ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”

თორნიკე შარაშენიძე - “ოპოზიციამ “ოცნებას” გონზე მოსვლა არ უნდა აცადოს, ყველაფერი ახლაა ბოლომდე მისაყვანი!”

* * *

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”

"დღეს ჩვენ აბსოლუტურად აფექტის მდგომარეობაში ვართ. მე პირადად გამოსავლის გზას ვერ ვხედავ, ან როგორ შეიძლება დაინახო..., როგორ შეიძლება რაღაც მოლაპარაკებებზე თუ კონსენსუსზე ისაუბრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიცემულ სიტყვას ფასი დაუკარგა. რა აზრი აქვს მოლაპარაკებას, როდესაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაგაგდოს - მოგელაპარაკოს, საჯაროდ განაცხადოს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მაგალითას, უკვე გაეროს ტრიბუნიდანაც კი ილაპარაკეს ამაზე და ამის შემდეგ “გადაგაგდოს”. მოლაპარაკების სივრცე აღარ დატოვა და სრულ ჩიხში შეიყვანა ყველაფერი. დღეს აბსოლუტურ ჩიხში ვართ - ასეთ რეალობაში გადაგვისროლა ამ პარანოიდული შიშით, რაც მას აქვს ძალაუფლების დაკარგვასთან დაკავშირებით”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა, მათ შორის, კაცური ღირსებისაც”.

“მარტო ჩვენ კი არ მოგვატყუეს, მთელი სამყარო მოატყუეს - ყველას ამაზე ელაპარაკებოდნენ, ამას ვაკეთებთო, თვითონ გაზარდეს ეს მასშტაბი და არ გააკეთეს. ასეთი პრეცედენტი ისტორიაში არც მახსოვს, რომ პოლიტიკურ ძალას ინიციატივა თავითონ წამოეყენებინოს, შემდგომ ამაზე მომხდარიყოს კონსენსუსი და საბოლოოდ თვითონვე “გადაეგდოს” ყველა. ეს უკვე ყველანაირ პოლიტიკურ ლოგიკას სცდება. არა მხოლოდ პოლიტიკურ ლოგიკას, არამედ ეთიკას და აბსოლუტურად ყველაფერი დარღვეულია. აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც გვეუბნება არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებო. მისმა სიტყვამ დაკარგა ფასი, განულდა მისი სიტყვა, როდესაც ყველა გადააგდო და კიდევ ამბობს რაღაცას გავაკეთებო... არ ვიცი, თვითონ რა ესმის და რა არა. როგორც ჩანს ის არის სისტემური შიშით შეპყრობილი და განცდა მრჩება, რომ ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეთიკური და ყველანაირი ხაზი გადახაზა და რაც მთავარია, კიდევ გვატყუებს , რომ თურმე ეს ყოფილა ბერაიას ბუნტი. “კნოპკების” ბუნტად გამოაცხადა. იმიტომ, რომ ეს დეპუტატები რეალურად ხომ არ არსებობენ ბუნებაში?! ესენი არიან ღილაკზე თითის დამჭერი ადამიანები და უცებ გაუსკდათ თურმე თავისუფლების ბუშტი. უნდა, რომ ეს “გვაჭამოს” - ასე გამოდის, რომ აბსოლუტურ იდიოტებად გვთვლის... სრულიად ადეკვატური იყო უმრავლესობიდან წასულთა რეაქცია. იქ ყველა ასეთი ხომ არ არის. მიუხედავად იმისა., რომ ხედავენ, ათასი რაღაც ხდება, მაინც მოთმინების ზღვარი აქვთ და ზღვარგადასულის ატანა უკვე შეუძლებელია. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ივანიშვილმა, არა მხოლოდ პოლიტიკური ეთიკის, არამედ ადამიანური, კაცური ღირსების, ყველაფერი გადალახა”, - დასძენს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ოპოზიციის მიერ წამოყენებულ სამპუნქტიან გეგმას, ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დავრჩეთ, ვერ გამოვალთ კონსტიტუციის მექანიზმიდან. მე ვერ დავინახე, რა მექანიზმი მიაჩნიათ თავისი გეგმის განსახორციელებლად... ოპოზიციის აღშფოთება აბსოლუტურად სწორია. ფაქტობრივად ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია მომხდარიყო. მართალია, თავის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მოახერხა. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. მით უმეტეს, რომ კომპრომისზე საუბარს აზრიც არ აქვს - დილით რომ მოელაპარაკები ივანიშვილს, საღამოს გადაგაგდებს და ა.შ. ასე რომ, არანაირი აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“ივანიშვილი ჭადრაკის ფიგურებით თამაშობს, წკიპურტებით თამაშობს. შესაბამისად, მას აქვს ამოცანა, შეინარჩუნოს ძალაუფლება. დღეს ჩათვლის რომ ეს არის გასაკეთებელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხვალ - ის და მას არ აქვს რამე გეგმა - მას აქვს ამოცანა, რომ ნებისმიერი ხერხით და ნებიმიერ ფასად შენარჩუნოს ძალაუფლება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რუსული სცენარი უფრო და უფრო მკაფიოდ ხომ არ ჩანს?” - პასუხობს:

“ბუნებრივია, ასეთ კრიზისულ ვითარებაში რუსეთი მაქსიმალურად მოითბობს ხელს. მე არ წავიდოდი ასე შორს, რომ ივანიშვილი რუსეთის კარნახით მოქმედებს, იმიტომ რომ ამას უფრო შეთქმულების თეორიის სახელი ერქმევა. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფასეულობათა სისტემა. პრორუსი, პროდასავლელი და გარედან შეკვეთა - ასეთი რაღაცები არ აქვს. მას უნდა ძალაუფლება. თუ ძალაუფლებას დასჭირდება რუსეთი, იტყვის და იმოქმედებს ისე, რომ გაუმარჯოს რუსეთს, დასჭირდება სხვა რამე, მაშინ გაუმარჯოს იმ სხვა რამეს...”

თორნიკე შარაშენიძე - “ოპოზიციამ “ოცნებას” გონზე მოსვლა არ უნდა აცადოს, ყველაფერი ახლაა ბოლომდე მისაყვანი!”

“როგორც ჩანს ივანიშვილმა იფიქრა, რომ გადაგორდებოდა ეს საკითხი, ამ კრიზისს გადააგორებდა... შეეძლო მაჟორიტარების გადარწმუნება, მაგრამ არ მოინდომა და გამოიყენა სათავისოდ. ამას მოჰყვა ის, რომ აშკარად შეშინდნენ მის გვერდით მდგომი ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე “ოცნების” დეპუტატები და წავიდნენ პარტიიდან - მათ დაინახეს, რომ ამ კაცმა დაკარგა რეალობის შეგრძნება, აქამდე ჯერ კიდევ იყო რაღაცის იმედი”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კალაძეს ერთი სული აქვს, როდის გააღწევს “ოცნებიდან” / თორნიკე შარაშენიძე: “ოპოზიციამ “ოცნებას” გონზე მოსვლა არ უნდა აცადოს”.

“ძალიან სახიფათო ზღვრამდე მივიდა უკვე ეს სიტუაცია რა გარანტიაა, რომ ამას გააჩერებს? მსგავსი გარანტია არ არსებობს. სახეზე ვუყურებდი “ოცნების” ზოგიერთ დეპუტატს და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად არის შიგნით საქმე. ივანიშვილს, რომელმაც მოინდომა ეს სუტიაცია გამოეყენებინა სათავისოდ და ამ პროცესის უკან თვითონ იდგა, სიტუაცია ხელიდან გაექცა - სისტემა, რომელიც არის მანკიერი, აფეთქდა შიგნიდან საბოლოოდ. ამ კანონის ჩაგდებაში ის დიდ საფრთხეს ვერ ხედავდა. ამიტომაც მიუშვა სიტუაცია, მაგრამ მერე რაც მოხდა, ამას არ ელოდებოდა. მათ შორის არ ელოდებოდა არც ოპოზიციის გაერთიანებას. იმიტომაც იყო, კომახიძე შეშლილივით რომ ყვიროდა, ნაცები ხართ ყველანიო. ახლა ცდილობენ, რომ ეს კარტი გაათამაშონ, შეარცხვინონ ყველა პარტია, ვინც გაერთიანდება და დადგება რუსთაველზე, რომ თქვენ ხართ ნაცებიო. ეს აღარ მუშაობს - ირმა ინაშვილისთვის ნაცის დაძახება სრული მარაზმია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა დეპუტატების მხრიდან უმრავლესობის დატოვება. ეს ორი-სამი დღე იქნება გადამწყვეტი. ახალი კვირიდან ყველაფერი გარკვეული იქნება. ოპოზიცია შეეცდება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს პროტესტი, რომელიც აგორდა, არ უნდა მინელდეს. სიტუაციის გაწელვა მთავრობას აწყობს. თუ პროტესტი გაიწელა კიდევ კვირები, ამასობაში სიცივე მოდის და სიტუაციას გადააგორებს მთავრობა. ასე რომ, თუ ოპოზიციას ეყოფა ამის პოლიტიკური გამოცდილება, ჭკუა და გონიერება, ეს საქმეც გამოვა. ჩვენ ვნახეთ, ზაფხულში რა შეცდომები იქნა დაშვებული. პირველი - სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსები არ სჭირდებოდათ და თვითონ წარუძღვებოდნენ მიტინგს. ამან კი რეალურად არაფერი მოიტანა. აქციის მონაწილეებს არ ეყოთ პოლიტიკური ცოდნა და საბოლოო ჯამში მთავრობამ გადააგორა ეს კრიზისი და მეორეც - მთავრობამ დაპირება გასცა, რომელიც არ შეასრულა, ანუ ყველაფერი ბოლომდე ახლაა მისაყვანი!” - დაასკვნის ექსპერტი.

“თუ “ოცნება” დაიშალა მარტივ მამრავლებად, ოპოზიციაში შეუძლიათ პარლამენტში შეკრიბონ ყველანაირი უმრავლესობა და ნებისმიერი ცვლილება გაიტანონ. ვადამდელი არჩევნებიც სწორედ ახლა იქნება მომგებიანი, იმიტომ რომ ხელისუფლება შოკშია. თუ მას იმედი აქვს, რომ ვადამდელს მოიგებს მაჟორიტარების ხარჯზე და დარჩება კიდევ 4 წელი, ეს აბსურდია. ამ მთავრობას არ აქვს ლეგიტიმაცია, 4 წელი კი არა, 1 წელიც რომ დარჩეს. ყველაფერი ოპოზიციის გამჭრიახობაზეა, გონს მოსვლა არ უნდა აცადოს “ოცნებას”, რომელსაც იმისი იმედი აქვს, რომ ოპოზიცია სუსტია. ვნახოთ, რა იქნება...” - დასძენს თორნიკე შარაშენიძე.

“ოცნების” რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ ერთადერთი შანსი იყო ნეიტრალური ამომრჩეველი დაეტოვებინა სახლში. თუ ნეიტრალური ამომრჩევლის ნახევარი მაინც მივა არჩევნებზე, აუცილებლად წააგებენ. ამ ფონზე სრულიად ბუნებრივია, რაც “ოცნებაში” ხდება. ნორმალური პოლიტიკოსი არ დარჩათ გუნდში. ნორმალურმა ადამიანმა როგორ უნდა მისცეს ხმა პარტიას, რომლის სახეებიც არიან კობახიძე და მდინარაძე, აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას...” - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვინც დარჩათ ცნობადი, ისინიც ხომ არ წავლენ, მაგალითად, კალაძე?” - პასუხობს:

“კალაძეს ერთი სული აქვს, როდის გააღწევს “ოცნებიდან”. დარწმუნებული ვარ, გასწრებაზეა, მაგრამ ჯერ ფრთხილობს. ეშინია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მასზე არსებობს კომპრომატები”

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში