არასამთავრობო ორგანიზაციები - „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპროტესტო აქციების მოთხოვნად გამოიკვეთა საქართველოში დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მიხედვით მოდიფიცირება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივის საპასუხოდ, მმართველი პარტიიდან აცხადებენ, რომ თითქოს ეს ვარიანტი არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან.

„გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება შემდეგი მიზეზების გამო:

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.

კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. იგი არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია, თუ პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე. ორივე კომპონენტში ადგილების განაწილების წესს განსაზღვრავს “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რომელიც, დღეს არსებული რედაქციით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების მაჟორიტარულისგან დამოუკიდებლად განაწილებას ითვალისწინებს. აღნიშნული გარემოება იძლევა საშუალებას, „საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანით საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ამოქმედდეს შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი, ისე, რომ არ შეიცვალოს პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა პარლამენტის სრულ შემადგენლობაში.

შერეული საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ შერეული წევრობის პროპორციული, დამოკიდებული (Mixed-member proportional) საარჩევნო სისტემის ტიპს წარმოადგენს. იგი ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ისე პარტიული სია. პარლამენტში კი პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი არის პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმები.

კლასიკური „გერმანული მოდელი” ასევე ითვალისწინებს მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი ხმებისა და მანდატების დისპროპორციის კომპენსირებას პროპორციული სიებით, რისთვისაც გამოიყენება საკომპენსაციო მანდატები და არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობა. საქართველოში კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას 150 დეპუტატით. თუმცა, მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი მანდატების არაპროპორციულობის დაბალანსება შესაძლებელია მანდატების ფიქსირებული ჯამური რაოდენობის პირობებშიც. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გაართულოს მანდატების იდეალური პროპორციით განაწილება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. „გერმანული მოდელით“ განაწილებული მანდატები უფრო მეტად პროპორციულ და სამართლიან თანაფარდობას მოგვცემს, ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ ; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“; „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა