კლინტონს მოუგო, კითხვა ასე იყო დასმული, ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვინ მოიგებს ტრამპი თუ ბაიდენი, შედეგების მიხედვით, ბაიდენს საშუალოდ 4%-ით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონს ჰქონდა”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, აშშ-ს შტატებში წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს. მისი თქმით, 2016 წელს დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს ისეთ შტატებში მოუგო, რომლებიც არჩევნებისთვის გადამწყვეტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბაიდენი ტრამპს უსწრებს - აშშ-ში კვლევა ჩატარდა / “ექვს შტატში,სადაც ტრამპმა ჰილარი კლინტონს მოუგო, ბაიდენს საშუალოდ 4%-ით უკეთესი შედეგი აქვს”.

“2016 წლის არჩევნების წინ, როდესაც აშშ-ში კვლევები ჩატარდა, შედეგებში ჰილარი კლინტონი იგებდა, მაგრამ არჩევნები ტრამპმა მოიგო, აშშ-ში განსხვავებული საარჩევნო სისტემაა და ამ სისტემით უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ საერთო ნაციონალური ხმების რაოდენობა, არამედ ცალკეულ შტატებში აღებული ხმების რაოდენობაც და მაშინ იყო ექვსი ასეთი შტატი, რომელმაც ტრამპის მოგების ბედი გადაწყვიტა. საერთო ნაციონალური ხმების მიხედვით, ჰილარი კლინტონს 2 მილიონით მეტი ხმა ჰქონდა, თუმცა აშშ-ს საარჩევნო სისტემით მაინც წააგო იმიტომ, რომ ტრამპმა ისეთ შტატებში მოიგო, რომელიც არჩევნების შედეგისთვის გადამწყვეტია. აშშ-ში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, ექვს შტატში ექვს შტატში,სადაც ტრამპმა ჰილარი კლინტონს მოუგო კითხვა ასე იყო დასმული, ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვინ მოუგებს ტრამპი თუ ბაიდენი, შედეგებით ბაიდენს საშუალოდ 4%-ით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონს ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბაიდენმა არჩევნები მოუგოს, თუკი ეს შედეგები სწორია, გამოდის, რომ ბაიდენი მისი ასაკისა და მის გარშემო აგორებული სკანდალებისა დღეს ტრამპთან მიმართებაში უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე კლინტონი იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“შეგახსენებთ, რომ კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. ოპონენტები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და იმპიჩმენტის პროცედურას “ალქაჯებზე ნადირობას” უწოდებს. ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ დაიწყეს. ლაგაზიძე განმარტავს, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი რეალურად ორ მოცემულობაზე დგას და ორივე საკითხი უკრაინასა და ჯო ბაიდენის ოჯახს ეხება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი, რეალურად უკრაინის პრეზიდენტისა და მის საუბრის გამოქვეყნებას უკავშირდება, რის მიხედვითაც დემოკრატები ვარაუდობენ, რომ ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა, რათა პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ დაეწყო გამოძიება, თითქოსდა უკრაინაში არაკანონიერი ეკონომიკური და ფინანსური ოპერაციები განახორციელა. ამ საუბრის გასაჯაროებას კონგრესში, ჯერ კომიტეტებში დახურული და შემდეგ უკვე ღია მოსმენები მოჰყვა, ღია მოსმენებს შედეგად მოყვა ის, რომ კონგრესში მოსმენებზე უკრაინაში ყოფილი და მოქმედი ელჩები გამოიძახეს, ასევე ევროკავშირში ყოფილი ელჩი და ა.შ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც რეალური ინფორმაციის მატარებლები იყვნენ. გარდა იმისა, რომ ტრამპი ზელენსკის ამერიკაში შეხვედრის პირობად, ჯო ბაიდენის შვილზე გამოძიების დაწყებას უყენებდა, აღმოჩნდა, რომ ასევე კიდევ ერთ პირობა წაუყენა, როგორიცაა უკრაინის ჯარების 400 მილიონიანი დახმარება, ამ დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ტრამპმა ეს შეაჩერა და როგორც კონგრესის მოსმენების ფარგლებში ირკვევა, ამ დახმარების განახლების პირობად, ზელენსკის კვლავ ბაიდენების ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წაუყენა”, - განაგრძობს ლაგაზიძე.

“ამ ორ მოცემულობას ეფუძნება "დემოკრატების" მხრიდან ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა, ორივე უკრაინას და ბაიდენის ოჯახს უკავშირდება, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მის ოპონენტს გაანეიტრალებდა, რის გამოც "დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ამით პრეზიდენტმა კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, რომ თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილება კონკურენტის გასანეიტრალებლად იყენებს. საინტერესო ისაა, რომ თავად ტრამპის მიერ დანიშნული ელჩები და წარმომადგენლები, როდესაც კონგრესში მოსმენებზე მივიდნენ, აცხადებდნენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ფაქტიურად ადმინისტრაცია ორ პარალელურ რეჟიმში მუშაობსო, ერთი ნაწილი კარიერული დიპლომატებისგან (რომლის კარიერის დიდი ნაწილი დიპლომატიას უკავშირდება) და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისგან შედგება, მეორე კი ერთგვარი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული პირებისგან, რომელთაგან ზოგი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, ზოგი კი სხვადასხვა საკითხებში მისი მრჩეველი იყო”, - დასძენს ექსპერტი.

“ტრამპი გადაწყვეტილებების მიღებაში მეორე ნაწილს ეყრდნობა, რომლებსაც შესაძლოა არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდეთ, ვიდრე კარიერულ დიპლომატებს და უსაფრთხოების სამსახურების კარიერულ თანამშრომლებს, ისინი მოსმენებზე ამბობენ იმასაც, რომ 400 მილიონიანი სამხედრო დახმარების შეჩერება გაცილებით მეტი უკრაინელის სიკვდილს ნიშნავსო ვიდრე ამ სამხედრო დახმარების აღმოჩენის პირობებში იქნებოდაო, მიმდინარე პროცესს ტრამპი ტრადიციულად აგრესიულობით პასუხობს, ამბობს, რომ იმპიჩმენტისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და “თავდასხმა საუკეთესო თავდაცვის” პრინციპით იგი აქეთ უტევს "დემოკრატებს", რომ მისკენ მომავალი კითხვის ნიშნები თავიდან აირიდოს, რაც შეეხება იმას თუ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მივა თუ არა, ამაზე პასუხი არავის არ აქვს თუმცა ფიქრობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკის ეკონომიკა იმდენად აღორძინდა და მის ცაკლეულ დარგებში ზრდა იმდენად სწრაფია, ასევე დასაქმების მაჩვენებელიც იმდენად გაიზარდა, რომ იმპიჩმენტის რეალურობაში ძალიან ბევრს ეჭვი ეპარება”, - დაასკვნის ლაგაზიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს