არასამთავრობო სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს

არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს მმართველ პარტიას, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, „დარჩეს საკუთარი სიტყვის ერთგული, არ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა და მხარი დაუჭიროს პროპორციული არჩევნების შემოღებას ქვეყანაში”.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მაქსიმალურად მოახდინოს ძალთა მობილიზება, გამოცხადდნენ სხდომაზე და მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებას.

„ისტორიული მომენტია ახლა საქართველოს პარლამენტში. ეს კონსტიტუციური ცვლილების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მომდევნო 2020 წლის არჩევნების ჩატარებისთვის იმ გარემოში, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო თანასწორი გარემო. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად საუბრობს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია საარჩევნო ცვლილების საკითხი.

დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ყველა ხელისუფლების პირობებში აძლევს მმართველ პარტიას იმ სრულიად დაუმსახურებელ უპირატესობას, რომელსაც იძლევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოში საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდა, არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სისტემა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მმართველ პარტიას არ შეექმნას მნიშვნელოვანი საფრთხე და უზრუნველყოფილი იყოს მმართველი პარტიის მიერ სტაბილურად ძალაუფლების შენარჩუნება“, - განაცხადა ბენიძემ.

აღნიშნულ პოზიციას იზიარებს საია-ს თავმდჯომარე სულხან სალაძე და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა უნდა დასრულდეს.

„მაჟორიტარულ სისტემას უნდა დავემშვიდობოთ და ქვეყანა უნდა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს ეს ვალდებულება დგას როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციასთან, რომ ორივე მათგანმა უზრუნველყოს ძალების მობილიზება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს”,- განაცხადა სალაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, პარლამენტში განვითარებული გუშინდელი მოვლენები დადგმულ სცენარს ჰგავდა. მისი თქმით, „პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ისეთი ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც რეალურად არ აქტიურობენ საპარლამენტო ცხოვრებაში და დიდი ორატორობით არ გამოირჩევიან“.

ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ და აღიშნა, რომ მაჟორიტარების დიდ ნაწილს კონსტიტუცია წაკითხულიც არ აქვს.

„ჩვენი მაჟორიტარების დიდ ნაწილს კონსტიტუცია წაკითხულიც კი არ აქვს, თორემ ისინი აღმოაჩენენ, რომ კონსტიტუციიის თანახმად, ისინი არ არიან რომელიმე რეგიონის წარმომადგენლები, ისინი სრულიად საქართველოს წარმოადგენენ და მათი ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა და არა მხოლოდ რომელიმე ერთი რეგიონის ლობირება”,- განაცხადა მშვენაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად რეალური იყო გუშინ გაკეთებული განცხადებები, რომ მაჟორიტარ-დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილი გაანაწყენეს იმის გამო, რომ პოზიცია არ შეიცვალეს, მშვენიერაძემ უპასუხა: „ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა და მეც ამ ხუმრობით გიპასუხებთ, გადასარევი მსახიობები ჰყავთ პარლამენტში და რატომ არ გამოიყენეს ამ როლის შესასრულებლად ის მსახიობები, უცნაურია და რატომ მიანდეს არაპროფესიონალ მსახიობებს ამ როლის შესრულება, არ ვიცი. გუშინ ისინი ძალიან არადამაჯერებლად ჩანდნენ”, - აღნიშნა მშვენიერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო